ლომი ბოსი
სტანდარტული სიტუაცია, როცა ლომია უფროსი: ლომი იბარებს თავის მდივანს (სავარაუდოდ ქალწულს), რათა მნიშვნელოვანი წერილი უკარნახოს. მდივანი ბლოკნოტს იმარჯვებს. ,,მაშ ასე, შეიძლება მივწეროთ შემდეგი“…. – ლომი წუთით ჩაფიქრდება, მერე ღიმილით სახე გაებადრება და – ,,კაცმა რომ თქვას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ რას პასუხობენ ასეთ წერილებზე“. მერე რამოდენიმე ,,ფასიან“ შენიშვნას აძლევს მდივანს და სადღაც მიდის. ოფისში დღის ბოლოს ბრუნდება და კითხულობს მზად არის თუ არა მისი წერილი. გადაავლებს თვალს, დაურეკავს მოადგილეს და დროდადრო წერილიდან ციტატებს კითხულობს – ,,ჰა, როგორია? მოგწონს წერილი? მგონი ყველაფერი მოკლედ და მარტივად გადმოვეცი, შენ როგორ ფიქრობ? არა, შემოქმედებითი ნიჭი ნამდვილად მაქვს, ტყუილად კი არ მეუბნება ჩემი ცოლი შენგან ურიგო მწერალი არ დადგებოდაო“ – აი, ამ მოკრძალებული ფრაზით მთავრდება საუბარი!.
მთლად ასეთი მძიმე შემთხვევაც შეიძლება არ იყოს, მაგრამ ფაქტია ლომს ოფისში ორიგინალური იდეების მქონე, ნიჭიერი და მოკრძალებული ადამიანები ურჩევნიათ, რომელთაც ჭკუა ეყოფათ და ამ იდეებს თავისად არ გაასაღებენ. და თუ თქვენ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებით ჯილდოებსა და პატივისცემას არ მოგაკლებთ, რაც შეეხება იდეებს, ისინი ლომისაა. მან გიბიძგათ სწორედ აღმოჩენისკენ და თქვენც არაფერი დაგრჩენოდათ მისი აღმოჩენის გარდა. ჭეშმარიტად იდეის ავტორი კი ლომია – ეს არასოდეს დაგავიწყდეთ!
ლომი უფროსი ხანდახან უმადური ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ძირითადი სამუშაოს გარდა , არაფრად უღირთ რამოდენიმე ათეულ წერილს დამატებით მოგდება, რომელიც თავად უნდა წაეკითხა, მაგრამ დაეზარა. საღამოს კი მოგაკითხავთ და ამ დამატებითი სამუშაოს ( რომელიც თქვენს გაწერილ ფუნქციებში საერთოდ არ შედის) შესრულება ბოლომდე თუ არ მოგისწრიათ უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებთ. ასეთ დროს ოლიმპიური სიმშვიდე გმართებთ, რომ არ აფეთქდეთ. ეცადეთ ხასიათი გაუგოთ. იგი უარს ვერ იტანს. თუ სხვა გზა არ გაქვთ ეს ისე უნდა შეაპაროთ, რომ უარი ვერც იგრძნოს. უნდა მოახერხოთ რომ თავად თქვას დავალებაზე უარი.
ლომი უფროსები ვერ იტანს ჭორებს, ინტრიგებს, საიდუმლოებებს, რომლებიც რაღაცით მათ ცხოვრებას ეხება. თავს ვალდებულად თვლიან ყველაფერი იცოდნენ თავიანთ თანამშრომლებზე და დროულად მისცნენ მეგობრული რჩევა, რომელიც მათ არაფერში გამოადგებათ.
მისი კაბინეტი, მეფურ აპარტამენტებს წააგავს. თანხებს არ იშურებს რომ არისტოკრატული სალონივით უმაღლესი გემოვნებით ჰქონდეს მოწყობილი. უკანასკნელი მოდელის სავარძელი, დიდი მხატვრების ჩინებული რეპროდუქციები, რბილი დივნები და რაღა თქმა უნდა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩოში ჩასმული მისი დიპლომები და ჯილდოები.
ლომის ხელქვეითი არა მარტო შემოქმედებითი, ორიგინალური, გამბედავი და შრომისმოყვარე პიროვნება უნდა იყოს. ლომი უფროსი დაბადებიდან ორგანიზატორი და ლიდერია. მშვენივრად იცის ვის რა სამუშაო დაავალოს და ვინ რისი გამკეთებელია. არასოდეს ცდება არჩევანში და თქვენი შესრულებული სამუშაოს გამო ამიტომაც იღებს ჯილდოს. იგი ბრწყინვალე მენეჯერია და ამიტომაც დამსახურებულად იღებს მადლობას. ამას გარდა, არც თქვენ მიერ გაწეულ სამსახურსაც დაივიწყებს. დაგიფასებთ და თანაც გულუხვად… ლომს ბრწყინვალედ ეხერხება აგრეთვე პრომოუშენი, აუცილებლად დაგაწინაურებთ, მაგრამ მის წინ გადახტომა არც იფიქროთ. მთავარია, თავმოყვარეობა საერთოდ დაივიწყოთ, რადგან პატარა შეცდომის გამო ისე გიღრიალებთ, კრიმინალზე წამსვლელიც შეიძლება გახდეთ.
ლინდა გუდმენი