მთვარის მნიშვნელობა და მისტიურობა
სამყაროში ყველა ორგანიზმი ურთიერთქმედების უწყვეტ ჯაჭვშია ჩაბმული. მთვარე ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან, სწორედ ამიტომ დიდია მისი გავლენა, როგორც ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ბუნებაზე.
მთვარე ითვლება სულის და ქვეცნობიერის სიმბოლოდ. ემოციების, განცდების, შეგრძნებების მმართველად. მთვარე განსაზღვრავს ადამიანის ინტუიციასა და მგრძნობელობას სამყაროსადმი.
ასტროლოგიაში მთვარე არის ქალური საწყისი, ქალი, მაგრამ პირველ რიგში დედა, რომელსაც შემოჰყავს თავისი პირმშო ხილულ სამყაროში.
ჰოროსკოპში მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის ქვეცნობიერის დაცვით რეაქციებსა და ადაპტაციაზე. მთვარე არის ადამიანის ქალური სათავის როლი ცხოვრებაში. მთვარის არასაკმარისი განვითარება იწვევს ძირითადი ბიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას.
თუ ადამიანი მთვარის პრინციპს არ ავითარებს, მაშინ იგი შინაგანად შრება, ბოროტდება და წყვეტს ემოციონალურ განვითარებას, მაგრამ მთვარის პრინციპების გადაჭარბებულად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი მთლიანად გადაერთოს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოთხოვნილებები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ადამიანი ხშირად კარგავს კონტროლს და მგრძნობელობის, იდუმალების, მისტიციზმის მომცველი მთვარე დიდ შავ ხვრელად იქცევა.
მთვარის უარყოფითი ასპექტები იწვევენ ისეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომლებიც პირველ რიგში ადამიანის სულსა და ფსიქიკას აზიანებს. დაზიანებული მთვარე ნიშანია რთული ბავშვობისა, რთული კარმული მემკვიდრეობისა, რთული-დაძაბული ურთიერთობისა დედასთან.
მთვარის გავლენა დამოკიდებულია, ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანსა და სახლებში განლაგებაზე, ასევე მის ასპექტზე სხვა პლანეტებთან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მზესთან დამოკიდებულებაა, რაც პირველ რიგში აისახება ჯანმრთელობაზე.
მთვარე მოქმედებს არა მარტო ადამიანებზე, არამედ ცხოველებზე, მცენარეებზე, დედამიწის მეტეო თუ კლიმატურ მდგომარეობაზე, ამიტომაც უხსოვარი დროიდან დღემდე დაგროვილია დიდი ცოდნა.
მთვარე განსაზღვრავს ერთიან ციკლს ახალმთვარეობიდან შემდგომ ახალმთვარეობამდე. იგი ყოველდღე ადის ცის კაბადონზე შეცვლილი ზრდადი, ან კლებადი პოზიციით. მთვარის დღე-ღამე დროის ის პერიოდია, რომელსაც იგი შემოწერს თავისი ამოსვლიდან ჩასვლამდე. (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ პირველი დღე-ახალმთვარეობა).
მოკლედ განვიხილოთ ძირითადი მახასიათებლები დღეების მიხედვით:
მთვარის პირველი დღე-ღამის სიმბოლოა ლამპარი, შუქი, მანათობელი. ეს კარგი, სუფთა და ნათელი დღეა.ეს დღე უნდა დაეთმოს სულის დაბრუნების, გადარჩენის და აღმავლობის პრობლემებს.ასეთ დღეებში ადამიანი თავისუფლდება დაგროვილი კომპლექსებისა და უარყოფითი შეგრძნებებისაგან.ეს იდუმალი დღეა. ამ დღეს ჩამოყალიბებული ნებისმიერი ჩანაფიქრი შეიძლება ადვილად ასრულდეს. კარგია ლოცვა და მედიტირება სანთელთან.
მთვარის მეორე დღე-ღამის სიმბოლოა თევზი, ხახა, გაღებული პირი, ხვავიანობა. ეს დღე კარგია შიმშილობისა და უმნიშვნელო საქმიანობისათვის.არ შეიძლება გაბრაზება, ჩხუბი. დიდია სიხარბისა და მომხვეჭელობის ცდუნება, ამიტომ აუცილებელია საკუთარ თავში სიკეთისა და გულუხვობის განვითარება.
მთვარის მესამე დღე-ღამის სიმბოლოა ნახტომისათვის მომზადებული ავაზა ან ფოცხვერი.ამ დღიდან იწყება ჭეშმარიტად ახალი თვე. ამ დღის ენერგეტიკა მოითხოვს აქტიურობას. ვინაიდან ეს დღე უიღბლოდ მიიჩნევა არაფრის ახლის დაწყება არ შეიძლება.
მთვარის მეოთხე დღე-ღამის სიმბოლოა შემეცნების ხე, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი.ყველში გაჩხერილი ადამისეული ვაშლი.ეს დღე ორმაგი-ერთდროულად პოზიტიური და ნეგატიური ხასიათის მატარებელია, მაგრამ მასში ბუდობს სიბოროტე. დასავლურ ასტროლოგიაში ეს დღე ითვლება ადამიანის ცოდვად დაცემის დღედ, როდესაც ადამმა იგემა ხის აკრძალული ნაყოფი. ამ დღეს განმარტოვება სჯობს.ყველა საკითხზე კარგად უნდა დავფიქრდეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ.
მთვარის მეხუთე დღე-ღამის სიმბოლოა მითოლოგიური პერსონაჟი ცალრქიანი ცხენი, რაც ნიშავს მსახურების,პრინციპებისა და პასუხისმგებლობის ერთგულებას. დღე უკავშირდება მიზნის დასახვას, სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია ამა თუ იმ ცვლილებების დაგეგმვა.ეს დღე განსაკუთრებით სასიკეთოა მათთვის,ვინც წინასწარ აანალიზებს და გეგმავს ყველაფერს.ამ დღეს სასურველია დავიცვათ პრინციპები და იდეალები, როგორც საკუთარი, ისე სხვების ღირსება და ნამუსი. აუცილებელია გრძნობების აქტიურად გამოხატვა, რადგან გარშემომყოფები სწორად გაიგებენ ჩვენს განცდებს.
მთვარის მეექვსე დღე-ღამის სიმბოლოა ღრუბელი და წერო. ეს კარგი დღეა სამეცნიერო კვლევისათვის, სულიერი და გონებრივი მუშაობისათვის, აზროვნებისათვის. ხდება კოსმიური ენერგიის აქტიური და უხვი შეთვისება. ასევე ძლიერდება ინტუიცია და ვლინდება ფარული ნიჭი. ეს სიყვარულისა და მადლიერების მიღების დღეა. არ შეიძლება უკმაყოფილების გამოთქმა. ყველაფერი უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის.
მთვარის მეშვიდე დღე-ღამის სიმბოლოა მამალი, კვერთხი, ეს სერიოზული პროვოკაციების დღეა. არ შეიძლება საკუთარი აზრების დამალვა, მოტყუება, ეშმაკობა, კომპრომისზე წასვლა. კარგი დღეა ხანმოკლე საქმეებისათვის, ასევე კარგი დღეა ლოცვისათვის.
მთვარის მერვე დღე-ღამის სიმბოლოა ფენიქსი, სამკაულებიანი ზარდახშა, არასასიამოვნო ამბების მომტანი ფარშევანგი.ეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საქციელის, ცოდვების მონანიებისა და ცეცხლით (სანთლით) განწმენდის დღეა. კარგია აღსარების თქმა და სხვების პატიება.
მთვარის მეცხრე დღე-ღამის სიმბოლოა ღამურა. მზისა და მთვარის კვადრატურის შემდგომი პირველი დღეა, რომელიც სატანურ დღედ მიიჩნევა. მისი ენერგეტიკა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. დიდია მოტყუების, ილუზიების, მოჩვენებების, შეცდომებისა და მოწამვლის ალბათობა. ადამიანებს აწუხებთ შიშები, მღელვარება და ბნელი აზრები. დიდია წარუმატებლობის ალბათობაც, შეიძლება შევიტყოთ არასასიამოვნო ამბები. სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა შევაფასოთ ყველა საკითხი.
მთვარის მეათე დღე-ღამის სიმბოლოა წყარო, შადრევანი. შადრევანი მოგვაგონებს ადამიანის მუდმივად გადავსებულ ენერგიასა და სულიერ დამოუკიდებლობას. ეს დღე უკავშირდება ადამიანის საკუთარ გზაზე დადგომას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, კარმული მეხსიერების გაძლიერებას. რეკომენდირებულია კარმასთან დაკავშირებული მედიტაციები და ლოცვები, რათა უკეთ ამოვიცნოთ წარსულიცა და მომავალიც, დავინახოთ ჩვენი დანიშნულება და კარმული ამოცანები.
მთვარის მეთერთმეტე დღე – ღამის სიმბოლოა ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი, ხერხემალი. ამ დღეს უზარმაზარი ენერგია გააჩნია და მთვარის ციკლის ყველაზე ძლიერ დღედ არის მიჩნეული. იგი უკავშირდება კუნდალინის–ღვთაებას, რომელიც სქესობრივ ენერგიებს გამოხატავს თავისი მრავალწახნაგობრივი ბუნებითა და გარდაქმნით. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში აუცილებელია სიფრთხილე. ადამიანში იღვიძებს უზარმაზარი ძალა, რომელიც უნდა ავაცილოთ ნგრევას და მივმართოთ სიკეთის კეთებისაკენ. ეს გამარჯვებისა და უკვდავების დღეა. ამ დღეს დაწყებული ყველა საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა დავასრულოთ.
მთვარის მეთორმეტე დღე–ღამის სიმბოლოა თასი, გული, გრაალის თასი. ეს შემწყნარებლობისა და თანაგრძნობის დღეა. გამძაფრებულია სიყვარულის ენერგიები, რომლებიც ადამიანებს უბიძგებენ გარშემომყოფებისათვის სიკეთის გაკეთებაზე. სასურველია საყვარელ ადამიანებს აჩუქოთ საჩუქრები, დაარიგოთ შესაწირი და გასცეთ მოწყალება, მით უმეტეს, თუ ამას გთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართაც არავინ იქნება შემწყნარებლური. ეს განმარტოვების, ლოცვის, საკუთარი თავისადმი ყურადღების, გონებასა და გრძნობებზე სიბრძნის გამარჯვების დღეა. კატეგორიულად იკრძალება გაბრაზება და სიძულვილი, ასევე არ არის სასურველი კამათი და ჩხუბი, რადგან შემდგომ შერიგება ძალზედ გართულდება. არ შეიძლება თავის შეცოდება, ტირილი და გაუთავებელი წუწუნი, რათა ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდეს. ეს მთვარის დღეებიდან ერთ–ერთი საუკეთესოა ქორწინებისთვის, რომელიც ეფუძვნება სიყვარულსა და ურთიერთგაგებას.
მთვარის მეცამეტე დღე–ღამის სიმბოლოა ბორბალი. ეს მუდმივი წრებრუნვის, მოძრაობის, ენერგიის ცირკულირებისა და სისხლის მიმოქცევის სიმბოლოა. ამ დღეს შეიძლება განმეორდეს წარსულის სიტუაციები, გაიღვიძოს ძველმა პრობლემებმა. უნდა გათავისუფლდეთ ძველი სიმძმისაგან. უწინ ამ დღეს ცხვებოდა პური, ირთვებოდა ძაფი, მზადდებოდა მრგვალი თილისმები. ეს დღე წარმატებულია ერთობლივი სამუშაოების ჩასატარებლად, სწავლისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად.
მთვარის მეთოთხმეტე დღე–ღამის სიმბოლოა საყვირი ან ლაბირინთი. ეს ძალზედ წარმატებული დღეა ნებისმიერი სირთულის ახალი საქმეების დასაწყებად. ამ დღის გამოტოვება მთელი თვის სიკეთის დაკარგვის ტოლფასია. ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველა სახის მინიშნებებს, ნიშნებს, რომლებიც დღის მანძილზე უხვად შეგვხვდება. ასევე ყურადღებით უნდა მოვისმინოთ რჩევები, რადგან უცნობებიც კი რაიმე სასიკეთოს მიგვანიშნებენ ან გვირჩევენ.
მთვარის მეთხუთმეტე დღე–ღამის სიმბოლოა გველი ან ტურა. იგი სატანისტურ დღედაა მიჩნეული, რამეთუ კრიტიკულია სავსემთვარეობის წინ, როდესაც აქტიურდება ყოველი ადამიანის შინაგან საწყისში მიძინებული მიწიერი ცდუნებები. ამიტომაც უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. რეკომენდებულია ნებისმიერი სახის ასკეტიზმი. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ სიბინძურის დასაძლევად, რათა შევინარჩუნოთ შინაგანი სულიერი სისუფთავე და არ დავკარგოთ ღვთიურთან კავშირი. ამ დღეს აქტიურდება შავი ძალები, ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება ფსიქიკა. ეს მძიმე, კოშმარული სიზმრების, ცდუნებების, მოლანდებების დღეა.
მთვარის მეთექვსმეტე დღე–ღამის სიმბოლოა პეპელა, მტრედი, პსიქეა (ძველ საბერძნეთში ადამიანის სულის სიმბოლო). ეს სუფთა დღეა, რომელიც ემსახურება სულიერ განწმენდას, სამართლიანობას, ასტრალურ და ფიზიკურ სხეულს შორის ჰარმონიას. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ წონასწორობის შესანარჩუნებლად. აგრესიულობა, ყვირილი, ამპარტავნობა, უზრდელობა და შური სასტიკად იკრძალება, რადგან ნებისმიერი გაცემული ენერგია უკანვე დაგვიბრუნდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად, ქორწინებისა და ბავშვის აღზრდისათვის. ძალზედ წარმატებულია შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, რადგან ამ დღეს საუკეთესო იდეები გაგიჩნდებათ.
მთვარის მეჩვიდმეტე დღე–ღამის სიმბოლოა ყურძენი, ზარი ან დაფდაფი. ამ დღის ენერგეტიკა ხელს უწყობს შინაგან თავისუფლებას, მხიარულობასა და უკომპლექსობას. საუკეთესო დღეა დღესასწაულებისა და დროსტარებისთვის, სადაც შეუძლებელია მოწყენა. მშვენიერი დღეა ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებადაც, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ოჯახური და საქორწინო ურთიერთობებისთვის.
მთვარის მეთვრამეტე დღე–ღამის სიმბოლოა მაიმუნი, სარკე, ყინული. ამ დღის ენერგეტიკა ადამიანს პასიურს ხდის. დიდია სხვისი გავლენის ქვეშ მოხვედრის, მიმბაძველობის, ან სხვების აზრების გამოყენების საშიშროება. ეს დღე შეიძლება გახდეს მზაკვრული ტყუილების და ჩათრევის, ინტრიგებისა და ნიღბების მორგების დღედ. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ მავნე ჩვევებსა და აზრებს. უარი უნდა ვთქვათ ეგოიზმსა და პირველობის ჟინზე, ილუზიებსა და მდაბიო ინტრიგებზე, უნდა შევხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან, რათა ობიექტურად შევაფასოთ ყველა დადებითი და უარყოფითი თვისება.
მთვარის მეცხრამეტე დღე–ღამის სიმბოლოა ობობა ან ქსელი, ბადე. ეს სატანისტური დღეა. სამყაროს მართავს მძიმე და ადამიანთათვის არასასურველი ენერგია. თუ არის ამის საშუალება, სჯობს სახლში დავრჩეთ და არსად წავიდეთ. დღე სახიფათოა სულიერი გაორებისა და ცნობიერების დარღვევისათვის. დიდია მოტყუებისა და დახარბების საშიშროება. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების დადება, ახალი საქმეების წამოწყება, ასევე ქორწინება და ახალი ნაცნობების შეძენა.
მთვარის მეოცე დღე–ღამის სიმბოლოა არწივი. ეს ყველა სიმძიმისაგან განთავისუფლების, კოსმიური კანონების გაცნობიერებისა და სულიერი ზრდის დღეა. კარგია მიზნის დასახვა, კარიერაში წინსვლა, აქტიური ქმედებები და ახალი საქმის დაწყება. საუკეთესო დღეა შიმშილობისა და სულიერი აღმავლობისათვის.
მთვარის ოცდამეერთე დღე–ღამის სიმბოლოა ცხენი, ჯოგი, ეტლი. ამ დღის ენერგეტიკა ადამიანში აღვიძებს აქტიურ საწყისს, მატებს სითამამეს, თავდაჯერებულობას და სიმამაცეს. კარგი დღეა მგზავრობის, მოგზაურობის, ვაჭრობისა და ბიზნესისათვის. ეს დღე ასევე სასიკეთოა ჯგუფური საქმიანობისათვის, სარისკო ქმედებებისა და გარიგებებისათვის. კარგია ამ დღეს მიტინგების, კრებების, ერთობლივი დისკუსიებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. კარგი დღეა სპორტული შეჯიბრებებისა და სამსახურის შეცვლისათვის. ამ დღეს ადვილია ადრე დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენა.
მთვარის ოცდამეორე დღე–ღამის სიმბოლოა სპილო-განეშა (ინდური მითოლოგიით შივას შვილი, სწავლისა და სიბრძნის მფარველი), წიგნი და ოქროს გასაღები. ეს სიბრძნის, შემეცნებისა და საიდუმლო ცოდნის გამოყენების დღეა. მისი ენერგეტიკა აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ადვილად აღიქმება მიღებული ცოდნა და ინფორმაცია, იბადება ახალი იდეები. ამ დღის სიზმრები აუცილებლად აცხადდება.
მთვარის ოცდამესამე დღე–ღამის სიმბოლოა ნიანგი-მაკარა (ნიანგის, თევზის, ჩიტის და გველის ყოვლისმჭამელი ნაჯვარია), ცერბერი, ქიმერა. ამ დღის ძლიერი ენერგეტიკა ადამიანებს აგრესიისა და ძალადობისაკენ უბიძგებს. ნიანგი არამზადობის, სიბოროტის სიმბოლოა. დაცვას საჭიროებს მორიდებული და თავმდაბალი ხალხი. გახშირებულია ხულიგნობა. ამ დღეს ადამიანებს უმძაფრდებათ მომხვეჭელობის ინსტინქტები. ეს კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასასრულებლად, რადგან დადებითი შედეგის, პოპულარობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება. ცუდი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. რეკომენდირებულია მარხვის დაცვა და თავშეკავება.
მთვარის ოცდამეოთხე დღე–ღამის სიმბოლოა დათვი. ამ დღეს უზარმაზარი გარდამქმნელი და აღმავალი ძალა გააჩნია. ეს ძველის ნგრევის და ახლის შენების დროა. კარგია ახალი და დიდი საქმეების დაწყება, გლობალური პროექტების განხორციელება. დღე უკავშირდება მშენებლობას. კარგი დღეა აქტიური შემოქმედებითი მუშაობისათვის, მკურნალობისა და გაჯანსაღებისათვის. მშვენიერი დღეა სექსუალური ენერგიის გაღვივებისა და გარდაქმნისათვის.
მთვარის ოცდამეხუთე დღე–ღამის სიმბოლოა კუ, ნიჟარა, ურნა, ორი ჭურჭელი წყლით. ეს პასიურობის, მარტოობის და სიმშვიდის დღეა. არ არის რეკომენდებული სიჩქარე და აქტიურობა. თავი უნდა ავარიდოთ გაუთვალისწინებელ კონტაქტებსა და უეცარ ნაცნობობას. კარგია საკუთარ თავში ჩაღრმავება. აუცილებელია საკუთარი ცხოვრების გააზრება, შინაგანი ხმის მოსმენა. ახალი საქმეების დაწყება არ ღირს, თუმცა კარგი იქნება ძველის დასრულება.
მთვარის ოცდამეექვსე დღე–ღამის სიმბოლოა გომბეშო, ოქრო. გომბეშო, ისევე, როგორც გველი, სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ ამ სიბრძნეს არ მოაქვს სარგებელი ადამიანისათვის, რამეთუ იხიბლება და ტკბება თავისი ადრინდელი მიღწევებითა და დამსახურებებით. ეს ერთ–ერთი სახიფათო და კრიტიკული დღეა, როდესაც ადამიანები კონფლიქტურად არიან განწყობილნი, ტყუილ–უბრალოდ ცქმუტავენ, დრო გაჰყავთ ფუჭ საუბრებში. არ ღირს არაფერი ახლის წამოწყება და მუშაობა, უსარგებლო კავშირებისა და კონტაქტების დამყარება. სასარგებლო იქნება მარხვის დაცვა და თავშეკავება. იკრძალება ტრაბახი და ბაქიაობა. დიდია ნივთების დაკარგვის ან ქურდობის ალბათობა.უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოწესრიგებული და ყურადღებიანი. ამ დღის სიზმრები ყოველთვის ცხადდება.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე–ღამის სიმბოლოა სამკაპა, კვერთხი, გემი. ეს ნეპტუნის დღეა, რომელიც უკავშირდება წყალსა და საზღვაო მოგზაურობებს. ეს საუკეთესო დღეა რომანტიული თავგადასავლებისა და მოგზაურობების დასაწყებად. იზრდება ინტუიცია, ადამიანს უნათდება გონება, იღებს საკრალურ ცოდნას, ადგილი აქვს უეცარ აღმოჩენებს. არ არის სასურველი პასიურობა და გულჩათხრობა. აუცილებელია, ცხოვრებისადმი აქტიური და არატრადიციული მიდგომა.
მთვარის ოცდამერვე დღე–ღამის სიმბოლოა ლოტოსი. ეს ერთ–ერთი ყველაზე კეთილი დღეა მთვარის თვის ციკლში. მისი ენერგეტიკა ძალზედ ჰარმონიული, სუფთა და ნათელია. არ შეიძლება უხეში ქმედებებით ამ ჰარმონიის დარღვევა. სასურველია ამაღლებული განწყობის შექმნა და შენარჩუნება. უნდა ვაკონტროლოთ ემოციები, ხოლო ფიქრები და აზრები მხოლოდ სიკეთესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს მიწიერი საქმეების დღეა. საუკეთესო დღეა განწმენდისათვის.
მთვარის ოცდამეცხრე დღე–ღამის სიმბოლოა რვაფეხა, ჰიდრა. მთვარის თვის ციკლის ყველაზე სატანური, სახიფათო და საშიში დღეა. ეს გეტას ბნელი ღამეების დროა, როცა ჯადოქრები და გრძნეულები ახორციელებენ თავიანთ შავბნელ საქმეებს. ასეთ დროს ადამიანი დასუსტებულია, ხოლო მისი ენერგია–გამოფიტული.აუცილებელია სათანადო თავდაცვა. თავი უნდა ავარიდოთ არასასურველ და ფუჭ ადამიანებს, გავიქარწყლოთ სევდა და მძიმე აზრები. არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება. არ ღირს დაპირებებისა და პროგნოზების დაჯერება. იკრძალება მკითხაობა და სხვა მისტიური ქმედებები.სასურველია სანთლების დანთება, ასევე მარხვის დაცვა, თავშეკავება.
მთვარის ოცდამეათე დღე–ღამის სიმბოლოა ოქროს გედი. მთვარის თვის ციკლის ეს დღე ყოველთვის არ დგება. იგი ჰარმონიისა და სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა, სასურველია ამ თვეში დაწყებული საქმეების დასრულება და შედეგების შეჯამება. ახალი საქმეების დაწყება რეკომენდირებული არაა, ასევე არ არის სასურველი სამომავლო გეგმების დაწყობა. ეს საუკეთესო დღეა სიხარულისათვის, დასვენებისა და სილამაზის აღქმისათვის. უნდა მივუტევოთ და მოვინანიოთ საკუთარი ცოდვები.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ