საიდუმლოს შენახვა ჯანმრთელობას ვნებს
რატომ ხდება, რომ ქალების (და არამარტო ქალების) უმეტესობას უჭირს საიდუმლოს შენახვა? თურმე ნუ იტყვი და – საიდუმლოებები ცხოვრებას ართულებს!
ტაფტსის (Tufts university) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საიდუმლოებები ადამიანის ემოციურ დატვირთვას აძლიერებს, ეს კი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც ინახავს საიდუმლოს, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმეებს სირთულეებად აღიქვამს.
ეს დასკვნები სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ გაკეთდა. მოხალისეები ორ ჯგუფად დაჰყვეს: ერთ მხარეს სთხოვეს, გაეხსენებინათ რაიმე მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომელიც მათ შესანახად ანდეს, მეორე მხარეს – ნაკლებად მნიშვნელოვანის.
შემდეგ ყველას განურჩევლად დაავალეს ერთი და იგივე დავალების შესრულება – მაგალითად, შეეფასებინათ ბორცვის დახრილობა და გამოეთვალათ ბორცვამდე მანძილი.
შედეგად, ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავდნენ, ბორცვამდე მანძილი დიდი მოეჩვენათ, ხოლო თავად ბორცვი – ბევრად დახრილი, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ მნიშვნელოვანი საიდუმლოს შემნახველები იყვნენ. ყველა სხვა ამოცანაც პირველი ჯგუფისთვის ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეორესთვის.
მეცნიერებმა დაასკვნეს: რაც უფრო მნიშვნელოვან საიდუმლოს ვინახავთ, მით რთულია ჩვენი ცხოვრება. გამოდის, რომ ადამიანებს, უბრალოდ, არ სურთ, გაირთულონ ცხოვრება და ამიტომაცაა, რომ ისინი საიდუმლოს ვერ ინახავენ.
ამ ქცევას, დამატებით, კიდევ ერთი გარემოებაც ხსნის: საქმე იმაშია, რომ საიდუმლოს შენახვაზე იმდენად დიდი ენერგია იხარჯება (გამუდმებით უნდა აკონტროლო, რომ სადმე რამე არ წამოგცდეს, შემთხვევით არ გათქვა, ზიანი არავის მოუტანო) – რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს ამხელა ენერგეტიკული რესურსი ამ ,,საქმეზე,, დასახარჯად და ხშირად საიდუმლოს გათქმა – ერთგვარ შვებათაც კი მოიაზრება და ბევრი ამას, გაუცნობიერებლად აკეთებს. ასე რომ კარგად დაფიქრდით მანამ, სანამ ვინმეს საიდუმლოს გაუმხელდეთ – შეძლებს კი ის ადამიანი ამხელა ,,ტვირთის,, ტარებას?
მოიძია თამთა გელაშვილმა