როგორ დავეხმაროთ გარდაცვლილ მეგობრებს…
როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სული მიდის ცხოვრებიდან, ეზოთერული ცნობით არ არის მისთვის ადვილი ის გზა, რასაც გაცილებით მარტივად შესაძლოა ასაკოვანი ადამიანების სულები გადიოდნენ.
არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ როგორი ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და რა სულიერ ტკივილთან არის ეს დაკავშირებული. ამ სტატიაში მოკლედ მოვყვები იმ ეზოთერულ პრაქტიკაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვა სამყაროში გარდასულ სულებს იმ მატერიალურ ფარგლებში, რისი საშუალებაც გვაქვს.
ახალგაზრდა ადამიანში საკმაოდ ძლიერია ჯერ მატერიალური სურვილები, რაც შიმშილთან, გრძნობებთან და სხვადასხვა მიწიერ სურვილებთან არის დაკავშირებული. ჩვენს რელიგიაში ტყუილად არ არის მიცვალებულთა მოხსენიების სიმბოლური რიტუალი, როდესაც საჭმლის მიცვალებულთათვის მირთმევის რიტუალს წარმოადგენს.
ამით ხდება ასტრალურ დონეზე გაგზავნა იმ საკვების თუ წყლის გემოს ენერგიის, რისი მოთხოვნილებაც ახალგარდაცვალებულ სულს საკმაოდ ძლიერი აქვს ჯერ კიდევ. რაც შეეხება ასტრალურ პრობლემებს. ხშირად ახალგარდაცვლილ სულებთან მოდიან დამხმარე სულები, რომლებიც სულს ახალი სამყაროს შესახებ არკვევენ და გვერდში უდგანან მათ.
პირველი დღეები საკმაოდ რთულია სულისთვის, რადგან ასტრალური სამყარო დასახლებულია როგორც ადამიანური სულებით, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული თუ სხვა სამყაროს სულებით. ხშირად სულს დაბნეულობა და შიში მიჰყვება თან, თუმცა დამხმარე სულები ეხმარებიან გადაალახინონ ახალი სამყაროს არსებებთან შეხვედრის სტრესები.
თუ რა ფენებში და რა სამყაროებში ხვდებიან სულები ასტრალში სხვადასხვა არსებებს, ეს თემა საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ახლობელს გავუადვილოთ ადაპტირება ახალ სამყაროში? პირველი ის არის, რომ მას ჩვენს სამყაროსთან, ანუ ახლობლებთან დიდხანს ექნება კონტაქტი, როგორც სიზმრის სამყაროში, ანუ ასტრალში, ასევე ფიზიკურადაც, ოღონდ ახლობლები ამას მხოლოდ ქვეცნობიერად იგრძნობენ და არა ცნობიერად.
ყველაზე მთავარია ეზოთერულ პრაქტიკაში, რომ დარდის და განცდების ნაცვლად ყველა ახლობელმა ამ სულს დიდი სიყვარულის, თანადგომის და ამ ადამიანთან ერთიანობის განცდა და გრძნობა გაუგზავნონ. ფიქრები მატერიალიზირდება ასტრალურ მატერიალურ სამყაროში და ქმნიან ერთ დიდ კეთილ ფორმას, რომელიც სულს დაიცავს და დაეხმარება ასტრალური არსებების „თავდასხმებისგან“ , გაამხნევებს მას და გაუკვალავს გზას რათა ადვილად გადავიდეს ასტრალის უფრო ზედა შრეებში.
ჩვენ არც კი წარმოგვიდგენია რამხელა ძალაუფლება აქვს ჩვენს კეთილ სურვილებს, ჩვენს სიყვარულს დაღუპული ადამიანის სულისთვის და როგორ ეხმარება მას გზის განათებაში. ნამდვილ მფარველ ანგელოზად გაეგზავნება მას ჩვენი ლოცვა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ლოცვა იქნება, შეგვიძლია საკუთარი სიტყვებით ვილოცოთ და ვთხოვოთ უდიდეს ღვთიურ ძალებს მისი დახმარება. ეს ყველაფერი წერია რელიგიურ ლიტერატურაშიც და ეს ყველაფერი დეტალურად აღწერილია თეოსოფიურ ლიტერატურაშიც.
სულს წინ დიდი გზა აქვს და ჩვენმა განცდებმა და დარდმა შესაძლოა შეაფერხოს მისი განვითარების გზა, რადგან უბრალოდ ვერ დატოვებს სული ახლობლებს, რაც მისთვის არც ისე სასარგებლო იქნება. რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის უნდა გავუშვათ ეს ადამიანი, უნდა მივცეთ უდიდესი სიყვარული, რაც ერთადერთია ფაქტიურად რაც შეგვიძლია და უნდა ვიცოდეთ, რომ ის უბრალოდ ჩვენი თვალთახედვიდან წავიდა, თორე ახლა უკვე ის გაცილებით სრულყოფილი და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს და მისი სული აღარ არის მატერიალიზმის ტყვე. მისთვის ძალიან ბევრი საიდუმლო უკვე გარკვეულია და ის კიდევ ერთი საფეხურით მიუახლოვდა ჭეშმარიტებას.
როდესაც სამყაროს კანონებში კარგად ერკვევა ადამიანი, მისთვის უკვე ძალიან ადვილი აღსაქმელია ეს პროცესები და ზუსტად იცის რითი დაეხმაროს საყვარელ ადამიანს. ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან, ყველანი ერთნი ვართ და რაც მეტად ვიგრძნობთ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, მით მეტად ვიქნებით ერთადაც.
ასე რომ გავუგზავნოთ საყვარელ მეგობრებს, ნათესავებს, წინაპრებს სიყვარული, სითბო და ეს ჩვენი ფიქრების ენერგეტიკა გაძლიერდება და უდიდეს მფარველად შეიძლება გადაიქცეს ამ სულების გზაზე.
ერთხელაც ჩვენ წავალთ ამ ქვეყნიდან და ჩვენც გამოგვიგზავნიან საყვარელი ადამიანები მფარველ ფიქრებს და გრძნობებს და თავად დავრწმუნდებით ამ ცოდნის სიმართლეში. მე მწამს სიკეთის, სიყვარულის ენერგიის უკვდავებისა და მჯერა, რომ ეს ცნებები ღვთიური სამყაროებიდან წამოსული ენერგიებია, რომელსაც არც მატერიალური საზღვრები გააჩნია და არც სულიერი შეზღუდვები.
სიყვარული ყველა განზომილებას ჰკვეთს და ყველა სამყაროში აღწევს, და სწორედ ეს გრძნობა აერთიანებს ყველა სამყაროს ერთმანეთთან და სწორედ ამ გრძნობებით შეგვიძლია კონტაქტი ყველა უკიდეგანო სამყაროებთან.
სიყვარულით და კეთილი სურვილებით, თანამოაზრეს, კატუშას…
თამო აქუბარდია