ასტროლოგიური მაღაზია

მთვარის კვანძები რაქუ და კეტუ

რაქუ-კეტუჩვენ, ყველანი ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით ვიბადებით. სამხრეთის მთვარის კვანძი ზედმეტად განვითარებულ ხასიათის შტრიხებზე მიუთითებს, ხოლო ჩრდილოეთისა განუვითარებელზე. სამხრეთის კვანძი ეს წარსულის გამოცდილებაა და რა თქმა უნდა ნასწავლი გაკვეთილების გამეორება უფრო მარტივია, ვიდრე ახლის ათვისება. არადა სწორედ ჩრდილოეთის კვანძის რჩევები გვჭირდება შინაგანი ბალანსის შექმნისთვის.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კვანძები ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებშია. ისინი ციური სხეულები არ არიან, მთვარისა და დედამიწის ორბიტების გადაკვეთისას წარმოქმნილი ორი წერტილია, მთვარის ჩრდილოეთ განედიდან სამხრეთ განედში გადასვლისა რომ ახლავს თან ან პირიქით. ეს წერტილები ზოდიაქოს ციკლის გავლას 18 წელზე მეტს ანდომებენ და თითოეულ ნიშანშიც დაახლოებით წელიწადნახევარს რჩებიან. კვანძები კარმულ ბალანსს გვაცნობენ და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევენ, რომელთა სწავლამაც საკუთარი თავის სრულყოფისა და ბედნიერების გზაზე უნდა დაგვაყენოს. თუკი ჩვენ ჯიუტად ვდგავართ წინა ცხოვრებაში გატკეპნილ გზაზე და თავის შეწუხება არ გვინდა ჩრდილოეთის კვანძის გასავითარებლად, ახალი ცხოვრება თავად შეეცდება ძალის გამოყენებით სხვა რელსებზე გადაგდგათ. ეს კი ცოტა მტკივნეულია ხოლმე.

,,ცხოვრებას მორჩილები მიყავს, ურჩებს კი მიათრევს“. დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოთ. ვაცნობიერებთ თუ არა ამ გაკვეთილებს, შედეგებთან შეჯახება მაინც პირისპირ მოგვიწევს. ვერკვევით თუ ვერ ვერკვევით ასტროლოგიაში, ასტროლოგია მაინც არის. გვჯერა თუ არ გვჯერა, ვარსკვლავები ყველაზე მოქმედებენ…,,რაც არ ჩანს, არ ნიშნავს რომ არ არსებობს“ და სულ რომ არ იცოდეთ რა თვისებების განვითარება გჭირდებათ, ცხოვრება ამას ასტროლოგიის გარეშეც გასწავლით. ეს დაახლოებით 29-დან 40 წლამდე ასაკში ხდება, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ ბრმად ვართ მინდობილი ჩვენი სამხრეთის კვანძის მიდრეკილებებს, განსაკუთრებით კი მაშინ თუკი პლანეტების შეერთება გაქვთ მათთან რუკაზე. ეს არც ისე უსაფრთხოა.

ჩვენ ყველაზე მეტად ის გვინდა, რაც ჩვენი სამხრეთის კვანძითაა წარმოდგენილი – ცხოვრების მოწესრიგება (სამხრეთის კვანძი ქალწულში) თუ პარტნიორული ურთიერთობების დალაგება (სამხრეთის კვანძი სასწორში), მაგრამ წარმატებას რომ მივაღწიოთ, მათი საპირისპირო ნიშნების თვისებების განვითარება მოგვიწევს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ცოდნაზე, რაც წარსულში მივიღეთ, უარი ვთქვათ ნიჭზე, რომელიც გვაქვს, უბრალოდ გაზრდისა და განვითარებისთვის ახალი გზები უნდა ვეძიოთ, ის წიგნი წავიკითხოთ, ჯერ რომ არ წაგვიკითხავს და ხასიათის ის შტრიხები შევითვისოთ, რაც გვაკლია. ამისთვის უფრო მეტი დრო, რაც სასწავლი გვაქვს იმას უნდა დავუთმოთ და არა რაც ნასწავლი გვაქვს იმის გამეორებას. პარალელი რომ გავავლოთ ჩრდილოეთის კვანძი პირი იქნება სამხრეთის კუჭი, კუჭს საჭმელი უნდა? თუ პირს არ გამოვიყენებთ, შუძლებელია კუჭის დაკმაყოფილება. აღმავალი ნიშნის თვისებებმა შეიძლება სულაც არ მოგიყვანოთ აღფრთოვანებაში. ჩრდილოეთის კვანძი – ეს თქვენი გამოწვევაა! დახედეთ რუკას და გაარკვიეთ მათი ნიშანი და სახლი. ეს თქვენი ცხოვრებისეული რჩევებია –

ჩრდილოეთის კვანძი ვერძში / პირველ სახლში – სამხრეთის სასწორში/ მეშვიდე სახლში.
გაუბედაობა, მერყეობა, პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარების სურვილი ნებისმიერი პატარა პრობლემის არსებობისას, ამ ადამიანებისთვის უცხო არ უნდა იყოს. ეჭვი შეაქვთ საკუთარ ინტუიციაში, ეშინიათ დამოუკიდებელი სურვილების, პრეტენზიების გამოთქმისა და საკუთარი თავის გამოხატვის, რადგან სურთ რომ ხალხი ,,კარგ“ ადამიანად თვლიდეს. მშვიდობის ნაცვლად ომი, მერყეობის ნაცვლად იმპულსი, პარტნიორობის ნაცვლად ლიდერობა, დიპლომატობის ნაცვლად მეომრობა – აი თქვენი მისია. უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, ინტუიციისთვის დაჯერება, ხელმძღვანელობა შიშის გარეშე. იყავით ის, რაც ხართ და ნურასოდეს მოირგებთ რაიმე როლს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს პარტნიორს სურს ეს. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, თქვენი სურვილებითა და თქვენი გადაწყვეტილებებით. ისწავლეთ იმპულსებისთვის მოსმენა, რაც ძალიან დიდ თავდაჯერებას გულისხმობს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ დამოუკიდებლად არსებობა შეგიძლიათ. იზრუნეთ შინაგან სიმშვიდესა და ბალანსზე და არა სხვებთან ურთიერთობაში სიმშვიდისა და ბალანსის შენარჩუნებაზე. გარისკეთ და იყავით თქვენი თავი, ენდეთ ინსტიქტებს და გახდით ლიდერი, მხოლოდ ასე შეძლებთ იმ ყველაფრის მიღწევას, რაც ასე ძალიან გსურთ, მხოლოდ ასე დალაგდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობებიც და გამოჩნდება ის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ კი არ მოარგებთ საკუთარ თავს, თავად მოგერგებათ.

ჩრდილოეთის კვანძი კუროში/ მეორე სახლი- სამხრეთის კვანძი მორიელში/ მერვე სახლში
მიდრეკილნი არიან განსაზღვრონ ღირებულებები და ფასეულობები იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი სხვისთვის. თავი მიუძღვნან სხვების საჭიროებებს საკუთარის უგულველყოფის ფასად, მოსწონთ საშიშროებები, გაუგებრობები, მკვეთრი ცვლილებები და დაძაბულობები, რის გამოც ხშირად თმობენ სიმშვიდესა და კომფორტს. იმდენ დროსა და ენერგიას ხარჯავენ სხვების მხარდაჭერაში, ავიწყდებათ რა სჭირდებათ თავად. ახასიათებთ პრობლემების სიღრმემდე ძიება. აუცილებელია ამ ფასეულობებისა და ღირებულებების გადალაგება – იმის გარკვევა თუ თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული და არა სხვებისთვის. დაეყრდენით შინაგან ძალასა და ნიჭს. უარი თქვით მძაფრ ემოციებზე, სიღრმეში ქექვაზე, ახლა თქვენ ფორმა უნდა შეისწავლოთ. სულიერი სამყარო თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, ამ ცხოვრებაში მატერიელისტობა მოგიწევთ. ისწრაფეთ მშვიდი და სტაბილური ცხოვრებისაკენ, მოერიდეთ რისკს, იმოქმედეთ მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი გარანტირებულია. ისწავლეთ მოთმინება და ზომიერება. თქვენი მიზანი ინტიმური ურთიერთობების მოწესრიგებისა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა დაივიწყებთ მორიელის წარსულს და გახდებით კურო – სტაბილური, მშვიდი, მატერიალისტი საკუთარი ღირსებისა და ზომიერების გრძნობით.

ჩრდილოეთის კვანძი ტყუპებში/ მესამე სახლში- სამხრეთის მშვილდოსანში/ მეცხრე სახლში
ისინი მასწავლებლობას არიან მიჩვეულნი. ისე სწამთ და ისე გამოთქვამენ აზრებს, ფაქტების შეკრებაზე თავს დიდად არ იწუხებენ. მათ უბრალოდ იციან და მორჩა. აქვთ ყველაფერზე პასუხი და ყოველთვის ,,მართლები“ არიან. აი, რა არის მათთვის მთავარი – იყვნენ მართლები საკუთარ თავთან და სხვის გრძნობებს მხედველობაში არ იღებენ, აკლიათ ტაქტი ურთიერთობებში. ჰგონიათ რომ თუკი დიდხანს მოუნდებიან ფაქტების შეკრებასა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებზე იფიქრებენ, თავისუფლება შეეზღუდებათ. უყვართ თავგადასავლები და მოგზაურობა. უნდა ისწავლოთ სხვების მოსმენა, ნამდვილი კომუნიკაციისა და აზრების ურთიერთგაცვლა-გამოცვლის ფასი, სიტუაციის ორივე მხარის დანახვა, დოგმების დაწესების მაგივრად. თქვენ მოსწავლეები უნდა გახდეთ, უნდა შეიგნოთ რომ მასწავლებლობას მხოლოდ მაშინ შეძლებთ როცა სხვების რჩევებსაც გაითვალისწინებთ და სხვის აზრებს მხედველობაში მიიღებთ. ნუ დაივიწყებთ ,,გამოცდილებას“, მაგრამ ღია გახდით ახალი იდებისადმი. თქვენ შუამავლის ფუნქცია გაკისრიათ. უნდა ისწავლოთ საზოგადოებაში არსებობა, ყურადღება მიაქციოთ კავშირებს და იზრუნოთ ყოველდღიურობაზე, რაც ნერვიულ დაძაბულობას მოგიხსნით და ბედნიერებისა და შინაგანი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ჩრდილოეთის კვანძი კირჩხიბი/მეოთხე სახლი- სამხრეთის კვანძი თხის რქა/ მეათე სახლი
საჭიროებას გრძნობენ რომ ყველაფერი კონტროლში ჰქონდეთ, მოეკიდონ პასუხისმგებლობას სერიოზულად და ჯიუტად ეშინოდეთ სხვებზე დამოკიდებულების. ყოველთვის უნდათ ჰქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე აქვთ. არიან საშინლად მიზანსწრაფულები და ქედმაღლებიც. პრობლემები აქვთ მშობლებთან. ხშირად ზომავენ წარმატებას წარმატების გარეგნული სიმბოლოებით – სოციალური თუ მატერიალური სტატუსით, იმიჯით, ჩაცმულობით, ,,კარგ წრეში ტრიალით“, ჯილდოებითა თუ ტიტულებით და აი აქ ცდებიან. მათი წარმატების საწყაო მათი ჩრდილოეთის კვანძის კირჩხიბის წარმატების საწყაო – ემოციური სრულყოფა უნდა იყოს, შინაგანი დაცულობა და გავითარება. უნდა შეეშვათ მიღწევებისა და სრულყოფის თხის რქისეულ შეხედულებებს, საზოგადოებისთვის რაიმეს დამტკიცების მცდელობას და თქვენი შინაგანი სამყაროს მიღწევებით დაინტერესდეთ – პერსონალური სტატუსითა და არა სოციალური სტატუსით. ემოციურად უნდა გაიხსნათ და საკუთარ თავს ხანდახან უფლება მისცეთ გამოამჟღავნოს რომ სტკივა და ეშინია და დრო მოძებნოთ ოჯახში საკუთარი თავის რეალიზებისთვის. კარიერაზე ზრუნვის მაგივრად იზრუნეთ ახლობლებზე, ნათესავებზე, სამშობლოზე… ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ კარიერაზე უარი უნდა თქვათ. თქვენი სამსახური ემოციურ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს თქვენთან, კარიერა უნდა გამოიყენოთ პირადი კეთილდღეობისათვის და არა პირიქით – პირადი კეთილდღეობისა და ემოციური განადგურების ფასად მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას, თორემ ასე წვალებით მოპოვებულ სტატუსსაც დაკარგავთ და პროფესიულ მიღწევებსაც. გათავისუფლდით ამბიციებისგან და ყური დაუგდეთ შინაგან ინსიქტებს, მხოლოდ ასე შეძლებთ ბედნიერების პოვნასა და იდეაფიქსად ქცეული მიზნების მიღწევასაც – გექნებათ სახლიც, კარიც, სამსახურიც და ოჯახური თუ პერსონალური ბედნიერებაც.

ჩრდილოეთის კვანძი ლომში/ მეხუთე სახლი- სამხრეთის კვანძი მერწყულში/ მეთერთმეტე სახლი
ეს ის შემთხვეაა, როცა ადამიანი კოლექტივის წევრია. არის შანსი რომ ენდონ იმ ადამიანებს, ვინც უღალატებს, არიან ობიექტურები და არაორდინალურები სხვებთან მიმართებაში, პატივს სცემენ სხვის აზრს, უფრთხიან ყურადღების ცენტრში ყოფნას, საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენას, გარისკვას…მეგობრობას განსაკუთრებულს ადგილს უთმობენ ცხოვრებაში… ხშირად დებენ პირად ინტერესებს გვერდზე მეგობრების გამო… მათი პრიორიტეტებია – თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მეგობრობა. წინა ცხოვრებაშიც საკმარისად დატკბით გარეგანი თავისუფლებით, ახლა დროა შინაგანი თავისუფლებისთვისაც იზრუნოთ. რევოლუციის იდეები გვერდზე გადადეთ და შეეცადეთ თანდათანობით განვითარების იდეა მიიღოთ. ნუ იდარდებთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. გამოავლინეთ ინდივიდუალობა და კრეატიულობა ყოველგვარი შიშის გარეშე. მოეშვით ჭირვეულობასა და ავანტიურისტობას. გააცნობიერეთ შინაგანი ,,მე“, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გახდით ლიდერი და გაუნაწილეთ თქვენი ენერგია სამყაროს. თქვენ მიჩვეული ხართ კოლექტივში ცხოვრებას და კოლექტივის ენერგიით არსებობას, თქვენ მაყურებლობა გირჩევნიათ სცენაზე დგომას, მაგრამ ამ ცხოვრებაში ეს არ გამოგივათ. ლომი შემოქმედების ნიშანია, კრეატიულობის, ხელმძღვანელობის. თქვენ ლიდერი უნდა გახდეთ (შინაგანად მაინც) და მხოლოდ ასე დაიმსახურებთ იმ მეგობრულ წრეში ტრიალს, რომელიც გჭირდებათ და შეგეფერებათ.

ჩრდილოეთის კვანძი ქალწული/ მეექვსე სახლი – სამხრეთი თევზები/ მეთორმეტე სახლი
ისინი ცდილობენ პრაქტიკული ცხოვრებისა და ყოველდღიური წვრილმანების თავიდან არიდებას, ცდილობენ იცხოვრონ შემთხვევითობებითა და დაუგეგმავი ცხოვრებით, თავი აარიდონ ნათელი მიზნების ჩამოყალიბებას და ინტუიციას მინდობილი არსებობენ რწმენითა და სულიერებით.მათთვის უცხო არ არის სიბრალული, თანაგრძნობა და დეპრესია. წარსულით ცხოვრება და საკუთარი ძალების რწმენის არ ქონა. ფლობენ ძალიან დიდ სულიერ და ფსიქოლოგიურ ძალებს, მაგრამ ამ ძალების გამოყენებას მხოლოდ მაშინ მოახერხებენ თუ ქალწულის ,,გაკვეთილებს“ ისწავლიან. საჭიროა, თავად იზრუნოთ ოცნებების რეალურად ქცევაზე; განივითაროთ ვალდებულებების გრძნობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, აკურატულობა, სიზუსტე, სიცხადე და სისუფთავე. ჩამოაყალიბოთ კონკრეტული გეგმები, აირჩიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლი სევდისა და მწუხარების მსხვეპლად იქცევით. ცხოვრებაზე გამარჯვებასა და მის გაკონტროლებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ ნათლად დასახული მიზნები გექნებათ და გონების ერთ რამეზე კონცენტრირებას მოახერხებთ. დაკავდით პრაქტიკული სამიანობით, იდექით საკუთარი თავისა და სხვების სამსახურში. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, ვადებსა და წესებს. ამით საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებთ, ცხოვრებას მოერგებით და თავდაჯერებასაც შეიძენთ. თქვენთვის მთავარი თქვენი ოცნებებია, შეეცადეთ ეცადოთ თქვენი ცხოვრების სტრუქტურიზებას და ისინი ახდებიან. ამის პოტენციალი თქვენ გაქვთ და დაიმახსოვრეთ – ,,სული მხოლოდ იმათ ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება“, თუ ისევ წარსულზე დარდს და მომავალზე ოცნებებს შეალევთ მთელს თქვენს ენერგიას თავად ცხოვრება გაიძულებთ საზოგადოების სამსახურში დგომას, რაც არც ისე სასიამოვნო იქნება თქვენთვის.

ჩრდილოეთის კვანძი სასწორში/ მეშვიდე სახლში- სამხრეთის კვანძი ვერძში/ პირველ სახლში
ის მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და თითქმის არასოდეს უწევს ანგარიშს სხვას, თუ მისი ,,ეგო“- ინდივიდუალობა იზღუდება. ბუნებით აქტიურს, ლიდერობა სწყურია, ძლიერია, იმპულსური და დამოუკიდებელი, იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის და არ ადადრდებს რას იტყვიან სხვები. მას გამარჯვება სურს ნებისმიერ ფასად. მეომარია, რომელსაც ცხოვრება ამ ინკარნაციაში მოლაპარაკების მაგიდასთან სვამს და გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სასწორის ,,გაკვეთილებს“ მიიღებს და დიპლომატობას ისწავლის. უნდა გაითვალისწინოთ სხვების საჭიროებებიც, შეხვიდეთ სხვის მდგომარეობაში, ისწავლოთ ტაქტი და თანამშრომლობა, მოეშვათ ზედმეტად თავდაჯერებულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას, რაც ისევ თქვენი მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. ხშირად გეშინიათ რომ პარტნიორები ვალდებულებებს დაგაკისრებენ და ამიტომ ფიდბექს არ ეძებთ, გირჩევნიათ იმპულსებზე და გუმანზე დაფუძნებული მეყსეული ქმედება. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა და ყველაფერში ,,მეორე მხარის“ დანახვა, თორემ გეგმები ჩაგეფუშებათ და საქმე გაგიჯანჯლდებათ. დაივიწყეთ ,,მე თვითონ“, ,,მარტოც მოვახერხებ“ , ეს მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვაა, რაც ისედაც გეხერხებათ და პრაქტიკაში ისევ მისი გამოყენება, ზრდის საშუალებას არ გაძლევთ. უარი თქვით ძალდატანებაზე, გახდით შემწყნარებელი, მიეჩვიეთ პარტნიორობას და ერთობლივ საქმიანობას. მხოლოდ ასე მოახერხებთ ამ ინკარნაციაში მიზნების მიღწევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ცხოვრება გაგხდით იძულებულს სხვების აზრი გაითვალისწინოთ და ითანამშრომლოთ. ,,მოგიწევთ, მოგიწევთ“ )))

ჩრდილოეთი კვანძი მორიელში/ მერვე სახლში- სამხრეთი კუროში/ მეორე სახლში
ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, საკუთრებაზე და ჩვევებზე ჩაბღაუჭებულნი, ეშინიათ კრიზისის და გადამეტებულად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, არასოდეს ენდობიან მეექვსე გრძნობას, და სწამთ მხოლოს იმის რასაც ხედავენ და ეხებიან. ისინი მიწიერი ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად პარტნიორებზეც კი ისე საუბრობენ, როგორც საკუთრებაზე. საჭიროა მფლობელობითი ბუნებისგან გათავისუფლება, ტრანსფორმირება, ცვლილებები, რეგენერაცია. უნდა გახდეთ თვითკრიტიკული, გაბედული, უშიშარი ადამიანი, არ შეგაშინოთ რისკმა. მოთმინება, ამტანობა და დაღმავალი ნიშნის სხვა დადებითი თვისებები ამ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ, მაგრამ თუ ნებით არ იტყვით უარს მატერიელისტობასა და მესაკუთრეობაზე, შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ ქონებაცა, ჯანმრთელობაცა და სიყვარულიც, რათა სულიერი განვითარებითაც დაინტერესდეთ. შეეცადეთ ენდოთ სხვებსაც, მისცეთ საშუალება ისე დაგიდგნენ გვერდში როგორც მათ სურთ, ყველაფერი თქვენს ჭკუაზე ვერ იქნება, სწორედ ასე შეძლებთ თქვენი ნანატრი სტაბილურობის მოპოვებას.

ჩრდილოეთის კვანძი მშვილდოსანში/ მეცხრე სახლში – სამხრეთის – ტყუპებში/ მესამე სახლში
როგორც წესი ასეთ ადამიანებს ძლიერი გონება გააჩნიათ, განათლებულები და ზედმეტად ინფორმირებულებიც კი არიან, იმდენი ინფორმაცია აქვთ, დასკვნის გამოტანა ურთულდებათ, იმდენი აზრი აქვთ მოსმენილი, საკუთარი აზრი ეკარგებათ, ლოგიკის ჩარჩოებში მოქცეულებს ინტუიციის ყურისგდება და დეტალებში ჩაფლულებს მთლიანობის აღქმა ხშირად უჭირთ. მათ მრავალმხრივი ინტერესები აქვთ, არადა სწორედ ერთი რომელიმე დიადი მიზნის შერჩევას და ამ მიზნისთვის თავის მიძღვნას ავალდებულებს ეს ინკარნაცია. ზედმეტი ფიქრი – აი თქვენი პრობლემა – არასოდეს ყოფნის თქვენს გონებას ინფორმაცია. დასკვნები კი შეცდომაში შეგიყვანთ თუ მხოლოდ ლოგიკურად იაზროვნებთ. უნდა ეცადოთ შინაგანი ხმისთვის დაჯერება, რომ ცხოვრების აზრის საიდუმლოებას ახადოთ ფარდა. საჭიროა ხანდახან მოეშვაათ და საკუთარ თავს უფლება მისცეთ ირწმუნოთ თუნდაც რაიმე უაზრობა, ეს სტრესსა და დაძაბულობას აგარიდებთ. არ მისცეთ თავს ყბედობის უფლება, თორემ მთელი ენერგია ამაზე დაგეხარჯებათ. ჩამოყალიბდით თქვენს მსოფლმხედველობაში, პოზიციებში. იმოგზაურეთ, პედაგოგიური მოღვაწეობის პოტენციალიც დევს თქვენში. ამ ინკარნაციაში მასწავლებელი უნდა გახდეთ. თუკი ვერ შეძლებთ რაიმე ერთი იდეისთვის მსახურებას, ქარაფშუტას და ზედაპირულის იარლიყს მიიკრავთ. თუკი არ გექნებათ რწმენა თუ ვინ ხართ და რისი გჯერათ, თუნდაც არ იცოდეთ ეს, ვერც ვერასოდეს იპოვით ჭეშმარიტებას და გულწრფელობას. ვერ შთააგონებთ სხვებს რომ თქვენი სჯეროდეთ, თუ თავად არ გჯერათ ამის. იმოქმედეთ თამამად და უსმინეთ იმპულსებს, იმუშავეთ რწმენაზე და ინტუიციაზე და გათავისუფლდებით შინაგანი შფოთვისა და მღელვარებისგან, ეჭვებისგან, რომელიც ზედმეტი ლოგიკურად აზროვნების შედეგია და შინაგან ბალანსსაც აღიდგენთ.

ჩრდილოეთის კვანძი თხის რქაში/ მეათე სახლში – სამხრეთის კირჩხიბში/ მეხუთე სახლში
ისინი მიჯაჭვულები არიან ბავშვობაზე და წარსულზე, აკლიათ დამოუკიდებლობა და თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას, არ სურთ თავიანთი ნაჭუჭიდან გამოსვლა და ზედმეტად ზრუნავენ ემოციურ უსაფრთხოებაზე და სხვებზე. არ უყვართ ცვლილებები, ცდილობენ სულ ბავშვად დარჩენას და გაურბიან ვალდებულებებს. ამ ინკარნაციაში კი ცხოვრება საზოგადოებაში გამოსვლას გაიძულებთ და მიზნის მიღწევით გამოწვეული ბედნიერების განცდას. ეცადეთ ,,ოჯახიდან“ გამოხვიდეთ და თავად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე, შეეშვით წარსულზე და უსაფრთხოებაზე ფიქრს, იარეთ წინ და დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მიეცით ხალხს საშუალება თავადვე მიხედონ თავიანთ პრობლემებს. ისწავლეთ დამოუკიდებელი ცხოვრება. თქვენ მიჩვეული ხართ რომ ინსტიქტების უფრო გჯეროდეთ, ვიდრე ხალხის, მაგრამ თუ გინდათ რომ გაიზარდოთ უნდა აღადგინოთ ბალანსი მგრძნობიარობასა და პასუხისმგებლობას შორის. ნუ დაეყრდნობით გრძნობებს, ნუ განვლით ცხოვრების პირველ ნახევარს ასე, ამ გზით ვერ შექმნით იმ მომავალს, რომელზეც ოცნებობთ. ჩამოყალიბდით მიზნებში, იზრუნეთ მიზანსწრაფულობის განვითარებაზე და განსაზღვრეთ ცხოვრების ძირითადი მიმართულება, გაიზარდეთ! თუ ამას შეძლებთ ხალხიც გვერდში დაგიდგებათ, მათ ხომ თქვენი სჯერა. თქვენ კი ლიდერად და მენეჯერად ხართ დაბადებული. იზრუნეთ კარიერაზე, კონკრეტული შედეგის მიღებაზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ორიენტირდით მომავალზე, ეს წარსულს მოგწყვეტთ. საზოგადოებაში უნდა გამოხვიდეთ, საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოახდინოთ სოციუმში – მხოლოდ ასე შეძლებთ იმ ფინანსური და ემოციური უსაფრთხოების მიღწევას, რაც ასე ძვირფასია თქვენთვის.

ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში/მეთერთმეტე სახლში-სამხრეთის- ლომში/მეხუთე სახლში
არის ტენდენცია, რომ ადამიანის ეგო ზედმეტად არის განვითარებული, ის თავს რჩეულად მიიჩნევს, განსაკუთრებულად და ყველასგან განსხვავებულად. ზედმეტად ადრამატიზებს ყველაფერს და მთავარი მისთვის მისივე სურვილები და პერსონალური ურთიერთობებია. მოითხოვს ყურადღებას და პატივისცემას. ჯიუტი და თავქეიფაა, მომთხოვნი, უყვარს მბრძანებლობა. პირველ რიგში, უნდა გაითავისოთ რომ იმ პატივისცემას და ყურადღებას, ასე რომ გსურთ, საზოგადოებისგან მხოლოდ მაშინ დაიმსახურებთ და მხოლოდ მაშინ იქნება თქვენი სურვილისამებრ ყველაფერი, როცა ადამიანთა თანასწორობის პრინციპს დაეყრდნობით და შეიგნებთ რომ თხოვნის უფლება გაქვთ და არა მოთხოვნის. გახდით საზოგადოების წევრი და მიხვდებით რომ შეიძლება მათ თქვენს თანასწორად თვლიდეთ და მაინც განსაკუთრებული დარჩეთ. გარშემომყოფნი თქვენი მოსამსახურეები არ არიან. მიეცით პარტნიორებს ცოტაოდენი თავისუფლება, რომ ისე მოიქცენენ, როგორც თავად სურთ და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ. ხანდახან იმაზეც დაფიქრდით რა სჭირდებათ სხვებს, ისწავლეთ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. ნუ გახდებით მიჯაჭვული საკუთარ სურვილებზე, ცოტა მოეშვით და მიხვდებით, რომ რაც უფრო ნაკლებად იბრაზებთ იმაზე, რომ ყველაფერი აქვე და ახლავე არ მოგერთვათ, მით უფრო გაგიიოლდებათ მისი მიღება. ურთიერთობებიცა და რომანებიც გაგიმარტივდებათ თუ არ მოითხოვთ, რომ ყველაფერი თქვენი დაწერილი სცენარის მიხედვით იყოს. ისწრაფვეთ ჭეშმარიტი მეგობრობისკენ, კოლექტიური ურთიერთობებისკენ. გამოხატეთ მადლიერება და დააფასეთ სხვები, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით დაფასების ფასი. დაეყრდენით ჯგუფურობის პრინციპს, ჩადეგით კაცობრიობის სამსახურში, ხელი შეუწყვეთ მის პროგრესს და ზოგადად თითოეულ ადამიანს, რომ მიაღწიოს, მის მაქსიმუმს. თქვენ სხვის დამფასებლად ხართ დაბადებული ამ ინკარნაციაში, და როცა ამას მოახერხებთ, თავადაც დაფასდებით. სცადეთ, თქვენ ამის პოტენციალი გაქვთ.

ჩრდილოეთის კვანძი თევზებში/მეთორმეტე სახლში-სამხრეთის ქალწულში/ მეექვსე სახლში
პრაქტიკულები და წესრიგის მოყვარულები არიან, ვერ იტანენ როცა რაიმე მათი გეგმის მიხედვით არ ხდება. განუწყვეტლივ შფოთავენ, ვერ იტანენ გაურკვევლობებს (ხანდახან არც ისე გაურკვევლობებს), სულ თავს იდანაშაულებენ, რომ არ გააკეთეს საკმარისი, რომ მეტი შეეძლოთ. უფრო სჯერათ, ვიდრე სწამთ და ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან. ეცადეთ სულიერი ძალების ირწმუნოთ, გათავისუფლდეთ შიშისგან, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებთ, როგორც საჭიროა. შეიყვარეთ და გაუგეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დამშვიდდით. გაიგეთ, რომ არავინ არ ვართ სრულყოფილი. განივითარეთ წარმოსახვა და თანაგრძნობის უნარი. ნუ აიკვიატებთ წესებს, ნუ იქნებით მეწვრიმანე, აპატიეთ საკუთარ თავს თუ სრულყოფილად ვერ აკეთებთ რაიმეს. თქვენი გზა, ეს სულიერების გზაა, რწმენის გზა. მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდება წესრიგისა და სრულყოფილებისაკენ თქვენი სწრაფვა, როცა მიხვდებით რომ ეს სამყარო ემორჩილება მხოლოდ ერთ უზენაეს ღვთაებრივ წესრიგს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანურობით შეზღუდული გონებით მხოლოდ ქაოსსა და უწესრიგობას აღვიქვამთ.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები