კარმული ურთიერთობები
ერთი ნახვით შეყვარება…როგორღა არ სცადეს აეხსნათ ეს ფენომენი! რა ხდება იმ წუთს, როცა ორი წყვილი თვალი ერთმანეთს ხვდება და მათ შორის ნაპერწკალი აენთება? უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის სულები, რომლებიც წინა ცხოვრებაში ან მეუღლეები იყვნენ, ან საყვარლები, ანდა ერთმანეთთან პლატონური სიყვარული აკავშირებდათ. როცა მათი თვალები ერთმანეთს ხვდება, აქტიურდება წინაცხოვრებისეული ენერგია, რომელიც ჩაწერილია მათ ენერგეტიკულ ველებში. და ისინი ერთმანეთს „ცნობენ“. ასეთი წყვილების გემოვნება ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა, ადგილი აქვს აზრთა თანხვდომასაც, და ემოციების ქარიშხალი თავბრუს ახვევს ორივეს, ეჩვენებათ, რომ ამგვარი ურთიერთმიზიდულობის, ამგვარი ლტოლვის მიზეზი ბედისწერაა.
ასეთი შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, მაგრამ მიზეზი სხვადასხვაა: შესაძლოა, უნდა დაასრულონ ის, რაც წინა ცხოვრებაში ვერ დაასრულეს ან რაღაც უნდა გააცნობიერონ, ისინი კი ვერ ხვდებიან, რომ კარმული ენერგიაა ამგვარი ურთიერთმიზიდულობის მიზეზი. არ არის აუცილებელი, რომ ამ განსხეულებაში ასეთ წყვილთა ურთიერთობა ბედნიერი სიყვარულით ან ქორწინებით დაგვირგვინდეს.
თითოეული ადამიანის ქვეცნობიერებაშია წინაცხოვრებისეული მეხსიერება. მისი გავლენით მეწყვილესთან დაკავშირებით რაღაც გეგმები აქვს ზოგს, რაღაც მოლოდინი გააჩნია, რაც წინაცხოვრებისდროინდელი ურთიერთობის გამო ხდება. ამ ცხოვრებაში კი იგი სულ სხვა პიროვნებაა, რაღაცით ჰგავს უწინდელს, მაგრამ ბევრია მასში ახალი, იმდენად, რამდენადაც ამჯერად თავისი წინაცხოვრებისეული განსხეულებების კვინტესენციაა, თავის თავში ატარებს მრავალი ადამიანის ხასიათის შტრიხს. ეს „სხვა“ პიროვნება სულ სხვაგვარად აზროვნებს, გრძნობს, მოქმედებს.
რეალობის პირისპირ ხშირ შემთხვევაში მინავლდებახოლმე კარმულ წყვილთა ურთიერთლტოლვის ცეცხლი, შემოიჭრება ყოფითი ცხოვრება და წარსულისა და აწმყოს რეალობები ერთმანეთს ეჯახება. თუ მეწყვილეებს ბრძნულად განსჯის უნარი აქვთ, თუ მათი გრძნობა ძლიერი და ნათელია, მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას, ააწყობენ ურთიერთობებს და შესაძლოა სადღაც, სიღრმისეულ დონეზე გააცნობიერონ ან იგრძნონ მიზეზი, რომელმაც ისინი შეახვედრა და „დაამუშაონ“იგი. ამ შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან კარმული დამოკიდებულებისაგან და შეძლებენ თავისუფალ ურთიერთობას. ხშირად პირიქით ხდება, მეწყვილეები შორდებიან, კარმა „დაუმუშავებელი“ რჩება და გადაჰყვება მათ მომდევნო განსხეულებაში. შემთხვევები, როცა მამაკაცები მოწიფულ ასაკში „თავს კარგავენ“ სიყვარულის გამო და ოჯახიდან მიდიან ახალგაზრდა საყვარლებთან, ზუსტად ამის დადასტურებაა, ხშირად ამის მიზეზიც წინაცხოვრებისეული ურთიერთობებია.
არის ოჯახები, სადაც ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს ერთმანეთი,მაგრამ ხშირად აქვთ უთანხმოება, რადგან არ სურთ მიიღონ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც არიან და წყვეტენ ურთიერთობას. ძალიან ადვილია ასე მოაგვარო ეს პრობლემა, უბრალოდ დაშორდე და დაივიწყო, ეს მარტივია, მაგრამ თუ არ გაარკვიე დისკომფორტის მიზეზი, არ შეიმეცნე, ამ ადამიანთან ყოფნით რის „დამუშავებას“ ახდენ, არ გაანეიტრალე კარმა და „გაკვეთილი‘‘ არ აითვისე, დაშორება არ მოხსნის პრობლემას, ამ ადამიანთან კარმა დაურეგულირებელი დაგრჩებათ და გადაგყვებათ მომდევნო ფორმაციაში, ის გზავნილი, რომელიც ამ ადამიანს მოჰქონდა თქვენთვის, გაუშიფრავი დაგრჩებათ, ახლო მომავალაში კი კვლავ მოვა სხვა ადამიანი, რომელიც იგივე გზავნილსა და იგივე „გაკვეთილს“ მოიტანს და ყველაფერი თავიდნ დაიწყება. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე გაურბის თავის „გაკვეთილებს“.
თარგმნა ეკა ჭუმბურიძემ