როგორ ამოვიცნოთ ვერძი
უმარტივეს წესებსაც კი არ იმახსოვრებდნენ, რომლებიც მეგობრებმა ასწავლეს: როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ შეწითლებული ცეცხლის საჩხრეკი ხელს დაგწვავს, თუ ზედმეტად დიდხანს დაიკავებ; და რომ, როცა დანით თითს ღრმად გაიჭრი, ჩვეულებრივ, სისხლი წამოგივა.
ამ ბოლო დროს შეხვედრიხართ არაჩვეულებრივად მეგობრულ ადამიანს თავდაჯერებული მიხვრა-მოხვრით, მტკიცე ხელის ჩამორთმევითა და მყისიერი ღიმილით? მოემზადეთ რეტდამსხმელი იერიშისთვის თუთის ხის გარშემო. სავარაუდოდ თქვენ ვერძმა აგირჩიათ. განსაკუთრებით, საუბარში მთავარი როლის აღება თუ გიჭირთ.
რაიმე იდეალისტურ საქმეს მისდევს თავგამოდებით და ბრაზიანად იცავს დამარცხებულ მხარეს? მაშინ ყველაფერი გასაგებია. კაცი იქნება თუ ქალი, ისინი დაუყოვნებლივ შეებრძოლებიან იმას, რაც უსამართლოდ ეჩვენებათ და სულაც არ მოერიდებათ საკუთარი შეხედულებების გამოთქმის. ყოჩ საგზაო პოლიციელსაც, რომელიც საცობს აწესრიგებს და შეიარაღებულ ბანდიტსაც, ერთნაირი ომახიანობით შეეპასუხება, თუ რომელიმე მათგანი შეაწუხებს. შესაძლოა მოგვიანებით ინანოს კიდეც, მაგრამ სიფრთხილე იმ ცხელ მომენტში არ ადარდებს. მარსიანელები პირდაპირ საქმეზე გადადიან, ყოველგვარი დაეჭვებისა და დაყოვნების გარეშე.
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი დაბადებას განასახიერებს, ისევე როგორც თევზები განასახიერებს სიკვდილსა და სულიერ ცნობიერებას. ყოჩს მხოლოდ საკუთარი თავის შეგრძნების, შეცნობის უნარი აქვს. ის ზოდიაქოს ჩვილია – ახალდაბადებული ბავშვი – მთლიანად საკუთარ თავზე ორიენტირებული.
მისი საჭიროებები პირველ ადგილას დგას. არ ანაღვლებს მშობლებსა ან მეზობლებს სძინავთ თუ არა. როცა შია ან ჩასველებულია, უხერხულობისგან წუწუნებს. უნდა თავისი ბოთლი. ითხოვს საფენი ახლავე გამოუცვალონ და არც გაბედოთ დროის დაკარგვა. თუ ვერძს რაიმე აზრი ან ისეთი რამ შეაწუხებს რისი გაზიარებაც სურს, დილის 4 საათზე დაგირეკავთ სინდისის ქენჯნის გარეშე. რატომ არ უნდა გეღვიძოთ, რომ მას მოუსმინოთ? თვითონ მას ხომ ღვიძავს. დანარჩენი არ ითვლება. მას სურს რაღაც. იღებს.
როგორც ჩვილი, ვერძიც იმდენად ინტერესდება გარემომცველი სამყაროთი, რამდენადაც ეს თვითონ მას ეხება. მაგრამ ვინ დაარქმევს პატარა ბავშვს ეგოისტს? მას ძალიან უნდა თავის ღიმილითა და მოწყალებით უხვად დააჯილდოვოს ისინი, ვინც მოთხოვნებს უსრულებენ. ძნელია ბავშვს წინააღმდეგობა გაუწიო, რადგანაც მას საერთოდ არ ესმის, რომ ვიღაცას თუნდაც ოდნავ უხერხულობას უქმნის. ასევეა ვაცთანაც. უბოროტობა თან დაჰყვება და მის აგრესიულობას არბილებს, ისევე, როგორც ახალშობილის ეგოცენტრულობას ამართლებს მისი უდანაშაულობა, არცოდნის გამო.
ამ განმაიარაღებელი მიამიტობის გამოა, რომ ვერძები ასეთი უშიშრები არიან. ბავშვს არაფრის და არავის ეშინია, სანამ არ დაიწვება. ამ შემთხვევაშიც კი, ისევ მიმნდობად მოსინჯავს კერას, როდესაც ტკივილი დაავიწყდება. ვერძში ცბიერული ეშმაკურობის კვალიც არაა და ასეთად დარჩება თავისი სიცოცხლის მანძილზე; სამუდამო რწმენით გულში, ყოველთვის დაეცემა და წამოდგება, რათა ერთხელაც ცადოს. რა ეჭვებიც არ უნდა დაუგროვდეს გზაზე, დაუყოვნებლივ გაეფანტება მორიგ ადამიანთან გადაყრისას, რომელიც მის მიმართ სიკეთეს გამოიჩენს, ზუსტად ისევე, როგორც ბავშვი ივიწყებს შემთხვევით ფეხში შერჭობილი ქინძისთავისგან მიყენებულ ტკივილს, მაშინვე, როგორც კი ვინმე პუდრს მოაყრის.
ვერძს შეუძლია დღეიდან ხვალამდე იფანტაზიოროს და ზღაპრული ოცნებები გააბას, მაგრამ მის ტყუილს ჩალის ფასიც არ აქვს.
რასაც თქვენს თვალწინ ხედავთ, იგივეა. არაფერია ფარული და გართულებული მასში. ისევე მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, როგორც ბავშვი და ისევე უმწეო. როცა უფრო ძლიერი, უფრო მოზრდილი, დაფიქრებული ადამიანები რაიმეს აიძულებენ ან ართმევენ, იმ რეაქციით პასუხობს, რომელიც ერთადერთია რაც იცის – ყვირის და ისეთ აურზაურს ტეხს, რომ ხალხი უბრალოდ უთმობს სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით. მას არ სჭირდება „ფრთხილი სტრატეგიის“ გამოყენება. ფილტვის ძალა და თავდაჯერებული მონდომებულობა მშვენივრად ჰყოფნის, რათა თავისას მიაღწიოს. შეიძლება „უმწეო“ არცაა შესაფერისი სიტყვა. მგრძნობიარე – კი, მაგრამ უმწეო – არა.
ძალიან იოლია ვაცის ფიზიკური მახასიათებლები იცნო. ვერძებს გამოკვეთილი ნაკვთები აქვთ, ჩვეულებრივ მკვეთრი, იშვიათად ნაზი ან ბუნდოვანი. კარგად გამოხატული წარბები ხშირად ცხვირის ვიწრო ხიდით ერთდება ერთმანეთთან და ყოჩის ნიშანს ქმნის (♈), ალბათ ნებისმიერისთვის, ვისაც სულელური აზრი მოუვა და მათ შეჩერებას ან დამორჩილებას ეცდება, გაფრთხილებაა, რომ ეს სიმბოლური რქები უკვე რაღაცას ნიშნავს. შესაძლოა ხალი ან ნაიარევი შენიშნოთ თავზე ან სახეზე, მზის შუქზე თმაზე მოწითალო შეფერილობა გაჰკრავთ და კანის ფერიც საშუალოზე უფრო მუქია.
ასევე, შეიძლება იგრძნოთ უხილავი ნაპერწკლები, რომელსაც ყველა მიმართულებით ისვრიან. მოძრაობები ჩვეულებრივ სწრაფი და შნოიანი ექნებათ, რომელსაც ეცდებიან გონებრივი პროცესებიც დაამთხვიონ. ორივე, მამაკაც და ქალ ვერძებსაც ჩვეულებრივ ფართო მხრები აქვთ და შესაძლოა, ოდნავ წინ წახრილები დადიოდნენ, თავით მიემართებიან, ასე ვთქვათ და თითქმის ყოველთვის დიდი სიჩქარით. (ხშირად, შეიძლება აგურის შენობის წასაქცევად მიეჩქარებოდეთ, თუმცა რქენისას არაა გამორიცხული რქები გაიღუნონ).
ვაცში ცოტა რამეა ისეთი, რასაც დახვეწილი შეიძლება უწოდო, გარდა კრიზისთან გამკლავების მისთვის მახასიათებელი შეუფერხებელი მეთოდისა (რომელიც არასდროს ტოვებს ცოტათი განცვიფრებულს მათ, ვინც ვერძი სათანადოდ ვერ შეაფასა). ძვლოვანი სისტემა კარგი აქვთ და ძლიერი. ვერძი იშვიათად თუ ეცემა. მათი დგომის მანერა უკიდურეს ეგოსა და თავდაჯერებულობას გამოხატავს. თუ ვერძს ჩამოყრილი მხრებით ხედავთ, სავარაუდოდ ის ცხვრის ტიპისაა, რომელსაც ახალგაზრდობაში ეგო მნიშვნელოვნად დაუზიანდა. შესაძლოა გამოჯანსაღებას დიდი დრო დასჭირდეს, თუ ჭრილობა ღრმაა, მაგრამ ერთ დღესაც წელში გასწორდება. შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ. ამ ხალხს სამუდამოდ ვერაფერი დააბეჩავებს, ვერც მარცხი…
მარსით მართული ადამიანი პირდაპირ თვალებში შემოგხედავთ, უშიშარი პატიოსნებითა და უფრო გულში ჩამწვდომი რწმენით. მისი მეგობარი ხართ, ხომ ხართ? მოგწონთ, ხომ მოგწონთ? არა? მაშინ ცრემლის ღვრა დაიწყება, მაგრამ შინაგანად. არასდროს გიჩვენებთ ამას გარეგნულად, თუ გამოუვა. თუ ღიად მტირალს ხედავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რაღაც უკიდურესად სულის სიღრმემდე ეტკინა. ვერძი ამჯობინებს მკვდარს წაასწრონ, ვიდრე სუსტს – და ზოგიერთი მათგანი, ზუსტადაც პირველზე (სიკვდილზე) წავა, ოღონდ მეორე(სისუსტე) აიცილოს.
ვაცი იშვიათად დაიწყებს ოთახის აღელვებით თვალიერებას. როცა იწყებს, ის უკვე აღარაა თქვენით დაინტერესებული. რაღაც სხვამ მიიპყრო მისი ყურადღება და იმ წუთისთვის, თქვენ უკვე დაგივიწყათ. ასევე, ისიც, რასაც ეუბნებით. შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. გაიხსენეთ ბავშვი და მისი თითები.
არჩეულ კარიერაში ის უთუოდ მოწინავე პოზიციაზე იქნება ან საკუთარი საქმე ექნება. თუ ასე არაა, მაშინ იოლად შეგიძლიათ იცნოთ იმ უკმაყოფილებით, რომელსაც ნათლად გამოხატავს, როდესაც სხვებზე დამორჩილება უწევს. უნდა ელოდოთ თავისუფალ დამოკიდებულებას, უხვ ხელგაშლილობას ორივე – დროსა და მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით და გამოკვეთილ სურვილს, ყოველ მარშს თვითონ წარუძღვეს – დაფდაფების ხმამაღალი რახუნით. მაგრამ არ ელოდოთ სიფაქიზეს, ტაქტსა და თავდაჭერილობას. რიგითი ვერძი გომურის კარს უკან იდგა, როდესაც ამ თვისებებს ასწავლიდნენ. ცოტა მოუთმენლობაც ახასიათებს, ასევე. ყავახანაში სწრაფად გააკრიტიკებს ოფიციანტ ქალსა და სენდვიჩს, თუ პირველი მათგანი ქორფაა, მეორე კი ხმელი. მაგრამ სავარაუდოდ, საჭიროზე მეტ მომსახურების ქირას დატოვებს, თუ სერვისი კარგია.
ვერძი ძალიან პირდაპირია, რბილად რომ ვთქვათ. მოტყუება და შემოვლითი გზები მარსის ბუნებისათვის სრულიად უცხოა. გულწრფელობა და საოცარი პატიოსნება ვერძის საფირმო ნიშნებია და მაინც ისინი საუკეთესონი არ არიან მათ შორის, ვიზეც საკრედიტო რისკის გაწევა შეიძლება. ზოგიერთ მათგანს აკლია სტაბილურობა და ბავშვურად პასუხიმგებლობის ნაკლებობას ავლენს. მათაც კი, რომლებიც უკვე მომწიფდნენ, შეუძლიათ დაივიწყონ ვალები მუდმივად ახლოს მყოფი წუთიერი ახალი გამოწვევის ეიფორიაში. საბოლოოდ, თავიანთ გადასახადებს მხიარულად და მონდომებით გადაიხდიან, მაგრამ თქვენ შეიძლება სუნთქვა ძლივსღა გყოფნიდეთ, როდესაც მოახერხებთ და დაეწევით.
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…