ნუ ვიქნებით “ვერტმფრენი დედები”
ტექსასის შტატში, ერთმა გოგონამ თავის ჰიპერმზრუნველ დედიკოზე დაიწუწუნა: „თავს მუდამ ვერტმფრენივით დამტრიალებსო“. რის შემდეგაც, ტერმინი „ვერტმფრენი დედა“ იმ ჰიპერაქტიული დედების განსაზღვრებად იქცა, რომლებიც შვილებს მოსვენებისა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ.
მოდით, ერთად დავასახელოთ ”ვერტმფრენი დედისთვის” დამახასიათებელი ნიშნები და დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენც მათ რიცხვს ვეკუთვნით… : )
• ის შვილის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და რომ იტყვიან, მუდმივად კუდში დასდევს.
• თავს ახვევს შვილს საკუთარ სურვილებს.
• ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას იმ მოტივით, რომ უფროსები უფრო ჭკვიანები და გამოცდილები არიან.
• შვილს უამრავ აკრძალვას უწესებს.
• მზად არის, უმნიშვნელო ანცობისთვისაც კი დასაჯოს პატარა.
ყველა დედისთვის, შვილზე ზრუნვა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, ისეთებიც ხომ არსებობენ, ზედმეტად რომ ზრუნავენ ბავშვზე. ჰიპერმზრუნველი დედიკოები ზედმეტად ფორიაქობენ. ჰგონიათ, რომ შვილების სიცოცხლე მათი მეთვალყურეობის გარეშე უსაფრთხოა. ხშირად, ვერ აცნობიერებენ, რომ ადრეულ ასაკში გამოხატულ უპირობო სიყვარულს მშობლის მიმართ, თანდათან უნდა ენაცვლებოდეს სიყვარული, რომელიც ვალდებულებას აკისრებს პატარას და დამოუკიდებლობას აჩვევს.
ჰიპერმზრუნველობის სამი სახე არსებობს:
1.“პიროვნების კულტი“ – ძირითადად იმ ოჯახებში გვხვდება, სადაც ერთი ბავშვია. მშობლები ბავშვის ყველა სურვილს ასრულებენ და მის მაგივრად ცდილობენ ნებისმიერი პრობლების მოგვარებას.
2.“გადაჭარბებული კონტროლი“ – რთული ხასიათის მქონე მშობლები შვილს ისე ექცევიან, როგორც მძევალს. ბავშვს არ შეუძლია მშობლის გარეშე ნებისმიერი ”სერიოზული” ნაბიჯის გადადგმა.
3.“ბავშვის ყველასგან და ყველაფრისგან დაცვა“ – ბავშვის დაცვა აკვიატებულ აზრად არის ქცეული. ასეთი შემთხვევები ძირითადად ისეთ ოჯახებში გვხვდება, სადაც მშობლები გაყრილები არიან და შვილი მძიმედ არის ავად.
სამივე შემთხვევაში, მარტივად რომ ითქვას, ბავშვს არ აქვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი, თავად გადაჭრას წარმოქმნილი მცირე პრობლემები ან გადალახოს ბარიერები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში შესაფერისი დოზითა და სირთულით გვეძლევა… საფრთხე ექმნება ბავშვში საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას… არადა, მარტივი მისახვედრია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ყოველთვის სხვის იმედზე ყოფნა მხოლოდ მეტი პრობლემისა და სირთულის წინაშე აყენებს ადამიანს. ორი-სამი წლიდან, პატარას უკვე უჭირს კონტაქტი თანატოლებთან, უყალიბდება ფობიები…
ყოვლისშემძლე მშობლის გარეშე, დაუცველად გრძნობს თავს, დაბნეულია და იძულებული ხდება ისევ უფროსების ზედამხედველობის ქვეშ, მხოლოდ მათი აზრის გათვალისწინებით იცხოვროს. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს მდგომარეობა მტკივნეულიც იყოს მისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის… ასე გაზრდილ პატარებში ფსიქოლოგიური პრობლემები ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მათთვის დამახასიათებელი დაავადებებია: გასტრიტი, ნევროზი, კუჭის წყლული…
დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის, მისი ხასიათის, მომავლის, ურთიერთობებისა და სიცოცხლისადმი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისთვის. ენდეთ საკუთარ შვილებს და მიეცით უფლება გააკეთონ ის, რაც შეუძლია. რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ ისინი…
რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ჰიპერმზრუნველობა ? ეს მთლიანად დამოკიდებულია ბავშვის ხასიათზე. პატარა, რომელიც მუდმივად კონტროლის ქვეშაა, ბრმად მორჩილი ხდება. ის მუდმივად უფროსების მითითების მოლოდინშია. ასეთ ბავშვებს არ აქვთ მისწრაფებები, ინტერესები და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. თუ ბავშვი ზედმეტად გათამამებულია, ის მუდმივად ჯიუტობს, მშობლებს წინააღმდეგობას უწევს. ასეთი ბავშვები ტყუილისკენ არიან მიდრეკილები.
ჰიპერმზრუნველი დედები უნდა ეცადონ თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერებას, აღზრდის მეთოდების გადახედვას და ზომიერების დაცვას ყველაფერში…
რა თქმა უნდა, კარგია თუ ყოველთვის გვეცოდინება რა ხდება ჩვენი პატარას ცხოვრებაში, მაგრამ მისი ცხოვრებით ცხოვრება და ყველაფრის ბავშვის ნაცვლად კეთება მხოლოდ ზიანს აყენებს მის განვითარებას…
მოამზადა ნინი ჩხეტიანმა
გააზიარეთ ეს სტატია თქვენს კედელზე თუ ერთი ვერტმფრენი დედა მაინც გყავთ სანაცნობოში <3
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge