საქართველო ლომია?
ქეთი ვაწაძე
“ასტროლოგის ფოსტიდან”
ქალბატონო ქეთი, წინა კვირას წავიკითხე, რომ საქართველოს ასტროლოგიური ნიშანი ლომია. როგორ შეიძლება ამის გაგება და რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?
ამის შესახებ არსებობს მრავალი მოსაზრება. ერთნი მას კუროს ნიშანს მიაკუთვნებენ, მეორენი ტყუპების, ზოგიც კი მშვილდოსნისას, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ზოდიაქოს ნიშანი _ ლომია. ამ მოსაზრებას მართლაც აქვს თავისი საფუძველი.
ამ სტატიაში შევეცდები მოვიყვანო რამდენიმე მსგავსება საქართველოს, ქართველების ფსიქო-ტიპსა და ლომის ზოდიაქოს ნიშანს შორის. არის თუ არა ეს მსგავსება მართლაც თვალსაჩინო, თავად განსაჯეთ..
თითოეულ ნიშანს აქვს მისთვის დამახასიათებელი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.
ლომის დადებითი თვისებებია: დიდსულოვნება, მეგობრობა, ხელგაშლილობა, ენერგიულობა, გონიერება, მრავალმხრივობა, ნიჭიერება, შემოქმედებითი უნარები, ლიდერული მონაცემები (ქართველებისთვის, ნამდვილად ნაცნობი თვისებებია)
უარყოფითი თვისებებია: სიზარმაცე, სიჯიუტე, სულსწრაფობა, ტრაბახი, ბაქიაობა, გარეგნული ეფექტებისადმი ლტოლვა, მფლანგველობა, ამპარტავნობა, პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, ნარცისიზმი (ალბათ, ესეც გეცნოთ).
თუ ლომის დადებით თვისებებს განვიხილავთ, როგორებიცაა: უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭი, არტისტული ბუნება, ლიდერული მონაცემები, აღმოვაჩენთ, რომ ქართველებიც საკმაოდ განებივრებულნი ვართ ამ თვისებებით.
წლების მანძილზე არცერთი სხვა სფერო ისე არ ყოფილა განვითარებული საქართველოში, როგორც შემოქმედება, ხელოვნება, თეატრი, ერთ დროს კინოც.
საქართველო არაერთი მსოფლიო მასშტაბის მსახიობის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, დრამატურგის, მხატვრის, მუსიკოსის, მომღერლის, მრავალი შემოქმედი ადამიანის სამშობლოა. საქართველომ სწორედ ხელოვნებით, შემოქმედებით, ქორეოგრაფიით, ფოლკლორით, კულტურული მემკვიდრეობით გაითქვა მსოფლიოში სახელი და სწორედ ეს იყო (და ვიმედოვნებ დღესაც არის) საქართველოს ერთგვარი `სავიზიტო ბარათი~.
ლომის მსგავსად თითოეული ქართველი ბუნებით შემოქმედია. თითქმის ყველა მშვენივრად მღერის. თუ დროსტარებასა და ქეიფზე მიდგა საქმე (რისი კეთებაც ლომს და შესაბამისად, ქართველებს ყველაზე მეტად უყვართ), აქაც, ქართველები ცდილობენ, უბრალოდ კი არ დალიონ და დათვრნენ, არამედ შემოქმედებითად გაატარონ დრო – თავისი ცეკვით, სიმღერებითა და საგანგებოდ შერჩეული საინტერესო, მჭერმეტყველი თამადის დახმარებით, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა `კარგი დრო გაატარებინოს~, ასე ვთქვათ ვერბალურად გააფორმოს თავყრილობა თავისი ორიგინალური სადღეგრძელოებითა და მახვილგონივრულობით, რაც არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება.
ეს ერთგვარად სამეფო კარზე `მინი~ ნადიმს ჰგავს, თავისი მრავალფეროვანი, მდიდრული სუფრითა და თამადის მიერ სახელდახელოდ დადგმული (ზოგჯერ წინასწარ მომზადებული) მინი `სპექტაკლით~ (ზოგჯერ `მონო სპექტაკლითაც~, თამადას გააჩნია), რაც ლომისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დამახასიათებელია.
ლომს, როგორც ჭეშმარიტ მბრძანებელს, იმდენად უყვარს დროსტარება, მოლხენა, თამაში, არხეინი ცხოვრება (რაც ჩვენთვისაც საყვარელი `საქმიანობაა~), რომ ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, რა დროსაც იწყება პრობლემები, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი `მბრძანებლის~, ლომის ცხოვრებაშიც.
ლომისა და ქართველების კიდევ ერთ, უმთავრეს საერთო თვისებაზე მინდა მიგანიშნოთ – ეს არის ემოციურობა, გულღიაობა, ცეცხლოვანი ტემპერამენტი. სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებენ უცხოელები ქართველებს. სწორედ ეს ხიბლავთ ჩვენში.
ლომს (ისევე როგორც ქართველ მამაკაცთა და ზოგჯერ ქალთა უმრავლესობასაც), უშიშარი, ვაჟკაცური ბუნება აქვს. გმირობის ჩადენა მისთვის ჩვეული მომენტია (რისი მაგალითიც მრავლად მოგვეპოვება საქართველოს არსებობის მანძილზე).
ის მუდამ მზად არის სუსტების დასაცავად და პირველიც, სწორედ ის გარბის დასახმარებლად, მით უფრო, თუ ვინმე თხოვნით მიმართავს. ეს ერთგვარად რაინდთა ნიშანია _ ძლიერი და უშიშარი, ამაყი და დიდსულოვანი (ასეთია ლომის დადებითი ტიპი, ეს თვისებები დევს თითოეული ქართველის ბუნებაშიც, მაგრამ მჟღავნდება თუ არა და რა უშლის ამას ხელს, ეს უკვე სხვა საკითხია).
საერთოდ, ლომს არ უყვარს კრიტიკა, მითუფრო თვითკრიტიკა და წარმომიდგენია, როგორი მრისხანება შეიძლება დამატყდეს თავს არამარტო ლომის ზოდიაქოს წარმომადგენელთა, არამედ ბევრი ქართველის მხრიდან, რადგან ამ სტატიაში მხოლოდ დადებითზე და `ამაღლებულზე~ არ იქნება საუბარი.
ჩემთვის და ალბათ ბევრი ადამიანისთვის `ცოდვა გამხელილი სჯობს~. ჩემი მიზანია გავაანალიზოთ ჩვენთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებები, გავარკვიოთ, სად ვცდებით, რას არ ვაკეთებთ სწორად, რა უნდა შევცვალოთ, რა გავაძლიეროთ, რათა საშუალება გვქონდეს უკეთესი მომავალი ვაშენოთ.
ბუნებრივია, რომ დადებითთან ერთად, ლომს უარყოფითი თვისებებიც აქვს, რომელიც ქართველებშიც საკმაოდ მკაფიოდ ვლინდება. უპირველესად ეს არის ზღვარგადასული სიამაყე (ამბიციურობა), ტრაბახი, ბაქიბუქობა, საკუთარი თავით ტკბობა (რაც კარგები ვართ…). ერთი სიტყვით `ვტრიპაჩობთ~! და ვინც უფრო მეტად `ტრიპაჩობს~, რატომღაც ჩვენში ის უფრო მეტად ფასდება!
საერთოდ ლომს არ უყვარს არაფერი მეორეხარისხოვანი. შეუძლია მას ეს თუ არა, შეეფერება თუ არა მის სტატუსს, მაინც ცდილობს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. შესაძლოა იშიმშილოს კიდეც, მაგრამ არაფრით იტყვის უარს ფუფუნების გამომხატველ საგნებზე, მანქანებსა და ცხოვრების წესზე, ამისთვის უზარმაზარი ვალების აღებაც რომ მოუწიოს.
ამიტომაც არის, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას, როდესაც ჩვენს რეალობაში ერკვევიან. მათ მართლა აინტერესებთ, როგორ ხდება, რომ უმძიმესი ეკონომიკური ფონის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ამდენი საუკეთესო, ზოგჯერ კი უკანასკნელი მოდელის ავტომობილი დადის? ან როგორ ახერხებენ ქართველები მათ შენახვას მაშინ, როდესაც ბევრი შეძლებული უცხოელისთვის ეს მიუწვდომელი ფუფუნებაა?!
მაგრამ, ყველაზე მეტად უცხოელებს ის აინტერესებთ _ მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა შიმშილის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, როგორ ხდება, რომ საღამოს ვერცერთ ძვირადღირებულ რესტორანში ვერ მოხვდები?!
რასაკვირველია, ვერ მოხვდები.. იქ, ხომ.. ქართველები ქეიფობენ!..
მართალია, უმეტესად ნასესხები ფულით, მაგრამ.. ხომ ქეიფობენ?! აბა, ვინმეს ხომ არ ათქმევინებენ, რომ სხვაზე უარესები არიან? (სუფთა ლომური თვისებაა, რომლისთვისაც `სახელის მოხვეჭა~,`გამარიაჟება~, ფულის ფლანგვა, დროსტარება – `წმიდათაწმინდა~ საქმეა. ამაში მას ბადალი არ ჰყავს! ასე ტაშ-ფანდურსა და დაუსრულებელ დროსტარებაში შეუძლია მთელი ქონების, და ასევე ცხოვრების განიავება)
საერთოდ, ქართველებს, ისევე როგორც ლომს, ქათინაურები, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა უყვარს. ქართველებს დაბადებით დაგვყვა `შოუს~ მოწყობის ნიჭი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენისგან შეგვიძლია ნამდვილი `შოუს~ მოწყობა! (ამის დამამტკიცებლად, თუნდაც ბოლოდროინდელი სატელევიზიო ეთერები გაიხსენეთ).
სწორედ ამტომ, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ნებისმიერ უცხოელს ფიანდაზად ვეგებით, საუკეთესო მხრიდან ვცდილობთ თავის წარმოჩენას, ერთგვარ სპექტაკლს ვდგამთ თავისი შემეცნებითა და გასართობი პროგრამით.
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი _ ბრწყინვალედ გამოგვდის! მიზანი მიღწეულია _ სტუმარი აღფრთოვანებულია, უამრავ საქებარ სიტყვას და ქათინაურს გვეუბნება (იმედი ვიქონიოთ, რომ ალალად) და ჩვენც დაღლილი, მაგრამ კმაყოფილნი ვრჩებით, იმით, რომ თავი მოვაწონეთ, ქება-დიდება და სანუკვარი ქათინაურები დავიმსახურეთ, ჩვენი არნახული სტუმართმოყვარეობით `გავაგიჟეთ~!
მერე რა, რომ დავიღალეთ და უფულოდ დავრჩით? ან ახლო მომავალში კარგა ხანს ვალებიდან ვერ ამოვალთ და ოჯახის წევრებს ქამრების შემოჭერა მოუწევთ? მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ!
გადავრიეთ! სამაგიეროდ, როგორ გაგვიხსენებენ?! როგორ სიტყვებს იტყვიან!? ნაცნობ-მეგობრებთან როგორ მოვიწონებთ თავს?!.. და.. რა მაგრები ვართ?! ეს ყველაფერი ნეტარებას გვგვრის და მხოლოდ ამის გამო მზად ვართ კიდევ მრავალჯერ გავიმეოროთ ეს `გმირობა~.
სწორედ ასე ფიქრობს ლომიც და გამუდმებით კომპლიმენტების, შექების მოლოდინშია. სწორედ ამ მოლოდინის გამო, უამრავ სისულელესა და თავისთვის საზიანო ქმედებას სჩადის, რაც სამომავლოდ სანანებელი უხდება (აქ პრობლემა მხოლოდ ზომიერების დაცვაში, წინდახედულებაშია, თორემ სტუმართმოყვარეობის საწინააღმდეგო არაფერია)
ლომები საკუთარი ბრწყინვალებით ბრმავდებიან, რა დროსაც ყველაზე ადვილია მათზე გამარჯვება მათთვის მაამებელი ტკბილი სიტყვებითა და ქათინაურებით.
საერთოდ, ამ ნიშანს ყველაფერში მასშტაბურობა ხიბლავს. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: `ყველაზე-ყველაზე..~ ან `ძააან~… და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძაან პლიუს ნიშნითაა თუ მინუსით…
ქართველებისთვისაც, ყველაფერი ან `ძაააან კარგია~, ან ~ძააან ცუდი~,…საშუალო _ არ არსებობს!
ტელევიზორშიც, თუ დააკვირდებით თუნდაც უბრალო მოქალაქეების, პოლიტიკოსების ან `ბომონდის~ წარმომადგენელთა ინტერვიუებს, თითქმის ყველა ინტერვიუ სიტყვა `ძააან~-ით იწყება. ეს შესაძლოა `ძააან ცუდიც~ იყოს…მაგრამ.. მთავარია, იყოს `ძააან~!
სხვათაშორის, თუ ქართველები იწყებენ საქართველოსა და ქართველების კრიტიკას, ლანძღვას (ხდება ხოლმე ასეთებიც), აქაც, რადიკალიზმში ბადალი არ ჰყავთ! `მსოფლიოში ყველაზე-ყველაზე ცუდები~, `უვარგისები~ და ა.შ. .. თურმე ჩვენ ვართ! მართალია მინუს ნიშნით, მაგრამ, `მსოფლიოში~ პირველობას აქაც არავის ვუთმობთ! (ლომი, მაინც კმაყოფილი რჩება).
საერთოდ, ლომს მოვლენების დრამატიზირება უყვარს და თუ ერთხელ დაიწყო, მის წუწუნსა და უკმაყოფილებას ბოლო არ უჩანს. რაც მთავარია, ამაში მთელი ემოციებითა და გრძნობებით ეფლობა, იმდენად, რომ ცხოვრების ხალისი ეკარგება, ძალები ეცლება და რეალურ ტრაგედიამდეც შეიძლება მივიდეს!
ლომის კიდევ ერთი მინუსი, მისი სიზარმაცეა, რასაც ჩვენც ბეჯითად ვავლენთ. ოტია იოსელიანი ამბობდა: `კაცო, რომ გაიძახი სამუშაო არ იშოვება, რა.. ყანა არ იშოვება!?~..
ანუ, ლომის, ისევე როგორც თითოეული ქართველის (მათ შორის ჩემიც) სულიერი მოთხოვნილებაა ვცხოვრობდეთ მეფურად!
ოღონდ ამისთვის ნურავინ მოგვთხოვს შავი სამუშაოს შესრულებას, ვინაიდან ჩვენ ხელმძღვანელობა უფროO`გვიხდება~ და ჩვენი აზრით, ამისთვის დავიბადეთ!
(თუ არ გჯერათ, გააჩერეთ ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში და ჰკითხეთ, სურს თუ არა პრეზიდენტობა.. 10 დან 8 უყოყმანოდ დათანხმდება და თავის შესაფერის ადგილად მიიჩნევს, შესაძლოა საყვედურიც კი გითხრათ: `ამდენ ხანს სად ხართო?~). ნაკლებზე თანახმა არ ვართ!
ისევე როგორც მეფე-ლომი, ქართველთა უმეტესობაც, თუნდაც პატარა `სამფლობელოს~ შექმნაზე ოცნებობს (შესაძლოა ეს სულაც 3 კაციანი ფირმა, 15 კაციანი პარტია, ან რაიმე გაერთიანება იყოს, სადაც მას აუცილებლად აღმასრულებელი ან გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავება). მთავარია საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება ჰქონდეს.
მთავარია, სადღაც მაინც იმეფოს! (თუ სხვა სარბიელი არ აქვს, შესაძლოა ეს საკუთარი ოჯახი იყოს, სადაც ცხოვრებაზე განაწყენებული ეცდება თავისი `მეფური ძალაუფლების~ გამომჟღავნებას, ზოგ შემთხვევაში ტირანიის სახით).
საერთოდ ლომი, თავისი ბუნებით კონსერვატორია. უჭირს და არც სურს ახლის მიღება. სწორედ ასეთივე დამოკიდებულება აქვს სიახლეების მიმართ ქართველების უმეტესობასაც. ანდაზაც კი გვაქვს შესაფერისი: `შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსო~…
ხოდა, ვართ ასე.. მდორედ, დროსტარებასა და მოლოდინში, თუმცა თუ ვინმემ ძალიან მოინდომა, შეუძლია ჩვენი `გამოღვიძება~. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვინმე ლომის თავმოყვარეობას ეხება! ეს ერთადერთია, რასაც შეუძლია ლომი გამოაფხიზლოს, აიძულოს ადგილი მიუჩინოს ყველას, ვინც უდიერად და უპატივცემულოდ ცდილობს მისი თავმოყვარეობის შელახვას!
ასეთ შემთხვევაში ლომი აუცილებლად გააკეთებს რამდენიმე შესაფერის ქმედებას და ყველას დაუმტკიცებს, რომ `მეფე ცოცხალია!~ დაიკმაყოფილებს რა თავის პატივმოყვარეობას .. კვლავ დამშვიდდება, დაწყნარდება და ზანტი მედიდურობით ისევ თავის არხეინ ცხოვრებას განაგრძობს.
საერთოდ, ლომი იმდენად კეთილშობილი და გულკეთილია, რომ ბევრი მას `ბრიყვად~ აღიქვამს,ამიტომაც მის `დაჩმორებას~ ცდილობს.
თუმცა ის ერთი შეხედვით ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, სინამდვილეში მას საკმაო სიძლიერეც აქვს და შინაგანი რესურსიც, რათა ვერავინ გაუბედოს უპატივცემულოდ მოქცევა, მაგრამ.. ამ ყველაფრის გამოხატვა…რომ ეზარება..? და თან… ეს ძიძგილაობა და `საქმის გარჩევა~ რა მეფის საკადრისი საქმეა? სწორედ ამით სარგებლობენ მისი `კეთილმოსურნენი~.
ამიტომაც არის, რომ საქართველოში, მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, ასე იშვიათად გამოდიან დემონსტრაციებსა და მიტინგებზე ადამიანები, რომლებიც სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ, ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვეულებრივ ადამიანებს სხვა `ნორმალურ~ ქვეყნებში (ფასების ზრდა, გაზრდილი გადასახადები, გაუსაძლისი
არა! ლომი ამას, არასდროს `იკადრებს~! განა იმიტომ, რომ არ აწუხებს?..
უბრალოდ, ეს მისთვის რაღაც წილ `დამამცირებელი~, `უხერხულია~, ამაზე სჯობს სხვამ იბრძოლოს, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში, იქ, სადაც მბრძანებლისთვის `საკადრისი~ საქმეები წყდება და შესაბამისი მოთხოვნებია, მაგ.: პოლიტიკური მოთხოვნები, `გადადექი, მე უნდა დავდგე~ და ა.შ.
ანუ, სუფთა ლომური გარემო და ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ეს მისთვის გასაგები და მისაღებია (აბა სად შეუძლია ახლა დაწვრილმანება: `გააიაფე გაზი, გააიაფე ტრანპორტი, დენი, მითუფრო ნაგავი?!~ რა ნაგავი??!~.. არაა!…ამაზე არც `იკადრებს~ საუბარს!…ეს სხვებმა აკეთონ! `Умри, но держи марку!!!~_ ესაა მისი დევიზი და შესაბამისად იქცევა.)
ცხოვრებაში ლომები, როგორც წესი, თვითრეალიზების ადვილ გზებს ეძებენ ახასიათებთ მედიდური ტონით საუბარი. გიჟდებიან რჩევების მიცემაზე, დამოძღვრაზე, თუ როგორ უნდა, ან არ უნდა იცხოვრონ სხვებმა.. მაგრამ, საკუთარ ცხოვრებას ისე კარგად ვერ ალაგებენ, როგორი კარგი მრჩეველებიც თვითონ არიან, მაგრამ თითოეული თავის მოვალეობად თვლის სხვებს `ჭკუა~ ასწვლოს, მოუწოდოს (მგონი, ესეც საკმაოდ ნაცნობია)
განსაკუთრებით აღსანიშნავია ხვადი ლომის დამოკიდებულება ძუ ლომის მიმართ _
თავიდან მამრი მდედრს, როგორც დედოფალს, ისე ექცევა, ოღონდ, ეს ყველაფერი მანამ, სანამ ყველაფერს რომანტიკული ელფერი აქვს და სანამ სანატრელ მდედრს საბოლოოდ თავს მოაწონებს და დაისაკუთრებს. ხოლო მასთან ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ, რატომღაც დედალი, ძუ ლომი დადის სანადიროდ, მამალი კი არხეინად ნანადირევს შეექცევა!..რა ვიცი, ეს ყოველშემთხვევაში დავწერე… თუ ვინმეს ეცნო… ლომს დააბრალოს!
ლომი ასეთი ფსიქოტიპის იმ შემთხვევაშია, როდესაც ცხოვრებისეულად არ გაუმართლა, არ მიეცა `მეფობის~ საშუალება, ვერ გამოიყენა შანსები, ვერ გამოავლინა თავისი შინაგანი პოტენციალი. ასეთ ლომს ასტროლოგები ხშირად ხუმრობით `გაკრეჭილ~ ლომს ეძახიან, რომელსაც მართალია უდიდესი შინაგანი რესურსი და ძლიერი შემოქმედებითი უნარები აქვს, მაგრამ გარეგნულად, ცხოვრების ზეწოლის შედეგად გაწუწულ, საცოდავ კატას ემსგავსება, თუმცა დიდი ამბიციებით (ლომური ბუნება მაინც თავის სიტყვას ამბობს).
ასეთი ლომი, ყველაზე საცოდავი და საშიშია, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ვინაიდან გრძნობს რა შინაგან პოტენციალს, გამოსავალს ვერ უძებნის მას, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად ითრგუნება და შინაგანად ინგრევა.
ლომი, ისევე როგორც ზოგადად ქართველები, საკმაოდ მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანები არიან. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით საქართველოში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ უჩნდება თუნდაც ერთი დღით ჩამოსულ მრავალ სტუმარს სურვილი, აქ დარჩეს, სამუდამოდ აქ დაიდოს ბინა.
თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს: `ქართველები არაჩვეულებრივი, კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. საქართველოში ისეთი ადამიანური ურთიერთობები და გარემოა, რაც არსად გვინახავსო~. და ეს, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და გასაკვირი არცაა, როდესაც ერთ მტკაველ მიწაზე ერთდროულად მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგაა განთავსებული.
ყოველშემთხვევაში ჩვენ არ გვიკვირს.
დიახ, ქართველები გულღიად ხვდებოდნენ და ხვდებიან ნებისმიერ ტომელს, მშვიდი და კომფორტული ცხოვრების საშუალებას აძლევენ მათ და რითიც შეუძლიათ, გვერდში უდგანან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს `სტუმართმოყვარეობა~ და `კეთილგანწყობილება~ სამომავლოდ სანანებელი უხდებათ _ ხშირად საკუთარ მიწაწყალზე უუფლებონი, სტუმრის სტატუსში აღმოჩნდებიან ხოლმე და გვიან იწყებენ `თავში ხელის შენას~.
მართალია, ამდენი გონიერება ჰყოფნით და წინასწარ იციან ამის შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან ლომური `კეთილშობილება~ და ხშირად ბრიყვული `გულღიაობა~, ასევე დამახინჯებულად გაგებული `სტუმართმოყვარეობა~ და არაპრაგმატული აზროვნება, სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ აძლევს მათ, ამიტომაც, მუდამ მზად აქვთ _ `მობრძანდით!~
(ამ თვისებაში ერთდროულადაა წარმოდგენილი ლომის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები, კერძოდ: მეგობრული, კეთილგანწყობილი, დიდსულოვანი, სტუმართმოყვარე ბუნება და ამასთანავე ლომური ზღვარგადასული, სიბრიყვემდე მისული ხელგაშლილობა, უყაირათობა, მფლანგველობა, სიცოცხლისა და ქონების განიავება, უდარდელობა).
იქნებ, არ არის საჭირო ასეთი `კომფორტული~ ვიყოთ ყველასთვის? იქნებ ჯანსაღი ეგოიზმისთვის მიგვემართა? რატომ ვართ ასე ზედმეტად დამოკიდებული სხვებზე, სხვების აზრებზე. რატომ გვაწუხებს ასე ჰიპერტროფირებულად რას იტყვიან, რას იფიქრებენ ჩვენზე? ვიღაცას არ მოვეწონებით და…
ნუ მოვეწონებით! არ შეგვაქებენ და არცაა საჭირო, ყოველ შემთხვევაში იმ ფასად, რასაც საუკუნეების მანძილზე ვიხდით!
მაინც და მაინც `ყველას უნდა მოვწონდეთ~? ნახეთ, რა კარგები ვართ?!და… რა მოვიგეთ ამით? (ესეც, სამწუხაროდ ლომის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება, ლომისეული პოზიორობაა). ახერხებენ სხვა ქვეყნები `ხოტბა-დიდების~ გარეშე ცხოვრებას და როგორმე, ჩვენც ვიცხოვრებდით, სამაგიეროდ ამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან.
როგორც ნახეთ საკმაოდ ბევრი საერთოა ლომსა და ქართველების ფსიქოტიპებს შორის. ჩვენ ბევრი დადებითი და უარყოფითი თვისება გვაერთიანებს. (არსებობს კიდევ სხვა მსგავსებები, რომელბსაც მოგვიანებით, სხვა სტატიაში განვიხილავთ).
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისევე როგორც ლომის ნიშნის წარმომადგენელთათვის, კარგი იქნებოდა, თუ შევძლებდით ლომის უარყოფით თვისებებზე უარის თქმას, ან თუნდაც მათ შესუსტებას, ვინაიდან ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც გვასუსტებს, საკუთარი თავის რეალიზების, წინსვლის საშუალებას არ აძლევს.
სწორედ ამ უარყოფითი თვისებების გავლენით, როგორებიცაა: ამპარტავნება, მფლანგველობა, სიზარმაცე, ნარცისიზმი, კომპლიმენტების მოყვარეობა, გარეგნულ ეფექტებზე ორიენტირება, ლომი, რომელსაც წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს _ კეთილშობილება, პირადი შარმი, მომხიბვლელობა, შემოქმედებითი უნარები, ხელმძღვანელობის ნიჭი, ლიდერული თვისებები _ ვერ ახდენს თავისი მდიდარი პოტენციალის გამოვლენას, სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას იმ დოზით, რამდენიც სინამდვილეში შეუძლია (არადა, შეუძლია მართლაც ძალიან ბევრი).
რომ არა ეს დამაბრკოლებელი თვისებები, ლომი, მეფობისთვის მართლაც საუკეთესო კანდიდატია!
სამწუხაროდ ლომი არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და გაუთავებლად ერთი და იმავე შეცდომას უშვებს, სამაგიეროდ, უნარი შესწევს ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
ლომს, ისევე როგორც ქართველებს, სულ მცირედი გვჭირდება – საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, მეტი კეთილგონივრული ქმედებები, სიზარმაცის, უდარდელობის, ტრაბახის, ზღვარგადასული პატივმოყვარეობის თვისებებზე კონტროლის დაწესება, საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება (მაგრამ არა ამბიცია),
შინაგანი რესურსების რეალიზება, ლიდერული თვისებების გამოვლენა, მოკლედ, ლომის დადებითი თვისებების გაძლიერება, ანუ ჩვენი ილუზორული `კეთილდღეობიდან~ გამოღვიძება, თვითტკბობასა და ასევე, თვითგვემაზე უარის თქმა! სხვანაირად _ არასდროს გვეშველება! და ეს სხვამ კი არ უნდა გააკეთოს და კი არ უნდა მოგვართვას `ლანგრით~, რისი მოთხოვნილებაც თითოეულ ქართველს დაბადებით დაჰყვა, არამედ ჩვენ თვითონ, ყოველდღიური ცხოვრებითა და ქმედებებით უნდა მოვიპოვოთ.
იმედია, ლომს ეყოფა კეთილგონივრულობა და შეძლებს საკუთარ თავზე გამარჯვებას! ბოლოს და ბოლოს, ტყუილად ხომ არ ითვლება ლომი ცხოველთა სამყაროს უძლეველ მბრძანებლად, ლიდერად, ტიტულოვან მეფედ?!
ითვლება და სამართლიანადაც!
ანუ, უნდა მოხდეს ერის ფსიქოტიპის სასიკეთო ტრანსფორმირება, რის შედეგადაც ჩვენ ისევ ლომის ზეგავლენის ქვეშ ვიქნებით, მაგრამ ახლა უკვე დადებითი ნიშნით (ამ ეტაპზე უფრო უარყოფითს ვავლენთ), რაც მართლაც ძალიან დიდ მიღწევას და სულიერ ზრდას ნიშნავს. ეს სულიერი ევოლუცია აუცილებელია როგორც თითოეულისთვის, ასევე მთლიანად, მთელი ერისთვის. აი, მაშინ კი მართლა შეგვეფერება და შეგვეძლება კიდეც სიამაყით ვთქვათ: `რაც კარგები ვართ…~, თუმცა, სწორედ მაშინ, ამას, არ ვიტყვით!!!
სანამ სტატიას დავამთავრებდე, ლომის კიდევ ერთ დადებით თვისებაზე მინდა მიგანიშნოთ _ ეს არის სიყვარულის უნარი, ჭეშმარიტი სიყვარულის მოთხოვნილება. ლომს, ყველაზე მეტად, სწორედ სიყვარული ესაჭიროება. იმედს ვიტოვებ, რომ ქართველებსაც..
ქეთი ვაწაძე
ნაწილობრივ ლომი (მთვარე ლომში)