ჩაი
თეფშზე ვდგამ ჭიქას.
ჭიქაზე- საღამოს.
საღამო, ეს ისაა, როდესაც იღვიძებ და მილასლასებ…
ქუჩები გიწოვენ.
ქუჩები გითრევენ.
დილა ისაა, თვალები რომ გტკივა…
ძილი რომ მაინც არ შეგიძლია და
ითიშები.
იმხელა ფოთლებია საღამოობით ასფალტზე დაყრილი…
წვიმისგან დაწებებული.
ყვითელი.
მთელი ყვითელი.
მუხლებზე დავდგე ლამის და სახეში ჩავყვირო,
ამომთხარეთ,
მე არ შემიკვეთავს ეს სამოსი-
აეროტალღები…
ღამე ისაა,
იმ უცხოში მე რომ ვიღვიძებ…
ვგრძნობ, როგორ მტკივა ყველაფერი,
ვხვდები- მათრია.
ჩემი სხეულით ისარგებლა.
სამსახურში იყო…
სოციალური,
სენდვიჩში ჩატენილი სალათის ფოთოლივით,
შეჭმამდე დამჭკნარი.
ეს ფოთლები კი ყრია ასე…
ეს ფოთლები ისინი არიან,
ჩემს ჭურჭელს რომ არ იყენებენ,
ინერტული მეტრებისათვის.
ისინი მხოლოდ იმპულსებს ქმნიან,
სანამ მოსულიერდები.
ჩაი ისაა,
ლიმონის უზარმაზარ ნაჭერს რომ ჩააგდებ,
შუალედური პოზიციისთვის,
საკუთართან განმარტოებისთვის,
ჭერის საცქერლად…
Cancer