ცერერა
ცერერა ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია როგორც დემეტრა- მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი. მისი ისტორია, ეს არის შვილის დაკარგვით მწუხარებაში მყოფი დედის ისტორია, რომელსაც ჰადესმა მოსტაცა ქალიშვილი – პერსეფონე. გამწარებულმა დემეტრამ უარი თქვა კაცობრიობის დაპურებაზე და მიწას ნაყოფიერება დაუკარგა.
დედამიწაზე შიმშილმა და სასოწარკვეთილებამ დაისადგურა. ადამიანებს განადგურება ემუქრებოდათ, ამას კი სხვა ღმერთები ვერ დაუშვებდნენ, რადგან თაყვანისცემას და მსხვერპლშეწირვის ვეღარ მიიღებდნენ. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა ორმხრივი პროცესია, ღმერთი იღებს მსხვერპლს და სანაცვლოდ გასცემს წყალობას. ადამიანები ცხოვრობენ ღვთის წყალობით, თაყვანისცემა და წირვა კი ენერგიაა, რომელიც ეთერის გავლით ღვთაებრივ სულში გაედინება და კვებავს. ღმერთები ამ ენერგიის გარეშე ვერ არსებობენ. ამიტომ ზევსმა დავის მოგვარების მიზნით ჰადესს სთხოვა პერსეფონესთვის წელიწადის ორი მესამედის დედასთან გატარების უფლება მიეცა. სწორედ იმ პერიოდში როცა პერსეფონე მიწისქვეშეთს უბრუნდებოდა, დემეტრა გლოვას იწყებდა და დედამიწაზე ზამთარი ისადგურებდა. გადატანითი მნიშვნელობით ეს მითი სიკვდილ- სიცოცხლის შეფარულ მნიშვნელობასაც მოიცავს.
პლუტონს ოქროს ეტლი ჰყავდა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს გაჭირვების სიმბოლოდ. ის მესამე სამყაროს მმართველი იყო და მისი ცოლობაც არ უნდა ყოფილიყო კატასტროფა. ბერძნული წყაროები იმასაც კი გვამცნობენ რომ პერსეფონეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, თევზებით სავსე ზღვისა და მზის სხივების ხილვაც შეეძლო, რაც ნიშნავს რომ ქვესკნელშიც კი არ კარგავდა მიწიერ სამყაროსთან კავშირს.
მითის იდეაა რომ ბნელს ყოველთვის მოსდევს ნათელი და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მწუხარება, დროთა განმავლობაში ის აუცილებლად კარგად დაგვირგვინდება, რომ მიწისქვეშეთში ჩასვლა, არ ნიშნავს მიწიერ ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტას და რომ ,,მკვდართა და ცოცხალთა სიხარული ერთმანეთს გავს“. უძველესი ცივილიზაციები ფიქრობდნენ, რომ ადამიანიც მარცვლეულივით გადიოდა სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ციკლს. ძველის დასასრული, ახალის დასაწყისია. სიკვდილით არაფერი მთავრდება.
დედა ბუნება ყოველთვის გლოვობს, როცა მცენარე კვდება და მისი თესლი მიწისქვეშ ჩადის, მაგრამ ეს აუცილებელია ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის. სიკვდილი – ეს უფლებაა. როცა სიკვდილს ვუსწორებთ თვალს, ვიზრდებით. სული ვითარდება. მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიგრძნოთ ყვავილის ენერგია, სულის ენერგია და მისი არსებობის მიზანი. ბნელს ნათელი ახლავს. ცერერას ჩვენი ხელი უჭირავს, ჩვენთან ერთად მოდის და ჩვენთანაა ამ ტკივილის დროს. ის გვივლის და ზრუნავს ჩვენზე, სანამ ვიზრდებით.
ცერერა ბუნების დედაა – ნაყოფიერების, ზრდის, ზრუნვის, დაკარგვის, მწუხარებისა და შემდგომში რეგენერაციის – მთლიანი ციკლის ღვთაება. ის ქალური საწყისია, დედაშვილურ კავშირსა და ზრდის პროცესს განაგებს – ის არის თესლის მომწიფება, გამოყოფა და დაბადებისთვის მზაობა – თესლიდან ჩანასახამდე, ჩანასახიდან ბავშვამდე, ბავშვიდან ქალწულობამდე, ქალწულიდან ქალამდე, ქალიდან დედამდე… შემდეგ სიკვდილი, სიკვდილზე დარდი, მწუხარება და ჭირისუფალი … ბოლოს კი ხელახლა დაბადებაა და რეგენერაცია.
ცერერა დედაა – ზრუნვის სიმბოლო.
ასტროლოგიაში ცერერა მიანიშნებს როგორ გვივლიდნენ ადრეულ ასაკში და როგორ ვზრუნავთ ჩვენ სხვებზე. ცერერა ნიშნებში გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ მზრუნველობას, სიყვარულს, როგორ ვუვლით საყვარელ ადამიანს, სახლებში კი სფეროებს, სადაც ჩვენი მზრუნველი ბუნება ყველაზე კარგად ვლინდება, ან სადაც ყველაზე მეტ მზრუნველობას ვიღებთ სხვებისგან.
მოამზადა დოჩი გოგომ