ჩემი ჯღუნა
ერთი კატა მყავდა, ჯღუნა. სახელი ჩემმა ძმამ დაარქვა. ზარმაცი ბიჭი იყო, როგორც კაცი-კატების უმრავლესობა. მსუქანი, მსუყე და ჩემ ძმასავით კეთილი. რაღაცნაირი მოფერება იცოდა, ამოგებღოტებოდა და დაგკლანჭავდა, მერე ზურგით დაგიჯდებოდა და ბუყბუყებდა, კრუტუნიც არ გამოსდიოდა წესიერად. ასე გამოხატავდა სიყვარულს, ზურგის მოშვერით. ზოგჯერ ენა დარჩებოდა გარეთ გადმოყოფილი, და იჯდა მერე ესე, ენაგამოყოფილი, თვალებდაჭუტული და ვუყვარდი.
მშვიდად მეძინა, ჩემს საბანზე თუ იწვა. მძიმე იყო და თბილი. ხვრინავდა ძილში. და მსიამოვნებდა ესეც, კატას თუ ვაპატიებ ხვრინვას, სხვას ვერ.
ერთხელ, შუაღამისას, უცხო, შავი კნუტი მომიყვანა სახლში. ადრე გაზაფხული იყო, წვიმდა. და ციოდა. შემოვარდა ფანჯრიდან, ვხედავ- კნუტი უჭირავს, კისერში ჩაუვლია პირი. მეთქი საიდან, ჯღუნა, საიდან მოიყვანე, წაიყვანე უკან. მიტრიალდა და წავიდა. წაიყვანა.
ავირიე სულ, რა მექნა, აღარ ვიცოდი. ხომ არ მომეჩვენა მეთქი, ხან ვიფიქრე. ვის გაუგია, კაც კატებს სხვების კნუტები სახლში მოჰყავდეთ. ვიდარდე მთელი მეორე დღე. რატომ გავაბრუნე მეთქი უკან.
დაღამდა. წვიმდა ისევ. დაიძინა ყველამ და შემოვარდა ჯღუნა – პირით უჭირავს ისევ ის კნუტი. სულ უსუსური იყო, თვალები ახალი გახელილი ჰქონდა. დასვა ღუმელის გვერდით და მიყურებს. ხმას არ იღებს. სველია, გაწუწული. დაიწყო ბეწვის ლოკვა. დაფორთხავს ეს კნუტი და წივის. ვუყურებ და არ მჯერა თან, მეთქი ჯღუნა, ჯღუნა, შე ადამიანო.
და რაღაც ხომ უნდა მექნა, მეშველა ამ კნუტისთვის. ბედად იმ ღამეს ჩემმა მეორე კატამ, ჭრუტმა გააჩინა შვილები. წავუყვანე ეს შავტუხა, იშვილე მეთქი, ვთხოვე.
იშვილა.
და გაზარდა თავის პატარებთან ერთად.

ჯღუნა
არ ვიცი, სად იპოვა ჯღუნამ ეს კუნაპეტივით შავი, მურთხი კნუტი. ხან ვიფიქრეთ, ალბათ თავისი შვილია, დედამისთან იჩხუბა და სახლში წამოიყვანაო. ეგ დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ იმ წვიმაში და სიცივეში რა გადაარჩენდა იმ ციცქნას, ჯღუნა რომ არა.
ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ასე რატომ გიყვარს კატებიო. უჰ, ისეთი ამბები მაქვს მაგათთან, როგორ არ უნდა მიყვარდნენ, უბრალოდ არ ვიცი.
აღარ მყავს ჯღუნა. ჯერ ცალი თვალით დაბრმავდა შარშან, მერე გაქრა. ბებერი იყო უკვე ჩემი გასიებული, კეთილი ბიჭი.
მყავდეს ეხლა, დამიჯდებოდა ზურგით. გადავუსვამდი ხელს და ჯღუნა, შე ადამიანო-მეთქი, ვეტყოდი.
არ მოვუყვებოდი არაფერს. მეგობრისთვის ისედაც გასაგებია, სულაც არაფერი მოუყვე. და ნურაფერს იტყვის თვითონაც – იჯდეს და ვუყვარდე, მეტი არაფერი.
ლია ლიქოკელი