რა განსხვავებაა ზოდიაქოსა და ჰოროსკოპს შორის?
ადამიანები საუბრობენ ასტროლოგიაზე, კითხულობენ ჰოროსკოპებსს, ეკითხებიან ერთმანეთს ზოდიაქოს ნიშანს და მაინც ბევრმა ისიც კი არ იცის, რა განსხვავებაა ამ ტერმინებს შორის. ბევრს ზოდიაქო და ჰოროსკოპი სინონიმები ჰგონია, რაც დიდი შეცდომაა. ისინი სულ სხვადასხვა მნიშვნელობას შეიცავენ საკუთარ თავში.
ზოდიაქო ეს არის ეკლიპტიკის გარშემო განლაგებული 12 თანავარსკვლავედი, რომელზეც გადის მზის და მზის სისტემის სხვა პლანეტების გზა. ესენია ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები. სიტყვა მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს ცხოველს, რადგან ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა უმრავლესობა ცხოველების სახელს ატარებდა უძველესი დროიდან. რადგან მზეს ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამიანის რუკაზე, ზოდიაქოს ნიშანი ეს ის ნიშანია, რომელ ნიშანშიც იმყოფებოდა მზე დაბადების მომენტში. შეგვიძლია გავიგოთ ასევე მთვარის ზოდიაქოს ნიშანი, მერკურის, ვენერას და ა.შ.
ჰოროსკოპი (ბერძნ. “hora”-დრო და “skopeo”-ვუყურებ, ვაკვირდები) ამ ყველაფრის სისტემატიზაციაა – კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულება, ანუ რომელ ზოდიაქოს ნიშანსა თუ სახლებში იყვნენ პლანეტები, ფიქტიური პლანეტები თუ ასტეროიდები კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას და როგორი ასპექტები ჰქონდათ მათ ერთმანეთთან. ეს არის ადამიანის დაბადებისა ადგილისა და მომენტის დროს ზეცის ერთგვარი სკანერი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა თუ მიდრეკილებებზე და შემდეგ ამ სურათის მიხედვით კონკრეტული ანალიზისა და პროგნოზების გაკეთება.
ჰოროსკოპი შეიძლება იყოს ნატალური (ადამიანის ხასიათი, შესაძლებლობების, ფსიქოლოგიური თავისებურებების, ნეგატიური თუ პოზიტიური პერიოდების და ა.შ გამოთვლა), სინასტრიული (ორი ადამიანის სასიყვარულო ან საქმიანი შეთავსება, კონკრეტული პრობლემების მიზეზების დადგენა და ა.შ), ელექტიური (ამა თუ იმ საქმის დასაწყებად ოპტიმალური დროის გამოთვლა), მუნდანური (პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი) და ა.შ.
მოამზადა დოჩი გოგომ