შავმა ფისომ იცის ვის შავ ფეხსაცმელს უნდა მიახტეს
დილა დღესაც მკაცრად ჩამოწერილი განრიგით დაიწყო. თუ გინდა 8 საათზე, დედა უსიტყვოდ წამოხტეს საწოლიდან უნდა გაიქცე შიშველი ფეხებით აბაზანაში და ხმამაღლა იტყაპუნო გაყინულ მეტლახზე. ზაფხულშიც, ზამთარშიც … მეთოდი უტყუარია. ალბათ, ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება დრო როდესაც აღარ ჭრის: „დე, მშია!“ იმიტომ რომ საწოლშივე გაწვდიან ორცხობილას „სანამ ავდგებით…“ აღარ ჭრის „მწყურია, დედა!“ რადგან ჭიქით წყალიც წინასწარ არის მომზადებული, საწოლთან ახლოს … ვერც „მუკი ჩამირთე“ „სინდერელა მიდა“ „პეპა ფიგი არ მიდა“ „ახლა პეპი!“ „ახლა ფილმიანი პეპი“ „კარლსონი მიდოდა“ „მერი პოპინსი მოფლინდეს!“ „ვალდო და მედლოგე პავლე მიდა!“ „ტროტრო?“ „კიკანინჰიენ?“ „ფლეი დო“ „ასეთს ხო მიყიდი?“ „მეც ხომ ასეთი თმა გამეზლდება?“ „ცემი ბოტები ჰო უკეთესად დახტის ტალახსი?“ „ესენი ცოლი და ქმალი ალიან?“ „ლატო ალიან ესენი ცოლი და ქმალი?“ „ამათი დედა სად ალის?“ „პეპის მამა სად ალი?“ „არ დაუჯელეს და დედას გული ეტკინა და მოკდა?“ „ალ იციან ამათ ლომ ეს ცეცხლი და ხოლცი ვალდომ მოიტანა?“ და სხვა შინაარსის დაუსრულებელი კითხვებით ააყენებ დედას, რომელსაც რეალურად, ალბათ არც არასოდეს სძინავს…
რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფს, მაინც ყოველთვის მზად აქვს პასუხი ყველა კითხვაზე. თვალდახუჭულიც მარტივად რთავს ნაცნობ ფლეი ლისთს იუთუბზე და მზად არის ოთხმოცდამეათე კითხვაზეც „უკიდურესი სიმშვიდით“ გიპასუხოს: „აჰა, კარგი. ჩაგირთავ. ჩავრთე უკვე. პეპია ეს…პეპა გინდოდა? აი პეპა… კაარგი, იყოს მერი პოპინსი… იმიტომ დაიჭირეს ვარდო და გამოუშვეს პავლე რომ… არა ესენი არ არიან ჯერ ცოლი და ქმარი… უყვარს ამ ბიჭს ეს გოგო და იმიტომ აკოცა… როდესაც გვიყვარს ვეფერებით… არ ჰყავს პეპის დედა, მაგრამ მამა ჰყავს. დაელოდე, ჩამოვა“…
რამდენჯერ მიფიქრია რა მოხდება ახლა რომ არ ავდგე … გავითიშო და გავაგრძელო ძილი დაბუჟებამდე… იმ შეგრძნებამდე რომლითაც ზოგჯერ, სტუდენტობის დროს ვიღვიძებდი ხოლმე კვირა შუადღეს … როდესაც უკიდურესი სიმშვიდის, უზრუნველობის, შინაგანი ბედნიერების გრძნობას, ალბათ, წარმოდგენაშიც კი ვერ შეადარებ იმ შეგრძნებას რომელსაც მშობლად ყოფნის პასუხისმგებლობა გვგვრის ადამიანებს… არ განვაცალკევებ ქალებს კაცებისგან… ყველას აწუხებს მეტლახზე მოტყაპუნე შიშველი ფეხები როდესაც სძინავთ…
ვივი ფისოა, კატის წელშია დაბადებული. მის ჩასახვამდე ერთი კნუტი მოიყვანა კოკამ ქუჩიდან. ჭრელი, წითური… მწვანე თვალებით და ჭკვიანი ქცევით. „მაშე“ დავარქვით. მააშე! მაშეთი ფისო იყო და იმიტომ. პირველსავე დღეს მიეჩვია ქვიშასთან მისვლას. უყვარდა როდესაც კარგი საქციელისთვის ვაქებდით და ვეფერებოდით აპრეხილ კუდზე… კიდევ პოპულის ყვითელი პარკისგან გაკეთებული ბაფთა უყვარდა.
შორეული მეგობარი ჰყავდა. ნინუცას ფისო – კოტე. რომელმაც კნუტების დუსტი გამოუგზავნა. ბევრჯერ ჰყავდა ფისო ნინუცას. ბევრჯერ მოუწია გაჩუქება… კოტეც გაჩუქებული იყო უკვე, იმ დროისთვის როდესაც მის დუსტში მაშეს ვგანგლავდით. ჭკვიანი იყო-მეთქი მაშე, ხომ ვთქვი. იცოდა: მაგიდაზე ასვლა, ფარდაზე კონწიალი, ავეჯის დაკლანჭვა – აკრძალულია. დავიძინეთ დუსტმოყრილ კნუტთან ერთად… გავიღვიძეთ და ყველა მაგიდა, ფარდა, ავეჯი… თეთრად არის გადათათული. ჭკვიანი იყო-მეთქი J რომ გვაძინებდა მერე ითვისებდა მთელ ბინას ისე როგორც აწყობდა J
მაშე ერთი კვირის მოყვანილი იყო ვივის გაჩენა რომ გადავწყვიტეთ. წინ გრძელი სამოგზაურო ზაფხული გვქონდა და ფისოს გაშვილებაზე დავიწყეთ ფიქრი. წითელი ბაფთით განვათავსეთ მისი ფოტო კატების ჯგუფში. იმავე საღამოს წაიყვანეს. დები იყვნენ. ძალიან თბილი, მზრუნველი დები. დღემდე ბედნიერი ცხოვრობს მაშე მათ სახლში. ფანჯრიდან გაიპარა ორის რომ იყო… რამდენიმე დღეში სადარბაზოს მხრიდან დაბრუნდა, კარით… რამდენიმე კვირაში ბევრი ჭრელი „ნიაუკა მაშეთო“ გააჩინა… კოკამ სთხოვა რომ ვაშვილებდით: „რომ გაიზრდები და დიდი ლამაზი ფისო იქნები კარგად მოიქეცი, არ გაბოზდეო J „ მაშეს უბრალოდ თავისი პირადი ცხოვრება აქვს“ J
იმდენი ვიტირე რომ ვუშვებდით ახალ ოჯახში … გოგოები მეუბნებოდნენ თუ ასე იტირებ ვეღარ წავიყვანთო … კოკაც განიცდიდა. ცრემლი ჰქონდა თვალზე და მე მამშვიდებდა: ჩვენ მაშე ქუჩას, სანაგვეს, სიცივეს, მანქანებს გადავარჩინეთ… კარგი საქმე გავუკეთეთ… კარგ ოჯახში ვუშვებთ… ჩვენ ჩვენი მისია გვქონდა მის ცხოვრებაში… მაშეს ცხოვრება უჩვენოდ გაგრძელდება მაგრამ ყოველთვის ვეყვარებითო…
რაც ვივიენი დაიბადა კატები პირდაპირ სახლში გვაკითხავენ. პერიოდულად, აივნიდან შემოდიოდა ხოლმე ერთი დიდტაკოიანი ნაცრისფერი ფისო, წრეს არტყამდა საძინებელს, ბავშვთან ჩერდებოდა და მიდიოდა… ერთ ზაფხულს, სადარბაზოს კართან ჩხაკუნი და კნავილი გავიგეთ. კოკამ გააღო. ერთი ციდა შავი კნუტი დაბარებულივით შემოვიდა. შემოიარა ყველა ოთახი. შეძვრა ყველა კუთხეში. ორი მიუღწეველი კუთხიდან გვერდებით მტვერიც კი გამოიტანა… მერე ვივის გაუგორდა. ეკნუტავა და წავიდა სადარბაზოს კარისკენ… გარეთ გასასვლელად.
მეორე დილას ბორჯომში მივდიოდით. კნუტი გავუშვით. ბორჯომშიც დაგვხვდა კატა. ორსული, რომელსაც მეგობარი მარიშკა უკვე ჰყავდა დაკაწრული. მარიშკა თბილისში წამოვიდა, ნემსებს იკეთებდა. მე კიდევ მონდომებულად ვცდილობდი ვივი არ მიკარებოდა ფისოს, რომელიც მუდმივად გვერდით ეჯდა… მეშინოდა ისიც არ დაეკაწრა. სამი დღე არ გამოჩნდა. მერე ისევ დაბრუნდა. ვფიქრობდით რომ გააჩინა. ვაკვირდებოდით და მუცელზე არაფერი ემჩნეოდა… ვივის ისევ არ შორდებოდა და გადავწყვიტეთ საჭმელი არ მიგვეცა. იქნებ წასულიყო…
რომ მიხვდა აღარაფერს ვაჭმევდით გაიქცა და კბილებით მოიყვანა ხელისგულისხელა, თეთრი, ღუნღულა კნუტი. – ვივის მოუყვანა. თან ჩვენ გვითხრა: „მია უ!“ აი, მართლა გავაჩინე, მართლა მყავს კნუტები. თქვენს კნუტს არაფერს დავუშავებ. მაჭამეთ რომ ჩემები გამოვკვებოვო <3 მოკიდა მერე ისევ კბილები და წაიყვანა სადღაც… გადასამალად… დაბრუნებულს დავახვედრეთ სოსისი ჯამით. დანაყრდა ვივის მოაფერებინა და წავიდა ისევ … მას შემდეგ კნუტები აღარ გვინახავს. მხოლოდ საჭმელად და ვივის გვერდით დასაჯდომად გვაკითხავდა.
ბევრი ასეთი ფისო ჰყავდა ვივის ოთხი წლის მანძილზე. ურეკიდან რომ მოვდიოდით, იმავე წელს, სადგურში დახვდნენ კატები. გეგონება სპეციალურად, გასაცილებლად, ვიღაცამ დაავალა… ლამის ვაგონში ჩანთებიც აგვატანინეს … მატარებელი რომ დაიძრა გაიქცნენ ისინიც…
შარშან სხვა ფისომ, ისევ ურეკში, ვეღარ გაუძლო ვივის ინტენსიური თამაშის რიტმს და საკუთარი კუდის გადასარჩენად თათით მოიგერია „შემოტევა“. არც კი უტირია. შემთხვევით ვნახე რომ ჩუმად იჯდა კარადის უჯრასთან და „სანტავიკს“ იკრავდა დასისხლიანებულ ხელზე… ვეჩხუბე. გავუბრაზდი. შემეშინდა. მარტო ვიყავი სადღაც, ურეკში, სადაც ანალგინსაც ვერ იყიდი თუ არ წაიღე… გვიანი იყო და ქუჩის ფისომ დაკაწრა ბავშვი… ორსულად იყო ისე, ის ფისოც. ფოთში წავიყვანეთ. გზაში პედიატრები ჩამოვრეკე. ყველამ მირჩია ფისოს დააკვირდი. აცრა არ გააკეთოთ. რახან გეგმიური ყველაფერი გაკეთებული აქვს სჯობს ფისოს დააკვირდე ვიდრე მთელი წელი აცრის შედეგები იწვნიო ბავშვზეო…
გადავრჩით. იმ ფისოს ქმარიც ჰყავდა. ვივი კარგად ჰყვება როგორ კოცნიდნენ მზეზე ფისო ქმარი და ფისო ცოლი ერთმანეთს თავზე, შუბლზე, ნიკაპზე და ტუჩებში! მეორე დილას ჩემზე ადრე გავიდა გარეთ. ესეც იგივე იყო რაც მეტლახზე ტყაპუნი, შიშველი ფეხით. მაშინვე ავდექი, გავედი… უყურებენ ერთმანეთს თვალებში … ფისო თავს ხრის პერიოდულად. ვივი ამშვიდებს. ალაუსავს, ვიცი ლო ბოდისს მიჰდი… მე გაპატიე… ფისომ ბოდისი მოიჰადა.
კარგად ესმის ვივიენს მათი. სიზმარშიც ხშირად ხედავს და ყვება თითოეულის ამბავს, განსხვავებულად. კიმზა რომ ნახა გამთენიისას. ეს ფისო მხოლოდ ერთი კვირა ცხოვრობდა ჩვენთან. კოკამ მოიყვანა, ისევ ქუჩიდან. მარტო იყო, სციოდა, შიოდა … თამაში უნდოდა. დედა არ ჰყავდა და არც მამა. კიმზა დაარქვეს ვივიმ და კოკამ. ნაცრისფერი, თეთრგულიანი სასაცილო კნუტია. ახლა ორი თვის იქნება უკვე. კარგ ოჯახში გავაშვილეთ. ისევ ვერ დავიტოვეთ. ქოთანს ვერ შევაჩვიეთ. დღისით მარტო უწევდა ყოფნა და კოკამაც ვეღარ გაუძლო ამდენ „ძალადობას კნუტზე“. ფისის რომ იზამდა ცხვირს აყოფინებდა, სილასთან მიჰყავდა ან სილა მოჰქონდა იმ ადგილას, ზედ სვამდა და მერე მიჰყავდა ხელ-პირის დასაბანად. კი ვუხსნიდით რომ დაბანა არ სჭირდება ფისოს, თვითონ უვლის თავს მაგრამ ასე, ფისიანს ხომ არ გავაჩერებთ სახლშიო… კიმზაც მიეჩვია ხელპირის წყლით და საპნით დაბანას…
როდესაც ცხოველი გყავს სახლში ყურადღება, სითბო და ზრუნვა არ უნდა მოაკლო. და თუ რამეს ვერ აძლევ სჯობს დაძლიო ეგოიზმი და გაუშვა იქ სადაც უკეთესად იქნება… ვივიენს ვუთხარით რომ კიმზა დედიკომ უნდა წაეყვანა, მოენატრა დედიკოს კიმზა. ვივიც დედიკოა, ამდენი თოჯინის, რბილი სათამაშოს და კიმზას მეორე დედიკო. კარგად ესმის რას ნიშნავს შვილის მონატრება. ამიტომ უსიტყვოდ დაგვთანხმდა და გაგვაშვილებინა „დედიკოსთან წავიდა კიმზა“ სიტყვებით.
არ არის ჩემი ფისო ეგოისტი. ალბათ, მე უფრო ვიეგოისტე როდესაც გავაშვილე… მერე დავჯექი და გავაანალიზე ის ფაქტი რომ იმ ერთი კვირის მანძილზე რაც კიმზა გვყავდა ვივის ერთხელაც არ უტირია, ერთხელაც არ უჭინჭყლია, ერთხელაც არ მოუთხოვია კომპიუტერთან დაჯდომა და არც მეტლახზე უხტუნავია შიშველს…
ბაღში წასვლამდე დაჭერობანას თამაშობდნენ კიმზა და ვივი. ხან ერთი იჭერდა, ხან – მეორე J დარბოდნენ გიჟებივით. კიმზა ვერ იცინის მაგრამ ვივი იცინოდა ორივეს ნაცვლად … საღამოობით ერთად ხატავდნენ და ეთამაშებოდნენ კარფურის პარკისგან შეკრულ თეთრ ბაფთას… ძილის წინ აბაზანაში ერთად შედიოდნენ. კიმზა უყურებდა. ვივი აჩვენებდა როგორ იბანენ კარგი გოგოები კიჭებს და თვალებს … ფისოა ვივიც. ყველაზე მეტად სახის და თავის დაბანას ვერ ეგუება…
„დედიკო, ისევ კიმზა დამესიზმლა მე ღამე! მიყიდე ლა, იასამნისფელი კუნტი სანამ კიმზას დააბლუნებს თავის დედიკო“… დილა დღესაც მკაცრი ჩამოწერილი განრიგით დაიწყო.
ვივის ბაღი,
ვარჯიში,
პროექტის სააპლიკაციო ფორმების შევსება,
შეხვედრა,
შეხვედრა,
შეხვედრა,
სადილი,
დასარეკი,
დასარეკი,
ვივის ბაღი …
ბაღში მიმავალ გზაზე ვივის ფეხსაცმელს ხელისგულისხელა კნუტი შეახტა. შავი, ფუმფულა, ცისფერთვალება <3 შევეცადე მოფერების შემდეგ, გზა გაგვეგრძელებინა… უკან გავიხედეთ… მანქანების სავალ ნაწილზე გადავიდა და ისე მოგვსდევდა.
ხელში ავიყვანე. ვეძებეთ კნუტის პატრონი. კნუტის დედიკო. კნუტის და ან ძმა… მხოლოდ ერთ ცარიელ ყუთს მივაგენით. ერთმაქალმა თქვა სამნი არიან, დატოვესო ასე, ქუჩაში…
სადაც კიმზა და მაშე ავიყვანეთ, გადავარჩინეთ და გავაჩუქეთ… ამ კნუტსაც დავეხმარებით-მეთქი, ვიფიქრე. ხილ-ბოსტნეულის გამყიდველ კაცს ბანანების ყუთი გამოვართვი და სახლისკენ შემოვბრუნდი რომ ვივისთან ერთად, ფისო სახლში ამომეყვანა.
ეს კი გაჩერდა და მეუბნება, ალა, დედიკო, წამო ბაღსი წამიყანე, კნუტი მელე აიყანე… გავუხვიეთ ისევ ბაღისკენ და … თქვენ გინახავთ ბავშვები დაბადების დღის ცენტრში როგორ აგროვებენ ფერად ბურთებს ერთ კალათაში? გაუგორებ, გაეკიდებიან,დაიჭერენ და გამარჯვებული სახით მორბიან უკან, კალათში ჩასაგდებად <3 ასე გაიქცა ვივი ბაღის გზაზე დაიჭირა ფუმფულა ბურთი მოირბინა და ჩამიგდო ყუთში : ) აჰლა, მესამე უდა ვიპოვნოთ სადღაც!
მესამე მალევე დავინახე … ქუჩის მეორე მხარეს… მანქანებს ვერ გადაურჩა … და თუ მანამდე მეორე ბურთის ყუთში ჩაგდებაზე ეგოისტური ელდა მეცა. „ ერთი კიდევ ხო, ორს რაღა ვუყო?!“ახლა ვფიქრობდი, კიდევ კარგი რომ ვივიმ ბაღში წამოსვლა მთხოვდა და მეორეც გადავარჩინეთ ბორბალს…
მთელი გზა მეგრელი ქალებივით კიოდნენ. მეორე თეთრია, ნაცრისფერი ლაქებით, ცისფერთვალება. პირველი შავი უფრო წყნარად გრძნობდა თავს ბანანის ყუთში… ჩემი ფისო ბედნიერი და ამაყი დავტოვე ბაღში. უკვე ყველას მოუყვებოდა როგორ კნუტს კი არა კნუტებს უვლიან მის დაბრუნებამდე, დედიკო და მამიკო, სახლში.
პირდაპირ საძინებლის კარი შევაღე. ესენი ისევ დასავლურად კიოდნენ. კნავილზე კოკა წამოხტა გახარებული: ვინ მოიყვანე?!“ მაჩვენე რა! ვინ მოიყვანე?! ანუ, მესიზმრებოდა ახლა რომ ლეკვი მოგყავდა ჩემთან და კნუტები მოიყვანე?! თან ორი?! რა კარგი გოგო ხარ, როგორ მიყვარხარ! რა კარგები არიან! ჩემო პატალებო, ლამაზებო, კიმზებო, მაშეთებო <3

მაშეთო – მაშე
კიმზუნა – კიმზა
აივანზე დავუსხით ჯამში რძე და მზით გახურებულ ლურჯ მეტლახზე დავუდგით ყუთი. კიმზას წითელი შარფი ჩავუფინეთ შიგ, გასათბობად. ყვითელი სველი თბილი ტილოთი „გავლოკეთ“ ორივე და ახლა სძინავთ… კოკა წავიდა, დამიბარა რომ ვეთამაშო გაღვიძებულებს. მე ნახევრად ვივარჯიშე… დღეს მკაცრი გრაფიკი ვეღარ მექნება. გადავაადგილე უკვე შეხვედრები. აპლიკაციებს კი შევავსებ, წესით… ფისოებს სძინავთ და არ იციან რომ მალე ვივი მოვა მათთან საკნუტაოდ და არც ის იციან, ალბათ, რომ გავაშვილებთ…
თუმცა იმ შავმა ფუმფულა კნუტმა ზუსტად იცოდა ვის შავ ფეხსაცმელს უნდა შეხტომოდა დილაადრიან <3
ხვალ დილას მეტლახზე შიშველი ფეხების ტყაპუნი არ გამაღვიძებს. გაერთობიან ფისოები ჩემ გარეშეც, სანამ ავდგები <3
ანნა ბასტუკა
ვისაც ამ ორი იღბლიანი, ბედნიერი და სიხარულისმომტანი ბურთის შვილად აყვანის სურვილი გაქვთ დაგვიკავშირდით: 593 219 621 <3 სიამოვნებით გავაშვილებთ თბილ, მზრუნველ და ყურადღებიან ოჯახში <3 სადაც თვითონაც
ბევრ სიყვარულს და სითბოს შემოიტანენ <3