თავისუფლება მიჯაჭვულობის ნაცვლად
შეყვარებულობის თუ „ამ პერიოდის“ მიღმა ყოფნისას პირადი, ენერგეტიკული თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაპოვარია. თუ მუდმივად ვფიქრობთ, ვდარდობთ ადამიანზე რომელსაც თუნდაც უკვე წლებია აღარ ვხვდებით ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი კავშირი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ის აგრძელებს იმ ენერგიით საზრდოობას, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ყოფნის დროს შეკრული მჭიდრო კვანძების მეშვეობით, გაუცნობიერებლად ვაწვდით.
და რა ხდება მაშინ თუ გავაცნობიერებთ რომ ასეთი ადამიანი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რამდენიმეა ჩვენს ცხოვრებაში? რომელი ენერგიით ვცხოვრობთ და ვცდილობთ წინ წასვლას თუ ჩვენი ენერგია მუდმივად წარსულის კავშირებში მიედინება?
ენერგეტიკული მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენ და სხვა ადამიანებმაც საკუთარი ენერგიით, უფრო მტკიცედ, ჰარმონიულად განაგრძოთ ცხოვრება და არ იყოთ ვინმეზე დამოკიდებული.
პირველ რიგში, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის თქვენს ცხოვრებაში. უთხარით მას მადლობა იმ გამოცდილებისთვის რაც მოგიტანათ, აუხსენით რომ პატიობთ ყველა ტკივილს რომელიც მოგაყენათ და გაუმხილეთ რომ გიყვართ. გიყვართ და აფასებთ იმ შესაძლებლობას რაც მისი თქვენს ცხოვრებაში გაჩენით და წასვლით მოგცათ სამყარომ.
შეიძლება პირველ ჯერზე, „გპატიობ“ და „მიყვარხარ“ საკმაოდ მძიმე წარმოსათქმელი იყოს და ვერც მადლიერება იგრძნოთ იმ ყველაფრისთვის რაც გაიარეთ, მაგრამ ეს პრაქტიკა დღეში მინიმუმ შვიდჯერ მაინც გაიმეორეთ. იმეორეთ მანამ სანამ ერთხელაც გულში სითბო არ ჩაგეღვრებათ. განსაკუთრებით ძილის წინ ან დღისით, როდესაც მარტო ხართ…
არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სასიყვარულო პარტნიორებს ეხებოდეს ეს ყველაფერი. ანალოგიურად შეგიძლიათ აპატიოთ, მადლობა გადაუხადოთ და სიყვარული გაუგზავნოთ მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და ნებისმიერ სხვა ადამიანს, განსაკუთრებით მტრებს … მათ დასამარცხებლად საუკეთესო იარაღი სწორედ სიმშვიდე, პატიება და სიკეთის სურვილი არის.
წარმოიდგინეთ ნათელი, მწვანე სითბო გულის ჩაკრაში, საიდანაც ენერგია სხივად გამოვა და მივა „ადრესატის“ გულამდე … როგორ მიხვდებით რამდენად „სწორად“ ამუშავებთ ამ რჩევას? თქვენ მიერ წარმოდგენილი ადამიანი წარმოდგენაშივე გაგიღიმებთ ან ჩაგეხუტებათ. შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაშიც პოზიტიურად დაგიკავშირდეთ და აუცილებალად გამოხატავს კეთილგანწყობას თქვენ მიმართ.
უშუალოდ ენერგეტიკული მიჯაჭვულობისას წარმოქმნილი კვანძების გასანეიტრალებლად კი დაინახეთ ადამიანი თქვენ წინაშე, რომელიც თქვენს ჩაკრებს საკუთარი ენერგეტიკული ცენტრებით, ჭიპლარის მაგვარი მილებით უკავშირდება. ამ მილებში თქვენი ენერგია ახლაც მიედინება. ისევ მადლობა. ბოდიში. მიყვარხარ …
შემდეგ კი იღებთ სანთელს, ანთებთ და ამ წარმოსახვით მილებს, ყველა ჩაკრის გასწვრივ წყვეტთ, ანეიტრალებთ ცეცხლით. თქვენი ნაწილი წარმოსახვით თქვენკენ მოგაქვთ, მის ნაწილს კი მისი სხეულისკენ მიმართავთ.
კი, ძალიან მტკივნეულია იმის წარმოდგენა რომ ადამიანი რომელთანაც საერთო სისხლი და ენერგია გქონდათ ცალკე რჩება და თქვენც ცალკე უნდა დარჩეთ… თუმცა სწორედ ეს მტკივნეული წარმოდგენაც უკვე არის მიჯაჭვულობა სხვაზე ან იმით ტკბობა რომ თქვენ მოგეჯაჭვნენ. რაც ჯანსაღი და წარმატებული, ჰარმონიული ცხოვრებისთვის არასასურველია…
ზოგს იმდენი ტკივილი გვაქვს გადატანილი, იმდენი წარუმატებელი და დაუსრულებლად მძაფრი ურთიერთობა გამოვიარეთ და გამოვცადეთ რომ ხშირად, ყოველი ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა იმაზე წარუმატებელია ვიდრე ყველა გამოვლილი ერთად… შემაწუხებელი ემოციები, გრძნობები, ცრემლი, თითქოს ხმას გვართმევს და უჩინარი მოსასხამის დასაკუთრების ვნებას გვიმძაფრებს, რომლის ქვეშაც აღარც გამოვჩნდებით, ვეღარც ვილაპარაკებთ. დაცულებიც ვიქნებით და დავიცავთ ირგვლივმყოფებსაც საკუთარი არებობისგან …
ადამიანები იმაზე ბევრად მეტს მოვითხოვთ ერთმანეთისგან ვიდრე რეალურად შეგვწევს უნარი რომ გავცეთ, მივცეთ, დავიხარჯოთ ერთმანეთისთვის … იმდენად გამჯდარი გვაქვს ეს მოთხოვნები საკუთარ არსებაში რომ, ხშირად, გვავიწყდება სად არის უხილავი ზღვარი რომლითაც ჩვენ ცალცალკე, თავისუფალ პიროვნებებად გამოვიყოფით.
თავისუფლების შეგრძნება და პიროვნული თავისუფლების გაგებაც გვავიწყდება… და როდესაც საკუთარ მეს, საკუთარი თავის სიყვარულსაც ვივიწყებთ, მაშინ განსაკუთრებით ვიცით სხვისი ეგოისტური სიყვარულით მოგუდვა. სიყვარულით რომლითაც საკუთარ ეგოს ვიამებთ რომელსაც „ასე შეუძლია სხვისი სიყვარული და ამდენს გასცემს სხვისთვის“ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი სულაც არ ახსოვს…