მთვარე მეექვსე სახლში
ესაა შრომის, დისციპლინის, ჯანმრთელობისა და შინაურ ცხოველებზე დამოკიდებულების გამომხატველი სახლი.
უთანხმოების, პრობლემების შემთხვევაში ასეთი ადამიანები ნუგეშს სამსახურში, საჭმელში და ცხოველებში ჰპოვებენ. ახასიათებთ მძაფრი ემოციური კავშირი კოლეგებთან, ზოგჯერ მიჯაჭვულობაც, ასევე თავს იჩენს, სამსახურსა და ცხოველებზე დამოკიდებულების ტენდენცია, როდესაც ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მათ, ვიდრე საყვარელ და ახლობელ ადამიანებს.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანების კარმული მისიაა–საკუთარ თავში შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის გამომუშავება. თუ მთვარე დადებითადაა ასპექტირებული, მაშინ ადამიანს არ ეშინია რუტინის და ნებისმიერ სამუშაოს შინაგანი სისავსისა და დაკმაყოფილების გრძნობა მოაქვს. ასეთ შემთხვევაში ინდივიდი ერთგვარი სიხარულით ასრულებს თავის სამუშაოს. ცდილობს, კეთილსინდისიერად გააკეთოს თავისი საქმე, ხოლო მთვარის დაზიანების, უარყოფითად ასპექტირების შემთხვევაში, შესაძლოა, ინდივიდს განუვითარდეს პათოლოგიური სიზარმაცე, როდესაც ადამიანს არ შეუძლია, ვერ იტანს მუშაობას, ვერ ჯობნის სიზარმაცეს და არ შესწევს უნარი, რომ საკუთარ თავს აიძულოს საქმის გაკეთება.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებისათვის აუცილებელია, სიზარმაცესთან და ქვეცნობიერთან მუშაობა. საკუთარი თავის დაძლევა, გაცნობიერება იმისა, რომ გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს, თუნდაც ყველაზე უსიამოვნო და ბინძური, ან მძიმე სამუშაო, გინდაც უმარტივესი და ელემენტარული მოითხოვს შესრულებას. ადამიანმა მუდმივად უნდა გაუმეოროს თავის თავს, შთააგონოს, რომ სხვაგვარად უარესია, ძველსა და დაუმთავრებელს ახალი დაემატება და ასე უსასრულოდ, პიროვნება ვერ დააღწევს თავს–მუდმივ არეულობას, დისკომფორტს, მიტოვებულ–დაუმთავრებელ საქმეებსა და პრობლემებს, გახსოვდეთ, რომ თქვენს გასაკეთებელს სხვები არ გააკეთებენ.
ასეთი ინდივიდები გამოირჩევიან ათვისების, გააანალიზებისა და ყოველგვარი საგნისა და საქმიანობის იოლად შესწავლის უნარით.
ისინი ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილს, თუმცა ზრუნავენ საკუთარ ქვეშევრდომებზე, მაგრამ, ვინაიდან თავად გვევლინებიან პუნქტუალურ, შრომისმოყვარე, აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლებად იგივეს ელიან და მოითხოვენ სხვებისგანაც. ხშირად კოლეგების მიმართ იჩენენ დედობრივ მზრუნველობას,
შეუძლიათ და სიამოვნებთ ადამიანების სამსახურში ყოფნა, მათი დახმარება. კარგად მეტყველებენ, ახასიათებთ ჩვეულებების ცვლა, ასევე დეტალურობა და კრიტიკული აზროვნება.
უყვართ წესრიგი და სისუფთავე. გამოირჩევიან აკურატულობით.
თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაზეც დიდ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების წესი–ფიქრები და ემოციები, განწყობა და კვების სწორი რეჟიმი (მკაცრი დიეტა). შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლასთან, ჰორმონებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ