რეტროგრადული მერკური ანუ 1 ნაბიჯით უკან
ხანდან დგება მომენტები, როდესაც სიახლეებზე ფიქრს თავს ვანებებთ და წარსულის ანალიზს ვიწყებთ, ვუბრუნდებით ძველ სიტუაციებს, დავიწყებულ პრობლემებს და ადამიანებს; საკითხების გადაფასების შემდეგ კი მათ მიმართ დამოკიდებულებას სრულიად ვცვლით. სწორედ ამ ტენდენციას გვთავაზობს მერკურის რეტროგრადულობა (უკუსვლა) 26 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.
მერკური, როგორც კომუნიკაციის, აზროვნების, საუბრის, მოსმენის და ლოგიკის პლანეტა, სწორედ ამ უნარების გამოყენებასა და გამოხატვაზე მოახდენს გავლენას.
ცალკეული ადამიანისთვის რა სფეროს შეეხება მერკურის უკუსვლა, ეს უკვე მის პირად ნათალურ რუქაში ტრანზიტული მერკურის, ტყუპების და ქალწულის მდებარეობაზეა მოკიდებული; გასათვალისწინებელია ასევე მისი ასპექტები.
მერკური ამ პერიოდში ითხოვს გარკვეულ საკითხებზე ხელახლა დაფიქრებას, გადაფასებას, დამოკიდებულების შეცვლას, გარდაქმნას, გადაკეთებას, რეკონსტრუქციას. რთულია ახალი საქმის დაწყება.
ყოველდღიურობაში მერკურის უკუსვლას ის ადამიანები იგრძნობენ მეტად, ვინც მუშაობს გაყიდვებში, გამომცემლობაში, PR-ში, სარეკლამო ბიზნესში, ავიაციაში, საკურიერო ან სატრანსპორტო სააგენტოში, მედიაში (რადიო, ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი). გართულებულია ინფორმაციის მიღება-გაცემა და ახალი კონტაქტების დამყარება. სამაგიეროდ, კარგია ძველი კონტაქტების აღდგენა (მაგალითად, სეილსმენებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ძველ კლიენტებთან ურთიერთობა, ვიდრე ახლებთან).
ვინაიდან უკუსვლა ხდება კირჩხიბის ნიშანში, რეკომენდირებულია მოვაგვაროთ ძველი ოჯახური პრობლემები, ჩავუღმავდეთ საკუთარ თავს და ვისწავლოთ შინაგანი ხმის მოსმენა. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლო და შედეგიანია ფსიქოთერაპია, მედიტაცია, რომელიც წარსულიდან საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება.
რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს:
- წარმატებულია საშინაო საქმეების შესრულებისთვის, კვლევების ჩასატარებლად, სტრატეგიის განახლებისთვის, პროექტების გადახედვისთვის, კულისებს მიღმა წერის და მუშაობისთვის;
- კარგია ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან კონტაქტის აღდგენა;
- შესაძლოა ძველი მასალების და ინფორმაციის მოძიება;
- რეკომენდირებულია ძველ, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ან არასათანადოდ შესრულებულ საკითხებზე ხელახლა დაფიქრება, ახლებურად გაკეთება, გადახედვა, შეკეთება და ა.შ.;
- შეინარჩუნეთ იუმორი. შესაძლოა აღმოაჩინოთ ძველი დაკარგული ნივთები, თუმცა ამავე პერიოდში დაკარგოთ კიდევაც ისინი (მაგალითად საფულე, გასაღები, დოკუმენტები და ა.შ);
- მგზავრობისას აუცილებლად გადით ჩვეულებრივზე ადრე და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს (განსაკუთრებით ფრენის დროს);
რა არ უნდა გავაკეთოთ?
- ნუ დაქორწინდებით. ამ პერიოდში გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი შესაძლოა მალევე განქორწინებით დასრულდეს;
- ნუ დაიწყებთ ახალ სამსახურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმიდთ შემოთავაზებას თუ მასზე დიდი ხანია ოცნებობთ და ცდილობთ იქ მოხვედრას. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია მოიცადოთ მერკურის დირექტიულობამდე;
- ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესს, ნუ გაუშვებთ ახალ პროდუქტს და ვებ-გვერდს. შესაძლოა, მნიშვნელოვანმა დეტალებმა, რომელსაც ახლა ვერ შენიშნავთ, მომავალში სერიოზული პრობლემები შექმნას;
- ნუ შეიძენთ ახალ ავტომობილს ან კომპიუტერს. შესაძლოა ინანოთ დანახარჯი;
- არ გააფორმოთ ახალი ბიზნეს პარტნიორობა. ვინაიდან, უკუმოძრავი მერკური მართავს მატყუარებს, ქურდებს, ყაჩაღებს. უმჯობესია მოიცადოთ და დააკვირდეთ ადამიანებს;
- ნუ მიიღებთ გულის სატკენად პარტნიორის, ახლო მეგობრის უტაქტო და დაუფიქრებელ სიტყვებს. უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან და დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. მოითმინეთ 21 ივლისამდე.
2013 წელს მერკურის კიდევ ერთი უკუსვლა 21 ოქტომბერის და 10 ნოემბრის შუალედში მორიელის ნიშანში გველის.
სტატია მოამზადა დავით ნიბლაძემ