პირველი კოსმოგონია და კოსმოლოგია შუმერეთში

ენლილი (ჰაერის ღმერთი)
მართალია შუმერელებმა ვერ შექმნეს ფილოსოფია ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, მათ აზრადაც არ მოსვლიათ ეჭვის ქვეს დაეყენებინათ საგანთა ჭეშმარიტი ბუნება, ამიტომ მათ არ გააჩნდათ ფილოსოფიის ისეთი დარგი , როგორიცაა გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია). მიუხედავად ამისა, შუმერელები მაინც ფიქრობდნენ სამყაროს ბუნებასა და წარმოშობაზე, მის აგებულებაზე და მსოფლიოს სხვა კანონზომიერებებზე.
შუმერელი მოაზროვნესათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს „ან-ქი“-ს, რაც „ცა-მიწა“-ს ნიშნავს. მათი წარმოდგენით დედამიწა ბრტყელი დისკო იყო , ხოლო ცა – ცარიელი სივრცე, რომელიც ზევითაც და ქვევითაც მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. რა მასალის იყო ეს ზედაპირი დღემდე გაურკვეველია. მაგრამ რაკი შუმერელები კალას „ზეციურ ლითონს“ უწოდებდნენ , შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ზედაპირი კალისა ყოფილიყო. დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი-„ლილ“ ეს სიტყვა დაახლოებით ნიშნავს ქარს ( ჰაერს, ნიავს , სულს).
მაგრამ ის ვინღაა, ვინც სამყარო შექმნა და აიძულებს მას იმოძაოს, წლიდან წლამდე, საუკუნეთა განმავლობაში?
შუმერელთა აზრით არსებობდა გარეგნულად ადამიანთა მსგავსი ცოცხალ არსებათა მთელი პანთეონი. უკვდავობითა და ზეადამიანური ნიჭით დაჯილდოებულნი, ეს არსებები სამყაროს მტკიცე და ურყევი კანონების შესაბამისად წარმართავდნენ. თითოული ეს ანთროპომორფული, მაგრამ ზებუნებრივი არსება სამყაროს ამა თუ იმ ნაწილს განაგებდა მკაცრად განსაზღვრული წესების შესაბამისად. შუმერელთა პანთეონი რაღაც შეკრებილობას წარმოადგენდა უმაღლესი მმართველის თავჯდომარეობით, მას რანგით მოყვებოდა შვიდი ღმერთი. რომლებიც „განაგებდნენ ბედისწერას“ და ორმოცდაათი „დიდი ღმერთი“. ეს ღმერთები იყოფოდნენ შემოქმედ და არაშემოქმედ ღმერთებად.
მაინც როგორ წარმოედგინათ შუმერებს სამყაროს შექმნა? ამას ჩვენ ვიგებთ პოემა “გილგამეში, ექინდუ და ქვესკნელის სამეფოს“ შესავალში არსებული სტრიქონებიდან :
ოდეს ცა მიწისაგან განეშორა,
ოდეს მიწა ცისაგან განცალკევდა,
ოდეს კაცობრიობის სახელი დამკვიდრდა,-
მაშინ ანმა ცა წაიღო,
ენლინმა მიწა წაიღო…
თუ ამ სტრიქონებს გავაანალიზებთ დავასკვნით რომ მოცემულია შემდეგი კოსმოგონური წარმოდგენები:
1) ოდესღაც ცა და მიწა ერთიანი იყო;
2) ზოგი ღმერთი ცისა და მიწის გაყოფამდეც არსებობდა;
3) ცისა და მიწის გაყოფის შემდეგ ცის ღმერთმა ანმა „წაიღო“ ზეცა, ხოლო ჰაერის ღმერთმა ენლილმა „წაიღო“ მიწა.
მაგრამ პოემის ეს ნაწილი არც პასუხს იძლევა და გარკვევითაც არ ეხება შემდეგ ძირითად საკითხებს:
1) თუ შუმერელთა წარმოდგენით, ცა და მიწა ყოველთვის არ არსებობდა და ოდესღაცაა შექმნილი, ვინ შექმნა ისინი?;
2) როგორი ფორმის იყო ზეცა და მიწა მათი წარმოდგენით;
3) ვინ დააშორა ერთმანეთს ცა და მიწა;
შუმერული ტექსტების შესწავლის შემდეგ ამ კითხვებს პასუხი ეცემა:
1) ფირფიტაზე, რომელშიც ჩამოთვლილია შუმერელთა ღმერთების სახელები, ქალღმერთ ნამუს სახელი პირველქმნილი ოკეანე აღინიშნება ერთი და იმავე პიქტოგრაფიული ნიშნით, ქალღმერთი მოიხსენიება როგორც ცისა და მიწის დამბადებელი დედა.
2) მითში „საქონელი და მარცვლეული“ აღწერილია, როგორ იშვნენ ზეცად საქონლისა და მარცვლეულის ღმერთები , შემდეგ კი დედამიწაზე დაეშვნენ.
3) ენლილმა,-რათა ქვენყნის თესლი სახლიდან აღმოცენებულიყო
მიწისაგან ცის ანშორება გადაწყვიტა,
ცისაგან მიწის განშორება გადაწყვიტა…
„საქონლისა და მარცვლეულის“ პირველ სტრიქონებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ რომ ცა და მიწა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა და განაშორა ჰაერის ღმერთმა ენლილმა.
ახლა კი შესაძლებელი ხდება შევაჯამოთ შუმერელთა კოსმოგონური წარმოდგენები ანუ წარმოდგენები სამყაროს შექმნაზე.
1) თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მის გაჩენაზე არაფერია ნათქვამი.
2) პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა. რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.
3) ადამიანის მსგავსი ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ( მიწამ) შვეს ჰაერის ღმერთი ენლილი.
4) ჰაერის ღმერთმა ენლილმა განაშორა ერთმანეთს ცა და მიწა.
რაც შეეხება ციური სხეულების -მთვარის, მზის და ვარსკვლავების წამოშობას, ამის თაობაზე არავითარი პირდაპირი ცნობა არ

პლანეტა ვენერას ქალღმერთი ინანა.
არსებობს. მაგრამ თუ შუმერები მთვარის ღმერთს, რომელსაც ორი სახელი ქონდა- სინი და ნანა- ჰაერის ღმერთ ენლინის შვილად მოიხსენიებენ, შეიძლება ვიფიქროთ რომ მთვარე მიაჩნდათ კაშკაშა ჰაერის მაგვარ სხეულად, რომელიც შეიქმნა ჰაერისგან. ხოლო მზის ღმერთი უთუ და პლანეტა ვენერას ქალღმერთი ინანა ყველა ტექსტში მთვარის ღმერთის შვილებად მოიხსენიებიან.
შუმერელთა აზრით, ღმერთები ცხოვრობდნენ „ცისა და მიწის“ მთაზე, იქ საიდანაც მზე ამოდის. ან მანამ იმყოფებოდნენ იქ. ვიდრე სამყაროს რომელიმე განსაზღვრულ ადგილას, რომელზეც ისინი ზრუნავდნენ , მათი თავი არ დასჭირდებოდათ. წყაროებიდან ვგებულობთ. რომ მთვარის ღმერთი ნავით მოგზაურობდა, მზის ღმერთი- ეტლით, ქარიშხლის ღმერთი-ღრუბლებით.
შუმერელთა აზრით კოსმოსური და საზოგადოებრივი მოვლენებიჰარმონიულ და განუწყვეტლივ მოქმედებაში იყვნენ ერთი მეორეზე, ისე რომ ერთმანეთს სრულიად არ ეწინააღმდეგებოდნენ. ამგვარ წარმოდგენას შეესაბამებოდა შუმერული სიტყვა „მე“, რომლის ზუსტი აზრი დღემდე არ არის დადგენილი. შეიძლება ვივარაუდოთ. რომ ამ სიტყვით აღინიშნებოდა წესების და კანონზომიერებათა მთელი კომპლექსი, რომელიც განკუთვნილი იყო ღვთაებათა მიერ შექმნილი საზოგადოებისა და ბუნების ყოველი მოვლენისათვის, ვინაიდან ეს მოვლენები ყოველთვის ემორჩილებოდნენ წინასწარ დასახულ გეგმას.
მოამზადა მარიამ კახიძემ