მთვარე მეცხრე სახლში
აღმატებული გრძნობები და იდეალის გულწრფელი ერთგულება უბიძგებს ასეთ ადამიანს საკუთარი–შინაგანი ფილოსოფიის განვითარებისაკენ. მათი იდეოლოგიური აღქმა და სულიერი სისტემები (რელიგიური მრწამსი) აყალიბებს გარკვეულ დოგმატიზმს. ასეთი ადამიანისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროს წვდომას, ცხოვრების არსში გარკვევას. გამძაფრებულია პიროვნულობის შეგრძნება, განვითარებული–ამაღლებული „მე“–ს აღქმა.
ესაა მეოცნებე, რომანტიკოსი, პოზიტიური და მოგზაური ადამიანი. მოძრავია, არ უყვარს ერთ ადგილას ყოფნა. უყვარს სხვათა სწავლება, დამოძღვრა და რჩევების მიცემა, თუმცაღა მისი რჩევები საკმაოდ ბანალურია. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან რელიგიურობით და ბავშვობიდანვე (ადრეული ასაკიდანვე) განსაზღვრული სოციალურ და მორალურ–ეთიკურ შეხედულებათა სისტემებით.(თავისებური დამოკიდებულება–მიდგომა, თავისებური აღქმა–სოციალური ნორმებისა და მორალური ღირებულებებისადმი). შესაძლოა, მშობლებთან კონფლიქტი–რელიგიური შეხედულებებისა და შეუთავსებლობის გამო. ასეთი ადამიანების მრწამსი საკმაოდ მტკიცე და მყარია, მაგრამ არც იმდენად რაციონალური, რამდენადაც ემოციური.
ასეთი ინდივიდები სწავლობენ, ითვისებენ გაუცნობიერებლად, თუნდაც საკუთარი ნების გარეშე. გამოირჩევიან ორიგინალური, გამომგონებლური და სხარტი გონებით. უყვართ ფიქრი (ფანტაზიორობა, ოცნება), ასევე კვლევა–გამოძიება. ყოველთვის მიისწრაფვიან პროგრესისაკენ. მათი გონება მუდმივად სავსეა შთაგონებებით, ფანტაზიითა და ამაღლებული იდეალებით. (ხშირად მისდევენ მოდას). არცთუ იშვიათად, ქორწინებას მოაქვს მათთვის ფინანსური წარმატება, რაც უკავშირდება მეუღლის მშობლებს. ხშირია შორეული მოგზაურობები, რაც ასევე მატერიალური დოვლათის მომტანია. თავს იჩენს იურიდიული სფეროსადმი ინტერესი.
უყვართ მუდმივი ცვლილებები, მრავალფეროვნება და სიახლეები. სახალხო განხილვები, ხანგრძლივი მსჯელობა და კამათი. განსაკუთრებით სიამოვნებთ მათთვის საინტერესო სფეროების– რელიგიის, ფილოსოფიის საჯაროდ განხილვა, როდესაც გატაცებით ცდილობენ სხვათა დარწმუნებას საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებასა და უყტუარობაში. (უყვართ ბევრი ლაპარაკი და უთავბოლო კამათი, ჰგონიათ, რომ ყოველთვის მართლები არიან– მათ უბრალოდ უნდა მოუსმინოთ და დაეთანხმოთ). გამოირჩევიან სიმამაცითა და ექსცენტრიულობით. (არსებობს უცხოელთან ქორწინების ალბათობა). იტაცებთ და აინტერესებთ მეცნიერებაში მომხდარი ცვლილებები. ხშირად ასეთი ადამიანები იმყოფებიან ემიგრაციაში ან უბრალოდ ცხოვრობენ სამშობლოდან მოშორებით. არიან დაკვირვებულები და გულწრფელად ისწრაფვიან სულიერი განვითარებისაკენ.
მათთვის არსებობს და არა მხოლოდ არსებობს, არამედ უმნიშვნელოვანესია „იდეალური მე“–ს ერთგვარი სახე. მათ აქვთ ძლიერი შინაგანი მოთხოვნილება–მისწრაფება, რომ ჩასწვდნენ, გაუგონ საკუთარ იდეალს და მისდიონ მას, არასდროს გადაუხვიონ „იდეალის“ პრინციპებსა და მოთხოვნილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ქვეცნობიერში შეიძლება ჩამოყალიბდეს ამგვარი მიდგომა–„ ადამიანები ეგოისტები არიან, სამყარო ძალადობაზეა აგებული, ამიტომ ყველაფერი დასაშვებია, შემიძლია გავაკეთო ის, რაც მომესურვება“.
ასეთი ადამიანი ყოველივეს რელიგიურ–ფილოსოფიური კუთხით აღიქვამს. მათ მუდმივად აინტერესებთ და იზიდავთ უცხოეთი–სხვა ხალხთა კულტურა, ენა და რელიგია. უყვართ ბუნება და ცხოველები. ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს განათლებისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვის, მძლავრი ეგოიზმის, საკუთარ მოთხოვნილებებსა და სურვილებში გაურკვევლობის–მათი შებოჭვის, ან პირიქით, გადაჭარბების გამოვლენას. საკუთარი პიროვნებისა და მოთხოვნილებების, პრინციპებისა და შეხედულებების გაიდიალებას–ერთგვარი კერპის შექმნას.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ