მზის ასპექტები

მზე ადამიანშიმზე ჩვენი ეგოა, ნება, კრეატივი, ჩვენი ზრდასრული ,,მე”, პიროვნება, რომელიც ჩვენში ბავშვს აკონტროლებს. ის ჩვენი ძირითადი იდენტობაა და როცა გვეკითხებიან ვინ ხარ შენ, პასუხებიც მზის შესაბამისი გვაქვს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია მასთან ნებისმიერი ასპექტი. 

 

მთვარის  მზესთან ასპექტები: 

განწყობის ადამიანს ქმნის, როგორ ხასიათზეც ხართ, ისეთი ხართ. თუკი შეერთებაა, ყველაფერი კავშირშია, ყველა კვერცხი ერთ კალათში დევს და საკმარისია ერთი ფეხის გადაბრუნება ყველაფერი ერთად იმსხვრევა.

ბევრი ასტროლოგი მათ შორის ასპექტებს მოიაზრებს როგორც მესიჯს მშობლებისგან, ჰარმონიული ასპექტებისას (შეერთებაც ჰარმონიულად ითვლება ამ შემთხვევაში), მესიჯიც ჰარმონიულია, რაც არ უნდა ხდებოდეს მშობლებს შორის, ეს ნეგატიურად არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. არ არის სავალდებულო სახლში მძიმე ან იდეალური სიტუაცია იყოს. ერთ ოჯახში, ერთი მშობლების შვილებს შორისაც კი ერთს შესაძლოა ტრინი ან სექსტილი ქონდეს, მეორეს კვადრატი, ოპოზიცია, ან საერთოდ არ ქონდეს ასპექტი. მესიჯი ერთი და იმავე მშობლებისგანაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა მზე მთვარის ოპოზიციაა ნატალურ რუკაზე, თუნდაც ბავშვის გული ხედავს დაპირისპირებას და არ იცის რომელ მშობელს მიემხროს, ან სხვადასხვანაირ მესიჯებს იღებს მათგან, თითქოს სხვადასხვა რამეს ითხოვენ მისგან და რომელს დაუჯეროს ვერ ხვდება, რის შედეგადაც შემდგომში ყალიბდება კონფლიქტი გრძნობებსა და სურვილებს შორის.ჰარმონიული ასპექტების (განსაკუთრებით შეერთებისას) დროს კი როცა ბავშვობაზე შეეკითხებით ადამიანს, დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და მშობლებიც მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი სხვადასხვა ისტორიების მოსმენის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ყველაფერი იდეალურად სულაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს თქვენი შეხედულება იქნება, ჩვენ კი მის მიერ მიღებულ მესიჯზე ვსაუბრობთ მხოლოდ.

ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანებმა იციან რა უნდათ, სურვილები და ემოციები საერთოა, გადაწყვეტილებას შინაგანი კონფლიქტის გარეშე იღებენ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე იციან რა ჭირდებათ, აქვთ ჰარმონიული ურთიერთობები, არიან თავდაჯერებულები და საწინააღმდეგო სქესში პოპულარობით სარგებლობენ, მაშინ როცა ოპოზიციისას ან კვადრატისას ადამიანმა არ იცის რა გზას დაადგეს ბედნიერების საძებნელად, რადგან მშობლებმა რადიკალურად განსხვავებული მესიჯები ჩადეს მის ქვეცნობიერში იმის შესახებ თუ როგორ უნდა ეცხოვრა. ამიტომ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ძიების პროცესს, ერთვებიან ურთიერთობებში, განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, ხსნიან ადამიანთა მოტივაციებს, მათგან კარგი ფსიქოლოგები დგებიან, მაგრამ რეალურად ესეც თავის შესწავლის ერთერთი ფორმაა. ის ცდილობს სწორი არჩევანი გააკეთოს ბავშვობაში მიღებულ მესიჯებს შორის და მუდმივი კონფლიქტი ემოციებსა და სურვილებს შორის თან სდევს. რა სახის არის ეს კონფლიქტი მეტ ინფორმაციას მოგცემთ ასპექტების ნიშნებსა და სახლებში მდებარეობა. მაგალითად, როცა ერთი ვერძშია, მეორე სასწორში აქ ბრძოლაა დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის.

 193080_1180812449_largeმარსის მზესთან ასპექტები:

როცა შეერთება აქვს ადამიანს, რთულია მის მიმართ გულგრილი დარჩე.  უჩვეულო წარმოსადეგობა აქვთ. ძლიერი დრაივი. ბრწყინვალე აურა, რაღაც ვაჟკაცური ჰაერი ტრიალებს მათ გარშემო, ასხივებენ ნდობას, საიმედოობას, თუნდაც რეალურად ასე არც იყოს. თუნდაც მაღლი აქტივობის და ენერგიული ხალხი არ იყვნენ, აუცილებლად კონფრონტაციულები იქნებიან. მიზნისკენ პირდაპირ მიდიან, უბოდიშოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ, მათ მართლა შეუძლიათ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე წასვლა და სიტუაციის მართვა, ისინი აიძულებენ მოვლენებს ისე განვითარდნენ როგორც მათ სურთ. მოუთმენლებიც შეიძლება ვუწოდოთ. მაგრამ არა ნერვულ ნიადაგზე, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ელოდონ მშვიდად როდის მოხდება რამე. მათ რაღაც სურთ და სურთ დაუყოვნებლივ. პიონერებს საკუთარი თავის, იმპულსების  გამოხატვა სურთ და თუ ამას ვერ ახერხებენ, თუკი მჯდომარე ცხოვრებას და გატკეპნილი გზებით სიარულს დაიწყებენ მერე პრობლემები ეწყებათ.  სტრესის დროს აუცილებელია მათთვის უვნებელი ფიზიკური აქტივობით დაკავება.

მათ უზარმაზარ ტემპერამენტს, უჩვეულო ჯანმრთელობას, მოჭარბებულ ენერგიას გამოსავალი სჭირდება, რეკომენდირებულია სპორტი, სამხედრო საქმე და ყველა ის სფერო რომელიც რისკთან და ძალასთან და საფრთხესთან არის კავშირში. აზარტულები არიან, გამარჯვება მოსწონთ. სპორტსა თუ თამაშებში საზარელი მეტოქეები არიან, მაგრამ სპორტი სადაც სტრატეგიაა საჭირო არც ისე ძლიერი მხარეა მათთვის, უბრალოდ იმიტომ რომ მიდრეკილნი არიან მიზნის მისაღწევად ძალა გამოიყენონ. თუ ამ კუთხით არ იყენებენ თავიანთ ენერგიას, მაშინ საშინელ ოპონენტებად იქცევიან  და თუ საერთოდ ვერ ნახა ამ ენერგიამ მიმართულება, მაშინ ჩხუბისთავები ხდებიან, კონფლიქტებს დაეძებენ, ქარის წისქვილებს ებრძვიან, ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ და სულ ფათერაკებში ეხვევიან. თუმცა სწორი მიმართულების პოვნის შემთხვევაშიც ძლიერი და უშიშარი ადამიანები არიან, არასოდეს უფრთხიან კონფლიქტს და თუ ამ ზედაპირს მოაშორებთ აღმოაჩენთ არც ისე საიმედო ხალხს, რომლებიც ყველა ძალას იყენებენ, რათა საკუთარ თავს დაუმტკიცონ რაღაც.  ამ უზარმაზარ ენერგიას სუბლიმაცია და რეჟიმი სჭირდება.

რადგან აქ ორი მამრობითი სქესის პლანეტის შეერთება გვაქვს, ამ ასპექტით დაბადებული ხალხი განსაკუთრებით მამაკაცურად ამჟღავნებენ თავს მიუხედავად სქესისა. სიყვარულში მონადირეობა უყვართ, უნდათ თავად აირჩიონ და თავად დასდევდნენ პარტნიორს. გიჟდებიან მოპოვების პროცესზე და თუ გინდათ რომ ყურებით დაიჭიროთ, მუდმივად უნდა დაბრკოლებები შეუქმნათ და მუდმივად ეშინოდეთ თქვენი დაკარგვის. თუკი სულაც არ მოგწონთ, ეს მათთვის პრობლემა კი არა გამოწვევაა.

რაც შეეხება დაძაბულ ასპექტებს, როცა მზეს რომელიმე პლანეტა ოპოზიციაში ან კვადრატში ჰყავს, გამოხატავს ხასიათის იმ შტრიხებს, რომელსაც უარვყოფთ და არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ხასიათში ზის. არადა ზის! მარსი სიბრაზე და ენერგიაა, თუმცა მხოლოდ პირდაპირი გზით არ ვლინდება.

მაგალითად, ერთ ქალს, მზე მარსის დაძაბული ასპექტით, ჰყავდა მამა, რომელიც ბავშვების თვალწინ სცემდა ცოლს, როდესაც ეს ქალი გაიზარდა მუდამ ხვდებოდნენ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. პრობლემა კი მდგომარეობდა იმაში, რომ მან საკუთარ თავში ჩაკეტა ენერგია და ექშენი. მაგრამ არავის ძალუძს პლანეტის ,,მავნე” თავისებურებების მოშორება და მხოლოდ კარგის დატოვება. ეს შენი ბარგია.

მან ბავშვობაშივე ნახა აგრესიის ცუდი მაგალითი და გადაწყვიტა მოძალადე მარსის გზით არ ევლო, ჩაკეტა მარსის ენერგია, პლანეტამ პირდაპირი ფუნქციონირება შეწყვიტა და ირიბი გზით, გარშემომყოფებისგან აგრესიის მიზიდვა დაიწყო. სხვა შემთხვევაში თავად პიროვნება იქნებოდა ადვილად ფეთქებადი.

როგორც არ უნდა ეცადოთ ამ კომბინაციასთან გამკლავება, მისი ენერგია ულევია. შეერთება უფრო ნაკლებად დაძაბულია. შეერთების შემთხვევაში პროექციის მეთოდი იშვიათად ვლინდება – ადამიანი აქტიური, აგრესიული და ვერძული ტიპაჟია. ჰარმონიული ასპექტებისას კი ნაკლები სიფიცხე, მეტი ექშენი და მიზნის იოლად მიღწევის პოტენციალს ვიღებთ.

 

ვენერას მზესთან ასპექტები:

ვენერას მზესთან ასპექტირების ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არსებობს, რადგან ის ყოველთვის ახლოსაა მზესთან და ეს არის შეერთება. ნებისმიერი პლანეტა რომელიც მზეს უერთდება იმ ნიშნის ხასიათს გვაძლევს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ვენერას შემთხვევაში ეს იქნება სასწორის შარმი და კუროს სენსუალობა. ეს დიპლომატი, ტოლერანტი, სოციალური და მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელთაც ძალიან მოსწონთ პოპულარობა და სიამოვნებთ, როცა კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ, ხომ არ გავიწყდებათ ვენერა – სხვების მოხიბვლის ნიჭი დაკავშირებულია მზესთან – ეგოსთან და ნეგატიურ გამოვლენაში ეს პირფერობაშიც შეიძლება გადაიზარდოს, ანუ იმდენად უნდოდეთ მასზე კარგი იფიქროთ, პატიოსნების ხარჯზე ყველაფერში დაგეთანხმოთ და ყველაფერი დაგითმოთ. არსებობს გაზარმაცების საფრთხეც.  მათ უყვართ კარგი ცხოვრება, შესანიშნავად გრძნობენ სტილს და კარგად იცვამენ.

 

მერკურის მზესთან  ასპექტები:

როცა მერკური მზესთან შედის კონტაქტში, ერთადერთი შესაძლო ასპექტი შეერთებაა, რადგან 28 გრადუსზე შორს ვერ მიდის მზისგან. როცა მზეს რომელიმე პლანეტა უერთდება იმ ნიშნის გავლენას აძლევს ადამიანს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ანუ თუკი თქვენ მზე მერკურის შეერთება გაქვთ, ეს ნიშნავს რომ ტყუპების და ქალწულის მახასიათებლებსაც ფლობთ, განსაკუთრებით ინფორმაციასთან დამოკიდებულებაში.

ზოგადად მზე ადამიანის ეგოა, ნება,  მერკური კი  კომუნიკაცია, ინფორმაციის აღქმა და გონება. მათი ერთმანეთთან შერწყმით, ვიღებთ ექსტრა მენტალურ სტაბილურობას და კარგი კომუნიკაციის უნარს. ასეთი ადამიანები გამუდმებით ფიქრობენ, რა სურთ და ხშირად ამ ფიქრით უგულებელჰყოფენ საკუთარ ნებას. მერკურს უნდა რომ რასაც შეეხება, ყველაფერს თავისი  სახელი დაარქვას, ყველაფერი ახსნას, დეფინიცია მოუძებნოს საკუთარ სურვილებს, ნებას, ნება კი მაშინ უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას, როცა უბრალოდ არის და არა მაშინ როცა მისი ლოგიკის ჩარჩოებში მოქცევას და  გაანალიზებას ცდილობენ.

ადამიანები მზე მერკურის შეერთებით აზროვნებაში დამოუკიდებლები და როგორც წესი, ყოველთვის საინტერესო და ცხოველი მოსაუბრეები არიან.  კომუნიკაციის პროცესში მათთვის არსებითად  მნიშვნელოვანია აქტიური როლის დაკავება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, სემინარზე ყოფნა და გამომსვლელის მონოტონური მონოლოგის მოსმენა,  კოშმარად შეიძლება ექცეს.  ამიტომ მაშინ უფრო უკეთ ითვისებენ მასალას როცა კითხულობენ, ვიდრე მაშინ როცა მასწავლებელს უსმენენ.

როგორც ვიცით, მზე პიროვნების პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში უპირველესია და შესაბამისად მათთვის ყველაზე მთავარი მათი ინტელექტუალური  შესაძლებლობებია. ისინი ამაყობენ საკუთარი  მოსაზრებებით და შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, როცა არ უსმენენ,  ყურადღებას არ აქცევენ ან აკრიტიკებენ. ხშირად მოგეჩვენებათ რომ საკუთარი მოსაზრების გადმოცემა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი მოსმენა. ეს იმიტომ ხდება რომ ლაპარაკის მომენტში გამუდმებით ფიქრობენ, ამის შემდეგ რა თქვან.

ურანის ასპექტები მზესთან:

ურანი სხვა პლანეტებს აგიჟებს. საკმარისია მასთან ნებისმიერი სახის ასპექტი, რომ პლანეტამ შეწყვიტოს ფუნქციონირება საზოგადოებისთვის მისაღები ნორმალური გზით. მზესთან მისი ასპექტები,  დამოუკიდებელ პიროვნებას გვაძლევს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველაფერი განსხვავებულად აკეთოს. პოზიტიურ გამოვლინებაში ეს ბრწყინვალე ასპექტია, გენიოსობის მაჩვენებელი. უარყოფითი ასპექტისას კი ექსცენტრულ პიროვნებას ვიღებთ, რომელიც გატაცებულია ხალხის შოკში ჩაგდებით, ან უბრალოდ თავს იგიჟიანებს.

შეერთება ინდივიდუალისტებს გვაძლევს, მეამბოხეებს და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლებს. ისინი ვერ იტანენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, წესებს და ჭკუიდან შლით რუტინა. არასოდეს ყოფენ ხალხს კატეგორიებად და ვერ იტანენ ვინმესთვის იარლიყის მიკვრას. მისი წყობილებიდან გამოყვანა თუ გნებავთ მის სტერეოტიპებში მოქცევას შეეცადეთ. საოცარი ის არის, რომ ამ პროგრესული და რევოლუციონერი ბუნების მიუხედავად საშინლად ჯიუტები არიან. როგორც წესი იმაზე მოქნილები და იოლი საურთიერთობოები ჩანან, ვიდრე არიან. თეორიულად ძალიან გონებაგახსნილები და ლიბერალები,  პრაქტიკაში, როცა ვინმე მის პირად სივრცეში შემოდის, სულ სხვანაირები ხდებიან. მათთვის უმთავრესი ღირებულება მისი პირადი თავისუფლებაა და უნიკალურობა. არიან ძალიან პატიოსნები და მართლა გულწრფელად სჯერათ ადამიანთა თანასწორობის. ეს იმ კატეგორიის ხალხია, დედოფალს და მათხოვარს ერთნაირად რომ ელაპარაკება (თუმცა ორივეს პატივისცემით, თუ ორივეს მოკრზალებით ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული)

დაძაბული ასპექტები ამ ყველაფერს ამძაფრებს. ადამიანი შესაძლოა ცოტა განიცდიდეს კიდეც თავის ორიგინალურობას, ან პრობლემებს უქმნიდეს თავის განსხვავებულობა. მისთვის კოშმარია 9-დან 6- ამდე სამსახური და რუტინული სამუშაო. ვერ ერგებიან სტრუქტურას და თუკი რაიმეს აკეთებენ, კეთების ხასიათზე უნდა იყვნენ. მათი ქმედებები ყოველთვის შიგნიდან გამომდინარეობს. რასაც შიგნიდან ვერ გრძნობს, იმას ვერაფრით გააკეთებინებთ. ამიტომ ძირითადად მათ სამსახურად მათივე ჰობი იქცევა ხოლმე.

ნეპტუნის  ასპექტები მზესთან :

ნეპტუნის მზესთან (ეგოსთან, სურვილებთან, დრაივთან) ნებისმიერი დაძაბული თუ ჰარმონიული ასპექტი წარმოსახვას ზრდის. მათ იმაზე მეტის გამოცდა სურთ ვიდრე საკუთარი თავი და ცხოვრებაა. მიიჩნევენ რა, საკუთარ თავს რჩეულად, საკუთარ როლსაც ამ სამყაროში ცოტათი აბუქებენ და ცდილობენ უმაღლესთან კავშირის დამყარებას.

მათ იმდენად სურთ ყოფიერებაზე მაღლა მდგომი გამოსცადონ, საშინლად იმედგაცრუებულად გრძნობენ თავს ჩვეულებრივ რუტინაში. რეალობისგან შორს არიან და თუ მაინც უწევთ მასთან შეჯახება, ზე-მგრძნობიარეები, ხელოვნური სამოთხის, ალტერნატიული რეალობის შექმნას იწყებენ. განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას. ნეპტუნის წარმოსახვა ამ დროს ნეგატივზე აკეთებს აქცენტს.

არსებობს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საფრთხე. ნეპტუნი არბილებს ნებას (მზეს) რაც უარყოფით გამოვლინებაში უნებისყოფო ადამიანს გვაძლევს, დადებით გამოვლინებაში კი მოთხოვნილებების უარყოფის გზით სხვების გამო საკუთარი თავის მსხვეპლად შეწირვის ძალას. ისინი ან ღვთის გზას ადგანან ან თავის მოტყუების.

თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის უპასუხისმგებლო მამაკაცები შეიძლება გამოჩნდნენ. ამ ხალხს ხშირად მამა აკლიათ ბავშვობაში, ან ძალიან რელიგიური და სულიერად ღრმად განვითარებული ყავთ, რომელსაც ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს, რასაც ხშირად შემდგომში მათ ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს. ისინი აიდეალებენ მამის და ზოგადად კაცის ხატს. შესაძლოა მამაც არ იყოს არაფერ შუაში… უბრალოდ ბავშვობაში აშკარად აკლდათ ვიღაც, ვინც მკაცრად განუსაზღვრავდა წესებს და მისცემდა მიმართულებას.

ალტრუისტებო, უფრთხილდით ,,მხსნელი-ხსნილის“ სინდრომს. ან ვიღაცის გადარჩენას ცდილობთ, ან თვითონ ხართ გადასარჩენი – და ასე დაუსრულებლად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ უფლება სიბრალულს თავის ჭკუაზე გათამაშოთ, თითქოს იზიდავთ ხალხს რომელიც თავის შეცოდებას ცდილობს თქვენთვის. ჯობია ნეპტუნის ჟინი საქველმოქმედო აქტივობებით დაუკმაყოფილოთ. არ არის საჭირო ამის გამო პრობლემების შექმნა.
მუსიკა, ხელოვნება მათი სულის ნაწილია. შესანიშნავი ფანტაზიის და კრეატივის წყალობით მათგანაც შესანიშნავი ხელოვანი ხალხი დგება. კარგად განვითარებული ინტუიცია და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები აქვთ. მათგან კარგი ასტროლოგები (განსაკუთრებით პროგნოზებში) ბერები და ოკულტისტები დგებიან და თუ რაიმეს მოჰკიდეს ხელი მთელ ცხოვრებას უძღვნიან ხოლმე ამ საქმეს.

სატურნის მზესთან ასპექტები:

თუ ჰარმონიული ასპექტია, მიუთითებს, რომ ადამიანი პრაქტიკული, მოწესრიგებული და კონსერვატიულია, თუ დაძაბული – მაშინ მამასთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია – 1. ის თქვენთან არ არის, დატვირთული სამუშაო გრაფიკის, განქორწინების, გარდაცვალების ან რაიმე სხვა მიზეზით, 2. თქვენთან არის, მაგრამ მარტოსული, მიუწვდომელი, გულცივი და ისეთი უგრძნობი ადამიანია, ვერც გრძნობთ მის ყოფნას, 3. თქვენთან არის, მაგრამ სულ ავადმყოფობს, ან 4. თქვენთან არის მაგრამ ძალიან მკაცრია, მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს შემდგომში თქვენი ხასიათის თუ უხასიათობის ჩამოყალიბებაში.

შეერთების დროს ადამიანს თვითგამოხატვის კომპლექსი აქვს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდულ ასაკში. სავარაოდოა, რომ ადრეულ ასაკში მისი ბავშვური ეგოიზმის ჩახშობა მოხდა, ძალიან მტკივნეულად განიცადეს რომ რაც სურს, ყოველთვის იმას ვერ მიიღებს და ახლა საკუთარი ნების და პიროვნების ადეკვატურად გამოხატვა უჭირს. მუდმივად ცდილობს აკონტროლოს იმპულსები, არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავს იტანჯავს ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობით და სხვების მიმართაც ასეთივე მომთხოვნია, რასაც სკეპტიციზმით, სარკაზმით და ცინიკოსობით გამოხატავს. არიან ძალიან სერიოზულები, მკაცრები და კონსერვატულები.

დაახლოებით იგივე პრობლემები დგას კვადრატისა და ოპოზიციის დროსაც. თავს უიღბლოებად და წარუმატებლებად გრძნობენ.განიცდიან გარშემომყოფების აზრს და უნდათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, გარშემომყოფების პატივსაცემი პიროვნებები და როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ, მაინც იმაზე ინერვიულებენ, მწვერვალზე აბიჯებისას ფეხი რომ წაუბორძიკდათ.

ნუ უყენებთ თავს ამხელა მოთხოვნებს. არავინ არ გაკვირდებათ მიკროსკოპით საკუთარი თავის გარდა. როცა თქვენს პროექტს საზოგადოება ტაშს უკრავსმ პატარა ხარვეზების გამო სირცხვილით დამწვარმა მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ინატროთ, სისულელეა. მოეშვით იმაზე ოცნებას, რომ შეგიძლიათ ოდესმე ვინმე შეუცდომელი შეიძლება იყოს, მათ შორის თქვენც. დაიმახსოვრეთ ამქვეყნად ორ რამეზე არ უნდა ინერვიულოთ : იმაზე რასაც ეშველება და იმაზე რასაც არ ეშველება!

პლუტონის ასპექტები მზესთან:

ძალასა და სიმძაფრეს გვაძლევს. ნეგატიური ასპექტები ( შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია) ნიშნავს, რომ სხვებს მძაფრი რეაქციები ექნებათ თქვენზე. პირველივე ნახვისას შუეყვარდებით ან შეგიძულებენ და ვერ ახსნიან რატომ. გაქვთ განკურნების უდიდესი ძალა. თქვენგან შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი, ექიმი, დეტექტივი დადგებოდა. ვერავინ შეედრება პლუტონს საიდუმლოებების ამოხსნაში.

როცა მზე-პლუტონის შეერთება აქვს ადამიანის მისი მთელი დრაივი მიმართულია საკუთარი თავისა და ზოგადად ადამიანის შემეცნებისაკენ. ისინი მუდმივად ტრანსფორმირების, განახლების პროცესში არიან. აქვთ ნიჭი წაიკითხონ ხაზებს შორის და ამოიცნონ ადამიანების ფარული ზრახვები, მათი ქმედების მოტივები, მაგრამ სამწუხაროდ უფრო ნეგატივზე კონცენტრირდებიან ვიდრე პოზიტივზე. ჭეშმარიტების ძიება, ყველაფრისთვის ნათელის ახდა, მათთვის ყველაზე მთავარია. მაგალითად, როცა ეჭვი უჩნდება რომ პარტნიორი ღალატობს, როცა ყველაფერს გამოიძიებს და დარწმუნდება რომ არ ცდებოდა(ანუ მართლა ღალატობდნენ) შვებას უფრო გრძნობს, ვიდრე ტკივილს.იმის თქმა კი არ მინდა რომ არ ტკივათ, ტკივათ და მერე როგორ! მაგრამ  მისთვის გაურკვევლობით გამოწვეული ტკივილი უფრო აუტანელია, ვიდრე ფაქტის ცოდნით. ეჭვებით უფრო იტანჯებიან, ვიდრე მომხდარით.

 

იუპიტერის მზესთან ასპექტები:

მზესთან მის ასპექტებს ბედის ნებიერი, სოციალური, გულღია და სიამოვნების, გართობის მოყვარული ადამიანების შექმნის რეპუტაცია აქვს, წვეულებებისთვის მუდმივად რომ მზადყოფნაში არიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, როკფელერს ქონდა მზე იუპიტერის კვადრატი და აქ ის გამოვლინდა როგორც მოტივატორი მეტის და მეტის წყურვილისა. როკფელერს სატურნიც ძალიან ძლიერი ჰყავდა და სწორედ ის არ აძლევდა საშუალებას გაეფლანგა, რასაც შოულობდა.

იუპიტერი მიდრეკილია ოპტიმისტური ,,რა თქმა უნდა ყველაფერს შევძლებ“ დამოკიდებულებისადმი. მაგრამ ხომ იცით, ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამსო, ცდა ბედის მონახევრეაო და იუპიტერიც სწორედ იმ თავდაჯერებას გაძლევთ ცდისთვის, რომ განგაწყობთ. მეტი მცდელობა კი მეტი შანსია, თუმცა ძალიანაც ნუ გაუთამამდებით და იღბლის მოლოდინში თითის განძრევა ნუ დაგეზარებათ.

მოამზადა დოჩი გოგომ