ასტროლოგიური მაღაზია

ტრანზიტული მთვარე ნიშნებში

მთვარევერძში – დაიოკეთ ეგოიზმი, პატივი ეცით სხვა ადამიანთა უფლებებს, ნუ იკამათებთ და ნუ იმოქმედებთ დაუფიქრებლად. კარგი დღეა სწრაფად მოსაგვარებელი საქმეებისთვის, აგრეთვე, ცეცხლთან, ტექნიკასთან, რკინეულობასთან, სხვადასხვა მექანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობების, მოგზაურობების, საყიდლების გაკეთებისთვის.

ნეგატიურია – ხანგრძლივი და მონოტონური საქმეების, ქორწინების, საბანკო-ფინანსური ოპერაციების, ხანგრძლივი კაპიტალდაბანდებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის. თავი შეიკავეთ კბილებთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარებისგან.

კუროში – შეეცადეთ სძლიოთ თქვენს სიჯიუტეს. შესაძლებელი იქნება მატერიალური საკითხების გადაწყვეტა, ფინანსური ოპერაციების ჩატარება. ნუ გადაამეტებთ ჭამასა და სექსში. ეს დღე პოზიტიურია ,,გაჯანჯლებულ,, საქმეთა რეალიზების, სიყვარულის, მეგობრობის, ახალი ნაცნობობის, მოდელირებისა და ხელოვნებისთვის. ასევე უძრავი ქონების, ტანსაცმლისა და პირუტყვის შესაძენად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად, მოგზაურობისა და სასიამოვნო საღამოების ჩასატარებლად.

ნეგატიურია – სწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, სარისკო საქმეების ჩასატარებლად, ცეცხლთან, მჭრელ საგნებთან ურთიერთობებისთვის. მაღალია ფულის მოპარვის ალბათობა.

ტყუპებში – თქვენს ხასიათში მატულობს ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები. კარგად დაფიქრებაა საჭირო რაიმეს გაკეთების ან თქმის წინ. კარგი დღეა – კონტაქტების დამყარების, ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის, მოკლევადიანი საქმიანობის, საკომუნიკაციო სისტემების შესაქმნელად. ასევე, რეკლამის, ინტერვიუსა და სავაჭრო-გაცვლითი ოპერაციების ჩასატარებლად, ხელშეკრულებების დასადებად, აუქციონების მოსაწყობად, მიმოწერის, სწავლის, მოგზაურობის, მეცნიერული შრომისა და მწერლობისთვის.

ნეგატიურია – ხანგრძლივი და მონოტონური საქმეების შესრულების, ქორწინების, უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის შეძენისა და ახალი თანამშრომლების სამსახურში მიღებისთვის.

კირჩხიბში – ეს პერიოდი კარგია ინტიმური ურთიერთობების, საოჯახო კავშირების გაღრმავების, ყურადღებისა და ინტუიციური წინათგრძნობისთვის. თუმცა, მოსალოდნელია ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობაც. დადებითი დღეა – სავაჭროდ, ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, მამა-პაპათა მოსახსენიებლად, ტრადიციების აღსადგენად, საგვარეულოსა თუ სამშობლოს ისტორიის გასახსენებლად, უცხოური საქონლის შესაძენად, მცენარეთა მოსარწყავად, ოთხფეხა საქონლის საყიდლად, ირიგაციული სისტემების მოსაწყობად.

ნეგადიურია – მშენებლობის და მოგზაურობის დასაწყებად. ქორწინებისა და ბინის შესაცვლელად, ვალის ასაღებად. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან, რკინასთან, ცეცხლთან, ქიმრეაქტივებთან ურთიერთობისას.

ლომში – თქვენში მძაფრდება პატივმოყვარეობა, დამოუკიდებლობა და ლიდერული თვისებები, აზარტი, რისკის სურვილი. კონტაქტებსა და სხვადასხვა პროექტებში თავს იჩენს დინამიურობა. ნუ გექნებათ თქვენს თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა და ნუ დაამყარებთ ირგვლივ დიქტატურას. ეს დღე ხელს შეუწყობს – იურიდიულ და სხვა ოფიციალურ საქმეებს, საჩუქრების როგორც მიღებას, ასევე ჩუქებას, გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, თანამდებობის მიღებას, ახალი სამსახურის დაწყებას, მეგობრულ კავშირებს, ტანსაცმლის, ძვირფასეულობისა და ლატარეის ბილეთების ყიდვას, სპორტულ თამაშებს, გართობებს, მშენებლობის დაწყებას, ვიზიტებსა და სტუმრების მიღებას, ხელოვნებასთან დაახლოებას, ავტორიტეტის გაუმჯობესებას.

ნეგატიურია – ფინანსური გარიგებების, ხელშეკრულებების დადების, ადგილსამყოფელის შეცვლის, მცენარეთა გადარგვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის. ასევე, ცხოველებით ვაჭრობის, ხელმძღვანელთა კრიტიკისა და კოოპერაციული საქმიანობისთვის.

ქალწულში – თქვენში მოიმატებს საქმიანი განწყობა და პრაქტიკული აზროვნებისა თუ ქმედების უნარი. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულნი და ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში. კარგი დღეა – ზუსტი საქმეების შესრულების, ყურადღების კონცენტრირების, საფინანსო საბუთების გაფორმების, სწავლის, ვაჭრობის, მიწის ნაკვეთის დამუშავების, თანამშრომლობის, რევიზიისა და კონტროლისთვის. ასევე, დიეტის დაწყების, სადალაქოში წასვლის და საწარმოო მექანიზმების შესყიდვისათვის.

ნეგატიურია – სიყვარულის, ქორწინების, გაცნობის, გამოცდის ჩაბარების, უძრავი ქონების შეძენის, კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული ოპერაციების ჩასატარებლად.

სასწორში – თქვენში მოიმატებს მშვიდობისმოყვარეობა, პარტნიორული თვისებები, სხვათა სურვილების გაცნობიერება და დახმარების სურვილი, სილამაზის აღქმა. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს სწრაფად გასაკეთებელი საქმეების მოგვარებას, ქორწინებას, მეგობრულ კონტაქტებს, საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯის, ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენას, კომფორტაბელური პირობების შექმნას, ვალის დაბრუნებას, სადღესასწაულო საღამოს მოწყობას.

ნეგატიურია – ჭუჭყიანი და არაესთეტური საქმეებისთვის; ცეცხლთან, მჭრელ საგნებთან, იარაღტან, მომწამვლელ ნივთიერებებთან ურთიერთობებისთვის; მოძრავი ქონების შესაძენად და გასაყიდად.

მორიელში – ნუ იქნებით აგრესიულნი და მოუთმენელნი ინტიმურ კონტაქტებში. თავი შეიკავეთ გესლიანი, კრიტიკული გამოთქმებისგან. ამ პერიოდში ადვილად შეიძლება თქვენი წყენინება. კარგია – საქმეების დაგეგმვა, ავტორიტეტულ პირებთან შეხვედრა, ლექციების ჩატარება, მეცნიერული მუშაობა, უახლესი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, დაპოვნი ნივთების ტარება, ავტო და საწარმოო მანქანების შესყიდვა, თევზაობა, ნადირობა, ცხოველებისა და ანტიკვარიატის ყიდვა, მასაჟი.

ნეგატიურია – ახალი საქმეების დასაწყებად, საქმიანი პარტნიორებისათვის, სამსახურში ახალი თანამშრომლების მისაღებად, სამოგზაუროდ, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული საქმეებისა და განვადების ასაღებად.

მშვილდოსანში – მატულობს თავგადასავლების, მოგზაურობის, ფილოსოფიურ-რელიგიურ საკითხებში გარკვევის, აქტიური ქმედითუნარიანობის გამოვლენის ალბათობა. მზარდი ინტუიცია ხელს უწყობს წინასწარმეტყველური თვისებების გამოვლენას. ეს პერიოდი ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ საქმიანობას, ოპტიმიზმისა და ენთუზიაზმის გამახვილებას, პედაგოგიურ მოღვაწეობასა და სწავლას, იურიდიული საქმეების წარმართვას, უცხოეთში მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს, უცხოურ კაპიტალდაბანდებებს. ასევე, საზოგადოების დაარსებას, მეცნიერულ მოღვაწეობას, მნიშვნელოვანი ამანათების გადაგზავნას.

ნეგატიურია – მშენებლობასთან და მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის. სიფრთხილე გმართებთ მთებში ტურისტული ლაშქრობებისას და ქუჩაში სიარულისას.

თხის რქაში – აზროვნება ხდება მეტად პრაქტიკული. საქმიანობისთვის აუცილებელ პირობას მოთმინება და მიზანსწრაფვა წარმოადგენს. დაიცავით სიმშვიდე და წესრიგი. არასასურველია მძაფრი სუნამოები და ზედმეტად თავისუფალი ქცევა. ყურადღება, ძირითადად, გადართულია ცხოვრების მატერიალურ მხარესა და კარიერაზე. ეს პერიოდი კარგია – სერიოზული და კარგად მოფიქრებული საქმეების, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, მნიშვნელოვანი მეცნიერული საქმეების დაწყებისთვის. ასევე, კოლექციონერების, ვალების დაბრუნების მოთხოვნის, მანქანებისა და მექანიზმების შეძენისა და თამბაქოსთვის თავის დანებებისთვის.

ნეგატიურია – ფინანსური ოპერაციების, ოფიციალურ პირებთან ურთიერთობების, ვაჭრობისა და საბარტერო საქმიანობის, ქორწინების, ახალი კავშირების დამყარების და ახალი თანამშრომლების მიღებისთვის.

მერწყულში – ამ პერიოდის ლოზუნგია: ‘შვიდჯერ გაზომე და ერთხელ მოჭერი~. მაღალია თვითმოტყუების ალბათობა, ვინაიდან, იდეების მრავალფეროვნება ნაკლებად ეფუძნება და მომდინარეობს რეალობის შეგრძნებიდან. თუმცა, ქალები, ამ დღეს, უფრო მეტად რეალისტურად მსჯელობენ, ვიდრე მამაკაცები. კარგია – მეგობრული ურთიერთობების, ახალი ნაცნობობისა და საქმეების, რეფორმატორული მოღვაწეობის, ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სულიერი საქმიანობის, კრებების ჩატარების, სადღესასწაულო ღონისძიებების, ტექნიკისა და მეცნიერების, რემონტისა და შეღებვის, რეკლამისა და განცხადებებისათვის. ასევე, მეტალებით, ქვებით, უძრავი ქონებით, მიწით ვაჭრობისათვის, ხეების დასარგავად, სახლების ასაშენებლად, ელექტრო და გაზის ხელსაწყოების შესაძენად, ბინის შესაცვლელად, ვალის ასაღებად.

ნეგატიურია – ყვავილებისა და ბაღჩეული კულტურების დათესვის და გადარგვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, მიმოწერისა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობებისთვის. სიფრთხილე გმართებთ ელექტროობასა და შხამ-ქიმიკატებთან ურთიერთობისას.

თევზებში – მატულობს მელანქოლიისა და დეპრესიის, წარსულზე ფიქრის ალბათობა, ისევე, როგორც ინტრიგების, ფარული ზრახვებისა და საიდუმლო მოლაპარაკებებისა, თუმცა, მათი უმრავლესობა მაინც გამოაშკარავდება. გამახვილებული ინტუიცია განაპირობებს წინასწარმეტყველების უნარის გამძაფრებასა და წინასწარმეტყველურ სიზმრებს. კარგია – ქალაქგარეთ მოგზაურობების, იურისტებთან კონტაქტების, მცენარეთა დარგვისა და გადარგვის, საქმეში კაპიტალის დაბანდებისთვის, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ასევე, სადაო საკითხების, ქორწინების, კონტაქტების დამყარების, სასამართლო პროცესების დაწყების, შემოქმედებითი მუშაობის, თევზაობისთვის.

ნეგატიურია – გრანდიოზული საქმეების დაწყების, ცეცხლსასროლ და ასაფეთქებელ იარაღებთან კონტაქტების, საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობისა და ღალატისათვის. ასევე, ალკოჰოლური სასმელებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მისაღებად.

მიხეილ ცაგარელი

მსგავსი ფოსტები