ქალწული ბოსი
თუკი თქვენი ბოსი ქალწულია, ძალიან მკაცრად ნუ განსჯით. სულის სიღრმეში იგი არც ის მშვიდი და ბედნიერია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ქალწულები ლიდერებად არ იბადებიან, ამიტომ როცა უფროსი ხდება, გრძნობს რომ ეს მისი საქმე არ არის. ცხადია გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ ალბათ სხვა ნიშნების გავლენით.
ტიპიური ქალწული მეფის მთავარი მრჩეველი და მარჯვენა ხელი უფროა, ვიდრე მეფე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი შემსრულებელი და რეალურად საქმის გამკეთებელი უფროა, ვიდრე ბოსი. როგორღაც ყოველთვის ჩრდილში რჩება. ქალწულს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ურჩევნია, სადაც რამდენიმე ნაცნობთან აქვს საქმე, მსხვილი კომპანიის ერთპიროვნულ ლიდერობას, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ხელქვეითთა პირადი პრობლემებიც გადაჭრას. ტიპიური ქალწულისთვის ეს უჩვეულოდ დამღლელი საქმიანობაა, რომელიც უფრო მაგარ ნერვებს და სქელ კანს მოითხოვს.
გარდა ამისა იგი ისე ნათლად ხედავს საგნის ცალკეულ დეტალებს, თვით საგანი მთლიანობაში შესაძლოა ვერ აღიქვას. უფრო მარტივად, ხეების მიღმა ტყე ვერ დაინახოს. სამაგიეროდ ლიდერად დაბადებული ადამიანებისგან განსხვავებით, როგორებიც უფრო მეტად ცეცხლის ნიშნებში გვხვდებიან, მას პატარა წვრილმანიც კი არასოდეს გამორჩება. ამიტომ სხვების მიერ შედგენილი პროექტების დეტალებში დამუშავებას ბრწყინვალედ ახერხებს. ქალწულის ნიჭი, სამუშაო მაგიდასთან უფრო მჟღავნდება, ვიდრე სახალხოდ. თუმცა მათი მუშაობის მეთოდიკა იმდენად გაუგებარია, ხშირად ორპირობაში დებენ ბრალს, მაგრამ ასეთები ნამდვილად არ არიან. უფრო პირიქით, როცა საქმისთვის საჭიროა უფროსის მიერ ტყუილის თქმა, ან სინამდვილის შელამაზება, ამას ძალიან იშვიათად და უხალისოდ აკეთებს. აღსანიშნავია რომ ყოველდღიურ მსგავს თვალთმაქცობას, ქალწულის ნერვულ აშლილობამდე მიყვანა შეუძლია.
გაცილებით უკეთაა საქმე, როდესაც მისი თანამშრომლების რიცხვი ათიოდე ადამიანს არ აღემატება. ფირმა გიგანტი ქალწულის დაქვემდებარებაში, პირდაპირ კოშმარია, თუ რა თქმა უნდა ტიპიური ქალწულის შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ქალწული მოუწესრიგებელ, ფეთხუმ და დაუდევარ მდივანს, ვერაფრით აიტანს, რაც არ უნდა ნიჭიერი და მზეთუნახავი იყოს ეს უკანასკნელი.
თუ გსურთ მის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, სწრაფი, ზუსტი და მოწესრიგებული უნდა იყოთ და რაღა თქმა უნდა საზრიანიც. მისი ყოველი შენიშვნა მშვიდად, ჩუმად და შეკამათების გარეშე მიიღოთ. გირჩევთ უშეცდომოდ მუშაობა ისწავლოთ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით.
საერთოდ, მის მეწვრილმანეობას, კრიტიკოსოსბასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენს ბოსში კარგ პიროვნებას დაინახავთ: სამართლიანსა და ყურადღებიანს. ყოველთვის თანაგრძნობით მოგისმენთ, რამე თუ გიჭირთ სამსახურიდან ადრე გასვლაზე უარს არ გეტყვით, თუმცა არასოდეს გაპატიებთ სამსახურში ფლირტაობას, გაჩეჩილ თმას და უსუფთაო სამუშაო ადგილს.
თუკი მას გაგებით და პატივისცემით მოეპყრობით, რასაც ნამდვილად იმსახურებს, რბილ, დაკვირვებულ და მზრუნველ მფარველს დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად იგი ბუნებით მარტოსული ადამიანია და თქვენს მეგობრულ თანადგომას ძალიან დააფასებს.
ლინდა გუდმანი