მშვილდოსანი ბოსი
თქვენი ახალი ბოსი სამსახურში მისვლის პირველი დღიდანვე დაგაინტერესებთ. ვინ არის? გენიოსი თუ სულელი? დონ კიხოტი თუ გაუზრდელი ხეპრე? ხან სპილოსავით ტლანქი და ხან დოღის ცხენივით გრაციოზული. ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, თითქოს ადამიანს კი არა გამოსახულებას ხედავთ მრუდე სარკეში.
დარწმუნებული ვარ, ორი სამი კვირის შემდეგაც ზუსტად ასეთივე გაურკვევლობაში იქნებით, მაგრამ კიდევ ცოტა ხანს დარჩენას გადაწყვეტთ, რათა სიტუაციაში გაერკვეთ. კიდევ რამდენიმე კვირის შემდეგ დაასკვნით რომ ყველაფერი მისი მშობლების ბრალია: წესიერად ვერ გაზარდეს და გაატუტუცეს და მინდა გითხრათ რომ ძალიან შეცდებით. მშობლებს ბრალი არაფერში მიუძღვით, თქვენი პატივცემული მშვილდოსანი სახლში ბავშვობაშიც იშვიათად ბრძანდებოდა. მოკლედ, გადაწყვეტთ საერთოდ არაფრად ჩავაგდებ, ამ სამსახურში გამჩერებელი მე არ ვარ, მაგის უტაქტობა მისმა ცოლმა იტანოსო და მინდა კიდევ გითხრათ რომ კიდევ შეცდებით: იგი ცოლსაც ისე იშვიათად ხედავს გულის ტკენას ვერ ასწრებს და ცოლიც მისი ნახვის ბედნიერებითაა ხოლმე მოცული. წასვლაზე კი იმიტომ ფიქრობთ რომ გგონიათ მშვილდოსან უფროსს დასანახად ეჯავრებით, რადგან ხალხის თანდასწრებით საშინლად გამოგლანძღათ, თუმცა მალე ამაშიც ეჭვი შეგეპარებათ, რადგან ერთ დღეს შემთხვევით შეხვედრილს მხარზე ხელს მეგობრულად დაგიტყაპუნებთ, შეგაქებთ და დაწინაურებას შეგპირდებათ. გავა კიდევ რამდენიმე დღე და აღმოაჩენთ რომ თქვენი დაწინაურების საკითხი არც კი დასმულა დღის წესრიგში, იმ დღეს ის უბრალოდ კარგ ხასიათზე იყო და თქვენ გარდა კიდევ რამდენს დაპირდა დაწინაურებას, კაცმა არ იცის.
ბოლოს, თქვენი მოთმინების ფიალა აივსება და ყველაფერში გასარკვევად მის კაბინეტს მიადგებით, თუმცა სამწუხაროდ ის წუხელ ლონდონში გაფრენილა. თქვენ თავს დაიმშვიდებთ, როგორც კი ჩამოვა მაშინვე ყველაფერს პირში მივახლიო, მაგრამ ვეჭვობ ცდა დიდხანს მოგიწევთ, ლონდონიდან ჩამოსული რამდენიმე საათში ტოკიოში გაფრინდება და თან გზადაგზა გადაწყვეტს რამოდენიმე აზიურ ქვეყანაშიც შეიაროს.
რა უნდა ქნათ? ბოლოს და ბოლოს როდის შეძლებთ მის ნახვას ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმის ამონთხევას? სჯობს სიმართლე იცოდეთ – ვერასოდეს. იგი ისეთი სისწრაფით მოძრაობს, და იმდენი საინტერესო საქმე ეგულება ამქვეყნად მისი ნაკლოვანებების მოსაწყენი ჩამოთვლის მოსასმენად დროს ნამდვილად ვერ დაკარგავს. ამასთან ნაკლოვანებების გარდა იმდენი ღირსება აქვს, სჯობდა აქედან დაგეწყოთ. დედამისიც ასე იქცეოდა, მისი ცოლიც, მეგობრებიც და ამით მხოლოდ მოიგეს. არა, იგი გამოსწორებას საერთოდ არ აპირებს, სჯობს მისი ახლობლების ბრძნულ ტაქტიკას მიმართოთ.
მაშ, ასე. პირველი, მშვილდოსანი ბოსი იშვიათად ბუზღუნებს და ბრაზობს და უფრო ხშირად კარგ ხასიათზეა. მეორე, გულუხვი და კეთილია და თუკი ფინანსური კრიზისი გაქვთ ერთი თვის ხელფასის წინასწარ აღების უფლებას მოგცემთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ეს შეუძლებელია საკუთარი ჯიბიდან გასესხებთ. მესამე: იგი გულმართალი კაცია და საყვარელ საქმე ბოლომდე ერთგულობს. მეოთხე: ძალიან დემოკრატიული და გულწრფელი ადამიანია, სწორედ ეს განაპირობებს მის უტაქტობაში გადაზრდილ პირდაპირობასაც. ასე რომ, მას მართლაც ბევრი დადებითი თვისება აქვს, რასაც სხვა უფროსებში იშვიათად წააწყდებით.
ამას გარდა, ის ძალიან მეგობრულიც არის და ცოტათი მიამიტი და მიმნდობი. ჰყავს უამრავი მეგობარი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა ქვეყანაში სადაც ოდესმე ყოფილა: ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არქიტექტორები, ბალერინები თუ ბარმენები, პროფესორები და სპორტსმენები…
მშვილდოსან ბოსს უყვარს პომპეზურობა, მკვეთრი სინათლე, თანამშრომლები გრანდიოზული გეგმებით, კარგი საჭმელ-სასმელი, გართობა, მოგზაურობა, ერთგულება, თავისუფლება, ცვლილებები… ვერ იტანს მეწვრილმანეებს, უსინდისოებს, ძუნწებს, პესიმისტებს, ფარისეველ და გულჩათხრობილ ადამიანებს…
დამეთანხმებით რომ ასეთ ადამიანთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. მართალია, არ გეცოდინებათ რას მოიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი დილა მხიარულად და ენერგიულად დაიწყება.

:))))
ლინდა გუდმენი