პლანეტებისთვის სახელების დარქმევის ისტორია და მათი სიმბოლიკა
მზის სიტემაში დედამიწის გარდა ყველა პლანეტა, რომაული ღმერთების სახელების მიხედვით იწოდება.
ვარსკვლავთმრიცხველობა (ასტრონომია და ასტროლოგია თავდაპირველად ერთიანი იყო) 4000 ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის. პლანეტებისთვის სახელების დარქმევაც რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა. მაშინ რომს უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა თანამედროვე სამყაროზე და რომაელებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ღმერთებისთვის რომ ესიამოვნებინათ, ციური სხეულებისთვის მათი სახელები დაერქვათ.
უძველესი ხალხი ცნობდა მნათობებს და მხოლოდ 5 პლანეტას, რომელთა დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი: მარსს, ვენერას, მერკურს, სატურნს და იუპიტერს.
მარსი წითელი ფერისაა, აგრესიის ფერი, თითქოს სისხლიანი ლაქები აქვსო. მისი შეფერილობის დანახვა შიშველი თვალითაც ხერხდებოდა ღამის ცაზე და ამიტომ გადაწყვიტეს ომის ღმერთთან მისი სახელის დაკავშირება. მარსის სიმბოლო, წრეზე მიბმული წამახული თავი, რომელიც მამრობითი სქესის სიმბოლოდაც იქცა, ომის ღმერთის შუბისა და ფარის შესაბამისია – ♂.
ვენერა ყველაზე კაშკაშა პლანეტა იყო პლანეტებს შორის, რომლის სილამაზეც შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანდა დედამიწიდან, ის მეორე უახლოესი პლანეტაა მზესთან და ყველაზე ცხელიც ამავე დროს, ამიტომ სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთის სახელი უწოდეს. ამას გარდა პლანეტა ვენერას ძირზე წრე (საშვილოსნო ) და წრის ქვეშ ჯვარი (♀) ქალურობის სიმბოლოდ იქნა აღქმული და დღემდე მდედრობით სქესის აღმნიშვნელ სიმბოლოდ რჩება.
მერკური ყველაზე ახლოსაა მზესთან და ყველაზე სწრაფად მოძრაობს მის გარშემო, ამიტომ ღმერთების კურიერის სახელი უწოდეს. მერკური – ჰერმესია, ფეხზე ფრთიანი ხამლებითა და თავზე ფრთიანი ჩაფხუტით, რომელიც ინფორმაციას დაატარებდა ღმერთების დავალებით. ამ ჩაფხუტთან და მერკურის ორ გველ შემოვლებულ ფრთიან კვერთხთან – კადუცეუსთანაა დაკავშირებული მერკურის სიმბოლოც – ჯვარზე მოთავსებული წრე და წრეზე ფრთების მსგავსი ნამგალა მთვარე – ☿. ნამგალა მთვარე – გონებას განასახიერებს, წრე – სამშვინველია (ცნობიერი), ჯვარი მატერია (ფიზიკური სხეული). მერკურის შემთხვევაში გონება ყველაზე მაღლა დგას. ეს სიმბოლო კომუნიკაციის და ვაჭრობის სიმბოლოდაც ითვლება და ტრანსგენდერის სიმბოლოდაც, რადგან ცნობილია რომ მერკურს და ვენერას (იგივე ჰერმესს და აფროდიტეს) ჰყავდათ შვილი სახელად ჰერმაფროდიტი, რომელსაც როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ორგანოები ჰქონდა. ამიტომ თუკი მარსი მამრობითი სქესის პლანეტად ითვლება, ვენერა მდედრობითის, მერკური ორსქესოვან, საშუალო სქესის პლანეტად განიხილება.
სატურნი ყველაზე ნელა მოძრავი პლანეტაა მზის ორბიტაზე (თუმცა საკუთარი ღერძის გარშემო საკმაოდ სწრაფად მოძრაობს), სატურნზე ერთი წელი დედამიწის 29 წელს უდრის, სწორედ აქედან გაჩნდა მისი სახელის დროის ღმერთთან დაკავშირების იდეა. ამას გარდა ის ყველაზე დიდი პლანეტაა იუპიტერის შემდგომ და იყო კიდეც სატურნი ყველაზე ძლიერი, ვიდრე საკუთარი შვილი იუპიტერი არ დაამხობდა მას. სატურნი ასევე მიწათმოქმედების ღმერთადაც ითვლებოდა ამიტომ გაჩნდა მის სიმბოლიკაში ნამგალი , ცელი -♄, რომელზეც მოთავსებულია მატერიალური სამყაროს აღმნიშვნელი ჯვარი. მატერიას სატურნი ყველაფერზე მაღლა აყენებს.
იუპიტერი ყველაზე დიდი და მასიური პლანეტა გახლდათ, ამიტომ დიდი ტრიადის ცენტრალური ფიგურის, მეხთა მტყორცნელი ზეციური მეფის სახელი უწოდეს და ექსპანსიის და ზრდის სიმბოლოდ განიხილება ასტროლოგიაში. სიმბოლო – ♃ – არწივის გამომხატველი იეროგლიფია. ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში აქ ნამგალა მთვარე – რომელიც გონებას წარმოადგენს, მატერიალური სამყაროს ჰორიზონტზე (ჯვარი გრძელი თავით) მაღლა დგას.
ასტრონომიის განვითარებასთან ერთად, სხვა პლანეტების აღმოჩენაც შესაძლებელი გახდა, რომლებიც თავიანთი სიშორის გამო რთული გასარჩევი გახლდათ და ამიტომაც უბრალო ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ. ურანი 1781 წელს აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ახალი ძიების დაწყების საფუძველი აღმოჩნდა. შემდეგ საუკუნეში 1846 წელს იპოვეს ნეპტუნი და ბოლოს მხოლოდ გასულ საუკუნეში 1930 წელს მოხერხდა დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი პლუტონის აღმოჩენა. ეს პლანეტები მაღალი ოქტავის პლანეტებად არიან მიჩნეულები. ურანი უმაღლესი მერკურია, ნეპტუნი – უმაღლესი ვენერა, პლუტონი კი – უმაღლესი მარსი.
თანამედროვე ასტრონომებმა ძველი ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტეს და ახალ აღმოჩენილ პლანეტებსაც ბერძნული და რომაული მითოლოგიით შთაგონებულებმა დაარქვეს სახელები.
ურანი უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. მისი სიმბოლოც ამიტომ შეიცავს ასო H – ს (Herschel-ის ინიციალი) – ♅, მაგრამ ჰერშელს არ უწოდებია მისთვის ურანი, ინგლისის მეფის – ჯორჯ მესამის საპატივცემულოდ ჯორჯის ვარსკვლავად მონათლა. ურანი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ასტრონომიული კავშირის გადაწყვეტილებით, იოჰან ბოდიმ დაარქვა ძველი ტრადიციების გასაგრძელებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ურანუსი რომაული კი არა ბერძნული ოურანუსიდან იღებს სათავეს, მისი ლათინური მოდიფიკაციაა, რომაულად ურანუსს კაულუსი ერქვა. ურანი ძალიან ჰგავდა სატურნსა და იუპიტერს, ამიტომ ნათესაური კავშირების ძიებაში ბოდი სატურნის მამასა და იუპიტერის ბაბუამდე მივიდა, ის თვლიდა, რომ თუკი იუპიტერს ყავდა კოსმოსში მამა , სატურნსაც უნდა ჰყოლოდა, მითუმეტეს რომ ურანუსი ზეცის ღმერთი და სამყაროს გამგებელი გახლდათ.
ამას გარდა, ურანი ყველაზე ექსცენტრიკულია პლანეტებს შორის. იგი ერთადერთი პლანეტაა, რომლის ღერძი 90 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი ორბიტისადმი, თითქოს წამოწოლილიაო. ასტროლოგიაშიც ურანი ნორმიდან გადახრებს მართავს, ყველაფერი გამორჩეული, არასტანდარტული, უჩვეულო ურანთან ასოცირდება. მისი სიმბოლო აღნიშნავს რომ ცნობიერზე (წრეზე) მაღლა დგას ჯვარი (მატერია), თუმცა ამ ჯვარზე არსებული საცეცები, რომლებიც ნამგალა მთვარეებს წარმოადგენენ და ანტენის ფორმას ქმნიან მიუთითებს რომ მატერია გამოიყენება, როგორც გზა შინაგანი სამყაროსკენ. საცეცების გარეშე არსებული სიმბოლოს ვერსია კოსმიური ცნობიერზე მიუთითებს.
ნეპტუნის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ვერსიები იქნა განხილული, ერთერთი ვერსია ოკეანუსი გახლდათ (სავარაუდოდ შეფერილობის გამო), მაგრამ აღმომჩენმა ურბან ლე ვერერმაც ტრადიციების გაგრძელება ისურვა და გადაწყვიტა ზღვის ღმერთის – ნეპტუნის სახელი ეწოდებინა მისთვის. მისი სიმბოლოც ნეპტუნის სამკაპა კვერთხის სტილიზებული ვერსიაა – ♆. ნეპტუნის ატმოსფეროს 90 პროცენტი წყალბადისგან შედგება, ირგვლივ კი ლურჯი მეთანის ღრუბლები აკრავს. სწორედ ამ ღრუბლების გამო ნეპტუნი ყოველგვარი ბურუსით მოცულის, დაფარულის, ირეალური სამყაროს სიმბოლოდ იქცა ასტროლოგიაში.
პლუტონის არსებობაზე ეჭვი მის აღმოჩენამდე გაჩნდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ასტრონომმა პერსი ლოუელმა ნეპტუნის და ურანის ორბიტების კვლევისას ბევრი უჩვეულო ნიუანსი შენიშნა, რის მიხედვითაც დაასკვნა რომ რომელიღაც უცნობი პლანეტის გრავიტაციის ძალა იწვევდა ამ მოვლენებს. ამ პლანეტის აღმოჩენა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხერხდა. ტრადიციისამებრ, პლანეტისთვის სახელის დარქმევა აღმომჩენის პრეროგატივა გახლდათ, მაგრამ ამ ციურ სხეულს სახელი 11 წლის ბრიტანელმა გოგომ მოუფიქრა. საქმე ის იყო, რომ ეს პლანეტა ყველაზე დიდხანს იმალებოდა და ყველაზე ამოუცნობი გახლდათ დანარჩენებს შორის, რომაელი მიწისქვეშა სამყაროს ღმერთის მსგავსად, რომელსაც მაშინ შეეძლო გაუჩინარება და გამოჩენა, როცა სურდა. გოგონამ ეს ვერსია ბაბუას გააცნო, ბაბუამ კი პლუტონის აღმომჩენ ტომბაუს მისწერა. ასტრონომს მოეწონა იდეა, მითუმეტეს რომ სახელის პირველი ორი ასო, პერსი ლოუელის ინიციალებს ემთხვეოდა. აქედან იღებს მისი სიმბოლიკაც სათავეს. ♇- ეს ნიშანი ინგლისური P და L ინიციალების ერთიანობაა. თუმცა პლუტონს მეორენაირადაც აღნიშნავენ, ჰადესის ორკაპა ჯოხი, შუაში მოთავსებული წრით. ამ სიმბოლოში იერარქია შემდეგნაირად ლაგდება – ჯვარი, ანუ მატერია ყველაზე დაბლა დგას, მას მოსდევს ნამგალა მთვარე – გონი და ყველაფერზე ბოლო საფეხურზეა წრე – სული. პლუტონიც მატერიის, გონისა და სულის ერთიანობის სიმბოლოა, სადაც ყველაზე მაღლა სული დგას.
მოამზადა დოჩი გოგომ