ქართული ასტროლოგიური ტრაქტატი
მიხეილ ცაგარელი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ძველ საეკლესიო ხელნაწერების ფონდში დაცულია 1188 წლით დათარიღებული ასტროლოგიური ტრაქტატი „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“ (ხელნაწერი A – 65)
ტრაქტატი სამი ნაწილისგან შედგება: პირველი – საეტლო („ეტლი“ ძველქართულად „ზოდიაქოს“ შესატყვისი ტერმინია) – რომელიც ძირითადი ნაწილია და მასში დეტალურადაა განხილული თორმეტივე ეტლის ჰოროსკოპი; მეორე – სამთვარიო – სადაც მოყვანილია მთვარის კალენდარი და მესამე – მნათობთათვის – სადაც მოცემულია შვიდი მნათობის დახასიათება ნიშნების მიხედვით; თანმიმდევრობა შემდეგია: ზუალი (სატურნი), მუშთარი (იუპიტერი), მარიხი (მარსი), მზე, მთიები (ვენერა), ოტერიდი (მერკური), მთვარე. ტრაქტატი დასურათებულია თორმეტივე ეტლის მინიატურებით და დაწერილია ძველქართული ანბანის, ნუსხურის გამოსახულებით.
აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელმაც 1975 წელს, ეს ასტროლოგიური ტრაქტატი თანამედროვე ქართულად გადმოწერა, აღნიშნავს: ასტროლოგია სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენშიც იყო გავრცელებული. რაც „ვეფხისტყაოსნიდანაც“ ჩანს. ამასვე ამტკიცებს აქ გამოცემული ტრაქტატიც,
ქართველთა მართლმადიდებელ ეკლესიას შესაწყნარებლად მიაჩნდა ასტროლოგია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტრაქტატი მოთავსებულია კრებულში სადაც სხვადასხვა სახის სასულიერო თხზულებაა შესული. მათ შორის „წინამძღუარი“ ანასტასი სინელისა, თომა იერუსალიმელი პატრიარქის „წმ. სარწმუნოებისათუის“, ნიკიტას სტითატის „სიტყუანნი განსაქიქებელნი მგმობრისა მის წვალებისა სომეხთაისა“ და სხვა.
აქვე მშვილდოსნის ეტლზე ნათქვამია: „ესე ბურჯი კათალიკოზთა და ებისკოპოზთა და ბჭეთა (მოსამართლეთა) არისო“, „მონაზონთა სამყოფნი მთანი და ქუაბნი მისნი არიანო“ და „ადგილთაგან ეკლესია და მონასტერი და ბჭეთა საჯდომი მისიაო“. თევზების ეტლზე ნათქვამია: „ესე ეტლი მთავართა, მღვდელთა და საპატივოთა კაცთა არს და ადგილთაგან მონასტერნი მისნიაო“.
საქართველო უძველესი ასტრო-ეზოთერული წარსულის მქონე ქვეყანაა. აკადემიკოს პავლე ინგოროყვას მონაცემებით, რომელიც V-VIII საუკუნეების ხელნაწერებს ეყრდნობოდა, მტკიცდება რომ ქართველები ასტროლოგიური კალენდრით თვეთა ქართული დასახელებებით ჯერ კიდევ წარმართული ეპოქიდან სარგებლობდნენ. (ძვ. წ. X საუკუნიდან- ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის ჩათვლით. როდესაც საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა რომაული კალენდარი, თუმცა, ისტორიული წყაროებით, ქართველები თავიანთ ასტროლოგიურ კალენდარს კომუნისტური რეჟიმის დამკვიდრებამდე იყენებდნენ.