მოიშორეთ შეზღუდვები, რათა იპოვოთ თქვენში საგანძური
დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები ურიგდებიან აზრს ცხოვრების შეზღუდულობის შესახებ. მათთვის ნორმალურია, იყვნენ სუსტნი, ავადმყოფნი, უბედურნი, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ცხოვრება შეიძლება სხვანაირი იყოს. რა თქმა უნდა, არ ხერხდება, ყოველთვის დააღწიო თავი გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებსაც თავს გვახვევს ბუნება, მაგრამ შესაძლებელია, უკან დაახევინოთ მათ, არ დათანხმდეთ, რომ ყოველთვის ტყვე ან მსხვერპლი იყოთ.
უნდა გაახანგრძლივოთ კარგი მდგომარეობა, კარგი პირობები ან შეაფერხოთ ნეგატიური მდგომარეობის გამოვლენა, მაგრა ამისთვის საჭიროა, გჯეროდეთ მაინც, რომ ეს შესაძლებელია.
საუბედუროდ, ადამიანთა უმრავლესობა ისე იქცევა, თითქოს დაჰიპნოზებულია, თითქოს მათ წინ ხაზი გაავლეს და უთხრეს: „თქვენ ვერ გადასცდებით ამ საზღვარს!“ და მათ მართლაც, სჯერათ, რომ ვერ გადალახავენ ზღუდეს, ფიქრობენ, რომ ეს შემოფარგლულობა მათი ნორმალური მდგომარეობაა. ისინი არ იცნობენ საკუთარ თავს, არ იციან რას ფლობენ, არ იციან იმ საგანძურის, იმ უდიდესი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ღმერთმა უბოძა. ამიტომ რჩებიან ერთ ადგილზე და ჭუჭყში იტკეპნებიან. აუცილებლად უნდა მოიშოროთ ეს შეზღუდვები, რათა აღმოაჩინოთ თქვენში საგანძური და შეეხოთ მათ.
***
თქვენი მომავალი ისეთი იქნება, როგორსაც თავად აშენებთ აწმყოში. მომავალი, აწმყოს გაგრძელებაა, აწმყო კი სხვა არაფერია, თუ არა წარსულის შედეგი; ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: წარსული, აწმყო და მომავალი განუყოფელია. მომავალი იმ საძირკველზე აიგება, რომელსაც ახლა ჩაადუღაბებთ. თუ იგი მყარია, არაფერი გაქვთ სანერვიულო. ხეს როგორი ფესვებიც აქვს, ისეთივეა მისი ვარჯი, ტოტები და ნაყოფი. წარსული წარსულია, მაგრამ იგი წარმოშობს მომავალს, რომლის ფესვებზეც დამოკიდებულია მომავალი. ასე რომ, აწმყოს გაუმჯობესებით შეგიძლიათ ააგოთ საკუთარი მომავალი.
ომრაამ მიქაელ აივანჰოვი
თარგმანი ეკა ჭუმბურიძისა