Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

კარდინალური, ფიქსირებული, მუტაბელური ნიშნები

კარდინალური_ფიქსირებული_მუტაბელურიწელიწადი იყოფა ოთხ ნაწილად – ოთხ სეზონად. მთვარე თითოეულ სეზონს ამატებს სამ ფაზას; საწყისს, შუასა და ბოლოს. ციფრი ოთხი შეესაბამება ოთხ მხარეს: აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, რითაც სივრცესა და სამყაროს ჰორიზონტალურად აღწერს. ციფრი სამი შეესაბამება დროში გადაადგილებას (წარსულს, აწმყოსა და მომავალს).

ყველა ხალხის მითოლოგიაში გვხვდება სამყაროს დაყოფა სამ ნაწილად: ზეციურ სამყაროდ, მიწიერ სამყაროდ და ქვესკნელად. რიცხვი თორმეტი ამ ორი ციფრის – სამისა და ოთხის ერთგვარი გაერთიანებაა (სამჯერ ოთხი = თორმეტს), შესაბამისად, ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს ყოფენ სამ ჯგუფად (თითოეულში ოთხ – ოთხი ნიშნით), სადაც თავსდებიან ისეთი ნიშნები, რომელთაც საერთო თვისებები გააჩნიათ.

ამ ჯგუფების სახელწოდებებს აღნიშნავენ ლათინური ასოებით:
კარდინალური ნიშნები – C
ფიქსირებული ნიშნები – F
მუტაბელური ნიშნები – M

კარდინალური ნიშნები

  • ვერძი–აღმოსავლეთი და გაზაფხული
  • სასწორი–დასავლეთი და შემოდგომა
  • კირჩხიბი–სამხრეთი და ზაფხული
  • თხის რქა–ჩრდილოეთი და ზამთარი

ყოველი სეზონი კარდინალური ნიშნებით იწყება. ისინი ინიციატორები, აქტიურები, ამბიციურები, ენთუზიაზმითა და თავისუფლებით სავსენი არიან. აქვთ სწრაფი აზროვნება და არასდროს კმაყოფილდებიან მიღებული ცოდნით.

უარყოფით შემთხვევაში: არიან მოუსვენრები, გაუგებრები, პირველობისთვის–ლიდერობისთვის მებრძოლნი და უთავბოლოები,(რადგან ხშირად ბოლომდე არ მიჰყავთ დაწყებული საქმე).

ვერძი–პირადი აქტიურობის ნიშანია. იგი აქტიური მზეა, რომლის სხივებიც უზარმაზარი ენერგია აქვთ, თუმცა, როგორც კარდინალურ ნიშანს უჭირს გარე სამყაროსთან ადაპტირება, ასევე საკუთარი თავის შეზღუდვა.

კირჩხიბი– ინსტინქტური მოქმედებების მმართველია, თუმცა ინტუიციური გადაწყვეტილებებს უფრო იღებს, ვიდრე ლოგიკურს. კირჩხიბი როგორც კი მიაღწევს თავის მიზანს, მის მიმართ ინტერესს კარგავს. კირჩხიბი აღნიშნავს მატერიას და მართლაც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად გრძნობს მას.

სასწორი–შუამავალია. მხარდაჭერის მაძიებელი სასწორი იწყებს წელიწადის მუქ დროს – შემოდგომას. ვერძის საპირისპიროდ, მის ძირითად თვისებას წარმოადგენს დახვეწილობა.ვერძი თუ ინდივიდურად მოქმედებს, სასწორი – ჯგუფურ მოქმედებას გამოხატავს და მისკენ მიილტვის. მას სხვების გაგების უდიდესი ნიჭი აქვს.

თხის რქა–ტრადიციულ ასტროლოგიაში ითვლება ორგანიზატორ, სოციალური ქმედებების მმართველ ნიშნად, მაშინ, როდესაც კირჩხიბი ოჯახური ურთიერთობების მმართველია. მწვერვალების დამპყრობ თხის რქას წინა პლანზე გამოაქვს იდეა, რომლითაც აერთიანებს საწყის ”მე”–სა და ადამიანის სოციალურ–რელიგიურ იდეალებს. ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან: აქტიურები, ენერგიულები და ცვალებადები.

ისინი სახავენ იმ გზებს, რომლებსაც შემდგომ სხვები მისდევენ, იწყებენ იმ საქმეებს, რომლებსაც შემდგომ სხვები ასრულებენ. ამ ნიშნების ქვეშ ხშირად ნოვატორები იბადებიან. კარდინალური, ანუ ძირითადი ნიშნები სიმბოლურად წარმოადგენს ფიზიკურ კოსმოსს, სამყაროს წყობის მატერიალურ საფუძველს და შეესაბამება აგებულებას, სამყაროს საწყისსა და ქრისტიანული სამების პირველ შემადგენელს. სხვაგვარად, მათ ნებისყოფის ნიშნებსაც უწოდებენ. მათი ამოცანაა მისცენ იმპულსი ახალ იდეებს, გახსნან ახალი სეზონი, ამიტომ ეს ნიშნები დაკავშირებულნი არიან ენერგიის, ცხოვრების ორომტრიალში ჩართვის პრობლემებთან, რამეთუ საკმაოდ მატერიალისტურები არიან და ყველაზე მეტად უადვილდებათ პირველივე იმპულსით მოქმედება. ამ ნიშნებში დაავადებები საკმაოდ მკვეთრად ვლინდება და მძიმე გადასატანია, რადგან რთულად მიმდინარეობს (მაღალი ტემპერატურით), თუმცა მალევე ინკურნება. ისინი ადვილად ხდებიან ცუდად, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში აქტიურად იბრძვიან.

ფიქსირებული ნიშნები:

  • კურო
  • ლომი
  • მორიელი
  • მერწყული

ფიქსირებული ნიშნები წლის ცენტრალური ნიშნებია. აღნიშნავენ ყოველი სეზონის შუალედურ თვეებს. არიან კონცენტრირებულები, სტაბილურები, პატივმოყვარენი, გამჭრიახი გონებისა და საოცარი მეხსიერების პატრონები, ასევე ნივთებისა და ცოდნის შემგროვებლები. მიზნის მისაღწევად მიიწევენ ნელა, მაგრამ სწორად.

უარყოფით შემთხვევაში: არიან ჯიუტები, ეგოისტები და ზედმეტად თვითდაჯერებულები.

კურო–ბუნებრივი უშუალობის ნიშანია, ახდენს იდეის რეალიზებას საკუთარი სურვილისა და განკარგვის მეშვეობით.

ლომი–ზაფხულის კულმინაცია. ყოფიერების, მთლიანობის ნიშანია, ცდილობს დაეუფლოს ამ სიმრავლეს.

მორიელი–გარეგანთან ურთიერთკავშირის იდეას ვნებიანი, მაგრამ სტაბილური მორიელი, ავითარებს გრძნობითაც და აზრითაც და ამგვარად იძლიერებს ძალასაც და ვნებასაც.

მერწყული–მერწყულს, ფიქსირებული ნიშნებიდან ყველაზე კარგად გამოსდის სამყაროზე რეაგირება, მაგრამ ამასთან ერთად ავტორიტეტულია, ადვილად ახვევს თავს საკუთარ აზრებს გარშემომყოფთ. ყველაზე სასტიკი ყინვები თებერვალში, მერწყულშია.

მერწყულის ალტრუისტული ნიშანი პიროვნების უნიკალურობის იდეის მატარებელია. ფიქსირებული ანუ სტაბილური ნიშნები ასახავენ ცხოვრებისეული ევოლუციის პრინციპებს და სიმბოლურად უკავშირდებიან ”სიცოცხლის ხეს”, რომელიც მეორენაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ჯვარი, რომელზედაც გააკრეს იესო, ან როგორც აშოკის წმინდა ხე, რომლის ძირშიც იშვა ბუდა.

შუალედური ნიშნების ამოცანაა კარდინალური ნიშნების მიერ მიწოდებული იდეების განვითარება და მათი ხორცშესხმა, ცხოვრებაში დანერგვა. ისინი თანმიმდევრულნი, ზუსტნი და მყარნი არიან თავიანთ მიზნებში. აგრეთვე, მათი სტაბილური მგრძნობელობისადმი ლტოლვის გამო მათ გრძნობის ნიშნებს უწოდებენ. სწორედ ამიტომ, ქრისტიანულმა ტრადიციამ ამ ნიშნებს მიანიჭა უპირატესობა და ოთხი ევანგელისტის გვერდით გამოსახა: კურო–ლუკა, ლომი–მარკოზი, არწივი (ღრიანკალი) –იოანე და მერწყული–მათე. ფიქსირებული ნიშნები, ყველაზე ხშირად, სიბრძნისა და იმპერიათა შემქმნელებად გვევლინებიან. ისინი განსაკუთრებულად მყარი თვითრწმენითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. დაბრკოლებების მიუხედავად ყოველთვის წინ მიიწევენ, – ან გამარჯვებამდე, ან თვითგანადგურებამდე.
ფიქსირებულ ნიშნებს, კარდინალური ნიშნებისგან განსხვავებით, საკუთარი ქმედებების მიმართულების შესაცვლელად გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. ისინი ინერციულები არიან და ამიტომაც უჭირთ სიახლეებში როგორც ჩართვა, ასევე მათგან გამოსვლა. კარდინალურ ნიშნებს არ ყოფნით ფიქსირებული ნიშნების ინერცია, ამიტომ ფიქსირებული ნიშნები ახდენენ მათ მიერ მოწოდებული იმპულსების კონცენტრირებას, აძლევენ რა მიმართულეას და ახდენენ მათ რეალიზებას. ფიქსირებულ ნიშნების შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე ებრძოლონ დაავადებას. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელი დაავადებები ნელი და ხანგრძლივია, ხშირად გადადის ქრონიკულში და მძიმდება (ფარულ ფორმებს ატარებს).

მუტაბელური ნიშნები:

  • ტყუპები
  • ქალწული
  • მშვილდოსანი
  • თევზები

შეესაბამებიან წელიწადის (სეზონის) ბოლო თვეებს. ეს მუშაობის დამთავრების და მომავალი წლისათვის გეგმების დაწყობის დროა. ამ ნიშნების წარმომადგენლები არიან ადვილად ადაპტირებადები, ცვალებადები, თანამგრძნობები, ინტუიციურები და მოქნილები. უარყოფით შემთხვევებში: ტყუილისადმი მიდრეკილნი, არასტაბილურნი და არასანდონი.

ტყუპები–ცხოვრებისეული ურთიერთკავშირის ნიშანი, ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ სიძლიერეს და ეძებს ახალ გზებს.

ქალწული–კრიტიკული ქალწული მრავალფეროვნებაში თანმიმდევრულად ალაგებს იერარქიულ კავშირებს. მშვილდოსანი–

მშვილდოსნის ცეცხლოვანი ბუნება მჟღავნდება მის მიზანდასახულობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას სხვა ადამიანების მოთხოვნებთან ადაპტირებაც შეუძლია, რასაც ვერ ვიტყვით ვერძზე. მშვილდოსანს ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე მსუბუქად და უმტკინვეულოდ გამოსდის სხვა ადამიანების სურვილებისა და ნების გათვალისწინება და მიღება.

თევზები–თავიანთი რწმენის უნარით თევზები ამოწმებენ მერწყულის აბსტრაქტულ ცოდნას, ეჭვქვეშ აყენებენ მის იდეალურ სამყაროს და განუდგებიან საკუთარ თავს, რითაც თავს სწირავენ შემდგომი სიცოცხლის გასაგრძელებლად–ვერძის მომავალი იმპულსისათვის.

თუ ფიქსირებული ნიშნები გრძნობებს უკავშირდება, მუტაბელური, ანუ ცვალებადი ნიშნები სულის პრინციპებს, მიწიერსა და ზეციურს შორის კავშირს ასახავენ. მუტაბელური ნიშნები სიმბოლურად წარმოადგენენ მაკავშირებელსა და შემცვლელს და მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ხორცშესხმული იდეების განხორციელება და მათი ტრანსფორმირება. ამის გამო მათ გონიერების ნიშნებს უწოდებენ.

მუტაბელური ნიშნები ორი სეზონის ზღვარზე დგანან, ისინი ორი სეზონის ენერგიას ატარებენ, სწორედ ამიტომ არიან გაორებულნი. ამ ნიშნების წარმომადგენლებს ახასიათებთ სწრაფი რეაგირება გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ვერ ეგუებიან (გაურბიან) ზეწოლას. თავის თავში ატარებენ, როგორც კარდინალური, ასევე ფიქსირებული ნიშნების თვისებებს, ამიტომაც გარშემომყოფებს ისინი ხშირად ეჩვენებათ მერყევ და ცვალებად ადამიანებად.

გამარჯვების მოიპოვებენ ინტუიციისა და შემოვლითი გზების წყალობით. მუტაბელური ნიშნების შემთხვევაში დაავადება იმდენად მრავალფეროვნულ ფორმებს იძენს, რომ ხშირად ძნელდება დიაგნოზის დასმა. ასეთი დაავადების სიმპტომები შერეული სახისაა და ხშირდაც ძნელდება დიაგნოზის დასმა, დაავადება ერთი ორგანოდან – მეორეზე გადადის, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარგად გამოსდით დაავადებებთან ადაპტირება.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

დატოვეთ კომენტარი