სატურნი
სატურნის ციკლი 29 წლიანია და ორნახევარ წელიწადს ატარებს თითოეულ ნიშანში.
მისი ელემენტი: მიწაა. ბუნება: ცივი და მშრალი.
მართავს: თხის რქას და მერწყულს (ურანთან ერთად), ეგზალტირებულია: სასწორში.
ის ძვლების (ჩონჩხი) და კანის ანალოგია.
ასახიერებს: ბაბუას, ბრძენ კაცს, ზრდასრულს, მეცნიერს, მცოდნე ადამიანს. მოხუცი პლანეტაა სატურნი, 70 წლის და ზევით, თუმცა ხან ცოტა ადრეც იწყებს მოქმედებას გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიკვდილის დროს.
ტემპერამენტი: ნევროზული.
ხასიათი: აქტიური, უემოციო, ხანდახან ემოციურიც, და პასიურიც. ის ფლეგმატური, სენტიმენტალური და აპათიურია.
ოპოზიციაში უზის იუპიტერს და შესაბამისად თუ იუპიტერი გაფართოების სინონიმია, სატურნი შეზღუდვებს აწესებს. ის დროს სიმბოლოა, მისი მკაცრი პრინციპების.
სიმტკიცესთან, სიმკაცრესთან, დისციპლინასთან და შეზღუდვებთან ასოცირდება. ქმნის დაბრკოლებებს, გვაძლევს გაკვეთილებს, გვიტარებს გამოცდებს და მოგვივლენს განსაცდელს. ყველგან სადაც კი ის ჩნდება შეაქვს არეულობა, დაბრკოლება, მოვლენების შენელება და მოითხოვს წვალებას და კონცენტრაციას. ამ თავისი მავნებლობის გამო არც ისე დიდ სიმპატიებს იწვევს, მაგრამ თავის შვილებს ზრდის საშუალებას აძლევს, ბევრის მიღწევის შესაძლებლობას, კარგ აზროვნებას და უდიდეს პასუხისმგებლობას.
ის ამბიციების პლანეტაა, სრულყოფის, სიბრძნის და ასკეტიზმის. როცა სატურნი დომინანტი პლანეტაა, ინდივიდი ჩაკეტილი, განდეგილი, წყნარი, თავდაჭერილი, კანონმორჩილი, ამბიციური და უშფოთველია. შეიძლება ცივად და უემოციოდაც მოგეჩვენოთ, რაც მართალი არ არის. ის მგზნებარე და ამაყია, მაგრამ არ სურს სხვებმა დაინახონ რომ სისუტეებიც აქვს და გრძნობები უტოკდება. უარყოფით გამოვლენაში შეიძლება ძუნწი, სასტიკი, უხეში და ეგოისტიც გახდეს.
ასოცირდება მღვდელთა, მკურნალთან და ყველა იმ ადამიანთან რომლებიც დაბრკოლებების გადალახვაში გვეხმარება. ის მოხუცის ასაკია, როცა ადამიანი მატერიალური ცხოვრების ინტერესს კარგავს. ეს მარტოობის ასაკია.