ჩემი მშობლები ჯერ არ დაბადებულან
გადაბადება
გადაბადება (მეორე ვადით) ანუ მცდელობა
ჩემი მშობლები მალე დაქორწინდებიან… მაღაზიის გამყიდველი ქოთქოთებს და ხელქვეით გოგოს უყვირის. სანამ ყვირილს დაიწყებდა, დიდხანს და მონდომებით აკვირდებოდა შეუმჩნევლად უკანა გასასვლელიდან… მე რა მაწუხებს? საბურავები მხოლოდ მუხრუჭის დროს ტოვებენ კვალს ასფალტზე. ან ტალახში სიარულის მერე… გამოდის, იმისათვის, რომ შეგამჩნიონ, ერთბაშად და მკვეთრად უნდა გაჩერდე ან უნდა ამოიგანგლო… მე საათობით შემიძლია ვიდგე გზის პირას და ხელს ვიქნევდე, ეგებ ვინმემ გამიყოლოს კიდეც ქალაქამდე, რომლის შესასვლელ აბრაზეც დიდი ასოებით ეწერება: „ჩვენ ვიცით რომ დაბალი კლიშეებით ვართ ორიენტირებული საცხობებზე, რომლებსაც მაღალი საბუხრე მილები აქვთ, მაგრამ, მობრძანდით, არ შეგჭამთ.“ და მეც შევაბიჯებდი, ზრდასრული, ჩამოყალიბებული, ან თუნდაც, როგორც ფარშირებული ბავშვი და მერე ვიპოვნიდი რომელიმე წალოს, რომელზეც შემეძლებოდა მოკალათება, გათენებიდან გათენებამდე. მაგრამ, ჩემი მშობლები ჯერ არც ჩასახულან. ჯერ ვარდისფერი თითებიც არ აქვთ და არც მოჭიდების უნარი. მერე სადღაც პოსტ-მითოლოგიურ ასაკში მათ ექნებათ ფრჩხილებში ჩასმული სინამდვილე. დაახლოებით ასეთი: „გამარჯობა! (სინამდვილე) მოხარული ვარ თქვენი ნახვით! (სინამდვილე) როგორაა თქვენი ვაჟი/ბებია/კატა? (სინამდვილე) მერე საერთოდ გაუქრებათ, დაეზარებათ ამდენი ფრჩხილი… და აღარც არასდროს გაახსენდებათ ეს სინამდვილე, მთელი თავისი გახსნილობით“ „გამარჯობა! სინამდვილეში ეს დიალოგის დაწყების ზრდილობიანი ფორმაა, თორემ, სულაც არ მიფიქრია ახლა თქვენს გამარჯვებაზე. (ვიღაც რომ ხროტინებდეს ახლა სასაცილო ფერის სტარტის პისტოლეტით ხელში- ფირნიში ახლოსაა! ფირნიში მხოლოდ რჩეულებს ღებულობს გულითადად! მიდი, გაიმარჯვე!“) ჰო, კიდევ, სინამდვილეში თქვენი ნახვა სულაც არ გამხარებია, მეტიც, სულ ფეხებზეც მკიდია თქვენი ვაჟი ან ბებია ან თუნდაც კატა, ვინც არის! გაზიანი წყალი და გაზეთი გეთაყვა… ეს ქალი არ აპირებს, რომ დამშვიდდეს. ალბათ უხარია, რომ მის ქვევით ვიღაც არსებობს და დაჰყვირის… ქარის პროფილი მინდა ვნახო. ავდგები, რამეს მოვისხამ და გარეთ გავალ…
ყველა ნერვული დაბოლოება მკვდარი მაქვს… მე გადავყარე მკვიდრი მოგონებები მუყაოსაგან. ასე მემართება ყოველი მონატრების შემდეგ… როგორ წაგვიღო აქეთ-იქით ქარმა… ბალახზე გადასმული თითებით და გაუმჭირვალობით… ეს ქალი პირჯვარს იწერს.. ჯერაც ირხევა ჰაერი მისი ყვირილისგან… გულზე ხელს იდებს… დედას გეფიცება… მაღაზიიდან გამოვდივარ… კარები ორმოცდაათჯერ იკეტება… ზამბარაა, ხერხემალი ხომ არა?
რა მინდა აქ? თითქოს რომ ყველაფერი კარგადაა… ყველა დახლი რომ ცარიელია და მოწყენილი ეგ არ ჩანს, იმიტომ, რომ უკვე მოუსწრიათ ლურჯი პარიკების ჩამორიგება… პოლიეთილენის პარიკი ყველა მოქალაქისთვის… უახლოვდები ტელეფონის ჯიხურს… ნომერი, რომელიც თავში გაქვს წამით იხსნის ციფრებს და მხოლოდ ღილაკების ხმებად რჩება… და შენც მიჰყვები ამ ხმას… „ტუუმ, ტუმ ტუუმ… ტუ. ტუმ ტუუუმ.. ტ.. ტ.. ტტუუუმ ტუმ…“ არ იცი, რა უნდა ილაპარაკო… იქნებ შეატყობინო იმის შესახებ, თუ როგორი მზაობა გაქვს დასაბადებლად… დერეფანი გაწმენდილია… შეარჩევენ შენთვისაც მოხერხებულ სკაფანდრს… „გისმენთ! გისმენთ!“ ყვირიან იქიდან… სულ ერთია, რას ეტყვი… მათ მხოლოდ შიშინი ესმით… ამას სიჩუმედ აღიქვამენ… არაფერს ეძახიან და საშინლად ეშინიათ მისი… ამიტომ დაკიდეს ყურმილი… ტელეფონის ჯიხური ტანზე რომ შემახორცდეს, მთელი ცხოვრება მომიწევს მერე მისი თრევა… დაბადებიდან-დაბადებამდე… გამოვვდივარ და ისევ გზის პირას ვდგავარ… შემიძლია, ვინმეს ვთხოვო… გამიყოლეთ, ტელეფონზე დარეკვაც კი არ ვიცი… ჰაერი ფორმატულად მყარდება და ფოტოს სახით მეჯახება… ვფიქრობ, ყველა ვარიანტში ვიგრძნობდი ტკივილს… ჯერ ფეხიც არ ამიდგამს… ჩაიც არ დამილევია და არ მომიწევია არასდროს… მამაჩემსაც არასოდეს დაულევია სოდიანი წყალი და არც კედლები დაობებულა მერე იმ ოთახში… მეტიც, არასდროს მიყვირია! და აბა ახლა ასე როგორ უნდა მეტკინოს? თორემ, დაჯახებას კი არა, გამოსახულებას ვიგრძნობდი ტკივილად, რაც ამ ფოტოზეა… ტვინიც კი შემერყეოდა, თეორიული არსებობის მიღმა… ეს ქალი (ფოტოდან) და მისი სევდა ისეთი თვითმყოფადია, ვფიქრობ, დავიბადები და გავუძლებ ყველაფერს… რომც ვიცოდე, ეს რა საშინელებაცაა… მივალ და ვეტყვი, რომ არ გაყვეს, არ გაყვეს მას… რომ გზის პირას მისთვის ვიდექი ამდენი ხანი… ზურგჩანთა არ მაქვს… მთელი ჩემი ბარგი მოგონებებია, რომლითაც მოგვიანებით დავმძიმდები… ჯერ ღრმად უნდა ჩავისუნთქო და ტირილი ვისწავლო…
წლები რომ გავიდეს… აღვიქვამდი, როგორ მეცემა ჩრდილი სახეზე… როგორ აწია წელი ჩემმა სათამაშო, პლასტმასის ცხენმა, იმისათვის, რომ არ მომკვდარიყო… ზამბარაზე ჩაბმული კარებივით რომ ვიყავი (ვიქნებოდი), ცოტათი რომ წაიწევი წინ და მერე ისევ ზურგით რომ ეხეთქები ჩარჩოში… „მოკეტე! მოკეტე! მოკეტე!“ ყვირიან კარგად აღზრდილი ნაწილები, ოჯახად ჩამოყალიბებული… საზეიმო ვახშამის და დიდ ჭიქაში ჩამოსხმული ლიმონათების გარშემო… სამზარეულოდან მიწის სუნი გამოდის და ყველაფერი ისეთი მიწიერია… ნათხოვარი კანი, ქერქი… დანდობილი მოაჯირი და პირველი ნაბიჯები… საგულდაგულოდ ამოტუმბული მეხსიერებიდან… ფერადი ფანქრების ნამტვრევები… ღია უჯრაში… ხის უჯრაში, სადაც წინ დაკერებული ჯიბეებით ყრია ყოველი სამოსი… ჯიბეებში სამაგრებით… ღილებით… ასანთის ღერებით… მაინც ვერაფრით შევაჩერებდით დროის დინებას… ვერცერთ სადგურზე… სადგურების დაგუბება ატომურ ამოფრქვევამდე… ტოტალურ გაფლანგვამდე მხოლოდ ჩუმი დუდუნია, ორმაგი ლიანდაგების გასწვრივ… საიდანაც მზე ამოდის, იმ ჰორიზონტის კიდეზე… სადაც ცა უფერულდება… სადაც ცა გაცრეცილია, აი იქ აღმართავდი სალოკ თითს და დაგავიწყდებოდა, რომ მავანთათვის ამ თითს საჩვენებელი ქვია… წლები რომ ვაღიარო… რომ დავთანხმდე მათთან თანაცხოვრებას, გადაბადების და გადაკომპლექტების შემდეგაც, გიპოვნი და დაგელაპარაკები… გამიღიმებ და დაგიჯერებ… იმ მოსაზრებას დავუჯერებ ჩემს თავში, რომ გამიგე და ამით კიდევ ერთხელ გამოვუტან თავს განაჩენს, რომ ამოვიწურო… ქარის და წვიმის ქვეშ ჩავმთავრდე… საკუთარ ბაკანზე… არაფერს რომ აღარ შეეძლება ჩემი გაცოცხლება… ამისთვის უნდა დავიბადო?
არ ვიცი, ვინ ხართ მანდ, ცხოვრების მეორე ბოლოში… ალბათ მოასწარით ჩემი მეტ-ნაკლებად გაცნობა და თავისთვის იმის დაჯერება, რომ გიყვარვართ… მე მალე დავიბადები… უკვე მოაგორებენ ეტლს, რომ გრძელი დერეფანი მარტომ გავიარო… ღმერთო, არც კი ვიცი, რატომ… მე რომ მოვკვდები, ჩემს ფეხსაცმელებში ხეები დარგეთ… სიარულის ძალა აღარ მაქვს… მხოლოდ ის შემიძლია, რომ, ამოვიდე…
Cancer
ზურა მელიქიძე