ასტროლოგია და ადამიანის გარეგნობა
NOTE: სახის გარეგნული იდენტიფიკაცია ყველაზე კარგად ხერხდება ახალგაზრდობის ასაკის ფოტოებში დაახლოებით 10 დან 30 წლამდე.
გარეგნობაზე მოქმედებს: ასცედენტი, ასცედენტის ასპექტები პლანეტებთან, პირველ სახლში მყოფი პლანეტები, ან მეთორმეტე სახლში ასცედენტიდან 3-4 გრადუსის მოშორებით მდებარე პლანეტები, ასცედენტის მმართველის ნიშანი. ნორმიდან გადახვევები ხდება როცა ასცედენტის მმართველი შეერთებულია ან ასპექტი აქვს სხვა ელემენტის პლანეტასთან. როცა სხვა ელემენტის პლანეტებია პირველ სახლში (მაგალითად, კურო ასცედენტი, ტყუპი მზით პირველ სახლში), როცა სხვა ელემენტის, განსაკუთრებით ანგულარულ სახლში ხდება პლანეტების კონცენტრაცია. მზის ნიშანი, ვენერის და მარსის მდებარეობა და მდგომარეობა, დომინანტი პლანეტა, ურანი და ზოგადად ყველა პლანეტას თავისი პატარა წვლილი შეაქვს იმ ურთულეს კომბინაციაში თითოეულ ინდივიდს რომ ქმნის. ამ კომბინაციის უკეთ რომ გავერკვეთ, პირველ რიგში უნდა გავეცნოთ რომელი პლანეტა რა გარეგნობით აჯილდოებს ადამიანს.
როცა დომინანტი პლანეტა მზეა:
კარგი აღნაგობა აქვთ, ძლიერი და ძვლოვანი. გრძელი და თხელი კიდურები და განიერი მხრები. მაგალითად, ოგუსტინე როდენი მზე – იუპიტერის ტიპაჟებს აქანდაკებდა.
სახე ფართო და ოვალური, შუბლი – ფართო, თვალები დიდი და მბრძანებლური. თმა ღია, თხელი და სიმელოტისკენ მიდრეკილი. ნაკვთები – გამოკვეთილი. კანი სუფთა და ღია ფერის.
აქვთ არტისტული მონაცემები, არიან ენერგიულები და კრეატიულები. უყვართ გართობა, მხიარულება. ბავშვურები და ფიზიკურადაც ხშირად რომელიღაც ზღაპრის გმირს გვანან.
მაგალითად, პიტერ პენი და ფიფქია, მზის ტიპაჟები არიან.
საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ. გამოიყურებიან მისი ასაკის ჯგუფზე ახალგაზრდულად.
მაგალითები : ჯუდი გარლანდი, ჯენიფერ ლოპესი, რობერტ გრეივსი, ჯილიან ანდერსონი…
მთვარე:
მრგვალი ფორმები აქვთ, მრგვალი სახე – მთვარესავით ძალიან ფერმკრთალი, წარბებიც მორკალული. თვალებიც მრგვალი, დიდი და ნაზი. ვან გოგი მთვარისეულ ტიპაჟებს ხატავდა.
საშუალო სიმაღლის ან დაბლები არიან. მოკლე, მაგრამ სქელი ხელფეხი, ძირითადად პატარა ძვლებით. მაგალითად ჩინელებს და ესკიმოსებს მთვარისეული გარეგნობა აქვთ.
პასიურები და უხასიათოები და მარტოსულები არიან, აქვთ კარგი წარმოსახვის უნარი, მათემატიკური ნიჭი და შესანიშნავი ინტუიცია. ბუტიები არიან და რთულად პატიობენ.
მულტფილმის გმირები: პეტი ბუპი და მისტერ მაგო.
ცნობილი ადამიანები დომინანტი მთვარით; ეინშტეინი, კეის ურბანი, პენელოპა კრუსი..
მერკური:
მერკურის ტიპაჟები ინგლისელები და იაპონელები არიან. მათ ახალგაზრდული გარეგნობა აქვთ, გრძელი და თხელი სახე, დიდი, ფართო შუბლი, გრძელი ცხვირი, გრძელი სახე, თხელი ტუჩები, წვრილი ნიკაპი, გრძელი, თხელი კიდურები და თითები, ცოცხალი თვალები.
თმა -ძირითადად მუქი, მაგრამ ქერებიც გვხვდებიან და თან თმიანები არ არიან, ხმა – ღრმა და მჟღერი. ისინი ჰერმესივით მოძრავები არიან. გოგენი ხატავდა ძირითადად მერკური (ვენერაც) ტიპაჟებს.
ცნობილი ადამიანები, ბარ რაფაელი, ჰიუ გრანტი, კიანუ რივზი..
ვენერას ტიპაჟები:
ჰავაელები არიან ვენერას ტიპაჟები და მექსიკელები. ტანმორჩილები გახლავან, მაგრამ ლამაზები. მრგვალი სახე, დიდი და მეოცნებე თვალები, მშვიდი, ნაზი და რბილი ხმა. სავსე სხეული აქვთ, ვნებიანი, ასაკში სიმსუქნისკენ მიდრეკილი და თეძოები მკერდზე განიერი. თმები – ხშირი. კანი მუქი. იმპრესიონისტები ვენერას ტიპაჟებს ხატავდნენ, მიქელანჯელოს შემოქმედებაშიც ვენერა- იუპიტერი იგრძნობა. ვენერიანელია თინკერ ბელიც.
ცნობილი ადამიანები: სუზი კვადრო, ჯეიმს მაკავოი
მარსის ტიპაჟები:
ირლანდიელები არიან მარსიანელები. თმით – წითურები ან შავგვრემნები, უმეტეს შემთხვევაში ხვეული ან ტალღოვანი სტრუქტურით. სახის მკვეთრი ნაკვთები აქვთ, გამოკვეთილი ნიკაპი, კანი – არც ისე კარგი სტრუქტურის, შეჭმული, ან ჭორფლებით და ლაქებით დახალული. თვალები ჭროღა, ბასრი და გამჭოლი. აღნაგობა – ძლიერი, დაკუნთული სხეულით. გამომეტყველება – ცხოველი.
ძალიან აქტიურები არიან ფიზიკურადაც, ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც. ენერგიული, პირდაპირი, პატიოსანი, გულღია ხალხია, ადვილად ფეთქდებიან, ადვილად მხიარულდებიან, ადვილად ბრაზდებიან და ადვილად გპატიობენ. აგრესიულები არიან და გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ ხშირად. მულტფილმის გმირებიდან დონალდ დაკი და პოპეი შეესაბამებათ ყველაზე მეტად.
იუპიტერის ტიპაჟები:
დიდები და მაღლები არიან, კარგი ფორმებით, ასაკის მატებასთან ერთად ღიპი შეიძლება დაედოთ და დამრგვალდნენ. ფართო მკერდი აქვთ, დიდი თავი, უზარმაზარი შუბლი, ფართო და კეთილი თვალები. თმები – თხელი, წვერიც კი ცოტა ამოსდით. სქელი კისერი. უყვართ კარგი ღვინო, ხალხი, ჭკუის დარიგება და ფილოსოფოსობა.
რუბენი ხატავდა იუპიტერიანელებს. პერსონაჟებიდან კი სანტა კლაუსი შეეფერებათ.
სატურნის ტიპაჟები:
გამხდრები არიან, სამკუთხედის ფორმის ტანით, ძვალმსხვილები, წლებთან ერთად მხრებში იხრებიან. მკაცრი ნაკვთები აქვთ, პატარა და ელვარე თვალები, გრძელი სახე, შესამჩნევი ცხვირით და ყბებით, წინ წამოწეული ყვრიმალებითა და ყვითელი კბილები. თმა მუქი და ძირითადად ხვეული. პატარა ყურის ბიბილო და ძალიან სერიოზული გამომეტყველება. როცა იღიმებიან მაშინაც კი სერიოზული სახე აქვთ. პერსონაჟებიდან ძია სემის და პრინცესა ტიანას პროტოტიპია.
ურანის ტიპაჟები:
გამხდარი, არასტანდარტული ნაკვთებით, დიდი, ბრჭყვიალა და ცნობისმოყვარე თვალებით, ძირითადად ღია ფერის. ყოველი მათგანი ინდივიდუალურია და არავის არ ბაძავს, ასკეტური ტიპებიც კი გვხვდებიან მათ შორის, ცივი სახით. აქვთ უჩვეულო კანი, ალბინოსივით თეთრი, ან რაიმე ამგვარი. დიდი ტანი ან თავი აქვთ, მელოტი ან უჩვეულო ვარცხნილობით. მამაკაცები ხშირად ფემინინურად შეიძლება მოგეჩვენოთ. თუკი ვინმეს გარეგნობაში რაიმე უცნაური გინახავთ, ნებისმიერი გადახრა სტანდარტიდან ნაკვთებში იქნება ეს თუ ჩაცმულობაში, სულ ურანის ოინები იქნება.
ნეპტუნის ტიპაჟები:
გამხდარი სხეული, გრძელი თავი, ბასრი ნაკვთები, გამომეტყველება ხშირად სასტიკი და ყოველთვის მისტიური. თმები საფეთქელთან ეხვევათ. თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ.
ეს ხალხი წარმოსახვასთან ინსპირაციასთან ასოცირდება. არიან მეოცნებები, კრეატიულები და არაამქქვეყნიურები, რაც გარეგნობაზეც აისახება. დომინანტური ნეპტუნის მქონე ადამიანებს დიდი, წყლიანი და მეოცნებე თვალები აქვთ. ისინი დიდხანს რჩებიან ჩვენ მეხსიერებაში და სიკვდილის მერეც კი არ კარგავენ ჩვენთან კავშირს.
პლუტონიანელები:
პლუტონიანელები ცივები , მარტოსულები, ინტელექტუალურები და ანგარიშიანები არიან. შეიძლება ითქვას სასტიკებიც. რთულია მათი მოტყუება და ცდილობენ ყველაფერს ლოგიკური ახსნა მოუძებნონ.
აქვთ სამკუთხა თავი, სახეზე ფართო შუბლი, გამჭოლი თვალები, თითქოს შიგნით გხედავენო და რაღაც არაამქვეყნიური გამომეტყველება.
რაც შეეხება ნიშნებს:
კარდინალურ ნიშნებს – ოვალური/ მრგვალი სახეები აქვთ. შუბლი უფრო მომრგვალებული ან დამრეცი, ვიდრე მუტაბელურ ნიშნებს.
ფიქსირებულ ნიშნებს კუბური/ ოთკუთხა, მართკუთხა სახეები აქვთ, შუბლი/საფეთქლები დაახლოებით ქვედა ყბის სიგანის.
მუტაბელური ნიშნები ვიწრო/მოგრძო კონუსისებური სახით გამოირჩევიან. შეიძლება მომრგვალებულიც ჰქონდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ გამოირჩევიან თხელი, მოგრძო და ხშირ შემთხვევაში უფრო ფართო შუბლით.
უფრო კონკრეტულად კი
ვერძის ასცედენტებს ძვლოვანი, გამოქანდაკებული, ოვალური (ხშირად სამკუთხედი)თავი აქვთ, რაც მამაკაცებში სიგამხდრეზე გადაუკრავს სიტყვას. ყბები შეიძლება ვიწრო იყოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძლიერი და სრული სხვა კარდინალებთან შედარებით. კისერი ჩვეულებრივზე თხელი. თვალები შორი შორს ჩასმული, მოძრავი, ბასრი, პრიალა, იმპულსების შესაბამისი. ის კი არ გიყურებთ, მზერას გესვრით. შუბლი მაღალი. წარბები ხშირი, მორკალული, წინ წამოწეული, თვალებთან ახლოს, ბუჩქისებური ან პირიქით ჩვეულებრივზე თხელი, რაღაცით არასტანდართული. თმები ახალგაზრდობაში ხშირი და ასაკში სიმელოტისკენ მიდრეკილი. ხმა მაღალი ან მკვეთრი. ნიკაპი წინწამოწეული და უსწორმასწორო, ძვლიანი, რომელიც სხვა კონტურებზე მეტად ახდენს მათ იდენტიფიკაციას. ორივე სქესი პირდაპირი და უხეშია, მოძრაობენ სწრაფად და ხშირად თავწახრილი. განიერი მხრები აქვთ, ლამაზი ხელფეხი, კანი კი – გამონაყარისადმი მიდრეკილი.
ბარბარა სტრეიზანდი, ჯონ ლენონი, ჯერალდინო ფერარო, ჰელენ რედი, ლინ რედგრეივი.
კუროს ასცედენტებს უფრო რბილად მომართკუთხედებული სახე აქვთ და თვალებიც შესაბამისი ; უმეტეს შემთხვევაში ყავისფერი, მრგვალი, სავსე, გრძელი და ხშირი წამწამების ჩარჩოში ჩასმული და ვერძული ტიპის თვალებზე უფრო დაჟინებული მზერით. ენერგეტიკა – მშვიდი, გრძნობისმიერი, მიწიერი, დინჯი (თუ ცეცხლის ან ჰაერის გავლენა არ არის). ხმა რბილი და სასიამოვნო, მეტყველება – თანმიმდევრული. ცხვირი სიფართოვისკენ მიდრეკილი, ან წვერში მომრგვალებული, ბევრს პატარა ,,კნოპკა“ ცხვირებიც აქვთ. ნიკაპი და ლოყები მომრგვალებული. კისერი/ ყელი ჩვეულებრივ უფრო მსხვილი აქვთ. მხრები უფრო ჩამოყრილი/მომრგვალებული, სხვა ფიქსირებული ნიშნებისგან განსხვავებით. სიმაღლე – საშუალოზე დაბალი. სხეული ოთკუთხედის ფორმის. მშვენიერები თუ არ არიან, სასიამოვნო შესახედაობა მაინც აქვთ, ცოტა ჯიუტები და ზარმაცებიც არიან. კრიზისული სიტუაციებისას სიმშვიდეს ინარჩუნებენ. გულღიები არ არიან, მაგრამ თუ საჭიროა ემოციების გამომჟღავნებაც შეუძლიათ. იცვამენ კომფორტულად.
დაიან ვორვიკი, მარტინ ლუთერ კინგი, ჰოლი ბერი.
ტყუპებს წვრილი და ჩვეულებრივზე მოგრძო თავები აქვთ. შესაძლოა ჩვეულებრივი სიგრძისაც იყოს, მაგრამ მაშინ ბოლოში კონუსისებურად დავიწროვდება წვრილი ნიკაპით. მაღალი შუბლი აქვთ და ცოტა შორი შორს ჩასმული თვალები. ერთერთია იმ ნიშანთაგან რომლებიც ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ენერგეტიკა – გაფანტული, ცვალებადი, სწრაფი, კონტაქტური, რეცეპტული (თუ მიწა ან წყალი არ ამშვიდებს). ხმაც ასეთივე მერყევი ძალიან დაბლიდან მაღლამდე, ტონიც ცვალებადი , ადვილად უწევს ხმას(ზევითაც და ქვევითაც)
ხშირად აცეცებენ თვალებს, ლაპარაკისას აქტიურად იყენებენ ჟესტიკულაციას, იქნევენ ხელებს. მეტყველებენ სწრაფად. ცოცხალი და მოძრავი ხალხია, გრძელი კიდურებით, ხელებით და ფეხებით. თითებიც ჩვეულებრივზე გრძელი აქვთ. მოლაპარაკეები და კომუნიკაბელურები არიან თუ კარგად გრძნობენ თავს აუდიტორიაში. წყნარად მხოლოდ მაშინ არიან თუ ხელები და თავი დაკავებული აქვთ -წერენ, ბეჭდავენ ან ძერწავენ, აქანდაკებენ… მოკლედ ჩაფლულები არიან რაიმე შემოქმედებით პროცესში. აქვთ ინტელექტუალური ინტერესები, მაგრამ ზედმეტი ენერგია იმისთვის რომ ფიზიკურად აქტიურები არ იყვნენ, არ იმოძრაონ და სულ მცირე ხელები მაინც არ იქნიონ აქეთ იქეთ.
ცნობილი ადამიანები ტყუპი ასცედენტით: მეთიუ მაკკონაჰი, მიშელ პფაიფერი, მიკ ჯაგერი…
ამომავალ-კირჩხიბოსნებს მრგვალი ან ოვალური სახე აქვთ. პირი ფართო და მგრძნობიარე, სიმპატიური გამოხედვით.
ენერგეტიკა – მტკიცე, ცენტრისკენ მიმართული (გარედან შიგნით), ინტროვერტი, მგრძნობიარე , თავდაჭერილი, მორცხვი ან კონსერვატორი, მზრუნველი და მფარველი. მომართულები არიან სხვების საჭიროებაზე და საზოგადოებრივ აზრზე, თუმცა ცოტა უხასიათო და ცვალებადები გრძნობებში (თუ მიწა არ ასტაბილურებს). ხმა – დაბალი და მეტყველება თავდაჭერილი. ხშირად ლომის ასცედენტსაც კი აჭარბებს მიდრეკილებით კარგად აწონ-დაწონოს სიტყვები, სანამ რამეს იტყოდეს (შეურაცხყოფა რომ არ მიაყენოს ვინმეს, ან რაიმე სისულელე არ თქვას თავისდაუნებურად )
კანი – ნაზი, და თვალებიც ამ სინაზეს ირეკლავენ _ ღრმა და წლიანი აქვთ. მხრები ხშირ შემთხვევაში მომრგვალებული, ბევრი ბეჭებში მოხრილი დადის. მკერდი – ფართო. კბილები – მეჩხერი. წარბები ხშირი და გადაბმული. ბავშვურები არიან, გულუბრყვილო და ანგელოზურად მიამიტი სახით. როგორც წესი, კონფლიქტებს ერიდებიან და სცენის მიღმა ცდილობენ თავიანთი გავლენის გავრცელებას. მალულად ეხმარებიან სხვებს. არ აქვს მნიშვნელობა რუკა რამდენად უწყობს ხელს საკუთარ ოჯახზე მიჯაჭვულობაში, კირჩხიბის ასცედენტი საკმარისია იმისთვის რომ ოჯახმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს სამყაროსთან მის დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე. ნუ ეცდებით ლოგიკის სიძლიერე დაინახოთ მათი მოქმედებებს მიღმა. სოლიდარობა უკეთესია.
პ.ს. აუცილებელია ინახოს მთვარის ასპექტებიც.
ცნობილი ადამიანები : ლივ ტაილერი, რობერტ პატინსონი…
ლომის ასცედენტებს მართკუთხა, კვადრატული სახე აქვთ. ენერგეტიკა – პრეზენტაციული, რომელიც თითქოს იწვევს ადამიანებს რომ ყურადღება მიაქციონ, ურთიერთობა იქონიონ მასთან. უყვართ გაზვიადება და კარგად ეხერხებათ პრომოუშენი. ადვილია მათი გაბრაზება, ვერ იტანენ ხალხში შენიშვნის მიცემას და ცხელ გულზე ვერ აკონტროლებენ, რას ამბობენ.
კეთილშობილება, გაბედულება, პირდაპირობა და პატიოსნება აი, გაწონასწორებული ლომის ასცედენტის ღირებულებები. უხეში, მყვირალა, ცოტა ამპარტავნულიც შეიძლება მოგეჩვენოთ ურთიერთობებში (თუკი წყლის თავდაჭერილობა არ ფარავს ამას), თუმცა იგნორირებას ვერ შეძლებთ. თუკი რბილად ლაპარაკობენ ხმა ძალიან სანდომიანი აქვთ, მაგრამ თუ ხმას უწევენ მაშინ მბრძანებლური ტონი გაერევათ ხოლმე. ბევრ მათგანს მკერდისმიერი მჟღერი და ძლიერი ხმა აქვს, რის გამოც ბევრია მათში მსახიობი თუ მომღერალი.
როგორც წესი, კარგი თმები აქვთ და ძალიან ზრუნავენ ხოლმე თმებზე, თუმცა კაცებს სიმელოტისკენ აქვთ მიდრეკილება. თვალები დიდი და ცოტათი გადმოკარკლული, მაგრამ მომხიბვლელი და მიმზიდველი. შუბლი – მაღალი. თვალებს შორის ფართო ადგილი ხშირ შემთხვევაში. ცხვირი ფართო და რაღაცით გამორჩეული. მიუხედავად იმისა, გამხდარია თუ მსუქანი – კარგი აღნაგობა, მტკიცე ნაბიჯი ,გრძელი ფეხები, კარგად გამოკვეთილი მუხლები, განიერი მკერდი და ძლიერი წარმოსადეგობა აქვთ. უმეტესობა მაღალია და ათლეტურიც კი. ტანი – პროპორციული, თუმცა ზედა ნაწილი უფრო ხაზგასმულია და განვითარებული – ჩაზნექილი ზურგით, თითქოს მკერდი ამაყად აქვთ წამოწეული წინო.
ცნობილი ადამიანები : ალ პაჩინო, ჯენიფერ ლოპესი, ალფრედ ჰიჩკოკი…
ქალწულის ასცედენტებს დიდი თავის ქალა აქვთ, გამობურცული კეფა, მაღალი შუბლი და სამკუთხა სახე, კონუსისებური, V ტიპის, ქვევითკენ რომ ვიწროვდება და პატარა პირითა და თხელი ტუჩებით რომ მთავრდება. ხანდახან იმდენად პატარა პირი აქვთ, რომ მოზრდილ ასაკში ყველა კბილს წესიერად ამოსვლა უჭირს.
გაპობილი ნიკაპი, ვიწრო ნესტოები აქვთ, სწორი და ქვევითკენ მიმართული ცხვირი. თვალები ახლო ახლოს ჩასმული და პატარა. მზერა – გაურკვეველი. დაბლებიც გვხვდებიან მათში და მაღლებიც, გამხდრები და მოხდენილები არიან ხოლმე, ახალგაზრდობაში მაინც.
ენერგეტიკა – ინტროვერტი, განსაკუთრებით ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ ცვალებადი, როგორც დანარჩენი მუტაბელური ნიშნები, ამიტომ ხმაც უფრო რბილი აქვთ, ვიდრე ბოხი ან მკივანა(თუკი ცეცხლი ან ჰაერი არ არის გარეული) და ნაზალური (ცხვირისმიერი). მეწვრილმენეები არიან, სერიოზულები, კრიტიკულები (აუცილებლად გისწორებენ შეცდომებს), მოწესრიგებულები და პუნქტუალურები, პრაქტიკულები და საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე მზრუნველები. ბევრი მათგანი ვარჯიშობს, დიეტას იცავს და ა.შ.
ცნობილი ადამიანები : კიანუ რივზი, მილანი ფერმერი, ოდრი ტატუ…
სასწორის ასცედენტი მრგვალ/ ოვალურ და პატარა(თუ სხვა პლანეტები ან ფაქტორები არ ცვლიან) თავს იძლევა. ნიკაპიც კი სიმრგვალისკენ არის მიდრეკილი, რომელზედაც ხშირად ფოსოები/ღრმულებიც აქვთ. თვალები და პირი კარგი მოყვანილობის და მიმზიდველი, თუნდაც სილამაზის ეტალონები არ იყვნენ. თვალები როგორც წესი ღია, ან ჭრელი აქვთ(მომწვანო-მოლურჯო). კანი გლუვი, რბილი და კარგი ხარისხის. წელი შეზნექილი, თითქოს ტვირთის ტარებისგან გაიღუნაო და მხრები ჩამოყრილი და მორიელისგან განსხვავებით მომრგვალებული. კაცებს ქალური სილამაზე აქვთ ხოლმე. უმეტესობა ძვალწვრილია, მაგრამ გამხდარს მათზე ვერ იტყვით. ხმა რბილი და მშვიდი. სასიამოვნო ხალხია, წყარი და კარგი სამეგობრო. ქალებს ძალიან უყვართ საკუთარი თავი და ტანისამოსითა თუ სამკაულებით შეუძლიათ თავის მაქსიმალურად წარმოჩენა. მამაკაცები (ხშირად ქალებიც) კარგად ერკვევიან მექანიზმებში, კომპიუტერებსა და ტექნიკაში.
ცნობილი ადამიანები: ალენ დელონი, ლეონარდი დიკაპრიო, კეტი პერი…
მორიელებს კვადრატული/ მართკუთხა ფორმის სახეები აქვთ.
თვალები მუქი და ღრმა, ცოტათი საშიში მზერით და ჩაშავებული უპეებით ( ღია ფერის თვალებითაც გვხვდებიან იშვიათად, მაგრამ საბედისწერო გამომეტყველება აქაც გვრჩება.). ხშირად შეხვდები სახეზე თმებჩამოყრილი ვარცხნილობით, სათვალეებით, ქუდებით, კაპიუშონებით, თითქოს თავს ინიღბავსო. პროფილი მტაცებელ ფრინველს მიუგავთ, ძირითადად დაბლები არიან, მაგრამ აღნაგობა ძლიერი და შთამბეჭდავი აქვთ. მამაკაცები უმეტეს შემთხვევაში ჩაფსკვნილი, განსაკუთრებით როცა ზრდასრულობას მიაღწევენ, ქალები კი სასიამოვნოდ მრგვალი ფორმებით გვხვდებიან. ენერგეტიკა – შეუღწევადი , მაგრამ გამჭოლი, ჩამწვდომი, ღრმა, იდუმალებით მოცული, შთამბეჭდავი. ხმა – უემოციო, ცივი, მიუხედავად იმისა რომ ბევრს შესაძლოა ძლიერი მჟღერი ხმა ჰქონდეს. ხშირად კრიჭაშეკრული საუბრობენ (განსაკუთრებით მამაკაცები), ან კბილებში ცრიან ( გაიხსენეთ კლინტ ისტვუდის შექმნილი ტიპაჟები). მეტყველება სიტყვას გადაგიკრავს იმაზე რომ არც ისე კომუნიკაბელურ პერსონასთან გვაქვს საქმე. ადვილად არ მიგიშვებენ ახლოს და არც არის იოლი მათი გაცნობა. არიან კრეატიულები და დიდი პოტენციალი აქვთ სხვებზე მაღლა იდგნენ. ძალიან მიმზიდველები და ეროტიულები არიან. ძალიან იოლად გამოარჩევთ მშვილდისა თუ სასწორისგან ჩაკეტილი ბუნებით.
ცნობილი ადამიანები : ბიორკი, დევიდ გუეტა, გრეის კელი…
მშვილდოსნის ასცედენტებს ჩვეულებრივზე გრძელი სახეები აქვთ, მაღალი, დამრეცი შუბლით და შესამჩნევი თხემით წარბებზე. ხშირ შემთხვევაში სახე კონუსისებურად ვიწროვდება ფართო შუბლიდან ვიწრო ნიკაპამდე და V -ს ფორმას იღებს, ქალწულის სახესავით (თუმცა უფრო მასიურია). ყურები და ყურის ბიბილოებიც გრძელი აქვთ ხშირად, რითაც ადვილად განასხვავებთ თხის რქისგან, რომლებიც პატარა ბიბილოებით გამოირჩევიან. პირიდან ნიკაპამდე მანძილი წაგრძელებულია. თვალები – უელავთ, უციმციმებთ, უბრწყინავთ… თითქოს მთელ ენერგიას ნაპერწკლებივით ისვრიან თვალებიდან… ისინი ყველაზე მაღლები არიან მთელ ზოდიაქოში და ყველაზე ექსტროვერტები.. და თუ მოხდა სასწაული და არც ისე ათლეტურები არიან, მათი ცოცხალი, მეგობრული და ღია დამოკიდებულებით შეგიძლიათ იცნოთ. ენერგეტიკა – ექსპანსიური, ოპტიმისტი, ღია, მეგობრული, სოციალური, მაგრამ თავი – პეპლებით სავსე, იუპიტერის წყალობით. ხმაც ამავე ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით სიცილი – ეგზალტირებული, გადამდები, ყურადღების მიმქცევი … ის კი არ იცინის ხარხარებს… მეტყველებისას შეიძლება ენა დაებათ, იმიტომ რომ ისე სწრაფად და ენთუზიაზმით ფიქრობენ, აზრების სიტყვებად გადათარგმნა ვერ მოასწრონ. მათი ექსპანსიურობის ჩასაქრობად ბევრი მიწა, წყალი ან ფიქსირებული ნიშნის გავლენაა საჭირო. უყვართ თავისუფლება და სიმართლე, თავგადასავლები და მუდმივად სწავლობენ ხალხს, ბუნებას, მიწას და ფილოსოფიას. ოპტიმისტები და იპოხონდრიკები აქტიურად ღია არიან სამყაროსთვის, მაგრამ ცოტას ,,აფრენენ“. დაუღალავები მუდმივად მზად არიან თავგადასავლებისთვის. გოგოები ცოტა ქალა-ბიჭები არიან ადრეულ ასაკში, ყველგან რომ დადიან ბიჭებთან ერთად, ტოლს რომ არ უდებენ არაფერში და მხოლოდ დაქალებისას ამჟღავნებენ ქალურობას.
ცნობილი ადამიანები : ელვის პრესლი, სკარლეტ იოჰანსონი, ბრედ პიტი…
თხის რქა მრგვალ ან ოვალურ თავს გვაძლევს, კომპაქტური სახით და პატარა მკვეთრ ნაკვთებს. ყურები ელფივით დაცქვეტილი და პატარა ბიბილოებით. კისერი წვრილი და გრძელი. აღნაგობა – თხელი, მაგრამ ძლიერების და ამტანობის გამომხატველი. მიწაზე მყარად დგანან როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით და ხშირად კარგი მოცეკვავეები არიან მათ შორის. კანი – მოყვითალო. ძვალმსხვილი. ბავშვობაში – ასაკით უფროს ჰგავს, ასაკში – ახალგაზრდას. ენერგეტიკა – თავდაჭერილი, ოფიციალური, ავტორიტეტული, მიწიერი. საუბრის მანერა – თითქოს ხელქვეითებს დავალებებს აძლევს. მეტყველება – თავშეკავებული, რითიც აშკარად განასხვავებთ მშვილდისგან. მასთან საუბრისას გეგონებათ რომ უფროსს (თუნდაც ასაკით) ელაპარაკებით. მაღლებიც არიან დაბლებიც, საშუალო სიმაღლისებიც, მაგრამ სერიოზულობით , თავდაჭერით და პატივისცემის მოპოვების დაუძლეველი სურვილით აშკარად გამოარჩევთ სხვებისგან. უყვართ მუშაობა და გამოწვევის, პატივისცემის, ავტორიტეტის გარეშე დეპრესიაში ვარდებიან. პატივისცემის მოპოვებაში ვერავინ შეედრებათ. ხანდახან უტაქტოები არიან, მაგრამ ტრადიციებს, წესებს და იერარქიას პატივს სცემენ და ცდილობენ თავაზიანები იყვნენ. ეს ერთერთი ყველაზე სერიოზული ნიშანია ზოდიაქოსი, თუმცა მიუხედავად ამისა პანის როლშიც შეიძლება იხილოთ, როგორც პროვოკატორები და დროსტარებისას თავზე ყველაფრის დამმხობები.
ცნობილი ადამიანები: მონიკა ბელუჩი, ენტონი ჰოპკინსი, ზოი დეშენელი…
მერწყული ყველაზე კვადრატულ სახეებს ქმნის, მაგრამ უფრო გრძელს, მომართკუთხედოს.
აღნაგობა – მტკიცე, ჩაფსკვნილი თუ არა ფართო კუთხოვანი მხრებით. უმეტეს შემთხვევაში ქვედა ტანი უფრო განვითარებულია. მერწყულის ორი ტიპაჟია: ერთი მაღალი, გამხდარი, მოქნილი და ქერა, მეორე ცოტა უფრო მუქი, საშუალო სიმაღლის და სავსე. ისინი რაღაცით გამორჩეული ხალხია გარეგნულადაც. მამაკაცებს აქვთ რაღაც ქალური და პირიქით. ფერმკრთალები არიან, დახვეწილი ნაკვთებით, მაღალი შუბლით, მორკალული წარბებით, მომღიმარი პირით, უჩვეულო ვარცხნილობით, თმები ტალღოვანი, პრიალა და ჯანსაღი, თვალები კი – ღია აქვთ და მეოცნებე.
ინტელექტუალები არიან, რაციონალურები, ხალხს მოსწონს მათ საზოგადოებაში ყოფნა. მოსწონთ, როდესაც განსხვავებულები არიან მასისგან. მოსწონთ ინდივიდუალიზმი. ენერგეტიკა ექსტორვერტი, მაგრამ ხანდახან ინტროვერტული ფორმით- უხარიათ ხალხში ყოფნა მაშინაც, თუკი წყნარად სხედან, ანუ სოციალურები არიან, მაგრამ ინდივიდუალისტები. ეს აისახება მათ ხმის ტემბრზე. ლომივით არ ბუხუნებენ, მაგრამ ეფექტს ახდენენ.
ცნობილი ადამიანები: ოპრა უინფრი, მეტ დეიმონი, მეტ დილონი…
თევზებს წვრილი და წაგრძელებული სახე აქვთ. წინ წამოწეული ცხვირ-პირით, ფართო, მრგვალი და გადმოკარკლული თვალებით. ხშირად მუქები ან შერეული ტიპები გვხვდებიან, მაგრამ ღიებიც შეიძლება გამოერიოთ. დაბლები არიან, პატარა ხელის მტევნები და ფეხის ტერფები აქვთ. არიან ცნობისმოყვარეები და საუკეთესო მსმენელები. აქვთ რაღაც მისტიკა, რომელიც საოცრად მაცდუნებელს აქცევთ. ენერგეტიკა – თანამგრძნობი, სხვისი დახმარებისკენ, დაცვისკენ მიმართული, განსაკუთრებით სუსტების დაცვისკენ. ტალანტი მუსიკაში, პოეზიაში, ცეკვაში, როლის თამაშში სახის ნაკვთებთან ერთად ყიდის მათ. კაცების უმრავლესობას კარგად ესმით კომპიუტერი და აქვთ შესანიშნავი ინტუიციაზე დაყრდნობილი ნავიგაცია.
მოამზადა დოჩი გოგომ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ნამდვილად დაემთხვა ყველაფერი 🙂 მშვნეიერი სტატიაა. მადლობთ 🙂
კირჩხიბის აცედენტიანები რა საყვარლები ვაართ ^_^ :დდ