ჩვენი მეგობარი – მინერალები
ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ მინერალურ სამყაროზე, სამყაროს ენერგეტიკულ და მაგიურ შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ძვირფას, თუ ნახევრად ძვირფას მინერალურ ქვებში მოქცეულ ეnერგიას.
ჩვენ ირგვლივ სამყარო გაცილებით დიდი და იდუმალია, ვიდრე წარმოგვიდგენია და სასიკეთო იქნებოდა გვესწავლა ამ ფასდაუდებელი ბუნების საჩუქრის სწორად გამოყენება.
შემთხვევით არ არის, რომ არსებობენ ისეთი მცენარეები, რომლებიც მრავალ დაავადებას კურნავენ, არსებობენ სამკურნალო წყლები და ბევრმა არ იცის, რომ ასევე არსებობენ მინერალური ქვებიც, რომლებსაც როგორც მკურნალის, ისე ბედ-იღბლის კორექციის უნარიც გააჩნია.
მინერალური ქვები ჩვენს გრძნობებსა და სიტყვებზე უხილავად რეაგირებენ, მათ უსიტყვოდ შეუძლიათ ჩვენთან ,,დამეგობრება,, და შეუძლიათ საშინელ ხიფათებსაც კი აგვარიდონ. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ვინც მინერალოგიაში ცოტა მაინც ერკვევა და ,,მინერალური მეგობრები,, ჰყავს, მიხვდება, თუ რაზეა საუბარი.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მინერალებით მკურნალობა (ლითოთერაპია) საკმაოდ გავრცელებულია როგორც მედიცინაში, ასევე ეზოთერულ პრაქტიკებაში. სხეულის ენერგეტიკული მერიდიანების გასუფთავებისა თუ დაზიანებული ენერგო – ცენტრების, ჩაკრების ბალანსის აღსადგენად საუკუნეების მანძილზე მინერალოთერაპიები აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა თანდათან, დღეს დღეობით, უკვე მასიურად შემოვიდა ეს პრაქტიკა და მკურნალობის ეს მეთოდი ფართო საზოგადოებაშიც მკვიდრდება. ამ საკითხში მსოფლიო საკმაოდ წინ არის წასული და ჩვენს ქვეყანაშიც უკვე ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა ქვების მაგიური ზეგავლენა.
მინერალებით მკურნალობას, თუ უბრალოდ, სილამაზისთვის მათ გამოყენებას სრულყოფილი და კომპლექსური ცოდნა სჭირდება, რადგანაც ამ საკითხისადმი არასწორმა დამოკდიებულებამ შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს ადამიანის აურას, შესაბამისად, ბედს და ჯანმრთელობასაც კი.
ამ სტატიაში ვეცდები ძალიან მოკლედ გაგაცნოთ ის მთავარი პრინციპები, რის მიხედვითაც შეგიძლიათ ულამაზესი მინერალური ქვები ატაროთ ისე, რომ ამ ქვებმა მომხიბვლელობასთან ერთად სულიერი ჰარმონია და მატერიალური წარმატებაც მოგიტანოთ.
დავიწყოთ იმით, რომ ყველა მინერალურ ქვას აქვს თავისი ენერგეტიკა, თვისება და ხასიათი. ის ცოცხალი არსებაა და მას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ ასტროლოგიურად, პირადი რუკის ანალიზისას, რომელი ქვები გვჭირდება ამ ინკარნაციაში კოსმიური მისიის შესასრულებლად. რა თვისებების გამოვლენას გვთხოვს სამყარო და რა გზით უნდა ვიაროთ.
ასტროლოგია ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას გვაძლევს, თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ ცხოვრებაში, რომელ სფეროებში უნდა ვიმოღვაწეოთ და რა თვისებების გამოვლენა გვევალება. შესაბამისად, სწორედ ამ თვისებების მატარებელი ქვები უნდა შევიძინოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვატაროთ იმ ხასიათის ქვები, რომელიც წინა პლანზე ჩვენს უარყოფით თვისებებს წამოწევს და გააძლიერებს.
თუ ადამიანი პასიურია, სიზარმაცისკენ მიდრეკილი და საქმის ბოლომდე მიყვნა არ შეუძლია (არადა კარმა მას სწორედ საპირისპიროს სთხოვს), ე. ი. მას სჭირდება ცეცხლოვანი სტიქიის ენერგიები. ლიდერობის, სიძლიერის, უშიშარი ხასიათის მატარებელი ქვები დაეხმარება მას გააქტიურდეს, ჩაერთოს ცხოვრებისეულ ორომტრიალში, მაგალითად ისეთი ქვები როგორებიცაა: იასპი, ციტრინი, ვეფხვის თვალი, ქარვა, ონიქსი, ძოწი, ლალი, ალმასი და ა.შ. ეს ქვები მაქსიმალურად აამოძრავებენ ამ ადამიანს, გახდიან აქტიურს, მიზანდასახულს, კონტაქტურს და დაეხმარებიან ცხოვრების სწორად წარმართვაში.
თუ ადამიანში დიპლომატიურობა, კონტაქტურობა და მშვიდობისმყოფელობა არის გასავითარებელი, ამ შემთხვევაში დიპლომატიისა და ჰარმონიის ქვები იქნება სასიკეთო: მთის ბროლი, ვარდისფერი კვარცი, ლაზურიტი, მალაქიტი, ფლუორიტი, აქატი, სერდოლიკი, ამაზონიტი.
სულიერებისა და ინტუიციის განვითარების სურვილისას ძლიერი თილისმებია: ამეთვისტო, ასევე მთის ბროლი, ფირუზი, მთვარის ქვა, აქვამარინი, ლაბრადორი, ოპალი, ნეფრიტი.
ეს, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, თუმცა ასტროლოგიური ცოდნის გამოყენება აუცილებელია და ამ ჩამონათვლიდან სწორი არჩევანის გასაკეთებლად რამდენიმე ასტროლოგიური პრნციპების დაცვაა საჭირო.
როგორ ირჩევა ასტროლოგიურად მინერალური ქვები?
ასტროლოგიაში არსებობს ე.წ. ,,კარმული კვანძები,,, რომლებიც ადამიანის სულიერ ევოლუციას მიუთითებს. არის წარსული ინკარნაციის კვანძი (დაღმავალი) და ამ ინკარნაციაში კოსმიური მისიის კვანძი (აღმავალი). პირველ რიგში ვაკვირდებით იმას, რომელ ზოდიაქოს ნიშანსა და რომელ ასტროლოგიურ სახლში მდებარეობს აღმავალი კვანძი. ვთქვათ, აღმავალი კვანძი ცეცხლის სტიქიაშია, შესაბამისად, ამ ენერგეტიკის ქვებია საჭირო. თუ აღმავალი კვანძი წყლის სტიქიაში მოხვდა, შესაბამისად წყლის სტიქიისა და თვისებების მატარებელი ქვებია საჭირო და ა.შ.
ასევე, უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ გამარჯვების პლანეტა იუპიტერის ადგილმდებარეობაც. ეს პლანეტა ადამიანს სთხოვს იმ თვისებების მაქსიმალურად გამოვლენას და იმ ზონაში მოღვაწეობას, რომელ ნიშანში და სახლშიცაა ადამიანის დაბადების მომენტში. ასევე, უმნიშნველოვანესია იმის გათვალისწინებაც რომელ ზოდიაქოსა და სახლშია ე.წ. მფარველი ანგელოზი და ამ ნიშნის ქვების გამოყენებაც ძალზედ სასიკეთო შედეგებს მოგვცემს.
ე. ი. პირადი რუკა გვიჩვენებს ჩვენს ნათელ მხარეს და დადებით პოტენციალს, რომელიც გასავითარებელია და ასევე, უარყოფით მხარეს და უარყოფით პოტენციალს, რომელიც ჩვენს მიერ მაქსიმალურად უნდა დავთრგუნოთ, შესაბამისად, ამ უარყოფით ზონაში მოხვედრილი პლანეტების და ენერგიების მატრებელი ქვებისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, რადგანაც ენერგეტიკული დაბინძურების და პრობლემების ალბათობა საკმაოდ მაღაია.
მე, პირადად, არაერთხელ გავმხდარვარ იმის მომსწრე, რამდენი პრობლემა შეექმნა ჩემს ახლობლებს მათი ლილიტის ქვების ტარების გამო. ასე რომ მინერალური ქვები სახუმარო თემა არაა. ასევე, ხდება ისეც, როდესაც გამარჯვების პლანეტა, სელენა, ან თუნდაც აღმავალი კვანძი და ,,მძიმე,, კოსმიური პლანეტები ერთი და იგივე ნიშანში ხვდებიან. ამ შემთხვევაში მინერალები მაქსიმალრი სიფრთხილითაა შესარჩევი და მათი ხშირად ტარება არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა ენერგეტიკული „გადახურება“მოხდეს. ეს რაც შეეხებოდა ასტროლოგიას.
ახლა მოგიყვებით ისეთ ქვებზეც, რომელიც ყველა ზოდიაქოსთვის მისაღებია და მას მხოლოდ დადებითად შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანზე მოქმედება. მაგალითად, ვისაც პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში, – უნიკალური ქვაა ვარდისფერი კვარცი. მას გულის ჩაკრასთან აქვს პირდაპირი კონტაქტი და გულს სიყვარულით ავსებს, იზიდავს სუფთა და რომანტიულ სიყვარულს. ასევეა ვარდისფერი ტურმალინიც და სხვა მსგავსი მინერალებიც.
თუ ადამიანი ფსიქიურ და ნერვოზულ პრობლემებს განიცდის და მისი ენერგეტიკა ნეგატიური ზემოქმედების ქვეშაა, უნიაკლური მინერალია მთის ბროლი – ის წმენდს აურას ყოველგვარი ნეგატივისგან, ასევე ასუფთავებს გარემოს, ნივთებს და საცხოვრებელ ადგილსაც კი.
თუ სულიერი სიმშვიდე, მშვიდი ძილი და გათვალვისაგან დაცვა გსურთ, მაშინ ყველა ნიშნისთვის რეკომენდებული იქნება ულამაზესი ლაზურიტი. ეს მინერალი სურვილების ამსრულებელ ქვად ითვლება და პატრონს წყევლისგან და ავი თვალისგან იცავს. თუ თქვენს ცხოვრებაში მოწყენილობაა და გართობა მოგინდათ, ამაში სერდოლიკი დაგეხმარებათ. მოგიზიდავთ მართალია ზედაპირულ, მაგრამ სახალისო სიტუაციებს.
არსებობს უამრავი მინერალი, რომლებსაც ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებში მრავალმხრივი დახმარების გაწევა შეუძლიათ , თუმცა არის კიდევ გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორიც : არსებობს შემთხვევები, როდესაც მინერალური ქვა ინდივიდუალურად შეირჩევა. ვთქვათ ძალიან მოგეწონათ, ერთი ნახვით შეგიყვარდათ რაიმე მინერალი. ეს კონკრეტული მინერალი შესაძლოა, უკვე თქვენმა ენერგეტიკამ მოითხოვოს, რადგან მისი თვისებების საჭიროებას გრძნობს. თუმცა, ისიც აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ თქვენი უხილავი ბნელი მხარისგანაც შეიძლება იყოს მიზიდულობა და ის ქვა აგარჩევინოთ, რომელიც აგაფორიაქებთ და თქვენს ბნელ მხარეს გააძლიერებს. ამის გასარკვევად, პირველ რიგში, ასტროლოგიური ცოდნის გათვალისწინება იქნებოდა სასურველი. თუ ეს ქვა ჩვენს პირად რუკაში დაკავშირებულია ნეგატიურ პლანეტებთან (არადა გვიზიდავს და მოგვწონს, რასაც ხშირად თან ერთვის ასევე ფარული შიში და „აკრძალული ხილის“ განცდა), ესე იგი ეს თქვენი ქვა არ არის და ის მხოლოდ დაგიბინძურებთ ენერგეტიკას. თუ უკვე შეძენილი გაქვთ აუცილებლად მოიშორეთ ასეთი ქვა.
ასევე, ხშირად მეკითხებიან ბავშვებთან დაკავშირებით, თუ რა მინერალი დაიცავს ბავშვს ცუდი თვალისგან, ან დაეხმარება თუნდაც სწავლაში. ამ სფეროს სპეციალისტის უამრავი ინფორმაცია არსებობს და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის მინერალური ქვები მინიმუმ 14 წლამდე არ არის სასურველი. მათ ჯერ განსჯითი სამშვინველი არ აქვთ და ჩამოუყალიბებელი ენერგეტიკა შესაძლოა უარყოფითად განიცდიდეს მინერალების ენერგეტიკულ „ჩარევებს“. ბავშვის მსოფლმხედველობა და ინდივიდუალიზმი სასურველია დამოუკიდებლად განვითარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ, ნელ-ნელა და ფრთხილად შეირჩეს ქვები.
მინერალური ქვები გარკვეული პერიოდით მიზნების მიღწევაში ეხმარებიან ადამიანებს და ერთგვარ ბიძგს აძლევენ საკუთრი პოტენციალის გამოვლენაში, თუმცა მთავარი სამუშაო ხომ ჩვენია და მხოლოდ მინერალების იმედად არ უნდა დავრჩეთ.
რაც შეეხება მინერალების ენერგო განმწმენდ პროცედურებს.
ზოგიერთი მინერალური ქვა ძალიან ადვილად იღებს მთელს ნეგატივს თავის თავზე, ბინძურდება და საჭიროებს ე.წ. ენერგეტიკულ წმენდას. ის ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ,,მოკვდეს,, კიდეც (შესაძლოა გაშავდეს ან პირიქით, ფერი დაკარგოს). ძალიან კარგი იქნება, თუ ორ კვირაში ერთხელ Vცენს მინერალებს რამდენიმე საათით გამდინარე წყალში დავტოვებთ, ან თუნდაც მარილიან წყალში მოვათავსებთ რამდენიმე საათით. ასევე ნაკურთხი წყალი მინერალების იდეალური ენერგო გამასუფთავებელია. მთვარის ქვებს უხდებათ ღამე მთვარის ენერგიებით „დატენვა“ და კარგია მათი ფანჯრის რაფაზე მოთავსება.
ქვები ჩვენი კეთილი ფიქრებითა და აზრებითაც შეგვიძლია დადებითი ენერგიებით დავმუხტოთ და გავწმინდოთ, ასე რომ გიყვრდეთ თქვენი მინერალები და მოუარეთ მათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ენერგეტიკულად და ისინიც, თავის მხრივ, აუცილებლად სიყვარულით და მფარველობით გიპასუხებენ. სამყარო ხომ ცოცხალი ორგანიზმია და ყველანაირ ცოცხალ არსებას სითბო და სიყვარული სჭირდება.
მინერალები ჩვენი დამხმარე მეგობრები არიან და ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს საჭიროებენ და არა მხოლოდ გამომყენებლურ დამოკიდებულებასას.
და კინაღამ მთავარი გამომრჩა – თუ გსურთ, რომ თქვენს მინერალურ ქვებსა და თილისმებს მაგიური თილისმის ფუნქცია მიენიჭოს, ისინი უნდა შეიძინოთ იმ პერიოდში, როდესაც მთვარე თევზებში იმყოფება. ამ პერიოდში ხომ ყველაზე კარგია სულიერი ლიტერატურისა და მაგიური თილისმების შეძენა.
მოამზადა თამო აქუბარდიამ