სარკის მაგიური თვისებები
სარკე არის მაგიური საგანი. ასე თვლიდნენ ჩვენი წინაპრები და ცნობილი მაგები, რომლებიც ყოველთვის მუშაობდნენ სარკესთან და სხვათა შორის, ზღაპრებშიც შემთხვევით არ არის გადმოცემული, რომ იქმნებოდა სარკისებრი ზედაპირი, რაშიც ჯადოქრები ხედავდნენ სხვადასხვა სიუჟეტებს. ნოსტრადამუსი სწორედ სარკის მეშვეობით ხედავდა უამრავ მოვლენას, რომელიც მოსალოდნელი იყო შემდგომში და აქედან ქმნიდა თავის წინასწარმეტყველებებს.
ოდითგანვე იცოდნენ, რომ სარკეს გააჩნია ენერგეტიკული მუხტის მიზიდვის საოცარი უნარი როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის. ითვლებოდა, რომ სარკე კარგად იზიდავს უარყოფით მუხტს და ამით წმენდს ოჯახს უარყოფითი ენერგიებისაგან. ამიტომ, ინდოეთში სარკე აყვანილია ღვთაებრივ დონემდე. ინდოელები სახლიდან გასვლისას ასე ემშვიდობებიან სარკეს: `აბა, შენ იცი, როგორ დაიცავ ჩემს კარ-მიდამოს~, ხოლო უკან დაბრუნებისას – სარკეს მადლობის სიტყვებით მიმართავდნენ. მადლობას უხდიან მას ბინის დაცვისათვის, ვინაიდან თვლიან, რომ უარყოფითი ძალებისაგან საუკეთესო დამცავი სწორედ სარკეა.
საქართველოშიც კარგად იცოდნენ სარკის მაგიური თვისებების შესახებ და მისი დადებითი თვისებების მაქსიმალურად გამოყენების ადგილსაც კი საგანგებოდ არჩევდნენ მისთვის. სარკეს აუცილებლად ათავსებდნენ შესასვლელი კარების მოპირდაპირედ, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: – წარმოიდგინეთ, შედიხართ სახლში. გააღებთ თუ არა კარებს, თქვენს წინ კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში მომენტალურად აირეკლება თქვენი გამოსახულება. ამ დროს, თუკი თქვენ გაქვთ ცუდი ზრახვა ამ ოჯახის ან ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ, ოთახში შესვლისას სარკე მომენტალურად გართმევთ ამ უარყოფით მუხტს, ე. ი. იგი არ გაძლევთ ცუდი ზრახვების განხორციელების საშუალებას. ამიტომ არის სარკე საუკეთესო დამცავი უარყოფითი ენერგიებისაგან.
სხვათა შორის, არსებობდა, აგრეთვე, სახლების სარკით განწმენდის პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, ოთახის განაპირა კედლებთან, ერთმანეთის პირდაპირ დგამდნენ ორ სარკეს, რომ ნებისმიერი უარყოფითი ძალა, როგორც კი მოხვდება ამ ორი სარკის ზონაში, მომენტალურად განიმუხტოს მათი მეშვეობით. ე. ი. უარყოფით მუხტს ან ერთი სარკე დაიჭერდა, ან მეორე და ფაქტობრივად სუფთავდებოდა ოთახი, რომელშიც ეს ორი სარკე იდგა. ასე ტოვებდნენ სარკეებს მთელი დღის განმავლობაში და ამით საოცარ შედეგებს იღებდნენ.
ახლა მოდით ჩვენს საყოფაცხოვრებო სფეროშიც გადმოვინაცვლოთ. აი, რას ვაკეთებთ ჩვენ ყოველ დილით (უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში): დილით ადამიანი მძიმედ იღვიძებს, იმიტომ, რომ გაღვიძების მომენტში ხდება ასტრალური სხეულის გადმოსვლა ფიზიკურ სხეულში და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. შევდივართ სააბაზანო ოთახში, ჩავიხედავთ სარკეში და ვხედავთ ჩვენს დასიებულ თვალებს, შეშუპებულ სახეს და ა. შ. და საკუთარ თავს ვეუბნებით – რას ჰგავხარ!.. ამ მომენტში ვერ ვაფიქსირებთ იმას, თუ რა სახის ენერგიას ვუშვებთ სარკისკენ. ჩვენგან გადის აშკარად უარყოფითი, ნეგატიური ენერგია.
სწორედ უარყოფით მუხტს ვუშვებთ სარკისკენ. სარკე, რასაკვირველია, ამას მომენტალურად იჭერს, კეტავს საკუთარ თავში, ანუ ამ უარყოფითი მუხტისგან ასუფთავებს ჩვენს გარემოს. წარმოიდგინეთ, ოჯახის თითოეული წევრი ყოველდღე რამდენ უარყოფით ენერგიას უშვებს სარკისკენ. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სარკე გაიბზაროს ან გატყდეს. ამის მიზეზი სწორედ ჩვენ მიერ გაშვებული უარყოფითი ენერგოვიბრაციაა. რაც უფრო მეტ დადებით ენერგიას გადავცემთ, მით უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ სარკეს, იმიტომ, რომ სარკემ თავისი გაბზარვით ან გატეხვით, რაც შემთხვევით არ ხდება, მოგვცა იმის მინიშნება, რომ ჩვენ ირგვლივ, სახლში, დაგროვდა საკმაოდ დიდი ოდენობით უარყოფითი ენერგია, უარყოფითი მუხტი. სარკეს რაც შეეძლო, თავის თავზე აიღო, მეტის აღება კი – აღარ შეუძლია. ამ მომენტში იგი ფაქტობრივად კვდება და მიგვანიშნებს, რომ მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთგაგება, რწმენა, სულიერება და ა. შ. შესაძლებელია, შემდეგი დარტყმა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდეს.
ყოველივე ეს ჩვენმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, ამიტომ ძალიან ეშინოდათ სარკის გატეხვის ან გაბზარვის, ვინაიდან იცოდნენ, რომ ამას მოჰყვება ადამიანის ავადმყოფობა ან გარდაცვალება, შესაძლებელია ხანძრის გაჩენაც, ხანძარი კი, როდესაც წვავს ყველაფერს, ბოლომდე ანადგურებს ნებისმიერ უარყოფით მუხტს. მართალია, ეს ყველაფერი უდიდეს მატერიალურ ზარალთან და ტკივილთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეზოთერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ეს არის გამოსავალი, ვინაიდან სხვაგვარად ეს ტერიტორია უარყოფითი მუხტისაგან არ განიწმინდებოდა.
თუკი სარკისკენ გავუშვებთ დადებით ენერგიას, გავუღიმებთ მას, ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელი ვიქნებით ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც, იგი მიიღებს ამ დადებით ენერგოინფორმაციას და შემდეგ იმავეს გადმოაფრქვევს უკან და მეტ ხანსაც მოგვემსახურება.
ადამიანის გარდაცვალებისას სარკეს აუცილებლად აფარებენ ნაჭერს, მაგრამ ეს ხდება მექანიკურ დონეზე, ვინაიდან ბევრმა არ იცის ამ მოქმედების არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: სხეულიდან სულის ამოსვლის საწყის ეტაპზე სული მეტად ქაოსურ მდგომარეობაშია, მას ძალზე უჭირს გარჩევა იმისა, თუ სად არის ილუზია და სად არის სიმართლე. ამიტომ აღებენ კარებს, ფანჯრებს, ნაჭერს აფარებენ სარკეს, რათა სულმა თავისუფლად იმოძრაოს და რომ სხეულიდან ამოსვლის საწყის ეტაპზე სარკე და სარკის ანარეკლი რეალურ სამყაროდ არ აღიქვას. ასეთ შემთხვევაში, სული შეიძლება ძალიან ახლოს მივიდეს მასთან. სარკე კი მომენტალურად ჩაკეტავს, დაიჭერს მას. ვინაიდან სული მუხტია, ხოლო სარკე, როგორც ვთქვით, იჭერს ამ ენერგოინფორმაციულ მუხტებს. ამ შემთხვევაში დაიჭერს სულს და ფაქტობრივად პატიმრობაში ამყოფებს მას. იმის მაგივრად, რომ სულმა გაიაროს ის ევოლუციური გრადაცია, რომელიც მოელის მას სიკვდილის შემდეგ, იგი იკეტება სარკეში. სული შეიძლება წლობით იყოს ჩაკეტილი მასში.
ხშირ შემთხვევაში, ინტუიციურ ადამიანებს ასეთ სარკეში ჩახედვისას შიშები ეწყებათ. მათ უჩნდებათ შეგრძნება იმისა, რომ ამ სარკიდან მათ ვიღაც უყურებს. თუმცა ისინი ვერ ხსნიან ასეთ მოვლენებს. აი, სწორედ ეს არის მიზეზი მსგავსი შეგრძნებებისა.
ანთებული საეკლესიო სანთლის სარკესთან ძალიან ახლოს მიტანის შემთხვევაში სანთლის ჩაქრობა იმის დადასტურებაა, რომ მასში სულია ჩაკეტილი, ხოლო თუ იგი არ ჩაქრა, ეს დასტურია იმისა, რომ სარკე სულისგან თავისუფალია.
არსებობს ამის გადამოწმების მეთოდიც: ორი სარკე მოვათავსოთ ერთმანეთის გვერდით და 10-15 წუთის განმავლობაში, როდესაც მათი ტემპერატურული რეჟიმი გათანაბრდება, ხელის გული დავადოთ მათ მონაცვლეობით. თუ აღმოჩნდა, რომ საეჭვო სარკე უფრო ცივია, ვიდრე მეორე, ექსპერიმენტალური, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასში ნამდვილად არის ჩაკეტილი სული. სარკიდან სულის განთავისუფლება და ოჯახისთვის ცოდვის აცილება მხოლოდ ერთადერთი გზით – სარკის გატეხვით არის შესაძლებელი. აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო ადამიანის გარდაცვალებისთანავე სარკეზე ნაჭრის აფარება.
მიაქციეთ ყურადღება ერთ ფაქტორსაც. ზოგს უყვარს ოჯახში ანტიკვარული სარკეების ჩამოკიდება, რაც ძალიან სახიფათოა, ვინაიდან, როგორც გითხარით, სარკეს აქვს უნარი ბიოენერგეტიკული მუხტების მიღებისა და რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი ძვირფასი სარკე არ აღმოჩნდა მოწმე ადრინდელ პატრონთან რაიმე უბედურებისა? შესაძლოა ის იყო მოწმე თვითმკვლელობისა, ასეთი აგრესიული ენერგიის მქონე სარკის დაკიდება რომელიმე ოთახში, სადაც ხშირად იმყოფებიან ოჯახის წევრები, გაუმართლებელია. თანდათანობით საგრძნობი გახდება, თუ როგორ იმუხტებიან ოჯახის წევრები და როგორ მატულობს აგრესია თქვენს ოჯახში. იქნებ ვერც კი მიხვდეთ, რომ ყველაფერ ამის მიზეზი არის ის ლამაზი სარკე, რომელიც ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინეთ. ამიტომ სარკე ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. არ შეიძლება მისი შემოტანა სხვა ოჯახიდან, მით უმეტეს, გარდაცვლილის ოჯახიდან, ეს ძალიან სახიფათოა. სარკე, ყოველთვის სჯობს იყიდოთ ახალი ან სპეციალურად თქვენთვის მოაჭრევინოთ, ამასთან, არ დაგავიწყდეთ მისი მოვლა, გაწმენდა და ისიც წლების მანძილზე ერთგულად გემსახურებათ.
ასტროლოგი
მიხეილ ცაგარელი