მოდის 2020 – ლითონისფერი ვირთხა
მოდის ლითონის, თეთრი ვირთხის წელიწადი!
ვირთხა – ჩინური ჰოროსკოპის პირველი ნიშანია. დასავლეთ ჰოროსკოპში მას მშვილდოსნის ნიშანი შეესაბამება
აღმოსავლეთში, ვირთხას, ჩვენგან განსხვავებით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობიან. ის სიმდიდრის, დოვლათის, კეთილსინდისიერებისა და სისუფთავის ყველაზე პოპულარულ სიმბოლოდაა მიჩნეული.
ვირთხის წელი ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით 2020 წლის 25 იანვარს შემოდის და 2021 წლის 11 თებერვლამდე დარჩება (თუ უფრო ზუსტი გვსურს ვიყოთ, მაშინ გეტყვით, რომ ჩინური მზის კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადი 4 თებერვალს იწყება, ხოლო, ასევე, ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით კი – 25 იანვარს და სწორედ მაშინ იწყებენ ჩინელები აღნიშვნას, იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები, ტარდება დოვლათისა და კეთილდღეობის მოსაზიდი სხვა და სხვა რიტუალები).
მართალია, ვირთხის წელი 25 იანვარს დადგება, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ახალი წლის პირველი დღე დგება მომავალი წლის ტოტემს ვითვალისწინებთ ხოლმე, ასე ვთქვათ ვიბევებთ მომავალი წლის მბრძანებლის კეთილგანწყობას, რადგან არამგონია ჩინელების გარდა, საქართველოში, ბევრი ადამიანი შეხვდეს ჩინურ ახალ წელს 25 იანვარს, ამიტომ მართალია წინსწრებით, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობს? მით უფრო, თუ ეს საახალწლო განწყობის შექმნაშიც გვეხმარება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენგან გაშვებული არც ერთი აზრი და ენერგია სამყაროში არ იკარგება და ყველაფერი ისევ ჩვენ გვიბრუნდება, გავაგზავნოთ სამყაროში რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და დადებითი ენერგია! ვისაც სურვილი გექნებათ შეხვდით ახალ წელს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უკან, აუცილებლად, სიხარულით და სიკეთით დაგვიბრუნდება.
წლის ფერებია – თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი, ნაცრისფერი
ვირთხის წლებია : 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020
ვირთხის წლის ელემენტი, ლითონია – სიმდიდრის ელემენტი, ამიტომ 2020 წელი, წესით, დოვლათს, კარგ შემოსავლებს გვპირდება.
როგორია ვირთხა?
ჩინური მითოლოგიის მიხედვით ვირთხა წარმოადგენს ბრძენ, მოქნილ, მიზანდასახულ და მომთმენ ცხოველს. მან იცის თავისი ყველა ნაკლი და ღირსება. აქვს ბრწყინვალე მეხსიერება, საოცარი ინტუიცია. კარგად იცის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, მშვენივრად გამოსდის ურთულესი სიტუაციიდან მარტივად თავის დახსნა და ცხოვრებისეული გზის მშვიდად გაგრძელება.
ვირთხა შემოქმედებითია. არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება, სახავს დიად გეგმებს და სასწრაფო წესით იწყებს მათ განხორციელებას. აინტერესებს ხელოვნება და სულიერი ფასეულობები. მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.
ვირთხას კარგად გამოსდის დოვლათის შეგროვება, თუმცა, ფრთხილია ფულის გაცემისას, ზოგჯერ, სხვებთან, სიძუნწესაც იჩენს. უყვარს მარაგების კეთებაც. რაც გზად ,,უშნოდ,, დაგდებული ხვდება, ყველაფერს თავის სოროში ეზიდება.
მას, ყველაზე მეტად, დაცულობის მოთხოვნილება აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს ცხოვრებისეულ სიტუაციებს, თუ სასიყვარულო კავშირებს. ემოციებით სავსეა, არ ეშინია გრძნობების გამოხატვის, თუმცა, უფრო ურთიერთობის საწყის ეტაპზე და იგივეს ითხოვს მეორე ნახევრისგანაც. თუ იმავეს ვერ ღებულობს საკუთარ თავში იკეტება და საერთოდ კარგავს პარტნიორის მიმართ ინტერესს.
ვირთხა დიდად არ გამოირჩევა რომანტიკულობით, ვინაიდან ცხოვრებაში წინა პლანზე უფრო სხვა საკითხებია მისთვის პრიორიტეტული: პრესტიჟი, კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა და სხვ.
ტიპური ვირთხა კარგი ტაქტიკოსია, გამოსდის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. ამიტომ, ნებისმიერი ქმედების წინ დაფიქრდით, რამდენად სწორი სტრატეგია გაქვთ, რამდენიმე ნაბიჯით წინ გათვალეთ თქვენი სვლები.
რას მოგვიტანს თეთრი ვირთხა 2020 წელს
ვირთხის წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის ახალ, თორმეტწლიან ციკლს ხსნის, ამიტომ, ყველა საქმეს, რასაც 2020 წელში ჩაეყრება საფუძველი, თუ სტრატეგიულად სწორად გააკეთებთ, არ დაიშურებთ ძალისხმევას, წარმატება ელის. კარგად განსაზღვრეთ, რა გსურთ, გათვალეთ რისკები და იმოქმედეთ, რათა მომდევნო 12 წლის მანძილზე სასიკეთო ,,მოსავალი,, მიიღოთ.
ეს კარგი წელია ახალი წამოწყებებისთვის, მცირე და დიდი ბიზნესისთვის, სამსახურის და ქვეყნის შეცვლისთვის. ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დაგვირგვინდება
ვირთხის წელიწადი ჩვენგან მოითხოვს წინდახედულ, რაციონალურ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. უდარდელობა, სპონტანური და ზედაპირული გადაწყვეტილებები კი პირიქით, ზიანის და პრობლემების მომტანია. თუ ვირთხის წლის კეთილგანწყობილების მოპოვება გსურთ, უნდა გამოიჩნოთ პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, კეთილგონივრულობა, მიზანსწრაფულობა, წინააღმდეგობის გადალახვის უნარები.
წარმატება ექნებათ მხოლოდ გაბედულ, მიზანდასახულ, შრომისმოყვარე, ამბიციურ ადამიანებს. ვირთხას არ უყვარს ზარმაცები და უსაქმურები, მატყუარა და აფერისტი ადამიანები. ავანტურისა და ტყუილებისგან, სჯობს, თავი შეიკავოთ. მთავარია, არ დაგვძლიოს სიზარმაცემ და სისუსტემ, უნდა ვიმოქმედოთ თავდაჯერებულად, ორგანიზებულად და მიზანსწრაფულად. მას მოეწონებოდა, ასევე, საქმიანობის სფეროს შეცვლა, თუმცა არ უყვარს დაუფიქრებელი ნაბიჯები, გარისკვა. ახალი ხედვა, საკითხის გადაწყვეტის ახალი გზები უნდა ვეძებოთ, მაშინ ვირთხა აღმოაჩენს რა ჩვენში მონათესავე სულს, ყველანაირად შეეცდება ხელის შეწყობას.
ეს კარგი წელია ფინანსური და საქმიანი სფეროების მოსაგვარებლად. თუ შესაბამის ცოდნას, მონდომებას არ დაიშურებთ, ასევე, მოზომილად და სიფრთხილით იმოქმედებთ, ეს წელი წარმატებულია სიმდიდრის დაგროვების, დოვლათის შესაქმნელად. თუ გეგმაში სახლის, მანქანის, ან სხვა შენაძენის გაკეთება გაქვთ, ეს აუცილებლად ამ წელს გააკეთეთ
იმისთვის, რომ ფულის ნაკადი მარტივად მოვიზიდოთ, აუცილებელია ხის და ცეცხლის ენერგიების გაძლიერება – ცოდნის შეძენა, სწავლა, განათლება, სულიერი სახის ინფორმაცია (ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ფენ-შუი და სხვ.), ასევე, პარტნიორობა, სხვა ადამიანებთან ერთობლიობა. 2020 წლის წარმატების საიდუმლო სწორედ მოლაპარაკება, პარტნიორობა, გაერთიანებაა
ამ წელს კარგი იქნებოდა ერთი ნიუანსის გათვალისწინებაც – ვინაიდან, შესაძლოა იმდენი ენერგია არ იყოს, რამდენიც გვჭირდება, 2020 წელს კარგი იქნება თუ სპორტს, იოგას, ცი გუნს მივმართავთ, რათა მოვასწროთ დასვენება და ძალების აღდგენა, რადგან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ზომიერების დაცვა აუცილებელია, ზედმეტებში გადასვლა არ ივარგებს.
დიდად რომანტიკული ელფერი არ დაკრავს წელს, მაგრამ თუ სწორედ ამ წელს ქმნით ოჯახს, ვირთხის წელიწადი, ქორწინების თვალსაზრისით, სიმყარით, მდგრადობით გამოირჩევა. კარგი წელია, ასევე, ბავშვების გაჩენისთვის, დაფეხმძიმებისა და არსებული ურთიერთობების გამყარებისთვის.
2020 წელს კარგი იქნება გარესამყაროზე ზრუნვა, უანგარო ქმედება და კეთილგანწყობილების გამოჩენა.
რა არის მოსალოდნელი სოციალური თვალსაზრისით?
რაც ეხება სოციალურ სფეროს, მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები როგორც სოციალურ, პოლიტიკურ, საჯარო სფეროებში, ასევე სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესი საფუძვლის ჩაყრაც.
2020 წელი გამორჩეული იქნება იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი სოციალური პლანეტა სატურნი და იუპიტერი, წელს ერთ ნიშანში, თხის რქაში იმყოფება და წინა პლანზე სწორედ თხის რქის სფეროებს წამოწევს. ხედავთ კიდეც ბოლო პერიოდის მოვლენებს – სატურნი, რომელიც უკვე თითქმის 2 წელიწადია თხის რქის ნიშანში იმყოფება და ,,ალაგებს,, თხისრქისეულ სფეროებს, პირველ რიგში საჯარო სექტორს, სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურებს, ამოწმებს პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე და სხვ. და ცდილობს ახალი წესრიგის დადგენს, მას, დამატებით, ახლა უკვე იუპიტერიც შეუერთდდება, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს და აქტუალურს გახდის ამ საკითხებს. ამიტომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სწორედ საჯარო სექტორში, პოლიტიკურ და სამთავრობო სტრუქტურებში, სადაც, შეიძლება ასე ვთქვათ, გამოცდების ჩაბარების ხანგრძლივი პერიოდი დგას.
ასევე, მნიშვნელოვან მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ლილიტის, ე.წ შავი მთვარის თევზებიდან იმპულსურ, მებრძოლ, ვერძის ნიშანში გადასვლა, რაც ჩვენგან მაქსიმალურ თავდაჭერას, დიპლომატიურობას, კომპრომისებს, საერთო ენის გამონახვას, სამართლიანობის პრონციპების დაცვას მოითხოვს. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ნეგატიური მაჩვენებლის განეიტრალება. ამ პერიოდის დევიზია ,,შვიდჯერ გაზომე – ერთხელ გაჭერი!,,
ვისთვისაა მეტად წარმატებული 2020 წელი?
ბევრმა უკვე იცის, რომ მხოლოდ პირად რუკაში აისახება რამდენად წარმატებული, ან წარუმატებელი წელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის და ეს ინდივიდუალურია, მე მხოლოდ ზოგად პროგნოზს შემოგთავაზებთ:
დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ მიწის ნიშნებს, უპირველეს ყოვლისა თხის რქას, შემდეგ უკვე კუროს და ქალწულს -მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს წელი, არ გაუშვათ შანსები განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
თხის რქა – ის 2020 წელში შედარებით შვებას იგრძნობს. მართალია, ბოლო 2 წელი და კიდევ თითქმის მთელი 2020 წელი თხის რქაში შემზღუდველი პლანეტა, სატურნი, მოძრაობს, რაც ქმნის გარკვეული სახის სირთულეებს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, 2020 წელს მათთან გამარჯვების, იღბლის, დიდი ბედნიერების პლანეტა, იუპიტერიც იქნება, რაც საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ ცხოვრებას, მისცემს წარმატების მიღწევის ახალ შესაძლებლობებს, იღბალს, ამიტომ, მით უფრო თხის რქებმა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ 2020 წელი და ჩაყარონ ძლიერი საფუძველი შემდგომი 12 წლიანი ციკლისთვის.
კუროს მოგზაურობის, სწავლის, შემეცნების ბრწყინვალე შესაძლებლობები მიეცემა. კარგი იქნება ყველა პროექტი, რომელიც უცხოეთს,მოგზაურობას, ექსპორტ-იმპორტს, თვალსაწიერის გაფართოებას ეხება
ქალწულებისთვის წელი კარგია შვილების გაჩენის, ახალი რომანტიკული ურთიერთობების, ან უკვე არსებული სასიყვარულო კავშირების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, გართობისა და ცხოვრებისგან სიამოვნებების მისაღებად.
სასიკეთო იქნება ეს წელი, ასევე, წყლის ნიშნებისთვის, მორიელის, თევზებისა და კირჩხიბისთვის
კირჩხიბთან, შესაძლოა საზოგადოებასთან, საქმიან და სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს წამოწეული წინა პლანზე. აუცილებელია დიპლომატია, კომპრომისები, სამართლიანობის პრინციპების დაცვა, რათა ამ სფეროებში მარტივად და უმტკინვეულოდ გაიარონ
მორიელისთვის ახალი ნაცნობობის, მსუბუქი სასიყვარულო ურთიერთობების, ასევე, საჭირო კავშირების დამყარების, ცოდნის მიღება-გაზიარების წელია. კარგია წელი, ასევე, კომერციული საქმიანობისთვის, კონტაქტებისთვის
რაც ეხება თევზებს – მათ ახალი მეგობრების შეძენის დიდი ალბათობა აქვთ, ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ ახალ საზოგადოებაში, ახალ ასპარეზზე გასვლის, სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიღების. მთლიანად, საკმაოდ პოზიტიური წელია მათთვის ბევრი მიმართულებით.
რაც ეხება ცეცხლის და ჰაერის ნიშნებს:
დავიწყოთ ვერძით – ვერძთან კარიერული საკითხები წამოიწევს წინაპლანზე. არის შესაძლებლობა პროფესიული ზრდის, დაწინაურების, მთავარია იმპულსურობაზე უარის თქმა, მოზომილი, დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, პროფესიონალიზმი
ლომისთვის – ჯანმრთელობის, სამსახურის შეცვლის, ან ზოგადად, სამსახურთან დაკავშირებული თემები შესაძლოა იყოს აქტუალური. ამ წელს, ლომს, ბევრი მუშაობა მოუწევს, ამიტომ, დრო და დრო დასვენება და ბალანსის აღდგენა იქნება მისთვის აუცილებელი.
მშვილდოსნისთვის, ფინანსების მხრივ, სასიკეთო წელია. მას ეძლევა საშუალება ამ სფეროში არა მარტო დაასტაბილუროს, არამედ საგრძნობლად გაზარდოს კიდეც შემოსავლები, გააკეთოს მნიშვნელოვანი შენაძენი
რაც ეხება ჰაერის ნიშნებს – ტყუპებისთვის ეს ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის, განახლების წელია. ტყუპებს ეძლევათ ახლის დაწყების, სასიკეთო ცვლილებების განხორციელების საშუალება. აუცილებელიაახალი ხედვა. წარსული უნდა დარჩეს წარსულში!
სასწორისთვის 2020 წელში აქტუალური სახლის თემატიკა იქნება. ბევრს ექნება ამ წელს სახლის გამოცვლის, ყიდვის, ან გაფართოების შანსი, ასევე, მოსალოდნელია ზოგადად, ოჯახის, სახლის თემებთან დაკავშირებულ სფეროებში მოხდეს სასიკეთო ცვლილებები
მერწყულისთვის სულიერი ძიებების წელია. შესაძლოა, ბევრმა მერწყულმა საკუთარ თავში ფარული შესაძლებლობები, რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, უნარები აღმოაჩინოს. ბევრ საკრარულ და იდუმალ სფეროს ახადოს ფარდა, ესაა სულიერი ზრდის, საკუთარი მისიის გააზრების, სამყაროსთან ერთიანობის წელი.
რაც ეხება აღმოსავლურ ნიშნებს:
ვირთხისთვის, ეს წელი, საკმაოდ სასიკეთო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც კარიერული, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში წარმატების მიღების თვალსაზრისით. წელი დინამიური იქნება, თავისი აღმასვლა-დაღმასვლით. შეეცადეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი.
ხარი – ვირთხას ყველაზე მეტად ხარი უყვარს. ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ხარის ცხოვრებაში ყველა მიმართულებით – სიყვარულის, ფინანსების თუ სხვა სახის წარმატების მოსაპოვებლად.
ვეფხვი – ნეიტრალური წელია. ვეფხვს შესაძლოა მოუწიოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, მივლინება, რაც საგრძნობლად გაზრდის გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ამიტომ, 2020 წელში მათ ეკონომიურობა და ყაირათიანობა მართებთ .
კურდღელი – ეს წელი წარმატებულია შემოსავლების, სიყვარულისა და რომანიკის კუთხით
დრაკონი – კარგი წელია ფინანსური თვალსაზრისით, ცუდი არაა არც სხვა სფეროებისთვის
გველი – სასიკეთო წელია ყველა მიმართულებით
ცხენი – ოპოზიციური ნიშანია ვირთხისთვის. მოსალოდნელია უცაბედი ცვლილებები, ემოციური არასტაბილურობა, თუმცა წარმატების მიღწევის შანსიც არის!
თხა – იღბლიანია ყველა კუთხით. გამოიყენეთ ეს წელი!
მაიმუნი – შესაძლოა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მოუტანოს ვირთხამ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები. მეტი დრო დაუთმეთ სწავლა-განათლებას.
მამალი – ძალიან კარგი წელია ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამსახურეობრივი, სასიყვარულო, თუ სხვა ცხოვრებისეული სფეროები
ძაღლი – საშუალო წელია. მოუფრთხილდით ფულს, გონივრულად განკარგეთ ფინანსები. ასევე, არ დაგავიწყდეთ დასვენება და განტვირთვა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ღორი – ღორებისთვის გაორებული წელია, ვინაიდან საკმაოდ კარგია რომანტიული ურთიერთობების მხრივ, თუმცა სხვა მხრივ, შესაძლოა არასტაბილურობა იყოს სხვა სფეროებში.
კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ზოგადი პროგნოზია. ვის როგორი წელი შეიძლება ჰქონდეს, ეს მონაცემები ინდივიდუალურია და პირადი რუკის მონაცემებზეა დამოკიდებული. ცაზე არსებული პლანეტების განლაგებიდან გამომდინარე, შესაძლოა საკმაოდ პოზიტიური ასპექტები შეიქმნას თქვენი ნათალური რუკის პლანეტებთან და ძალიანაც სასიკეთო პერიოდები ჰქონდეთ.
წინასაახალწლო სამზადისი
ვირთხას უყვარს საკუთარი სახლი, ახლობლების და მეგობრების წრეში ყოფნა. კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ერთ დიდ, მხიალურ წვეულებას მოაწყობთ. არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია ოჯახის წევრებთან ერთად იყოთ.
სასურველია სახლის დასუფთავება დეკემბრის 27-29 რიცხვამდე მოასწროთ და მძიმე სამუშაოები არ დაამთხვიოთ უშუალოდ 31 დეკემბერს,
ვირთხა საკმაოდ მოკრძალებული, კონსერვატორია. არ უყვარს პომპეზურობა, ზედმეტობები. სასურველია კლასიკური, თავდაჭერილი, ელეგანტური სამოსი და არა მყვირალა, ვულგარული ან ექსტრავაგანტული. ამიტომ წელს უფრო თავშეკავებული სტილი უნდა იყოს როგორც ინტერიერში, ისე სამოსში.
ვირთხას უყვარს ყველაფერი რბილი, ნატურალური. გამოეწყვეთ წლის ფერებში – თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნებოდა ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ.
დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარები. სუფრაზე დააწყვეთ სხვა და სხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.
თუ საშუალება გაქვთ ახალი, თეთრი, მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12 წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.
სუფრაზე დააწყეთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა:)
თვითონ წლის მბრძანებელისთვის მოამზადეთ ნუგბარი – გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რა საკვირველია, უხვად ყველი
ასევე, არ დაგავიწდეთ არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც:)
ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სასურველია თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სანთლის დანთება. გააცილეთ მადლიერებით წინა წელი და ახალ წელს ცეცხლის სტიქიის მეშვეობით გაწმენდილი და სუფთა ენერგიებით შეხვდით!
2020 წლის შეხვედრისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებსა და სიმბოლოებს. გახსოვდეთ, რომ იწყება აღმოსავლეთ ჰოროსკოპის ახალი ციკლი და თითოეული სიტყვა, რომელიც წარმოითქმება ამ ჯადოსნურ ღამეს, საფუძველს ჩაუყრის მომავალ 12 წელს. ამ ახალ წელს ყველა თქვენი ოცნება და სურვილი ხმამაღლა უნდა ითქვას, სათითაო სიტყა უნდა იყოს გააზრებული!
არ დაგავიწყდეთ არც 2020 წლის სამოქმედო გეგმის ჩამოწერა გვერდით თარიღებით, რომელიც საახალწლო სუფრაზე გედებათ და ახალი წელი როგორც კი დაიწყება, პირველსავე წუთზე, მტკიცედ და რწმენით ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი სამომავლო გეგმები, ასე ვთქვათ თქვენი პროგრამა გაუშვით კოსმოსში რწმენით, რომ ახალ წელში ყველა თქვენი მიზანი და მოლოდინი, აუცილებლად ახდება! დილით დაკეცეთ ეს ქაღალდი და საგულდაგულოდ შეინახეთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი ჯიბეებით! სუფრას რომ მიუსხდებით – აუცილებლად რაიმე კუპიურა მაინც უნდა გედოთ ჯიბეში ან საფულეში, შეგიძიათ ხელშიც გეკავოთ, ან მაგიდაზე გედოთ პატარა წითელ ტომსიკაში და ისე შეხვდეთ ახალი წლის პირველ წუთებს.
არის ასეთი რჩევაც – სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს ბევრი ადამიანი შამპანურის ჭიქაში აგდებს ფულის მონეტას (ნებისმიერი მონეტა გამოდგება, უბრალოდ, მანამდე გარეცხეთ) და სასმისის შესმისას თავისთვის ამბობს – მინდა მქონდეს დოვლათი! სასმისის შესმის შემდეგ იღებენ ამ მონეტას ჭიქიდან და საფულეში ინახავენ ფულის მოსაზიდად.
შეგიძლიათ ნაძვის ხის ქვეშ დადოთ რაიმე თეთრი, ლურჯი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ყულაბა და როგორც კი ახალი წელი დაიწყება – ჩააგდოთ მასში ხურდა ფული.
ვისაც ოჯახის შექმნა სურს – ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე რაიმე ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე გაიკეთეთ ის მარჯვენა ხელის არათითზე რწმენით, რომ ახალ წელში აუცილებლად შექმნით ბედნიერ ოჯახს.
და უმთავრესი რჩევა – შეეცადეთ დახუროთ ყველა ვალი, რაც გაქვთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გულში მაინც მოუბოდიშეთ იმ ადამიანს და სამყაროს სთხოვეთ დახმარება. აუცილებელია აპატიოთ, მიუტევოთ თუ ვინმეზე ხართ დაწყენი და ასევე, პატიება ითხოვოთ თქვენც, თუნდაც თქვენთვის, გულში. ვინაიდან იწყება ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი და არ არის კარგი წყენის და ტკივილის, მევალეებისა და მოვალეების ახალ წელში გადატანა. რაც არასასიამოვნო, ნეგატიური იყო, დაე, დარჩეს ძველ წელში და ახალი წელი მსუბუქი გულით, პოზიტიური განწყობით, უკვე ახლებურად დავიწყოთ! <3
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და 2020 წელი, აუცილებლად, ბედნიერების, წინსვლის, წარმატების წელი იქნება! <3
ვარსკვლავების კეთილგანწყობას გისურვებთ! სიკეთე გქონოდეთ! <3
ქეთი ვაწაძე
Astrologia.ge