ასტროლოგიური მაღაზია

ქალწული – სასიყვარულო შეთავსება

ქალწულიქალწული – ვერძი

საკმაოდ იშვიათი კავშირია. ქალწული ვერ უგებს და ვერ იტანს ვერძის იმპულსურ, მოუთმენელ ხასიათს. ქალწულის გულგრილობა, წინდახედულობა და დახვეწილი პრანჭიაობა თავიდან ვერძს აღაგზნებს და მოქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა, როგორც კი საპასუხო ნაბიჯებს ვერ აღმოაჩენს, მაშინვე უარყოფითად განეწყობა მის მიმართ და ღიზიანდება. ასეთ შემთხვევაში, ვერძი ხშირად გრძნობს თავს მოტყუებულად, ვერ აანალიზებს რა, ქალწულის რეალურ ემოციურ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ვერძს წვრილმანი დეტალებით „აგდებს“, ის ვერასოდეს შეძლებს ამ ნიშნის რეალურად გამოჭერასა და მოხიბვლას. ეს ორი ნიშანი მალევე შორდება ერთმანეთს, ან უცხო ადამიანებივით აგრძელებენ ცხოვრებას… ვერძისთვის ხომ სიყვარული შემოქმედებაა, ქალწულისთვის კი- ამოუცნობი საიდუმლო.

ქალწული – კურო

ბედნიერი კავშირია. ორივე მშვენიერი მეოჯახეა. ორივე საღი, პრაქტიკული, რეალისტი ადამიანები არიან. როდესაც კურო ჯიუტობს, ქალწული ნებისმიერ დათმობაზე მიდის, რათა ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვე შეინარჩუნოს. ქალწული აღფრთოვანებულია კუროს ჰარმონიულობით და მისგან ცხოვრების, არსებობისა და სიხარულის გემოს გებულობს. კურო აღფრთოვანებულია ქალწულის სტაბილურობით, ერთგულებით და მოთმინებით. ამ ორ ნიშანს მიწიერი სიამოვნებებისადმი სწრაფვაც აერთიანებს. ბავშვების დაბადება მათ ოჯახს კიდევ უფრო მტკიცეს ხდის, რადგან შვილები ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. კუროსა და ქალწულის ურთიერთობა შეიძლება გართულდეს მხოლოდ კუროს ეჭვიანობის გამო, რომელიც გამოწვეული იქნება ქალწულის პრანჭიაობით. მესაკუთრე კურო ვერ იტანს ამგვარ საქციელს.

ქალწული – ტყუპები

ორივე ნიშანს მერკური მფარველობს, თუმცა ეს მფარველობა მათში განსხვავებულად ვლინდება. ისინი იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ იმ შემთვევაში იქნება წარმატებული, თუ საერთო ინტერესები აქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიან. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ მათ ოჯახში განსაკუთრებულ გონიერებას ქალწული იჩენდეს და საერთოდაც, მან უნდა ითაოს ოჯახის გაძღოლა.

ქალწული – კირჩხიბი

კარგი კავშირია, რადგან კაპრიზული, ნერვიული დ ქაოტური კირჩხიბის გაგება, სხვებზე უკეთ, სწორედ ქალწულს შეუძლია. ქალწული აძლევს კირჩხიბს მისთვის აუცილებელ თავისუფლებას, შესაძლებლობას – წავიდეს და უკან დაბრუნდეს. ყოველ ჯერზე ქალწული იფარებს, ეხმარება და იცოდებს უკან დაბრუნებულ კირჩხიბს სჯერა რა, რომ ეს უკანასკნელად ხდება! კირჩხიბებს მოსწონთ ქალწულის სტაბილურობა, გონიერება, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების უნარი. ოჯახისა და ბავშვების ხათრით ქალწული ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. ქალწულები კი მოხიბლულნი არიან კირჩხიბის მგრძნობელობით და ემოციურობით.

ქალწული – ლომი

სრული გაუცხოების კავშირია. ცივი და პრანჭია ქალწული, თავიდან, ხელოვნურად იწვევს ლომს, შემდეგ კი დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთში უამრავ ნაკლს აღმოაჩენენ ხოლმე. თუ ლომი ქალია, ქალწულის მეწვრილმანეობა და სკურპულოზულობა განსაკუთრებით ტკენს მას გულს. ლომისთვის ქალწული ცივია, მისი პრანჭია ბუნება კი აეჭვიანებს და აგიჟებს მას. მათი ქორწინება წარმატებული იქნება მხოლოდ საერთო შემოქმედებითი მიზნების, ან თითოეულის ნიშნის ატიპიურობის შემთხვევაში.

ქალწული – ქალწული

ხშირად, ეს კავშირი ბედნიერი და წარმატებულია, რადგან მხოლოდ ქალწულს შეუძლია გაიგოს ქალწულის გემოვნება, მოთხოვნილებები და შესაძლებლობები. მთავარია, ეს წყვილი იმდენად არ გადაყვეს წვრილმანებს, რომ უმთავრესი მხედველობიდან არ გამორჩეს, რაც ხშირად მათთვის დამახასიათებელია. ქალწულებისთვის, ასევე სასურველია კრიტიკულობასა და ერთმანეთისთვის მორალის კითხვაზე უარის თქმა.

ქალწული – სასწორი

ხშირი და ძალიან წარმატებული კავშირია. მათ კომფორტის, სიმყუდროვის, კეთილდღეობისა და წონასწორობისკენ სწრაფვა აერთიანებთ. სასწორმა ყველაფრის შესახებ ცოტ-ცოტა იცის, ქალწული კი სიღრმისეულად შეისწავლის და ანალიზს უკეთებს პრობლემას. ისინი ისეთი თვისებებით ავსებენ ერთმანეთს, რომლებიც თავად არ გააჩნიათ.

ქალწული – მორიელი

ეს კავშირი წარმატებული რომ იყოს, ორივეს ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს, თუმცა მათი ქორწინება მაინც არ იქნება მშვიდი. მეუღლეები ერთმანეთს მუდმივად გამოცდას უტარებენ და მათი კავშირი კრიზისის ზღვარზე რჩება. მორიელის მაგნიტურობა და ზემგრძნობიარობა აფორიაქებს ქალწულს და შეწინააღმდეგების მიზნით იძაბება, აქედან მოდის მუდმივი საბრძოლო განწყობაც. მხოლოდ ბრძენ და მომთმენ ქალწულს შეუძლია აქტიურ და ვნებიან მორიელთან გამკლავება.

ქალწული – მშვილდოსანი

იშვიათი კავშირია. ეკონომიის მოყვარე ქალწული იტანჯება მშვილდოსნის მფლანგველობით. მათი გაერთიანება მხოლოდ სოციალურ ან რელიგიურ სფეროში საზოგადოებრივ მოღვაწეობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ურთიერთობაში ქალწული ემსახურება მშვილდოსნის მიზნებს.

ქალწული – თხის რქა

გაწონასწორებული და მყარი კავშირია. ორივე რეალურად უყურებს ცხოვრებას, საღად მოაზროვნე და პრაქტიკული ადამიანები არიან. თხის რქას დეტალებზე შეუძლია ყურადღების გამახვილება, რასაც ქალწული ძალიან აფასებს. ის თხის რქასთან სიყვარულის საიდუმლოს შეიცნობს. მას პარტნიორისგან ნაზი სიტყვები, მისით აღფრთოვანება და მისი ღირსებების აღნიშვნა სჭირდება. სხვა შემთვევაში შეიძლება მათ ურთიერთობაში ბზარიც კი გაჩნდეს, თუმცა ბავშვებს, მაინც შეუძლიათ ეს ქორწინება დაუნგრეველი გახადონ.

ქალწული – მერწყული

იშვიათი კავშირია. ქალწულს უყვარს სახლი, წესრიგი, სახლში საქმიანობა. თავისუფალი მერწყულისთვის კი მთავარია მეგობრები, მოგზაურობა, უპრობლემო ცხოვრება და ადგილი, სადაც დაბრუნებაა შესაძლებელი. მათი ქორწინების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქალწულის მოთმინებაზე.

ქალწული – თევზები

რთული და იშვიათი კავშირია. მეოჯახე ქალწულისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია. ის სახლში გამუდმებით რაღაცას აგროვებს და ოჯახს უფრთხილდება. ქალწული სიყვარულში თბილი, საყვარელი, სუფთაა, მაგრამ სასიყვარულო სიტყვებს ვერ პოულობს. პრობლემურია, თუ თევზები ქალია და ქალწულის კრიტიკულობის ატანა უწევს… მისტიურ, დაბნეულ თევზებს და კონკრეტულ ქალწულს ხშირად არ ესმით ერთმანეთის. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები