შეცდომა ჩვენი უფლება, გასავლელი გაკვეთილია
“ადამიანები უშვებენ შეცდომებს”. “ადამიანები ცდებიან”. “ადამიანები სცოდავენ”. დიახ, ჩვენ ვცდებით. ცდებიან სხვებიც. ჩვენი მეგობრები, მშობლები, შვილები … მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები თუ ერთ სიტყვაში მოქცეული „სრულიად ხალხი“, „მთელი საზოგადოება“…
აკი ჩამუხლული ქრისტეც ამბობს იოანეს სახარებაში „ვინც თქვენს შორის უცოდველია ქვა პირველმა სწორედ მან მესროლოსო“ რის შემდეგ თავად „ყველაზე უცოდველნიც“ იკრიფებიან…
თუმცა ამ ტექსტის აზრი არც ცოდვაზე და არც შეცდომებზე საუბარია… ერთი მეგობარი მყავს. თექვსმეტი წლის ბევრად უფროსი ბიჭისგან დაორსულდა. არც არავისთვის უთქვამს ისე გაიკეთა აბორტი და მხოლოდ ოცი წლის თავზე, ახლახანს მოყვა ეს ამბავი. მოყვა არა ამბად, არა საიდუმლოდ არამედ მაგალითად… იმის მაგალითად რამდენად უაზროა ადამიანი როდესაც თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მოსალოდნელ აზრს და პოზიციას ანიჭებს უპირატესობას.
მოყვა როგორ შეეშინდა მშობლების რეაქციის, ნათესავების გაკიცხვის, ბიძების „გაქაჩვის“, ბავშვის მამის „გაქცევის“, მეზობლების ჩურჩულის, ექიმების დამცინავი მზერის და კიდევ ბევრი რამის რაც შეიძლებოდა იმ პირველი ცხრა თვის, შემდეგ კი მთელი ცხოვრების მანძილზე მას და მის შვილს შეხვედროდა…
თუმცა, თქვა ისიც რომ არც ისე დიდი დრო გავიდა მანამდე სანამ გააანალიზებდა რომ რეალურად, მთელ საზოგადოებას სწორედ რომ არ ადარდებს ის რა ხდება შენს ცხოვრებაში. იჭორავებენ ერთი კვირა. გაგკიცხავენ რამდენიმე თვე. დაგადანაშაულებენ, თითს გამოიშვერენ, დაგცინებენ კიდევ ცოტა ხანს… მერე კი მოგინელებენ და გაიჩენენ ახალ თემას დროის გასაყვანად.
დიახ, დროის გასაყვანად რადგან სხვის ცხოვრებაში ჩარევის, სხვისი ყოველდღიურობის განხილვის, სხვისთვის ცოდვებზე მითითების და ჭეშმარიტი გზის ჩვენების ვნება სწორედ რომ უსაქმურებს აქვთ. იმ უსაქმურებს რომლესაც საკუთარი პირადი არ გააჩნიათ… დაიჭერენ შენი ცხოვრების ეპიზოდს, გადაღეჭავენ, მოინელებენ და იღებენ ახალ ლუკმას სხვისი ცხოვრებიდან. ისე რომ ხვალ, შენი სახელიც კი შეიძლება ვერ გაიხსენონ…
მაშინ, როდესაც მათი შიშით, მათი რიდით, მათდამი მოკრძალებით, მათ ჩარჩოებში „კვლავ მოქცევის“ და „შეცდომების გამოსწორების“ მისწრაფებით შეიძლება დღეს ისეთ რამეზე ამბობ უარს რაზეც ოცი წლის შემდეგ ისევე ნანობ როგორც ჩემი მეგობარი … ინანებ თუნდაც იმას რომ ვერ მოავლინე ამ ქვეყნად ფერადი სული რომელსაც შენსავით, ჩემსავით, ყველასავით საკუთარი ცხოვრების თავგადასავალი მოჰქონდა მუჭით…
შეწყვეტილი ორსულობა ალბათ, ყველაზე მძაფრად ხელშესახები, მტკივნეული და ნათლად დასანახი შემთხვევაა იმის გასაანალიზებლად რომ უკვე მომხდართან, უკვე არსებულთან თანაარსებობა და თანაცხოვრება უნდა შევძლოთ. ვიპოვნოთ ჩვენს თავში იმდენი სიძლიერე რომ ვაპატიოთ საკუთარ თავს „ჩადენილი“ ან „ჩადენილის შედეგი“… რომ გავუსწოროთ თვალი მთელ საზოგადოებას და ვინც რამეს იტყვის თამამად შევეპასუხოთ: დიახ, ეს შეცდომა კი არა ჩემი არჩევანია. ვიყო და ვიცხოვრო ისე როგორც ახლა ვარ. და ვერავის „გაკვალულ გზაზე“ გადასვლის მითითება ვერ დამაფარინებს საკუთარ გასავლელ მანძილს ამ ცხოვრებაში. ვერავის „მე ეს გამოცდილი მაქვს“, „დამიჯერე“ , „ცდები“, „ინანებ“ ვერ შემიმსუბუქებს იმ ამოცანას რომელიც დღეს დამიდო სამყარომ მე გასარჩევად. რადგან თუ დღეს შენ „შპარგალკას“ მომცემ ხვალ იგივე გაკვეთილს მაინც ჩასვამენ ჩემს ყოფით ცხრილში.
„მე რომ მაშინ გამებედა და გამეჩინა… დღეს იქნებოდა კიდევ ერთი ადამიანი, ჩემი გაგრძელება თავისი ბედით. და არც ის უსამართლობა დამტანჯავდა შემაწუხებდა რომელსაც საკმაოდ გვიან მივხვდი: ყველასთვის, ვინც შენს გასაკიცხად და გასაჭორად არის მზად სულ სულთია ვინ იქნება დღეს შენს ადგილას ან რა სალაპარაკო მიზეზს მისცემს. მათთვის მთავარი დროის გაყვანაა. სწორედ იმ დროის, რომელსაც ვეღარასოდეს ვანაზღაურებთ“…
არ არსებობს სხვის ცხოვრებაში დასანახი შეცდომები ამ სამყაროში. საკუთარ გზაზე ყველა საკუთარ გაკვეთილს ვსწავლობთ. რისი უფლებაც – თავის-უფლება – დედის წიაღში განსხეულებისთანავე გვეძლევა მუჭით <3
Basta