როგორ ამოვიცნოთ კურო
მოზაურობაზე შეყვარებულმა, ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ყველგან სულ მცირე ორჯერაა ნამყოფი, მითხრა, რომ არასდროს დაავიწყდებოდა პირველი მოგზაურობა სამხრეთ ესპანეთში სატვირთო ორთქლმავალი გემით. ერთ დღესაც, როდესაც გემბანზე ხედის ყურებით ტკბებოდა, წინ, მყარი კლდის უზარმაზარი სხეული გამოჩნდა…
შორიდან, ნათელი, ლურჯი ხმელთაშუა ზღვიდან დიდებულად ამოზრდილი. ვიღაცამ გემზე დაიყვირა, „შეხედეთ! გიბრალტარის კლდე!“ აღფრთოვანებულმა და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ჩემმა მეგობარმა, სურათი გადაუღო, სახლში დარჩენილთათვის რომ ეჩვენებინა, შემდეგ მიუბრუნდა მის გვერდითა სკამზე მჯდომ მოწყენილ მოზარდს და პოეტად იქცა. „განა ლამაზი არაა?“ ჰკითხა.
„საუკუნეების მანძილზე ტონობით წყალი მიჰხეთქვია, რამდენი ქარიშხალი დასტეხვია, არმიებს იერიში მიუტანიათ მასზე, ცივილიზაციები მოსულან და წასულან და ის კი ისევ იქ ზის. ვერასოდეს ვერაფერი ცვლის და ვერაფერი დაძრავს.“ მოზარდმა დაამთქნარა. „ჰოო. ჩემს მოხუცს (მამას) მაგონებს.“
მამამისი მაისში იყო დაბადებული. აი, ასე ვცნობთ კუროს, ხარს. ყველაზე შედეგიანი ადგილები მისი ძებნისას იქნებოდა ფერმა, ბანკი ან უძრავი ქონების ოფისი, მაგრამ ასევე წააწყდებით სხვა საძოვრებზეც. არიან კურო ინჟინრები, კინოვარსკვლავები, ნოქრები, მებაღეები, მეფეები და დედოფლები, ბუხრის მწმენდავები, ყასბები, მცხობელები და შანდლების დამამზადებლები. ყოველთვის შეგიძლიათ იცნოთ ხარი მისი ძლიერი, ჩუმი დამოკიდებულებით. სანამ უკეთესად გაიცნობთ მისი უგრძესი მონოლოგი, ალბათ, იქნება „ჰო“, „არა“, „მადლობ“, „რამდენი ხანია“ და ზოგჯერ – „ნწ“ – „არას“ შემცვლელი. თუ რუკაში ტყუპის, ვერძის ან მშვილდოსნის ძლიერი გავლენა აქვს, მაშინ უფრო ლაქლაქა იქნება და უფრო ფაციფუცით ივლის. მაგრამ ტიპურ კუროს დინჯად მოძრაობა და ძუნწი ლაპარაკი ურჩევნია.
გიბრალტარის კლდესავით, ისიც მყარია, მტკიცე და ვერაფერი დაარღვევს მის სიმშვიდეს. შეგიძლიათ წყალი გადაასხათ ან ცეცხლი დაუნთოთ ფეხის თითებს შორის. შეგიძლიათ მუჭები ურტყათ მკერდზე, ჰიპნოზურად მიაშტერდეთ ან ფილტვების დახეთქვამდე უყვიროთ. კურო ინჩითაც არ შეირხევა. რაკი ერთხელ დადგება ერთ აზრზე, ხელებს გადაიჯვარედინებს და ქუსლებით მიწაში ჩაეფლობა. კიდევ, სავარაუდოდ, გამოკვეთილ ნიკაპს აიშვერს, ნესტოებიდან ორთქლს გამოუშვებს, ყურებს დაცქვეტს და … უკვე მიიღეთ.
ხარი იშვიათად ეცდება ფეხზე დაგაბიჯოთ. უბრალოდ უნდა თავი დაანებოთ. არ შეაწუხოთ და კმაყოფილი დარჩება. წნეხში მოაქციეთ და გაკერპდება. ხელი კარით ზედმეტად მაგრად, გააღიზიანეთ უკიდურესად და მოემზადეთ მძვინვარე გაშმაგებისთვის. შეუძლია ასე იყოს თვეებისა და წლების განმავლობაში. განასახიერებს სრულყოფილ სიდინჯესა და თავშეკავებულობას, ყნოსავს ყვავილების თაიგულის სურნელს და ყურადღებას არ აქცევს მის გარშემო ატეხილ ნერვულ ლაქლაქსა თუ ხითხითს.
შემდეგ, ერთ მშვენიერ დღესაც, ვინმე უტიფარი პიროვნება ფართო ზურგს ზედმეტად ბევრი ჩალით დაუტვირთავს. აფრუტუნდება, მოჰყვება მიწაზე ფეხის ცემას, თვალებს მოწკურავს და მომზადებულია. გაეცალეთ გზიდან რამდენადაც სწრაფად შეგიძლიათ და გაიქეცით საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. კუროს გაბრაზება იშვიათად თუ გამოიხატება იმპულსურად, მაგრამ როდესაც ხარი ცოფდება, თავის გზაზე ყველაფრის განადგურება შეუძლია, მათ შორის მორიელების და მათი მსგავსებისაც. განადგურება არაა შესაფერისი სიტყვა. გაცამტვერება უკეთესია.
გარკვეული დრო იქნება საჭირო, სანამ მტვერი გაიფანტება და ისევ სიმშვიდე დაისადგურებს. ზოგიერთი კურო იმდენად თავშეკავებულია, მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი-ორჯერ თუ გაბრაზდება ასე. მათგან ყველაზე ფიცხებიც კი, წელიწადში ერთხელ, ყველაზე ბევრი – ორჯერ, უფრო ხშირად არ გაგიჟდებიან. საუკეთესო ვარიანტია დაიმახსოვროთ, რომ ჩვეულებრივ, კურო ცოტათი არასდროსაა გაბრაზებული ან უკმაყოფილო. თუ შემთხვევა საკმარისად მნიშვნელოვანია, რომ მისი, როგორც წესი, მშვიდი ემოციები შეძრას, შეგიძლიათ ბრმა მრისხანებას ელოდოთ და არა რიგით, ჩვეულებრივ გაბრაზებას.
ვიცნობ ერთ კურო მამრს, რომლის ცოლს იგი გაბრაზებული მთელი ქორწინების მანძილზე არ უნახავს. ერთ ღამეს, გადაჭედილ ძვირიან ღამის კლუბში, გამომწვევი მთვრალი მიბორძიკდა მათ მაგიდასთან და შეუფერებელი რამ თქვა. ქალი ელოდა, რომ მისი ქმარი კაცს მტკიცედ, მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებით მოუვლიდა, მაგრამ ისევე გაოგნებული დარჩა, როგორც დანარჩენი სტუმრები, როცა კურო უცბად ადგა, ორი მაგიდა ფეხით ამოაყირავა, კაცი ჰაერში აწია, ოთახის მეორე მხარეს გადააფრინა და ლამის გაანგრევინა მუსიკოსების პოდიუმი. სიტყვაც კი არავის შეუბრუნებია.
მჯერა, რომ ამ ამბის მერე სათანადო სიფრთხილეს გამოიჩენთ. სანამ უცნობ ქალბატონს, თუნდაც, თვალს ჩაუკრავთ, ჭკვიანური იქნება, თუ მისი თანმხლების დაბადების თარიღი წინასწარ გეცოდინებათ.
შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მაისში დაბადებული ბევრი ადამიანი ხარს წააგავს, კაცები ასეც არიან და ამ მზის ნიშნით დაბადებულ ქალებს კი ხარის ძლივს შესამჩნევი, სუსტი მახასიათებლები აქვთ. ქალი კუროს გამომეტყველება და თვალები აუღელვებელი და კამკამაა, თუმცა მკაცრი. მოძრაობს მოხდენილად, ზარმაცად, მაგრამ მასში ფარული ძალა გამოსჭვივის.
რაც შეეხება კაცებს, კისერი ხშირად სქელი და დაკუნთული აქვთ. მხრები, მკერდი, ზურგი, ან სამივე ერთად – ფართო და ძლიერი. მათი სხეული კარგი პროპორციული აღნაგობისაა, მიუხედავად იმისა, დაბლები არიან თუ მაღლები. ყურები, ჩვეულებრივ, პატარა აქვთ და თავთან ახლოს. ჭამისას ნელა ღეჭავენ ლუკმას და როგორც წესი, შესანიშავი მომნელებელი სიტემა აქვთ. შეიძლება თმის ბღუჯა (ხარის შუბლზე ჩამოშლილი თმის მსგავსი), ან კულული შენიშნოთ, რომელიც შუა შუბლიდანაა გადმოკიდებული. ყველას არა, მაგრამ ბევრ კუროს ხვეული ან ტალღოვანი თმა აქვს. ჩვეულებრივ მუქი, ისევე როგორც თვალები და კანი. გამონაკლის ქერა, ღია ფერის თვალებიან და თეთრკანიან კუროებზეც ვერასდროს იფიქრებთ, რომ სუსტი ხასიათი ან ფსიქიკა აქვთ.
ბუნებრივია, არ შეიძლება გვეგონოს, რომ ყოველი კურო ხარ ფერდინანდსა და ძროხა ელზის ემგვანება. მართალია, რომ ხშირად მათ დიდი, ბარაქიანი ტანი აქვთ, დაკუნთული, ან ფუმფულა და მსუქანი. მაგრამ თუ ამ სურათს ზედმეტად ჩაიბეჭდავთ გონებაში, გამხდარ კუროებს ვეღარ შენიშნავთ, მათი ამოცნობის სწავლა კი აგრეთვე მნიშვნელოვანია. მაშინ რას იზამთ, როცა ტელევიზორს ჩართავთ და კუროების ბინგ ქროსბის, ფრედ ასტერისა და გარი კუპერის მონაწილეობით მოჰკრავთ შოუს (The Late, Late Show) თვალს? მიუხედავად თევზებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ფეხებისა და მისი ჰაეროვანი ტყუპური მიმზიდველობისა, ფრედ ასტერი მიწიერი კუროა. მისი რუკის სხვა პლანეტარული გავლენები ამას ვერ შეცვლის. ჰკითხეთ მის მეგობარს, ქორეოგრაფ ჰერმეს პენს, ან ნებისმიერ ამ ცეკვის ლეგენდასთან დაახლოებულ პირს.
ჰკითხეთ, რა რთულია ამ მოძრავ ფეხებს იქ წასვლა აიძულო, სადაც არ უნდა ან რამე ისეთი გააკეთებინო, რაც არ სურს. ბინგ ქროსბიც ცნობილია თავისი უშფოთველობითა და მშვიდი, ბუნებრივი ქცევით. (შესაძლოა გემზე ის ყმაწვილი ბინგის რომელიმე ვაჟიც იყო). რაც შეეხება გარი კუპერს, ხელახლა შეხედეთ ვინტაჟის კოვბოური წარმოდგენების ამ გმირის მაღალ, აწოწილ სილუეტს.
მისი მყარი ფეხები თითქოს პირდაპირ მიწიდან იზრდება და იქ აქვს ფესვები გადგმული. ნელი მიზანდასახულობით მოძრაობს თქვენი ტელევიზორის ეკრანზე და სრული წინადადებების საერთო რიცხვი, რომელსაც მსახიობი წარმოთქვამს ამ ძველ ვესტერნებში, თორმეტამდე ძლივს აღწევს. მსახიობი?
თუ ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ, ტიპაჟის შერჩევის პატივსაცემ სისტემას გავითვალისწინებთ, გარი კუპერი ყოველთვის შესანიშნავად თამაშობდა გარი კუპერს. და როგორც ბევრი სხვა კუროს, რომელსაც სცენის ან კამერის მიღმა შეხვდებით, კუპერის სასიყვარულო სცენებშიც მონაწილეობს რომანტიკული გოგონა, რომელიც ყვირის – „გაგიჟებით, მგზნებარედ მიყვარხარ. უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია. მთელი ჩემი სიცოცხლე ხარ, ძვირფასო. მითხარი, რომ შენთვის ეს სულერთი არაა. თქვი, რომ შენც იმავეს გრძნობ. გიყვარვარ?“ რა პასუხს იღებს საბრალო გოგონა თავის გრძნობების ნიაღვრისთვის? – „ჰო“. (მაგრამ შეიძლება ეს უცნაურად კომფორტულიც კი იყოს.)
კუროს საპირსპირო სქესი ძლიერად იზიდავს, მაგრამ ნებისმიერი სახის სიამოვნების აგრესიული დევნა მისი ხერხების სიაში არ შედის. ურჩევნია თვითონ მიიზიდოს ხალხი. რატომ უნდა ხარჯოს ენერგია მათ გარეუბნამდე დევნაში? ხანმოკლე გასვლა ფერმაში და ბუნების კანონების ყურადღებით დაკვირვება, ნათელს მოფენს, თუ როგორ იღვიძებს კუროს გრძნობები სიყვარულსა და მეგობრობაშიც.
პასიურობა ტიპური ქცევაა. კუროებს სტუმართმოყვარედ მასპინძლობა უფრო გაეხარდებათ საკუთარ სახლში, ვიდრე სხვასთან სტუმრად წასვლა. მცდელობები, რომელსაც მბრწყინავი პოპულარობა მოითხოვს, ხარის ბუნებისათვის მიმზიდველი არაა. თუ იგი გჭირდებათ, შეგიძლიათ დაურეკოთ. იქვე გაჩნდება. შესთავაზეთ ამხანაგობა ან სიყვარული და გზავნილს მიიღებს, თუ მისთვისაც საინტერესოა. ისიც ეცოდინება, როგორ მოექცეს მას, რაც სხვა, უფრო მეტად ხალხის მოყვარე ნიშნებზე, ხშირად ვერ ითქმის.
კურო იშვიათად წუხს, ღიზიანდება ან ფრჩხილებს იკვნეტს. შეიძლება გაიბუტოს და გულში ჩაიხვიოს, როცა რამე მის გონებაში წარმოდგენილ სურათს არ შეესაბამება, მაგრამ ნერვიული, ფეთიანი ტიპაჟი არაა. მისი ბუნებაა იყოს გულგრილი და ყველაფერი მშვიდად მიიღოს და ამ ძირითად თვისებას ვერაფერი ცვლის.
ვიცნობ კუროს, რომელიც ვექილიცაა და სერთიფიცირებული აუდიტიც ერთად, ორმაგი კარიერა აქვს, რაც ნებისმიერს გაუჩენდა ბევრ თავშისაცემს, განსაკუთრებით გადასახადების დროს. ახლა, ეს კურო შეიძლება ცოტა მოსვენება დაკარგული იყოს. კარგით, ძალიანაც მოსვენება დაკარგულია. ჩემზე სწრაფად ლაპარაკობს (მაშინ, როცა მეც საკმაოდ სწრაფად ვმეტყველებ) და შუბლზეც ერთი-ორი ნერვული კრიზისის კვალი ეტყობა.
მაგრამ მის პირად რუკაში ტყუპების დიდი გავლენაა, რაც მოჩვენებით სისწრაფეს იწვევს და თუ დააკვირდებით დინამიური გარეგნული სახის ციბრუტივით მოქმედებების მიღმა, მაინც აღმოაჩენთ მასში კუროს. შესაძლოა მისი ტვინი ელვასავით ანგარიშობდეს, მაგრამ გადაწყვეტილებები ნელა და ფრთხილად მიიღება. წინასწარ შეიძლება მისი საქციელის განსაზღვრა. ძლიერია პიროვნულად და შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ცოლს, რამდენად იოლია მისი ადგილიდან დაძვრა, მაშინ როცა სთხოვს ჩაცმას და ღამით გარეთ გასვლას, თვითონ სახლში დარჩენა რომ ურჩევნია.
ასევე შეგიძლიათ დაეკითხოთ კლიენტებს, რომლებიც აჩქარებენ სწრაფად დახუროს გარიგებები. უსმენს მოთმინებითა და თავაზიანობით, მაგრამ ქაღალდებს ხელი მანამ არ მოეწერება, სანამ ხარი არ დაასკვნის, რომ ეს სწორი სვლაა. ა, კი, ის კუროა, მიუხედავად ტყუპებისთვის დამახასიათებელი მახვილგონიერების და სიმარდისა. თავქარიანი ქცევა არაა მის ნაკლთა შორის. ჩქარობს ნელა და ეს სულაც არაა ალოგიკური.
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…