ასტროლოგიური მაღაზია

სულიერი ერთიანობის 4 სამკუთხედი

აღმოსავლურიმ. ცაგარელი
ჩინური ზოდიაქოს თორმეტწლიან ციკლში არსებობს სულიერი ერთიანობის 4 სამკუთხედი. ესენია:

1. შემოქმედთა სამკუთხედი; 2. მოაზროვნეთა სამკუთხედი; 3. დამცველთა სამკუთხედი; 4 ცვლილებების ინიციატორთა სამკუთხედი.

1. შემოქმედთა სამკუთხედი ( აერთიანებს „ვირთხის”, „გველეშაპის”, და „მაიმუნის” ზოდიაქოს ნიშნებს) _ წარმოადგენს პრაქტიკულ ადამიანთა ერთობას.ისინი გამოირჩევიან ნოვატორობით,შემოქმედებითი ნიჭით; უყვართ ხელისუფლების საკუთარ ხელში აღება; ახასიათებთ ენთუზიაზმი, რაც მათ უშიშარ ლიდერებად აყალიბებს; მეტად თავდაჯერებულნი არიან და არასოდეს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. უბრძოლველად არ თმობენ პოზიციებს და თითქმის არასოდეს იცვლიან დასახულ მიზნებს. მათ პატივისცემას დაიმსახურებთ მხოლოდ და მხლოლოდ ძლიერი ხასიათის გამოვლენით. ამ სამკუთხედის წარმომადგენლებს ბედნიეერებისა და წარმატების მისაღწევად გაბედული და შეუპოვარი ქმედება მართებთ.

2. მოაზროვნეთა სამკუთხედი („ხარი”, „გველი”, „მამალი”). ეს სამეული მეტად აფასებს გამჭრიახობასა და ერუდიციას. ბრწყინვალე გონებით დაჯილდოვებულებს,უნარი შესწევთ, ყველაფერი მშვიდად გაანალიზონ; შესანიშნავად ადგენენ სამოქმედო გეგმას, გამოირჩევიან მოთმინებითა და წინდახედულებით. თავად საქმისადმი თავდადებულნი, სხვებსაც შთააგონებენ თავდაუზოგავ შრომას. მათ შესწევთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის უნარი; არასოდეს იცვლიან შეხედულებებს და ძალუძთ ოპონენტთა გადარწმუნება. ისინი საღად მოაზროვნე ადამიანები არიან და ნელა, მაგრამ უშეცდომოდ აღწევენ დასახულ მიზნებს. თანამშრომლობის შემთხვევაში, თუ გსურთ ჰარმონიის მიღწევა, ისწავლეთ მათი ანალიტიკური შესაძლებლობების დანახვა_დაფასება, მათი ალღოსა და პრაქტიკულობის გამოყენება. მოაზროვნენი ვერ იტანენ მოულოდნელობებსა და მკვეთრ ცვლილებებს. მათ არ უყვართ წარუმატებლობა,საკუთარი ან სხვათა სისუსტეების მიღებისას, ეყრდნობიან საკუთარ გამჭრიახობას და ხელმძღვანელობენ არა გრძნობების, არამედ გონების კარნახით.

 

3. დამცველთა სამკუთხედი („ვეფხვი”, „ძაღლი”, „ცხენი”). შესაბამის წლებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით, ბრძოლისუნარიანობით, ენერგიულობითა და სიმამაცით. ახასიათებთ თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარი; მუდამ მზად არიან, დაეხმარონ მთელ კაცობრიობას საყოველთაო ურთიერთგაგების დამყარებაში. გამოწვევის შემთხვევაში ზოგჯერ აგრესიულნი და უმართავნი ხდებიან. უმეტეს წილად საკუთარი მრწამსისა და სინდისის ერთგულნი რჩებიან. ახასიათებთ ემოციური არამდგრადობა. დემოკრატიულობითა და კომუნიკაბელურობით გამორჩეულნი ხშირად გადაიქცევიან შეუპოვარ მებრძოლებად, თუკი საქმე საკუთარ ან საყვარელი ადამიანის უსაფრთხოებას ეხება. მათ არ ახასიათებთ ეგოიზმი და გული შესტკივათ ნებისმიერ სუსტ და დაუცველ არსებაზე. ისინი სიამოვნებით უგულებელყოფენ საკუთარ სურვილებს სხვათა საკეთილდღეოდ . უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაეთვალოთ ზედმეტად მეამბოხე სული და სიჯიუტე. ნიშანდობლივია, რომ მათთვის მთავარი პირადი ურთიერთობებია, ამიტომაც, თუ ასეთ ადამიანებთან გსურთ დაახლოება, შეეცადეთ, მათთან განცალკევდეთ და გულახდილი საუბარი გაუბათ. დამცველნი ჩინებული ინტუიციით არიან დაჯილდოებულნი და ხშირად მათი პირველი შთაბეჭდილება უტყუარია. ისინი, როგორც კოლორიტული და მიმზიდველი პიროვნებები საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობენ.

4. ცვლილებების ინიციატორთა სამკუთხედი („კატა”, „თხა”, „ტახი”). ამ წლებში დაბადებულნი გულახდილნი და სულგრძელნი არიან; გამოირჩევიან ინტუიციით, ფრთხილი ბუნებით, კომუნიკაბელურობითა და დაკვირვების უნარით. მეტად მგრძნობიარეებსა და არტისტულებს, უყვართ ამქვეყნიური მშვენიერებით ტკბობა. ახასიათებთ არათანმიმდევრულობა და აქვთ მიდრეკილება, ხშირად ცვალონ გადაწყვეტილება. ურთიერთობისას ნუ გექნებათ მათგან უანგარობის ან ზედმეტი ლოიალობის იმედი. ისინი ვერ იტანენ ხანგრძლივ კონფლიქტებს და თავადაც არასოდეს ახდენენ მათ პროვოცირებას, მაშინაც კი, თუ ამის წინაპირობა არსებობს. თავიანთი დიპლომატიისა და უბრალოების წყალობით, ადვილად იჩენენ მეგობრებს და იციან, როგორ დააშოშმინონ მტრები. მათთან ურთიერთობისას შეეცადეთ, ხშირად გაუსვათ ხაზი კომპრომისისა და მოლაპარაკების უპირატესობას კონფრონტაციასა და ღია კონფლიქტთან შედარებით.

თუ მოგეწონათ სტატია – დააშეარეთ!

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. vefxvis celia hemi da zusted pasuxobs hems xasiats