მერკურის ასპექტები
მერკური ღმერთების კურიერი გახლდათ მითოლოგიაში, ამიტომ კომუნიკაციის, ინფორმაციის მიმოცვლის პლანეტად ითვლება. თუ არ გჯერათ ცოტა ხანი დაელაპარაკეთ ტყუპებს ან ძლიერი ტყუპების გავლენის მქონე ადამიანს, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ დროს, თუნდაც რაიმეს აკეთებდეს, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ადამიანი ერთად… გეგონებათ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობთ აზრებით.
მზისა და მერკურის ასპექტი:
როცა მერკური მზესთან შედის კონტაქტში, ერთადერთი შესაძლო ასპექტი შეერთებაა, რადგან 28 გრადუსზე შორს ვერ მიდის მზისგან. როცა მზეს რომელიმე პლანეტა უერთდება იმ ნიშნის გავლენას აძლევს ადამიანს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ანუ თუკი თქვენ მზე მერკურის შეერთება გაქვთ, ეს ნიშნავს რომ ტყუპების და ქალწულის მახასიათებლებსაც ფლობთ, განსაკუთრებით ინფორმაციასთან დამოკიდებულებაში.
ზოგადად მზე ადამიანის ეგოა, ნება, მერკური კი კომუნიკაცია, ინფორმაციის აღქმა და გონება. მათი ერთმანეთთან შერწყმით, ვიღებთ ექსტრა მენტალურ სტაბილურობას და კარგი კომუნიკაციის უნარს. ასეთი ადამიანები გამუდმებით ფიქრობენ, რა სურთ და ხშირად ამ ფიქრით უგულებელჰყოფენ საკუთარ ნებას. მერკურს უნდა რომ რასაც შეეხება, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, ყველაფერი ახსნას, დეფინიცია მოუძებნოს საკუთარ სურვილებს, ნებას, ნება კი მაშინ უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას, როცა უბრალოდ არის და არა მაშინ როცა მისი ლოგიკის ჩარჩოებში მოქცევას და გაანალიზებას ცდილობენ.
ადამიანები მზე მერკურის შეერთებით აზროვნებაში დამოუკიდებლები და როგორც წესი, ყოველთვის საინტერესო და ცხოველი მოსაუბრეები არიან. კომუნიკაციის პროცესში მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია აქტიური როლის დაკავება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, სემინარზე ყოფნა და გამომსვლელის მონოტონური მონოლოგის მოსმენა, კოშმარად შეიძლება ექცეს. ამიტომ მაშინ უფრო უკეთ ითვისებენ მასალას როცა კითხულობენ, ვიდრე მაშინ როცა მასწავლებელს უსმენენ.
როგორც ვიცით, მზე პიროვნების პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში უპირველესია და შესაბამისად მათთვის ყველაზე მთავარი მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებია. ისინი ამაყობენ საკუთარი მოსაზრებებით და შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, როცა არ უსმენენ, ყურადღებას არ აქცევენ ან აკრიტიკებენ. ხშირად მოგეჩვენებათ რომ საკუთარი მოსაზრების გადმოცემა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი მოსმენა. ეს იმიტომ ხდება რომ ლაპარაკის მომენტში გამუდმებით ფიქრობენ, ამის შემდეგ რა თქვან.
მთვარისა და მერკურის ასპექტი:
თუკი უარყოფითი ასპექტები აქვს ადამიანს (კვადრატი ან ოპოზიცია), ყოველთვის ყველაფერში მოკლე გზების ძიებითაა დაკავებული. მერკური ცნობიერი გონებაა, მთვარე ქვეცნობიერი და მათი დაძაბული კავშირი, განსაკუთრებით ოპოზიცია, ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის კონფლიქტს წარმოქმნის. შინაგანი ხმა ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის ლოგიკაზე დაყრდნობით მიღებულ დასკვნებთან. ეს ის შემთხვევაა როცა გული ერთს გკარნახობთ, გონება კი მეორეს და ადამიანი მუდმივად ორცეცხლშუა დგას. ამას გარდა, შესაძლოა საერთოდ არ ამბობდეთ, რას გრძნობთ, ან პირიქით მხოლოდ იმას ამბობდეთ, რას გრძნობთ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ცუდი ასპექტები გადასალახავი დაბრკოლებებია და დამუშავების შემთხვევაში შესანიშნავ, ინსტიქტებზე დაყრდნობილ კომუნიკაციის უნარად შეიძლება გამოვლინდეს.
შეერთების შემთხვევაში არსებობს გრძნობების გარაციონალურების საფრთხე. ანუ მთვარე მერკურის შეერთების მქონე ადამიანები შესაძლოა უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ საკუთარ შეგრძნებებზე, ვიდრე გრძნობდნენ. საკუთარი ემოციებისთვის მუდმივად დეფინიციის ძიება, საშინელებაა თავად ინდივიდისთვის , მაგრამ მისი მეგობრებისთვის პირდაპირ მისწრება. თუკი საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ და ლოგიკაზე დაყრდნობილი რჩევა გჭირდებათ, შეგიძლიათ მას მიმართოთ, როგორც ექპერტს, მსგავსი პრობლემების მოგვარების დარგში. შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე გისმენთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ გისმენთ.
ჰარმონიული ასპექტები ფიქრებს და კომუნიკაციის პროცესს არბილებს. ამ მაჩვენებლის მქონე ადამიანები კარგი მეგობრები არიან. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, იუმორის გრძნობა და უყვართ ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა. ჭორაობაც! ძალიან მორცხვი ვარიანტიც კი რომ შეგხვდეთ, როცა დაუმეგობრდებით აღმოაჩენთ რომ შეუძლიათ გესაუბრონ ყველაფერზე, რაც კი დედამიწის ზურგზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყოველდღიური წვრილმანების შესახებ დეტალური ანგარიშის ჩაბარება ურჩევნიათ, ფილოსოფიური იდეების განხილვას. განსაკუთრებით კი მოგონებებზე საუბარი მოსწონთ, თავის წარსულიდან ისტორიების გახსენება.
მერკურისა და ვენერას ასპექტები:
ვენერასა და მერკურს შორის მხოლოდ სექსტილი და შეერთებაა შესაძლებელი. მერკური კომუნიკაციაა, ვენერა მოხიბვლის ნიჭი. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო და ამ პროცესში ირთვება მთელი ვენერას პოტენციალი, არტისტიზმი. ისინი შესანიშნავი ორატორები არიან, აქვთ ტაქტი და უნარი ისე თქვან, როგორც მოითხოვს პუბლიკა. ეს ის ხალხია მიმართვისას: საყვარელო, სიხარულო, სიცოცხლე, პატარავ და ა.შ. იყენებენ. ხმაც და კალიგრაფიაც კი სასიამოვნო აქვთ საუბრის მანერასთან და წერის ნიჭთან ერთად. შესანიშნავად ფლობენ ფლირტის ხელოვნებას, არაციონალურებენ გრძნობებს და ინტელექტუალური პარტნიორები მოსწონთ.
მარსისა და მერკურის ასპექტები:
მერკურისა და მარსის ასპექტები აძლიერებს ინტელექტს, მაგრამ ცოტა აგრესიულ კომუნიკაციის უნარსა და საუბრის მანერას გვაძლევს. მათ უყვართ კამათი და ცხარე დებატების არ ერიდებათ. როგორც მესამე სახლის მარსი, ესეც ის გონებაა რომ არ ისვენებს არასოდეს, მისი გამორთვა შეუძლებელია. ის პრობლემებს კი არ აანალიზებს, თავს ესხმის. დაძაბული ასპექტებისას ეს ყველაფერი კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. მარსის ენერგია დისციპლინას და ფოკუსირებას საჭიროებს, თორემ უაზრო დისკუსიებში შესაძლოა გაგეფლანგოთ.
მერკურისა და სატურნის ასპექტები:
სატურნის მერკურთან ასპექტები სერიოზულ გონებას გვაძლევს, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულს. ხანდახან შესაძლოა მენტალურად ცოტა ,,შენელებულიც“ გამოჩნდეთ, მაგრამ ეს უნიჭობის გამო – არა, უბრალოდ ძალიან გეშინიათ შეცდომების დაშვების. მერკური სატურნის ნებისმიერი ასპექტი გონებას აღრმავებს. ისინი ვერ იტანენ უმნიშვნელო საუბრებს უხერხული სიჩუმის დასარღვევად, ამიტომ ცოტა არასოციალურები ჩანან, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ დროის კარგვა არ სურთ სისულელეებზე. დაძაბული ასპექტები დაღვრემილ და დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებს ქმნის. ამის წამალი ერთია (როგორც სატურნის ნებისმიერი დაძაბული ასპექტისას), ზედმეტს ნუ ფიქრობთ, რაიმე სასარგებლო საქმის კეთებით დაკავდით.
მერკურისა და ურანის ასპექტები:
ურანის მერკურისთან ასპექტები შეშლილი იდეების სიყვარულს გვაძლევს. შესანიშნავი კომბინაციაა, გენიოსობის ასპექტი. ინტუიცია და გონება ერთად. მან ყველაზე უკეთ იცის რა რაა და ვინ ვინაა. კარტერის მიხედვით მერკური ურანის ჰარმონიული ასპექტები ასტროლოგების ჰოროსკოპებში არის ძალიან ხშირი. უარყოფით ასპექტები კი სიჯიუტეს გვაძლევს. თავად დღეში რამდენჯერმეც შეუძლიათ შეიცვალონ აზრი (განსაკუთრებით თუ მუტაბელურ ნიშნებშია პლანეტები), მაგრამ სხვას არავის ძალუძს აზრი შეაცვლევინოს მათ.
მერკურისა და პლუტონის ასპექტები:
პლუტონის მერკურთან ასპექტები კომუნიკაციის მართვის ძლიერი უნარებია. წარმატებები აქვთ ვაჭრობაში, ხდებიან კარგი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები. მის სიტყვებს თანაბარი ძალით შეუძლიათ განკურნონ და მოკლან ადამიანი. თუკი ტექსტებს წერს მუსიკისთვის, ეს სიმღერები ჰიტებად იქცევა, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, ჯონ ლენონს მერკური პლუტონის კვადრატი ჰქონდა, დაძაბული ასპექტებით მთვარესთან. მთვარე ემოციებს და გრძნობებს უმატებს ამ ყველაფერს. მისი სიტყვები თქვენს ტვინში აღწევს და შეუძლია აზრები შეგიცვალოს.
მერკურისა და ნეპტუნის ასპექტები:
ნეპტუნი მერკურის ასპექტები, მიუხედავად ნეგატიური იქნება ეს ასპექტები თუ დადებითი ; შესანიშნავი წარმოსახვის უნარია, ხალას, მაგრამ ცოტა უცნაურ მეხსიერებასთან შერწყმული. აი, მაგალითად გაიხსენეთ ნილ არმსტრონგი და ,,Good luck, mister Gorsky! “. ნილ არმსტრონგს მერკური ნეპტუნის შეერთება ჰქონდა 🙂 – დაძაბული ასპექტები ცოტა სახალისო მახსოვრობას გვაძლევს, მაგალითად ისეთ რამეებს გვამახსოვრებს, რაც როგორც წესი არ ამახსოვრდებათ და ისეთ რამეებს ავიწყებს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
იუპიტერის მერკურთან ასპექტები:
თუ ჰარმონიულია გონებას უადვილებს ზოგადი სურათიდან კონკრეტული ფაქტის გამოყვანას და პირიქით, პატარა წვრილმანების მთელ სამყარომდე განზოგადებას. ამ ასპექტის პრობლემა ისაა, რომ არავინ დაგიჯერებთ, რაც არ უნდა მძიმე დეპრესია გქონდეთ და სასოწარკვეთილი იყოთ, იმიტომ რომ ძალიან ოპტიმისტურად ,,ჟღერთ“. შეერთება ამ შემთხვევაში ჰარმონიულ ასპექტად ითვლება. დაძაბული ასპექტები გაზვიადებისკენ არიან მიდრეკილნი, ან კიდევ იმდენად იციკლებიან დეტალებზე, რომ მერე საერთო სურათს ვეღარ ხედავენ.
ქირონისა და მერკურის ასპექტები:
ქირონის და მერკურის ასპექტებისას იშვიათად ვართ კმაყოფილი ჩვენი კომუნიკაციის მანერით. საკუთარი თავის გამოხატვა თუ არ გამოხატვა – აი, მერკური ქირონის დაძაბული ასპექტების ადამიანის დილემა. შესაძლოა ვინმსე რამე უთხრას და მერე დამნაშავედ იგრძნოს თავი და თავბედი იწყევლოს რატომ ვთქვიო, შედეგად ვიღებთ იმას რომ ადამიანი უკან იხევს და კომუნიკაციაზე უარს ამბობს, მერე კი ახალი პრობლემა იწყება – რაღაც მომენტში როცა საჭირო იყო რაღაც ეთქვა, ჩუმდება და მოგვიანებით იმაზე ნერვიულობს, რატომ არ ვთქვიო. აი, რაზე ფიქრობენ ისინი ყველაზე ხშირად – დაწვრილებით იხსენებენ ყველა დიალოგს და აკრიტიკებენ საკუთარ თავს იმისთვის, რაც თქვეს და რაც არ თქვეს.
მერკურის ასცედენტთან ასპექტი:
შეერთება ტყუპის ან ქალწულის ტიპაჟს გვაძლევს, კომუნიკაციაზე და დეტალებზე ორიენტირებულებს. ნებისმიერი ასპექტი შეერთება იქნება თუ ოპოზიცია კარგი კომუნიკაციის უნარს, შესანიშნავ ორატორულ მონაცემებს გვაძლევს. მაგალითად, ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა ოპოზიცია და მთელი ერის სიგიჟეზე აყოლიება მოახერხა. ასცედენტთან მისი ოპოზიცია ლაქლაქა და ძალიან კომუნიკაბელურ პარტნიორებსაც იზიდავს (ამ დროს მერკური დესცედენტთან შეერთებული გამოდის). კვადრატის დროს არსებობს საფრთხე რომ ადამიანი არასწორად იგებდეს სხვების ნათქვამს და სხვები კიდევ პირიქით, მის ნათქვამს. განსაკუთრებით ეს პარტნიორებს ეხება. ანუ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა კვადრატები შედარებით ადვილი დასამუშავებელია და აუცილებლად იმუშავეთ ამ საკითხზე. ჰარმონიული ასპექტები ადამიანს აძლევს უნარს რომ ნებისმიერ თემაზე ისე ისაუბროს, თითქოს ექსპერტი იყოს ამ საკითხში (ასეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებს კიდეც). ის ცოცხალი ენციკლოპედიაა, პატარა გუგლი, რომელიც ჰაერში ისრუტავს ინფორმაციას და ნებისმიერ დროს მზადაა პასუხისთვის.
მიდ-ჰევენთან (ზენიტთან) მერკურის ასპექტი:
ასეთი შემთხვევები ხშირია მწერლების ჰოროსკოპებში და სტივენ კინგი ამის შესანიშნავი მაგალითია. ასევე კარგი ასპექტია მერკურის სხვა პროფესიისთვის გასაყოლად: ჟურნალისტიკა, ვაჭრობა, საჯარო გამოსვლები, ტრანსპორტი, მიმოსვლის საშუალებები, ტურისტული სააგენტოები და ა.შ. სავარაუდოა რომ ერთერთი მშობელი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ან მოძრაობდა 🙂
მოამზადა დოჩი გოგომ