Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ურთიერთობების პოტენციალი რუკაზე

short-love-storiesანუ რა გვჭირდება ურთიერთობისგან?

როცა ურთიერთობების ანალიზს ვიწყებთ, აუცილებელია ჩავხედოთ წყვილის რუკებს და ურთიერთობების პოტენციალს დავაკვირდეთ ცალ-ცალკე. ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ, თუ გინდათ რომ სხვისი ჯანმრთელი სიყვარული შეძლოთ. უნდა ვნახოთ თითოეული ინდივიდის რუკაზე, რას ითხოვენ ისინი ურთიერთობებისგან და რა ხიბლავთ სხვებთან ურთიერთობაში.

ჩვენი ხასიათის ბევრი თვისება, რომლებიც უხილავია ზედაპირულ ურთიერთობებში, პირადულ ურთიერთობებში ვლინდება, რადგან შემთხვევით ურთიერთობებში საკუთარი თავის ღრმა ინვესტიცირებას არ ვახდენთ. ხელოვნურ ურთიერთობებში არ არსებობს რისკი, საკუთარი დაკარგვის შიში. ამიტომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზოგიერთი საკითხი, რომელიც მხოლოდ პირადულ ურთიერთობებში ვლინდება. ერთ-ერთი თემაა პროექცია.

ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით ეს არის ადამიანის თავდაცვითი მექანიზმი – ცნობიერებიდან განდევნილი მიუღებელი სურვილების, გრძნობების თუ თვისებების მიწერა სხვაზე. (მაგალითად, გოგონა, რომელსაც ჰგონია რომ ყველა ბიჭი მასზე გიჟდება, რეალურად თავისი სექსუალური სურვილების პროექცირებას ახდენს ბიჭებზე, ან კიდევ ქალი, მკაცრი მორალური ეგოთი, რომელიც ზედ არ უყურებს მამაკაცებს, მაგრამ ყველა ქალი, რომელსაც მამაკაცთან ერთად ხედავს, ამორალური ჰგონია). ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მზად არ ვართ თვალი გავუსწოროთ ამ თვისებებს, დამოკიდებულებებსა თუ ქცევებს, პროექცია კი საშუალებას გვაძლევს სხვებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა. ჩვენ გადავდივართ პასივში, ადამიანი კი რომელზეც პროექცირებას ვახდენთ, ინიციატორი ხდება.

მაგალითად, ეჭვიანი მეუღლე – როცა მამაკაცი ხედავს თავის ცოლს საწინააღმდეგო სქესთან მოსაუბრეს, შეიძლება წარმოიდგინოს, რომ საუბარი იმაზე უფრო ინტიმურია, ვიდრე რეალურად არის – ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად ეშინია ასეთ სიტუაციაში არ იცუღლუტოს. მას ამის აღიარება არ სურს, ამიტომ ორგულობის პროექცირებას ახდენს ცოლზე.

ახლო ურთიერთობებში ჩვენ ვიხიბლებით ადამიანებით, რომლებიც ავლენენ თვისებებს, რომელსაც ჩვენ საკუთარ თავში უარვყოფთ. ყველა მშვენივრად იგრძნობდა თავს, თუკი შევწყვეტდით ფიქრს იმაზე, თუ რა გვაღიზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს პარტნიორში. ჩნდება კითხვა: ჩვენ ვეძებთ ადამიანს ხასიათის იმ შტრიხებით, რომელიც გვაკლია, კომპენსირების მიზნით, თუ უბრალოდ პროექცირებას ვახდენთ? ურთიერთობები ყველაზე მეტად გვეხმარება საკუთარი თავის შესწავლაში, თუკი ღია ვართ სწავლისთვის და თუკი პატიოსნად შეგვიძლია გავუსწოროთ თვალი საკუთარ თავს. დრო და დრო ყველანი ვიყენებთ პროექციას. ჩვენ უარვყოფთ რაღაც ნაწილს საკუთარი თავისას და ეს უარყოფილი ნაწილი კარგად ჩანს ჩვენს ნატალურ რუკაზე.

პროექცია უმეტეს შემთხვევაში დესცედენტზე ჩნდება ოპოზიციებით და ხანდახან სატურნთანაც, დესცედენტი და მეშვიდე სახლი ავლენენ რას ვეძებთ სხვებში და ეს შესაძლოა სწორედ ის თვისებები იყოს, რომელსაც უარვყოფთ და მერე სხვებზე ვახდენთ პროექცირებას.

ამის მანიშნებელია ვენერას ოპოზიციაც ნატალურ რუკაზე, პლანეტა, რომელიც ვენერასთან ოპოზიციაშია პროეცირდება სასიყვარულო პარტნიორზე. მაგალითად, მთვარის ოპოზიცის შემთხვევაში შესაძლოა მოვახდინოთ ემოციური მდგომარეობის პროექცირება სხვებზე, რის შედეგადაც სხვა პლანეტა გავატაროთ ინტიმურ ურთიერთობებში.

პროექციის ხასიათზე მიუთითებს მეთორმეტე სახლიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ავლენს პიროვნების იმ ნაწილს, რომელსაც თვითონ პიროვნებაში ინტეგრირება უჭირს, ვინაიდან არ არის ადვილი მისაღები. მეთორმეტე სახლის ჩახშობა კიდევ შეიძლება, მეშვიდესგან განსხვავებით, რომელიც არც ისე პირდაპირი გზით ვლინდება. მაგალითად, როცა მეთორმეტე სახლს ვხვდებით სხვებში, ნაკლებად მიდრეკილი ვართ გამოვაცხადოთ ეს ადამიანი ,,იმ ერთადერთად”, როგორც ხდება ხოლმე მეშვიდე სახლის შემთხვევაში. მათი არსებობა დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ მაინც ვურიგდებით, რასაც განვიცდით, იმიტომ, რომ როცა ადამიანი მეთორმეტეს გვიაქტიურებს, ჩვენშივე აქტიურდება ეს დამალული ხასიათის შტრიხები და გრძნობები. ეს ჩახშული ,,მასალა” შესაძლოა არ გამოვლინდეს თავდაცვითი მექანიზმების მეშვეობით. ის ვლინდება არა პირდაპირი, არამედ ფანტაზიებისა და დამოკიდებულებების მეშვეობით.

რეპრესიების დიდი მოყვარულია სატურნიც, მაგრამ სატურნი წარმოადგენს სირცხვილს, რომელსაც განვიცდით სრულყოფილებასთან, სტანდარტებსა და მკაცრ წესებთან შესაბამისობაში ვერ მოსვლის გამო, მეთორმეტე სახლი კი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც ჩავახშვეთ ადრეულ ასაკში მშობლების ,,დახმარებით”, ან თუკი რეინკარნაციის გვჯერა, წინა ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების შედეგად. ეს უარყოფილი ნაწილი შესაძლოა ძალიან ადვილად დამახინჯდეს და საზიანო შეიქმნას სხვებისა და საკუთარი თავისთვის. სატურნის მდებარეობა რუკაზე გასაღებია სფეროსი, სადაც საშინელი კომპლექსებით ვიტანჯებით და ზე-კომპენსირებას ვცდილობთ. თუკი ამ სირცხვილს თვალს ვერ გავუსწორებთ, ურთიერთობებში გადავიტანთ. ხანდახან ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვტანჯავთ, რათა ამ სირცხვილს გავუმკლავდეთ.

პლუტონი, როცა ურთიერთობებების სიგნიფიკატორია ნატალურ რუკაზე, შესაძლოა მიუთითებდეს ადამიანზე, რომელიც საკუთარი თავის სრულ იდენტიფიცირებას ახდენს ურთიერთობასა და ხშირად, აკვიატებებთან. მცდელობით – მართონ ურთიერთობის განვითარება, ქმნიან დამოკიდებულებებს ურთიერთობებსა თუ პარტნიორებზე. ასეტ ადამიანებს შესაძლოა ეშინოდეთ მიტოვების და ყოველგვარი საშუალებით ცდილობდენ მიიწებონ მეორე ნახევრები. ,,რაც გელანდებოდეს, ის გემართებოდესო,, – სწორედ ეს მცდელობა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოხდეს ის, რისიც ეშინია – მიატოვონ საბოლოო ჯამში.

მათ დაუოკებელი სურვილი აქვთ, პარტნიორს მათ გარეშე არსებობა არ შეეძლოს და მანიმპულატორობასაც არ ერიდებიან მიზნის მისაღწევად. როცა მანიპულაციას მიმართავს ადამიანი, საკუთარ თავს აშკარად ეუბნება, რომ გარემოზე ზემოქმედება არ ძალუძს ნორმალური, პირდაპირი გზით და ამით ძირს უთხრის როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს. ეშინია, რომ მისი მცდელობა ფუჭად ჩაივლის. როცა ადამიანი ძალაუფლებისთვის იბრძვის, ჰგონია რომ ეძებს პარტნიორთან დაახლოების გზებს, რეალურად კი შორდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პოზიტიურ გამოვლინებაში პლუტონი სიახლოვის და სიღრმის მიღწევის შესაძლებლობაა, ყოველგვარი გამანადგურებელი ტაქტიკის გარეშე.

როცა პერსონალური პლანეტებს, განსაკუთრებით მთვარეს და ვენერას ასპექტი კვინკონსი აქვს, ადამიანს ნდობის პრობლემა აქვს. ეს ადამიანები ადვილად იქცევიან ხოლმე ფეხშესაწმენდ ტილოდ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ სხვებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. პრობლემების გადაჭრის გზები ჩაღრმავებაა. მაგალითად, როცა მთვარე ვენერას აქვს ერთმანეთში კვინკონსი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცხოვრებისგან იღებენ იმას, რასაც ითხოვენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ არ სურთ ის, რასაც ითხოვენ. როცა მეშვიდე სახლის მმართველს აქვს კვინკონსი, შესაძლოა იყოს მიდრეკილება, რომ ადამიანი ვერ აფასებდეს საკუთარ თავს სათანადოდ და ამას პარტნიორი თავის სასარგებლოდ იყენებდეს.

ახლა კი ვენერას ასპექტები, როგორც ურთიერთობების გასაღები:

ვენერა – მზე : ზედმეტად იდენტიფიცირდებიან ურთიერთობებში. ძალიან მომხიბლავები და რომანტიულები არიან და ღიები სიყვარულისთვის.

ვენერა – მთვარე: ზედმეტად კაცთმოყვარე ხალხია, რასაც ბევრი სათავისოდ იყენებს. ძალიან ცდილობენ არ ითამაშონ ადამიანის გრძნობებზე, არ ატკინონ გული.. ზედმეტად სენსიტიურები არიან და პარტნიორზე დამოკიდებულებები.

ვენერა – სატურნი : სიყვარული ასოცირდება პასუხისმგებლობასთან. ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობას, ზედმეტ ვალდებულებებს იღებენ პარტნიორთან მიმართებაში, ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. უჭირთ სიყვარულის გამომჟღავნება. შესაძლოა მიუწვდომელი ადამიანებით იხიბლებოდნენ და ა.შ. ამ ასპექტის მოქმედება ბევრნაირად მჟღავნდება. მაგალითად, მამაკაცი ვენერა სატურნის შეერთებით (ვერძში) 20 წელია დაქორწინებულია და არც აპირებს განქორწინებას, მაგრამ აცხადებს რომ არასოდეს ყოფილა შეყვარებული და არც არასოდეს იქნება, მისი აზრით.

ვენერა – ურანი: ძალიან ახირებულები არიან პარტნიორობაში. ძალიან აღაშფოთებთ ნებისმიერი ჩარევა მის ცხოვრებაში პარტნიორის მხრიდან ხოლმე. იხიბლებიან უცნაური და არატრადიციული ურთიერთობებით, არიან სექსუალურად ცნობისმოყვარეები და ექსპერიმენტულები.

ვენერა – ნეპტუნი: რომანტიკული შეხედულებები აქვთ სიყვარულზე. ეძებენ იდეალურ ურთიერთობას და იმედოვნებენ, რომ ეს ურთიერთობა ყოველდღიურობაზე მაღლა იდგება, მაგრამ ხშირად უცრუვდებათ იმედები, რადგან მიდრეკილება აქვთ შეალამაზონ თუნდაც ყველაზე თვალშისაცემი პრობლემები ურთიერთობებში. როცა დაძაბული ასპექტია, მაშინ ან ზედმეტად ეჭვიანობენ ან ზედმეტად ენდობიან ხოლმე. უჭირთ პარტნიორის ისეთად დანახვა, როგორიც რეალურად არის, იმიტომ რომ არაამქვეყნიური მოთხოვნებიდან ამოდიან.

ვენერა – პლუტონი: მთლიანად ეფლობიან ურთიერთობაში. ცდილობენ აკონტროლონ პარტნიორები, ან კიდევ იზიდავენ პარტნიორებს, რომლებიც მათ გაკონტროლებას ცდილობენ. ზედმეტად დრამატულები არიან სიყვარულში.

როცა ურთიერთობების მაჩვენებლები მეთორმეტე სახლთან არიან კავშირში, ჩნდება ტენდენცია, რომ ადამიანები მალავდნენ და აპრივატულებდნენ ურთიერთობას, ან კიდევ საიდუმლო ურთიერთობებით იყვნენ მოხიბლულები.

მათ აქვთ ძალიან დიდი შინაგანი მოთხოვნილება ეძიონ მხარდაჭერა პარტნიორში და სიამოვნებთ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ძალიან პრივატულია. ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა მეშვიდეს ან მეხუთე სახლის მმართველი არის მეთორმეტეში, ან კიდევ ძლიერი ასპექტი აქვს მეთორმეტე სახლის პლანეტასთან ან მმართველთან. როცა მეთორმეტეს მმართველია მეშვიდეში, მაშინ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ეს ადამიანები ხიბლავენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი ხასიათის უარყოფილ შტრიხებს. შედეგად კი საკმაოდ რთულ ურთიერთობას ვიღებთ, განსაკუთრებით თუ ამ ტენდენციის შესახებ არაფერი იცით.

ძალიან სერიოზული თემაა ამ კუთხით რეტროგრადული ვენერაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობების ერთ-ერთი სიგნიფიკატორია (მაგალითად მეშვიდე სახლშია, ან მეშვიდეს მართავს). ამ დროს ჩნდება ტენდენცია, რომ შეზღუდული იყოს სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა და ამიტომაც სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მას უჭირს ობიექტურობა, როცა საქმე სიყვარულს ეხება და ზოგადად ურთიერთობებს და ზედმეტად სენსიტიურია პარტნიორობაში ნებისმიერი აღმართ-დაღმართის მიმართ. ზედაპირული ურთიერთობები არც ისე ღირებულია მისთვის და პირადულ ურთიერთობებშიც იშვიათად არიან მსუბუქები.

რაც შეეხება მეშვიდე სახლს, ჩვენ უკვე ვახსენეთ რომ ის წარმოადგენს ,,სხვებს”, ის არის პირველი სახლის (ამომავალი ნიშნის) ოპოზიცია, რომელიც ჩვენს ,,მეს” წარმოადგენს. დესცედენტი არის სარკე, რომელიც პირველი სახლის იდენტობას ირეკლავს. სწორედ მისი მეშვეობით ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი, თანამშრომლობისა თუ შეჯიბრის გავლით.

მეშვიდეს მმართველი და მისი მდებარეობა სახლებში აჩვენებს თუ სად შეიძლება შეხვდეს ის თავის პარტნიორს. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, მეშვიდეს მმართველი მეექვსეში ნიშნავს რომ ადამიანი მომავალ მეუღლეს (ან მასთან გათანაბრებულ პირს ) სამსახურში შეხვდება. მეცხრე სახლში – სკოლაში, უნივერსიტეტში, უცხოეთში, ან უცხოელზე დაქორწინდება და ასე შემდეგ. თუმცა მეშვიდეს მმართველი უფრო ხშირად ავლენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ურთიერთობების ხასიათზე, პარტნიორის ხასიათზე და საერთოდ, ზოგადად პარტნიორულ მოთხოვნებზე. ასე რომ ადამიანი მეშვიდეს მმართველით მეექვსეში, შეიძლება მოიხიბლოს ურთიერთობებით, რომელიც აშკარად შეუფერებელია, იმიტომ, რომ ეს არის მეექვსე სახლის ბუნება. მაგალითად, ხიბლავდეს ადამიანი ,,გაძაღლებული ცხოვრებით”. მეშვიდე სახლის მმართველი კარგად აჩვენებს პიროვნების იმ ასპექტებს, რომლებიც მხოლოდ პარტნიორობაში იჩენს ხოლმე თავს. გადაამოწმეთ მეშვიდე სახლის მმართველის ასპექტები, ეს არის სწორედ ის დინამიკა, ურთიერთობაში რომ ჩნდება.

პერსონალური პლანეტებით მეშვიდე სახლში, ადამიანს ძლიერი მოთხოვნილება აქვს პარტნიორის, რათა საკუთარი პიროვნების რაღაც ნაწილის რეალიზაცია მოახდინოს, მაგრამ საბოლოოდ პარტნიორობა დაზარალდება თუკი ეს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებს საკუთარი პიროვნების ამ ნაწილზე.

მზე მეშვიდე სახლში მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც მოლაპარაკებები მოსწონს და კომპრომისზე წასვლა ურჩევნია კონფლიქტებს. მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პარტნიორობა, სხვა ადამიანი სჭირდება, რათა ეგოს რეალიზება მოახდინოს. ის იმდენად შთანთქმული პარტნიორობაში, რომ არსებობს იდენტობის დაკარგვის საფრთხე.

მთვარე მეშვიდე სახლში, საოცარი ემოციური დამოკიდებულებაა პარტნიორზე, უკიდურესი მოთხოვნილება – ჰყავდეს პარტნიორი. დრაივი – იზრუნოს ვინმეზე, ან იზრუნონ მასზე, იმდენად ძლიერია, რომ თუკი ეს ურთიერთობა მის ემოციურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, აუცილებლად განწირულია.

მერკურით მეშვიდეში ადამიანის თვითგამოხატვა და კომუნიკაციის უნარები იღვიძებენ პარტნიორობაში. ამ ადამიანს სჭირდება რომ უსმენდნენ და უგებდნენ, კმაყოფილი რომ იყოს ურთიერთობით.

ვენერა მეშვიდეში ჰარმონიის და ბალანსის საჭიროებას გრძნობს. ძალიან უჭირს უგულო და არასტაბილურ ურთიერთობებთან გამკლავება და იბრძვის პარტნიორთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ. დაძაბული სიტუაციები ძალიან აშინებს.

მარსი მეშვიდე სახლში პარტნიორის მეშვეობით კვებავს დრაივს და ურთიერთობებიდან იღებს ენერგიას. მას მხოლოდ პარტნიორობაში ახერხებს იცოცხლოს და ზედმეტად მშვიდობიანი და წყნარი ურთიერთობა ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. მას აქტიური ცოცხალი ურთიერთობა სურს, და შესაძლოა ზედმეტად დამოკიდებული იყოს პარტნიორზე მოტივაციის მისაღებად სწორედ რომ პროექციის მეთოდით. წინ დიდი რბოლა გელით.

კოლექტიური პლანეტები მეშვიდეში უფრო იმას გვიჩვენებენ, რას ვეძებთ პარტნიორობაში, ვიდრე საკუთარი ხასიათის უარყოფილ თვისებებს.

იუპიტერით მეშვიდეში ადამიანი ეძებს გონებაგახსნილ, კეთილშობილ სულიერად განვითარებულ ადამიანს. მას უნდა რომ იზრდებოდეს პარტნიორობაში და უჭირს იპოვოს პარტნიორი, რომელიც შეძლებს რომ მუდმივად მოახერხოს ეს.

სატურნი მეშვიდეში – მინდა დაგამშვიდოთ… გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, გაუთხოვრობის ან გვიანი გათხოვების პრობლემა სულაც არ არის ეს. ბევრი ადამიანი არსებობს ამქვეყნად სატურნით მეშვიდეში, რომლებიც ახალგაზრდები გათხოვდნენ და არც ბევრად უფროსი პარტნიორები ყავთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ადამიანს იზიდავს მოწიფული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე პარტნიორი და გაცილებით უფრო მძიმედ და სერიოზულად უყურებს პარტნიორობას, ვიდრე სხვები. უჭირს პარტნიორის მეტისმეტი საჭიროებასთან გამკლავება და ძალიან იტანჯება პარტნიორობაში. თუნდაც ნდობის კომპრომისზე წავიდეს, სიყვარულის გამომჟღავნების პრობლემა დგება. შეიძლება მექანიკურად აკეთებდეს, რასაც თვლის რომ ევალება, ყოველგვარი ინტერესის გარეშე, მაგრამ ემოციებს ხურავს, როცა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ან გული აქვს ნატკენი.

ურანს მეშვიდეში ხიბლავს ყოველგვარი დოგმების, საზოგადოებაში მიღებული წესებისგან და ტრადიციებისგან თავისუფალი პარტნიორობა. მას სული ეხუთება საზღვრებში, დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რათა განსაკუთრებული და არასტანდარტული ურთიერთობების დაუოკებელმა წყურვილმა ნორმალური კავშირი არ დააკარგვინოს მეწყვილესთან.

ნეპტუნი მეშვიდეში მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც სჭირდება ,,მხსნელი”, ან ,,მსხვერპლი”. სულიერი კავშირის მოთხოვნილება აქვს მეორე ნახევართან, მაგრამ უჭირს პარტნიორის რეალურად აღქმა და თუ სხვა ასპექტები რუკაში ღრუბლებიდან მიწაზე არ ჩამოახედებს ბევრი გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ.

პლუტონი მეშვიდეში ითხოვს ადამიანს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თუნდაც არ აღიარებდეს, ქვეცნობიერად ეშინია ურთიერთობის რღვევის და ამიტომ მესაკუთრე პარტნიორები მოსწონს, რომელზეც მოახდენს თავისი განდევნილი სურვილების და მიტოვების შიშის პროექცირებას.

ქირონი მეშვიდეში კრიტიკისადმი ზედმეტად მგრძნობიარეს ხდის ადამიანს პარტნიორობაში. შესაძლოა უჭირდეს ურთიერთობის მიღება, მაგრამ საკუთარი ტყავიდან ძვრება, რომ პარტნიორთან მართალი იყოს. თუკი რაღაცის გაფუჭების შიშს მოიცილებს, ძალიან დიდი გავლენის მოხდენას შეძლებს პარტნიორობაზე.

სამხრეთის კვანძი მეშვიდეში აყალიბებს ურთიერთდამოკიდებულებას პარტნიორობაში, რადგან ჰგონია რომ მარტო არაფერი გამოუვა. ეშინია საკუთარი თავისთვის პრეტენზიების წაყენების, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლოს, დამოუკიდებლობის, მაგრამ მოუწევს ამ შიშისთვის თვალის გასწორება და სხვისი დახმარების გარეშე საქმისთვის თავის გართმევა. თუკი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე უფრო მეტს იფიქრებს, ვიდრე მშვიდობიან ურთიეთობებსა და ბალანსის დაცვაზე, უკეთესი ურთიერთობები ექნება, თუმცა როგორც წესი ამისთვის ცოტა ბრძოლა უწევთ ხოლმე.

ჩრდილოეთის კვანძი ამის საწინააღმდეგო სიტუაციას გვაძლევს, ასეთი მდებარეობისას ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა და ამის გამო უუცხოვდება მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ის მოუთმენელია, იმპულსური და ,,პირველ რიგში მე” – დამოკიდებულებით პირად ბედნიერებას კარგავს. აუცილებელია გაიაზროს სხვა ადამიანების მნიშვნელობა და პარტნიორის საჭიროებისგან და მოთხოვნილებებისგან თავის არიდებას მოეშვას, რადგან სწორედ პარტნიორობაში და თანამშრომლობაში შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ბალანსი, მაგრამ მასაც ბრძოლა მოუწევს ამისათვის.

ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორია მზე და მთვარის ასპექტები, ვინაიდან ეს ასპექტებია სწორედ მესიჯი, რომელიც გვამცნობს, როგორ აღიქვამდა ადამიანი ბავშვობაში დედის და მამის ურთიერთობას. ეს აღქმა კი უდიდეს როლს თამაშობს შემდგომში უკვე ჩამოყალიბებული პიროვნების პარტნიორულ ურთიერთობაზე.

დაძაბული ასპექტებით დაბადებული ადამიანები თავიანთ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ მზისა და მთვარის პრინციპების დაბალანსებისთვის ბრძოლაში და ეს ბრძოლა რაღაც დოზით ურთიერთობებშიც გადააქვთ. აზრიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ჟინი ძლიერია, მაგრამ შინაგანი კონფლიქტების ხარჯზე ხერხდება მხოლოდ. ეს შინაგანი კონფლიქტებია კვადრატი, ოპოზიცია და კვინკონსი. ასეთ დროს უფრო ძლიერია სურვილი მნიშვნელოვანი ურთიერთობების ძიებისა, ვიდრე ეს ტრინის, ან სექსტილის დროს და განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ურთიერთობის აწყობა პარტნიორთან გაცილებით რთულია ხოლმე, ვიდრე ეს დაძაბული ასპექტები შინაგან დაძაბულობად იცნობა.

მაგალითად, ქალი მზე- მთვარის ოპოზიციით, რომლის მშობლები საკმაოდ პრობლემურად დაშორდნენ მის ბავშვობაში, ძალიან წუხდა, რომ მისი მეუღლე გულდამშვიდებული ხვდებოდა ქორწინებას და ეგონა, რომ ყველაფერი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლიდა. მის ქმარს მზე-მთვარის ტრინი ჰქონდა. როცა ურთიერთობაში სირთულე გაჩნდა – ქალის ინსტიქტი მოითხოვდა ქმედებას რაღაცის შესაცვლელად, მისი ქმარი კი საერთოდ ვერ ხედავდა ამის საჭიროებას. ის პრობლემასაც კი ვერ ხედავდა ამაში. მოკლედ, ქმარს ეგონა რომ ცოლი განგებ ართულებდა ყველაფერს, ცოლს კი ეგონა რომ ქმარს ყველაფერი ,,ფეხებზე ეკიდა”

დაძაბული მზე მთვარის ასპექტები აისახება ადამიანის (ხშირად ქვეცნობიერ) მოლოდინზე, რომ ურთიერთობები ადვილად შეიძლება დაირღვეს, რომ აუცილებლად იქნება კონფლიქტები და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.

სწორედ ზედმეტი მგრძნობიარობა და შიშები არის ამ დაძაბული ასპექტის თანმდევი. ისინი მართლა მთელი გულით ცდილობენ, იმუშაონ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე და თუ ხვდებიან პარტნიორს, რომელიც ამ პრობლემების არსებობას საერთოდ უარყოფს, იმედგაცრუებული რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ სწავლა და ზრდა ურთიერთობაში მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ისინი საკუთარ თავს ურთიერთობაში სწავლობენ და პარტნიორადაც სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ პროცესის ნაწილი იქნება.

მზე მთვარის კვადრატი კონფლიქტი კი არა უკვე ომია ორი ერთნაირად ძლიერი სურვილისა: ემოციური დამოკიდებულებისა და ავტონომიის სურვილს შორის. ის მუდმივად თავდაცვის პოზიციაშია, ზედმეტად მძაფრად აღიქვამს ყველაფერს, მუდმივად მზად არის ომისთვის, რასაც თავისი წვლილი შეაქვს პირად ურთიერთობებშიც. მის პარტნიორებს ხშირად ჰგონიათ, რომ განგებ იწყებს ჩხუბს, მოსწონს კონფლიქტები და სანამ კომპრომისს არ ისწავლის, მანამდე სულ ასეთი აწეწილი პირადი ცხოვრება ექნება.

მზის კვინკონსი მთვარესთან ქმნის ადამიანის ფსიქოლოგიურ ხატს, რომელიც მთელ ცხოვრებას რაღაცის მოწესრიგებაში, დერეგულირებასა და შეღავათების კეთებაში ატარებს. ის სთავაზობს სხვებს ძალიან ბევრს, მაგრამ თან იმასაც გრძნობს, რომ ამით შესაძლოა ვინმემ ისარგებლოს. პასიური აგრესია – აი მისი პრობლემა. მას ჰგონია, რომ კომპრომისზე მიდის, რათა მიიღოს ის რაც სურს ცხოვრებაში, მაგრამ პროცესში სათანადოდ ვერ აფასებს საჭიროებებს. მისი პარტნიორები ხშირად წუხან მის გამუდმებულ ყოყმანზე, ჩამოუყალიბლებობასა და მკაფიო მიზნის უქონლობაზე. მან აუცილბლად უნდა მოახერხოს და მიიღოს როგორც მზე, ასევე მთვარე, რომ სრულყოფილ არსებად იგრძნოს თავი და მოეშვას დივერსიების მოწყობას ურთიერთობებსა თუ ცხოვრებისეულ მიზნებში თავდაცვითი დამოკიდებულებით.

რაც შეეხება ჰარმონიულ ასპექტებს ადამიანი აშკარად ტოლერანტია, მაგრამ ასევე საკმაოდ ნებისყოფიანი. ის ფიქრობს რომ მიიღებს იმას, რაც სურს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სურვილის ბუნება კონფლიქტში არ მოდის მასთან. მისი პარტნიორები ხშირად ამბობენ, რომ ზედმეტად გულარხეინია, თუმცა ურთიერთობაში მისი სიმსუბუქე აუცილებლად ღირსებაში უნდა ჩავთვალოთ.

შეერთება ძლიერი ნებისყოფის, მაგრამ სუბიექტურ ფსიქოტიპს გვაძლევს. მას ჰარმონია აქვს საკუთარ თავთან, რაც ეხმარება კონცენტრაციასა და ფოკუსირებაში, მაგრამ ჩაკეტილობა და ზედმეტი თავდაჯერებულობა ურთიერთობებში ხელს უშლის. მას აკლია ობიექტურობა და საკუთარ თავზეა ორიენტირებული. პირადულ ურთიერთობებში მოუქნელობა აკლია, რამაც იმედი შეიძლება გაუცრუონ პარტნიორებს.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. sainteresoa

დატოვეთ კომენტარი