თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს…
თუ გაგიმართლებს – დარჩები მარტო, სრულიად მარტო…
არავინ იქნება გვერდით და მოგიწევს დასაყრდენის ძებნა მიწაზე, ან საკუთარ თავში.
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
ცხოვრება დარტყმას მოგაყენებს რომ გაგტეხოს და დაგიხსნას თხილის გულივით…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
შენ გეტკინება, და ეს ტკივილი გაიძულებს მოკვდე ადგილზე,
შემდეგ კი – აღდგე რომ საკუთარ თავში კვლავ დაიბადო …
თუ გაგიმართლებს – იტირებ. ვერაფერს შეცვლი ეს ცრემლები რომ შეიკავო.
სწორედ ტირილი მოგცემს თავისუფლებას, და დაგანახებს ცხოვრებას ნამდვილს.
თუ გაგიმართლებს – ვერ დაფარავ უსუსურობას ვერავის თვალში,
და მაშინ ნახავ, ვინ იქნება შენთან დამრჩენი, ან შორს ვინ წავა…
თუ გაგიმართლებს – არ გექნება პასუხები… არც ერთ კითხვაზე…
თვითონ მოგიწევს, დასახსნელის გამოგონება…
თუ გაგიმართლებს – ადამიანები, იდეები, მასწავლებლები,
კეთილი ჯადოქრებიც გაგაწბილებენ… თუ გადაიტან –
ეს გაწბილება დაგანახებს სამყაროს რეალურ სახეს…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – არავინ გეყოლება რჩევის მომცემი.
ერთიც არავინ… კომპასის ძებნა ისევ საკუთარ თავში მოგიწევს…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – აუტანლობას იგრძნობ.
აუტანელი იქნება იმდენად, რომ თავად არჩევ გადარჩენას ან მოდუნებას,
სამყაროსთვის ნების დართვას რომ გიქნას რამე …
თუ გაგიმართლებს – დაკარგავ კიდეც, მოტყუვდები, გიღალატებენ, გაგსრესენ თითქმის…
სწორედ ეს „თითქმის“ დაგიტოვებს სიბრძნის ნაოჭებს
და გაგაყოლებს სასიცოცხლო გამოცდილებას.
თუ გაგიმართლებს – აღარ გექნება ფული… და შენ უშუალოდ მოგიწევს ურთიერთობა მათთან,
ვისაც მანამდე, ერთი გადახდით მოისყიდიდი.
თუ გაგიმართლებს – ფული ბევრიც გექნება, სასოწარკვეთის სიღრმე რომ ნახო
იმ ილუზიის გაქრობის შემდეგ, რომ ბედნიერება ქონებაშია.
თუ გაგიმართლებს – ვინმე შენიანი შეგაქცევს ზურგს და მიხვდები რა ფასი აქვს ურთიერთობას…
თუ გაგიმართლებს – შენ შეძლებ ამ ყველაფრის მშვიდად გაძლებას,
საკუთარი თავის გარდასახვის ხერხსაც მიაგნებ…
გამოცდი შინაგან ალქიმიას რომელიც ტკივილისგან – სილამაზეს,
ბრაზისგან – შეგუებას, შიშისგან – ხსნას,
სიხარულისგან კი შთამაგონებელ მაგალითს ტოვებს…
დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს წმენდს სულიდან
როგორც მეეზოვე გვის ძველ ნარჩენებს…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს….
თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით