ასტროლოგიური მაღაზია

რისი მოსმენა სურთ მამაკაცებს?

რისი მოსმენა სურთ მამაკაცებს?ქალებს ყურებით უყვართ… – ეს უკვე იმდენად გაცვეთილი ფრაზაა, რომ არც ქალებს და არც მამაკაცებს ამის გაგონებაც აღარ უნდათ! სამაგიეროდ, ქალებსაც და მამაკაცებსაც ყოველდღე სურთ, საწინააღმდეგო სქესისგან ისეთი თბილი სიტყვები მოისმინონ, როგორებიცაა:

1. “შენ საუკეთესო ხარ”

ნებისმიერ ჩვენგანს სურს, იყოს ყველასგან განსხვავებული; მამაკაცს კი – განსაკუთრებით. მისთვის მნიშვნელოვანია იყოს უნიკალური, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური, საუკეთესო ყველა პარამეტრით. მაშ, ნუ მოაკლებთ მას ამ სიამოვნებას – გაუმეორეთ ხშირად: “შენ საუკეთესო ხარ!”

2. “ძალიან მაგარი იყო…”

როგორც მიხვდით, ეს სიტყვები სექსს ეხება.
ყურადღება, გოგონებო! შეაქოთ მამაკაცი საწოლში – ეს თქვენი ვალია. შეიძლება ყოველ ჯერზე ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ თუ მამაკაცი გიყვართ და უყვარხართ, ზოგადად ჰარმონია საწოლში გარანტირებული გექნებათ.

მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასთან სექსი – თქვენთვის ენითაუწერელი სიამოვნებაა, თუმცა ამის სიტყვებით გადმოცემას ის მაინც დაელოდება თქვენგან. და არ დაგავიწყდეთ – მამაკაცებს უყვართ ბინძური დეტალები. ამიტომაც თამამად ისაუბრეთ მასთან სექსზე და შეაქეთ ყველა ის დეტალი, რაც მასთან გატარებულმა გასულმა ღამემ დაგიტოვათ.

3. “რა გემრიელია!”

ბევრ ქალს არ ჰყავს გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელსაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს. მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებთ, შეძლებთ, ერთ მშვენიერ საღამოს მისი მომზადებული ვახშამი იგემოთ.

დაიმახსოვრეთ, თუ თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა ერთ მშვენიერ დღეს წინსაფარი გაიკეთა და სამზარეულოსკენ დაიძრა, პირველ რიგში – არასოდეს დაივიწყოთ ეს დღე და აღნიშნეთ კალენდარზე. სერიოზულად კი – სასწრაფოდ დაიწყეთ კომპლიმენტების გონებაში შეგროვება.

ვახშამი ისე შეუქეთ, თითქოს მსგავსი არასოდეს არაფერი გაგესინჯოთ. იმისათვის, რომ ეფექტი გაამყაროთ, რეგულარულად შეახსენეთ მას ეს დღე: “გახსოვს ის ერბოკვერცხი, შენ რომ მომიმზადე? არასდროს დამავიწყდება მისი გემო – საოცრება იყო…” აჩვენეთ, რომ აფასებთ მას, როგორც კულინარს, თუნდაც დამწყებს!

4. “დიდი მადლობა:)”

გოგონებო, მოეშვით იმაზე ფიქრს, რომ ყველა თქვენთან ვალშია. სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან ეს სულელური აზრი.

ისწავლეთ მადლობის გადახდა. და არ დაგავიწყდეთ – თუ ერთ ჭერქვეშ 10 წელია ცხოვრობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ქმარი ვალდებულია, საათში 10 საქმე გააკეთოს და ამისათვის თქვენ მადლობაც არ გადაუხადოთ.

მამაკაცი, ისევე, როგორც ქალი, უნდა გრძნობდეს, რომ მისი არსებობა მნიშვნელოვანია – აჩუქეთ მას ეს. გადაუხადეთ მადლობა, დააფასეთ მისი მონდომება, ხაზი გაუსვით მის მნიშვნელობას.

5. “მე შენ მიყვარხარ”

დიახ, ხშირად უთხარით მას სასიყვარულო სიტყვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუნდაც მოკლეხნიანი განშორებისას და შეხვედრის მომენტში, უთხარით მას: “მე შენ მიყვარხარ”.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რა მშვენიერიც არ უნდა იყოს სიტყვები, რომლებსაც ეცდებით, რაც შეიძლება ხშირად გაუმეოროთ საყვარელ ადამიანს, საქმე ყოველთვის მეტის მთქმელია.

ამიტომაც არ დაგავიწყდეთ ლამაზი სიტყვების ლამაზი საქციელით დაგვირგვინება!

მოიძია თამთა გელაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები