მთვარე მეოთხე სახლში
მთვარის მდებარეობა მე – 4 სახლში განსაზღვრავს ადამიანის ქვეცნობიერს, მის შინაგან სამყაროს, ასევე ეს მდებარეობა მიუთითებს პიროვნების დამოკიდებულებაზე სახლისა და ოჯახისადმი.
მთვარე ამ სახლში ყველაზე უფრო მძლავრია, რადგან მე–4 სახლს განაგებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი, რომლის მმართველი პლანეტაც მთვარეა. ამ შემთხვევაში, მთვარე ემსახურება პირადი–ინტიმური ცხოვრების რეალიზაციას, განსაკუთრებით, გამორჩეული ყურადღება ეთმობა საკუთარი სახლის კეთილმოწყობას, რადგან ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები მუდმივად ეძებენ ოჯახურ ბედნიერებას. უყვართ სიმყუდროვე და ინტიმურობა.
ასეთ შემთხვევაში მთვარე შესაძლოა, დედის იდეალის გამომხატველი იყოს–იდეალური დედის სიმბოლო, ანდა იმ პიროვნების, რომელიც ასრულებს დედობრივ ფუნქციას, ე.ი. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან დედობრივი მზრუნველობით.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ადგილსამყოფელის–ბინის ხშირი შეცვლა, რადგან ვერ ჩერდებიან ერთადგილზე. მათთვის ასევე დამახასიათებელია დედის მიმართ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა. მთვარის ასეთი მდებარეობა შესაძლებელს ხდის, ხელს უწყობს პიროვნების სოციალურ ზრდას, წარმატებულ კარიერას, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი მიაღწევს ასაკთან ერთად. სწორედ სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში მიაღწევს პიროვნება იღბალსა და პოპულარობას.
ასეთ ინდივიდებს უჭირთ საკუთარი თავის, უფრო ზუსტად კი, შინაგანი სამყაროს გაგება, რადგან მათი ქვეცნობიერი ითავსებს ორ „პროგრამას“, ორ ბუნებას, რომელთა გაცნობიერებასაც ინდივიდი დიდი წვალებისა და ხანგრძლივი ცდების შემდეგ ახერხებს, თუმცაღა ამ ორი „პროგრამის“ არსი მეტად პრიმიტიულია.
პირველი – ამ პიროვნების სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. სამყაროს მისეური, ქვეცნობიერი აღქმა, ხედვა –„სამყარო შეიქმნა იმისათვის, რომ მე მასიამოვნოს. ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ ჩემი მოთხოვნილებები და დაყვნენ ჩემს სურვილებს. მაგრამ პიროვნებას უჭირს ამ სურვილების პრაქტიკულად განხორციელება, რის გამოც ადამიანს უმძიმს ცხოვრება, ვინაიდან გრძნობს მუდმივ დისკომფორტს. მის გვერდით ცხოვრობს და თანაარსებობს ჩამსხვრეულ მინებიანი და გახვრეტილ სახურავიანი ცივი სახლის ცხოველი სიცარიელისა და მშიერი არარაობის აჩრდილი.
სწორად დამუშავების შემთხვევაში, აქტიურდება ქვეცნობიერის მეორე მხარე, მეორე ბუნება, პიროვნების დადებითი ასპექტი –„მე უნდა გამოვკვებო სამყარო და დავიცვა იგი სიცივისაგან, გულგრილობისაგან, თუ რა ფორმით იქნება გამოხატული ეს მზრუნველობა, ამაზე მიანიშნებს პირად ჰოროსკოპში მთვარის განლაგება და მისი ასპექტები. ასეთ შემთხვევაში, სამყარო საწყის ეტაპზე, გაიგივებულია სახლთან. სწორედ ოჯახი წარმოადგენს სამყაროს სიმბოლოს – გარკვეულ მიკროსამყაროს, რომელზე მზრუნველობასაც ის იწყებს , შეაქვს რა მასში წესრიგი, კომფორტი, სითბო და სიმყუდროვე, ხოლო მოგვიანებით მზრუნველობის არე ფართოვდება, ვრცელდება სხვა ადამიანებზეც, მოიცავს რა, „მთელ ქვეყანას“.
ეს მდებარეობა მიუთითებს მუდმივ ჭიდილზე ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის. რელიგიური რწმენა იწყება ღრმა მისტიური შეგრძნებებით. იწყება რა პოზიციით–„ღმერთი არ მიმატოვებს, ყოველთვის დამიცავს და დამაპურებს“ და მთავრდება უფრო ფართო მიდგომით–„უფალი გამხდის ღირს და გამომიგზავნის ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, მფარველობა და გამოკვება“ და ეს მართლაც ასე ხდება. ასეთი პიროვნება შესაძლოა იყოს საშინელი და შემზარავი, ეგოისტი, ქაოსური, და ამავდროულად პრინციპული, მშვიდობიანი, მზრუნველი, სხვათა შემწე და მფარველი.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან მზრუნველობითა და ინტუიციით. უყვართ თავისი ოჯახი, სახლი, ნათესავები, სამშობლო. მკაცრად მისდევენ და იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. მათი გონება დაკავებულია შთამომავლობის–ერის გამრავლებაზე ფიქრებით. უყვართ ანტიკვარული ნივთების კოლექციონირება და ფაქიზად ეპყრობიან, დიდი რუდუნებით უფრთხილდებიან ოჯახურ რელიქვიებს.
ამ მაჩვენებლის ადამიანი ეგოცენტრული და მესაკუთრეა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი სიტყვებია–„მე“, „საჩემო“, „ჩემი“. გადაღლის დროს უყვართ განმარტოება, რეალობისგან გაქცევა და საკუთარ თავში ჩაკეტვა. მათი განწყობა დამოკიდებულია ოჯახურ მდგომარეობაზე. ოჯახური სითბოს, სიმყუდროვის, სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე თავს უბედურად გრძნობენ და განიცდიან მუდმივ სიცარიელეს.
ასეთი პიროვნებები იმყოფებიან მშობლების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ. უყვართ დიასახლისობა და მყარი, თანმიმდევრული, მშვიდი ცხოვრების წესი – ოჯახური იდილია. მათთვის მეტად მნიშვნელოვანია სექსუალური პრობლემების მოგვარება, ვინაიდან ისინი განსაზღვრავენ ემოციური სიმშვიდესა და აზრობრივ თანმიმდევრობას.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ