მთვარის ასპექტები
მთვარე რუკის გულია, თქვენი დედა, ბავშვობა, შინაგანი სამყარო, ქვეცნობიერი, გრძნობები ემოციები და რეაქციები ამა თუ იმ მოვლენაზე. ერთი მხრივ, იგი მელანქოლიკია და როცა მოქმედებას იწყებს, უხასიათობისა და ირაციონალურ გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ, მეორე მხრივ კი – აძლიერებს ინტუიციას და ემოციური კონტაქტის დამყარების სურვილს.
მზის და მთვარის ასპექტები: განწყობის ადამიანს ქმნის, როგორ ხასიათზეც ხართ, ისეთი ხართ. თუკი შეერთებაა, ყველაფერი კავშირშია, ყველა კვერცხი ერთ კალათში დევს და საკმარისია ერთი ფეხის გადაბრუნება ყველაფერი ერთად იმსხვრევა.
ბევრი ასტროლოგი მათ შორის ასპექტებს მოიაზრებს როგორც მესიჯს მშობლებისგან, ჰარმონიული ასპექტებისას (შეერთებაც ჰარმონიულად ითვლება ამ შემთხვევაში), მესიჯიც ჰარმონიულია, რაც არ უნდა ხდებოდეს მშობლებს შორის, ეს ნეგატიურად არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. არ არის სავალდებულო სახლში მძიმე ან იდეალური სიტუაცია იყოს. ერთ ოჯახში, ერთი მშობლების შვილებს შორისაც კი ერთს შესაძლოა ტრინი ან სექსტილი ქონდეს, მეორეს კვადრატი, ოპოზიცია, ან საერთოდ არ ქონდეს ასპექტი. მესიჯი ერთი და იმავე მშობლებისგანაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა მზე მთვარის ოპოზიციაა ნატალურ რუკაზე, თუნდაც ბავშვის გული ხედავს დაპირისპირებას და არ იცის რომელ მშობელს მიემხროს, ან სხვადასხვანაირ მესიჯებს იღებს მათგან, თითქოს სხვადასხვა რამეს ითხოვენ მისგან და რომელს დაუჯეროს ვერ ხვდება, რის შედეგადაც შემდგომში ყალიბდება კონფლიქტი გრძნობებსა და სურვილებს შორის.ჰარმონიული ასპექტების (განსაკუთრებით შეერთებისას) დროს კი როცა ბავშვობაზე შეეკითხებით ადამიანს, დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და მშობლებიც მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი სხვადასხვა ისტორიების მოსმენის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ყველაფერი იდეალურად სულაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს თქვენი შეხედულება იქნება, ჩვენ კი მის მიერ მიღებულ მესიჯზე ვსაუბრობთ მხოლოდ.
ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანებმა იციან რა უნდათ, სურვილები და ემოციები საერთოა, გადაწყვეტილებას შინაგანი კონფლიქტის გარეშე იღებენ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე იციან რა ჭირდებათ, აქვთ ჰარმონიული ურთიერთობები, არიან თავდაჯერებულები და საწინააღმდეგო სქესში პოპულარობით სარგებლობენ, მაშინ როცა ოპოზიციისას ან კვადრატისას ადამიანმა არ იცის რა გზას დაადგეს ბედნიერების საძებნელად, რადგან მშობლებმა რადიკალურად განსხვავებული მესიჯები ჩადეს მის ქვეცნობიერში იმის შესახებ თუ როგორ უნდა ეცხოვრა. ამიტომ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ძიების პროცესს, ერთვებიან ურთიერთობებში, განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, ხსნიან ადამიანთა მოტივაციებს, მათგან კარგი ფსიქოლოგები დგებიან, მაგრამ რეალურად ესეც თავის შესწავლის ერთერთი ფორმაა. ის ცდილობს სწორი არჩევანი გააკეთოს ბავშვობაში მიღებულ მესიჯებს შორის და მუდმივი კონფლიქტი ემოციებსა და სურვილებს შორის თან სდევს. რა სახის არის ეს კონფლიქტი მეტ ინფორმაციას მოგცემთ ასპექტების ნიშნებსა და სახლებში მდებარეობა. მაგალითად, როცა ერთი ვერძშია, მეორე სასწორში აქ ბრძოლაა დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის.
ვენერას და მთვარის ასპექტები:
ვენერას მთვარე კარგად უგებს, ორივე ,,ინ“ ენერგიაა და შერწყმისას რაიმე განსაკუთრებულ გამოვლინებას არ იძლევა, მაგრამ ხასიათი მაინც არსებობს, თუნდაც შინაგან დონეზე. ესეც მესიჯია დედისგან მიღებული, ქვეცნობიერში დალექილი, რომელიც შთააგონებს რომ ბედნიერება მორჩილებაშია და ეს შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მუდმივი მცდელობა სხვებს მოერგოს, ადაპიტირდეს, იმის მისაღებად რაც სურთ ვენერას ეშმაკობა და შარმი გამოიყენონ, შემოვლით გზებს ეძებენ ყოველთვის. მოკლედ, ყველანაირად გაურბიან კონფლიქტს. როგორც წესი ასეთ ადამიანებს დედებიც ასეთები ყავთ, თითის წვერებზე რომ დადიან, დათმობებზე რომ მიდიან, ოღონდაც კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნან. მოკლედ ასე თუ ისე, ბავშვმა ადრეულ ასაკში ისწავლა რომ ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
ნებისმიერი ჰარმონიული ასპექტი ამ ორ მდედრ პლანეტას შორის იმდენად ფემინისტური ენერგიაა, რომ ამ ასპექტის კაცებსაც კი შესანიშნავად ესმით ქალების და ამის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. კომფორტულია მათთან ყოფნა. აქვთ შარმი, სინაზე, დიპლომატია, ითვლებიან იღბლიან ადამიანებად, მაგრამ შესაძლოა სიზარმაცეც გამოიწვიოს. რაც შეეხება ნეგატიურ ასპექტებს, ესეც დამთმობ ხასიათს ქმნის, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში, ყოველთვის მზად არიან მეგობრობისთვის, გადაჭრილ უარს ვერ ეუბნებიან მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებსაც კი, რადგან მათთვის სხვისგან მოწონების დამსახურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავიანთი გრძნობები და დამოკიდებულებები. მოსწონთ თუ არა თავად ამაზე იშვიათად ფიქრობენ, მთავარია ვიღაც იყოს აღტაცებული მათი მომხიბვლელობით. გაკვეთილი რომელიც მათ უნდა ისწავლონ სწორედ ამაში მდგომარეობს : ეცადეთ მეტი იფიქროთ რა გსურთ თავად, ვერასოდეს მოეწონებით ყველას, მთავარია თავად მოგწონდეთ საკუთარი თავი და მოსწონდეთ მას, ვინც თქვენც ძალიან მოგწონთ. მთავარი თქვენ ხართ და არა სხვები!
მთვარე შინაგანი სამყაროა, გრძნობები, ემოციები, ვენერა სოციუმი, ურთიერთობები, ჰარმონია, როცა მათ შორის კონფლიქტია, ერთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მეორეს ხარჯზე ხდება. ხშირად ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ რომ სიყვარული შეინარჩუნონ, ან სიყვარულის მოთხოვნილებას ანაცვლებენ შოპინგებითა და საკვებით. არიან სექსუალურად აქტიურები და ზოგჯერ ავხორცებიც, ესმით ხელოვნება, შეუძლიათ წელებზეც დაიდგან ფეხი, მაგრამ თვითდისციპლინა მათი ძლიერი მხარე არ არის, მათ განცხრომაში ცხოვრება სურთ და გართობას შეიძლება გადააყოლონ თავი.
მარსის და მთვარის ასპექტები:
მარსი ქმედებაა, მთვარე ემოციური მოთხოვნილებები და მათი კავშირი მოქმედების მოთხოვნილებას გვაძლევს. მშვიდობიანობის ჟამსაც კი საომარ მოქმედებებს აწარმოებენ ამ ასპექტის მქონე ადამიანები, რადგან ერთფეროვნება და უმოქმედობა საშინლად მოსაწყენია მათთვის. პირდაპირ გამოხატავენ ემოციებს, ხანდახან უხეშადაც კი, აი, ამითი აუცილებლად გამოარჩევთ სხვებისგან, განსაკუთრებით შეერთების დროს. კბილებით იბრძვიან საყვარელია ადამიანების დასაცავად, არიან სუსტის მხარეს, უცებ ფეთქდებიან და უცებ მშვიდდებიან. მგზნებარე ხალხია, სექსუალურად აქტიური, უყვართ სიცოცხლე და აქვთ დიდი ენერგია, რომელსაც ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში კარგად აკონტროლებენ. აქვთ სპორტული მონაცემები, თუმცა რუკაც უნდა ეხმარებოდეთ მოტივაციით, შრომისმოყვარეობითა და ნებისყოფით. არიან გულღიები და თავისუფლები სექსუალურ ექსპრესიაში. დაძაბული ასპექტებისას ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება, ბუნტისთავები ხდებიან, კონფლიქტურები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შარს რომ პოულობენ და ხანდახან უაზროდ ფლანგავენ ენერგიას.
მერკურის და მთვარის ასპექტები:
მერკური მთვარის ასპექტების მქონე ადამიანები ერთი მხრივ იოლად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე, მეორე მხრივ კი გრძნობების რაციონალიზაციას ახდენენ. უფრო მეტად საუბრობენ იმაზე რას განიცდიან, ვიდრე განიცდიან. იმის მაგივრად რომ უბრალოდ იგრძნონ, მუდმივად აკვირდებიან საკუთარ გრძნობებს და სწავლობენ. ამიტომ ყველა პრობლემაზე აქვთ პასუხს, მაგრამ აუცილებლად ლოგიკური და რაციონალური.
მერკური მდაბალი გონებაა, ის პასუხს აგებს ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებაზე, მთვარე კი გრძნობებია და მათი შეერთება, დაახლოებით გვაძლევს მთვარე ტყუპების ტიპაჟს. უყვართ ჭორაობა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, თუნდაც მორცხვი ტიპაჟი შეგხვდეთ, ცოტა თუ მოიშინაურებთ, მაშინვე გაიხსნება და დაგელაპარაკებათ ყველა თემაზე, თუკი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე. განსაკუთრებით კი ძველ ისტორიების მოყოლა უყვართ. თამადობას შესანიშნავად გაართმევდნენ ალბათ თავს და ალბათ აუცილებლად იტყოდნენ ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს ))))
მოკლედ, ეს ცნობისმოყვარე ხალხია, ყველაფერი აინტერესებთ ყველაფერზე, აქვთ უამრავი ჰობი, გატაცება, შესანიშნავი იუმორი, წერენ და საუბრობენ კარგად, წარმოსახვა (მთვარე) და გამოხატვა(მერკური) ხომ ერთმანეთს ერწყმის აქ. თვალები უციმციმებთ და თუკი რაიმეს მოყოლა გადაწყვიტეთ, მართალია პერიოდულად შეგაწყვეტინებენ და კითხვებით ჩაგერთვებიან, რადგან კონტაქტის გარეშე ცარიელი მონოლოგის მოსმენა არ შეუძლიათ, მაგრამ საერთო ჯამში გულისყურიან მსმენელებად ითვლებიან.
როცა დაძაბული ასპექტია, გონებასა და გრძნობებს შორის კონფლიქტია. გული ერთს ეუბნება, ტვინი მეორეს. ამიტომ ჰარმონიული ასპექტების მქონეთაგან განსხვავებით, ისინი რაციონალურიდან ემოციონალურზე ხტებიან და პირიქით, თუმცა მოქმედებებში ეს იშვიათად ვლინდება, კონფლიქტი შიგნით რჩება გულში და თავში.
იუპიტერის და მთვარის ასპექტები:
იუპიტერი მთვარის ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანები ყოველთვის მზად არიან გაიცინონ, გაპატიონ და მოგეფერონ (შეერთება ყველაზე ძლიერია მათ შორის). ადვილად უმკლავდებიან სტრესებს, დეპრესიას, იოლად მოდიან ხასიათზე, კარგად უგებენ სხვებს, ყოველთვის პირველები წამოხტებიან ხელის შესაშველებლად, მაგრამ ამ დახმარებას რჩევა დარიგებებსაც მოაყოლებენ ხოლმე, რაც შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, თუმცა კეთილმოსურნეობის, ოპტიმიზმის, სულგრძელობისა და შესანიშნავი იუმორის წყალობით მის კომპანიაში ყოფნა ხალხს მოსწონს. ამ ხალხმა ზუსტად იცის რა არის სწორი და რა არასწორი, მათგან კარგი მასწავლებლები დგებიან და აქვთ ამბების საინტერესოდ მოყოლის ნიჭი.
დაძაბული ასპექტების დროს ეს დიდსულოვნება რჩება, მაგრამ ხშირად მისი მფლობელის წისქვილზე არ ასხამს წყალს. ხშირად იმაზე მეტს გპირდებიან, ვიდრე გაკეთება შეუძლიათ და შედეგად არც ისე სანდო და უპასუხისმგებლო ადამიანის რეპუტაციას იხვეჭენ. ჩვენ უკვე ვიცით მთვარე დედის ხატი რომ არის, როცა იუპიტერთან მთვარის უარყოფით ასპექტი აქვს ადამიანს, არის ტენდენცია რომ დედის ზედმეტი მზრუნველობა აფუჭებდეს ბავშვს, აზარმაცებდეს. მისგან როგორც წესი ყოველთვის ბევრს მოელიან და ბავშვობიდანვე დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი გამოუვათ, მაგრამ ბედი არ უნდა დაცადოო, ნათქვამია.
სატურნის და მთვარის ასპექტები:
სატურნის ყველას აკომპლექსებს, განსაკუთრებით კი მთვარეს. მას თავის გამოხატვის საშუალება ვერ ეძლევა. შეერთება დაახლოებით თხის რქა მთვარეა – დაცემაში. დაძაბული ასპექტის მქონე ადამიანები ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ გარშემომყოფები რომ არ საჭიროებენ მზრუნველობას, სიყვარულს და თვითონაც კომპლექსებით შეპყრობილებს გულქვებად და მატერიალისტებად გამოყავთ თავი, რეალურად კი იმდენად იოლად მოწყვლადები არიან, იმდენად ეშინიათ გულისტკენის, სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ დისტანციას და არასოდეს გამოხატავენ ემოციებს და გრძნობებს. ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ, მათ შორის საკუთარ თავსაც კი და ყოველთვის ასაკით უფრო ადამიანებთან ურჩევნიათ ურთიერთობა. მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ და თუ არ შემოუძახეს თავს, შეიძლება ეგონოთ რომ ემოციური ტანჯვისთვის არიან განწირულები. საჭიროა ცოტა გაიხსნან, აპატიონ საკუთარ თავს, გამოხატონ ემოციები და ცოტა იოლად შეხედონ ყველაფერს.
დაძაბული ასპექტები განაპირობებენ ნდობის პრობლემას, ეჭვი ეპარებათ ყველას გრძნობებში მათ მიმართ, საკმარისია მზრუნველობა იგრძნონ, შინაგანი ხმა იწყებს ტერორს, არწმუნებს რომ ეს ყველაფერი ყალბია, ეფემერული და საკმარისი არ არის. ხანდახან შვილის ყოლაც კი არ სურთ იმდენად ეშინიათ პასუხისმგებლობის, მაგრამ თუკი ეს ნაბიჯი გადადგეს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. მუდმივად ეჭვებში არიან, სულ წარუმატებლობის შიში აქვთ, კრახს უგრძნობთ გული, აურა ბინძურდება და იზიდავს კიდეც პრობლემებს. ამ ყველაფრის დასაფარავად კი სარკასტულები, სკეპტიკურები და ირონიულები ხდებიან. აუცილებელია ცოტა მეტი პოზიტივი, აუცილებელია საკუთარი თავის და სხვების რწმენის სწავლაზე მუშაობა, შიში პრობლემებს ძაღლებივით იზიდავს, იყავით მზად უარესი დღისთვის, მაგრამ უკეთეს დღეებზე იფიქრეთ.
ჰარმონიული ასპექტები ცოტა არბილებენ ამ ყველაფერს. ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ უგებენ მოუწესრიგებელ, უდისციპლინო და მიწას მოწყვეტილ ადამიანებს და კმაყოფილები არიან თავიანთი დისციპლინით, კონსერვატიზმით და ყოველთვის იმკიან თავიანთი პროდუქტიულობის მოსავალს.
პლუტონის და მთვარის ასპექტები:
პლუტონი ექსტრემალია, მთვარე – ემოციები, განწყობილებები, მათი კოალიცია მძაფრ ემოციებისა და განწყობილებების რადიკალური ცვლილებებისგან უბიძგებს ადამიანს. პლუტონი მთვარის შეერთებაც ექსტრემალური გრძნობებია, სიღრმე, მთელი არსებით შეძვრა, არავითარი საშუალო – როგორც არ უნდა ღლიდეს ეს ადამიანს, მის გარეშე ემოციურ კმაყოფილებას ვერ ახერხებს. არავითარი საშუალო, მათ ზედაპირულობა ეჯავრებათ, მეტი სიღრმე, მეტი განცდები სურთ, მაქსიმალური გამოცდილების მიღება.მწუხარებაში მთელი არსებით ეშვებიან, შიგნით ყველაფერი დუღს, მაგრამ გარეთ არაფერი გამოაქვთ, არაადამიანურ ტკივილებს საგულდაგულოდ ფუთავენ.
მთვარე პლუტონის ადამიანები დაბადებით ფსიქოლოგები არიან, პირველივე კონტაქტისას ადამიანის მთელ შინაგან სამყაროს ხედავენ, მათი ემოციონალური საცეცები ადამიანის ქვეცნობიერში აღწევენ, ხედავენ მათ შიშებს, მოტივებს და შეუძლიათ კიდეც ტრანსფორმირებაში დახმარება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად უკვე გადამუშავებული აქვთ საკუთარ თავში ეს ყველაფერი. აუცილებელია დაუსვათ თავს შეკითხვები საკუთარ შიშებთან დაკავშირებით, ამოიტანოთ ეს ყველაფერი ცნობიერში და გათავისუფლდეთ უარყოფის შიშისგან, ამ მძაფრ ემოციებს რომ ახლავს თან. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა კვადრატის ან ოპოზიციის დროს. მისი სიყვარული დამანგრეველია, ყველაფრის წალეკვა შეუძლია ამ გრძნობებს. როცა გაბრაზებულია ან გულნატკენი საშიში კაცთმოძულე ხდება. როცა ვინმე უყვარს, მის შესანარჩუნებლად ყოველგვარ მანიპულაციაზე მიდის.
ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამუშავდეს, ყოველგვარი თამაში, მით უმეტეს გრძნობებით, დამღუპველია ისევ თქვენთვისვე, ერთჯერადად შეიძლება შეინარჩუნოთ პარტნიორი, მაგრამ კიდევ უფრო გაიღრმავებთ უარყოფის ფობიას. მიიღეთ თქვენი გრძნობები ისე, როგორც არის და გამოხატეთ ისე, რომ არ დააფრთხოთ სხვები. მხოლოდ უარყოფის შიშის გამო, ნუ უარყოფთ გრძნობებს და ნუ გადაერთვებით მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზე.
ეცადეთ ისწავლოთ ნდობა, მეგობრებიდან დაიწყეთ, ვისთანაც შეძლებთ საკუთარი ემოციების გაზიარებას და იყავით აუცილებლად გულწრფელი. როგორც არ უნდა გეგონოთ რომ მარტოობა გირჩევნიათ, სოციუმში ყოფნა საკუთარი თავის რწმენის მოპოვებაში, ხალხთან ურთიერთობა კი ობიექტურობის განვითარებაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ სიყვარული, პატიება უნდა ისწავლოთ. როგორც კი წყენისგან გათავისუფლდებით, გათავისუფლდებით სტრესისგან, წარსულისგან და იგრძნობთ რომ თავისუფლად სუნთქავთ.
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში უნარები უცვლელად რჩება, პრობლემები კი უფრო იოლად დასამუშავებელია. მათ არაფრის ეშინიათ, არიან თავდაჯერებულები, ინტუიციურები, კარგი საყვარლები, სანდო მეგობრები და შესანიშნავი დედები, რომლებიც ტრანსცედენტული არხის საშუალებით ახერხებენ განუვითარონ ბავშვებს ნდობა და საკუთარი შინაგანი სამყაროს გაგებაში დაეხმარონ. პრობლემებს განიხილავენ მათი გადაჭრის ყველანაირი პერსპექტივის ჭრილში. შესანიშნავად ესმით ადამიანების ემოციების და უზარმაზარი ენერგიისა და სიღრმეში შესვლის საოცარი ნიჭის წყალობით ახერხებენ სიცოცხლის სურვილი და ცხოვრების მიზანი დაუბრუნონ ყველაზე წყალწაღებულ ადამიანსაც კი. მის გახსნილ სულში ადამიანები საკუთარ სიძლიერეს პოულობენ. მას პატივს სცემენ და უყვართ.
ურანის და მთვარის ასპექტები:
ძალიან გავს ბავშვის დაბადებას, მთვარე ჩვეული უსაფრთხო წყლის გარემოდან გამოდის, ჭიპლარს იჭრის და მისთვის უცხო ცივი ჰაერის ტალღებში დამოუკიდებელ და განცალკევებულ არსებობას იწყებს.მთვარე თავის ბუნებას კარგავს ურანთან შეერთებით, ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი წინაინკარნაციულ ან ბავშვობაში გადატანილ ტრავმებზე მიუთითებს. ოდესღაც მოხდა მისი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დამოკიდებულებების რღვევა და ოჯახის, სიყვარულის ცნებები მის წარმოდგენაში რადიკალურად შეიცვალა.
ხშირად ასეთი ადამიანების დედებს არეული ცხოვრება აქვთ, ბავშვებს ემოციური სტაბილურობისადმი ნდობა ეკარგებათ, იძულებულები არიან დამოუკიდებლობა ისწავლონ და საკუთარ თავს შთააგონონ რომ დედა არ ჭირდებათ, ქვეცნობიერი კი ამას მიტოვების ფობიად გარდაქმნის, თავდაცვის მექანიზმი ირთვება და ტკივილი რომ არ მიაყენონ, თავად ხდებიან არასტაბილურები, თავად გარბიან, თავად ტოვებენ. კაცებს მიუწვდომელი ქალები მოსწონთ, ქალებს შეუძლებელი კავშირები. არამდგრადები არიან, ცვალებადები, რაც ახლობლების გარემოცვაში უფრო ცხადია. ყველაფერი უნდათ ახლავე, ხიბლავთ ყოველივე ახალი, გულს შეგიწუხებენ ყურადღებით, მაგრამ როცა უკვე რუტინად იქცევა რამე, გეგმებს ცვლიან და გაქცევის სურვილი უჩნდებათ.
შეერთება უფრო მძიმე ასპექტია ამ კუთხით, ვიდრე სხვა დაძაბული ასპექტები. კვადრატისა და ოპოზიციის დროს ორივე თავისკენ ექაჩება ადამიანს. მუდმივად არჩევანის გაკეთება უწევს დამოკიდებულების მოთხოვნილებასა და თავისუფლებას შორის. არაკომფორტულად გრძნობენ თავს ემოციებში, გარბიან, მარტოდ რჩებიან და მერე სიახლოვე და სიყვარული ენატრებათ. საუბრისას უეცრად ითიშებიან, ფიზიკურად რჩებიან, საუბარს აგრძელებენ, მაგრამ ემოციურად სხვაგან არიან.
არაადეკვატური რეაქციები აქვთ ყველაფერზე. მ აგალითადმ თუკი აღმოაჩენენ რომ შეყვარებული ღალატობთ, როგორც არ უნდა ეტკინოთ, ,,არაუშავს, ხდება ხოლმე“ ან ,,კარგი, მაშინ დავიშალეთ“ დამოკიდებულებებით ხვდებიან (ეს რუკაზეა დამოკიდებული) და არასოდეს გამოხატავენ რეალურად რას გრძნობენ. ამ მშვიდი დიალოგის უკან კი მოგონება დგას, თუ როგორ გაიხურა მამამ კარი, როცა თავად 6 წლის იყო და მერე აღარასოდეს დაბრუნებულა. გრძნობების აღწერის მაგივრად, უგრძნობლობაზე საუბრობენ. თუმცა,
როგორც ყველაფერს ასტროლოგიაში, ამ ასპექტებსაც აქვს მეორე მხარე. ისინი არ არიან მესაკუთრეები, პარტნიორს ზუსტად იმდენ თავისუფლებას აძლევენ რამდენიც სურთ, იღებენ ისეთებს როგორებიც არიან, არასოდეს იხვევენ გულში ბოღმას, ყოფილებთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. არიან ინოვატორები, აქვთ საინტერესო იდეები, განსაკუთრებით ჰარმონიული ასპექტებისას, საკუთარ შვილებთან მეგობრული და ღია ურთიერთობა აქვთ. ყველას თანაბრად ექცევიან, სტატუსისა და პოზიციის მიუხედავად. არიან სპონტანურები, მხიარულები, მოხერხებულები და საინტერესოდ ახირებულები. მათთან არასოდეს მოიწყენთ.
მთვარე-ნეპტუნის ასპექტები:
მათი კავშირისას მაქსიმუმს აღწევს სენსიტიურობა და ჩნდება რეალობიდან თავის დაღწევისა და ვიღაცისთვის საჭიროდ ყოფნის საოცარი მოთხოვნილება. როცა კაცის რუკაზე ჩნდება ეს ასპექტი, ნიშნავს რომ დედა ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენდა მასზე, ან კიდევ ძალიან იტანჯებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა ბავშვი, აღიქვამდა მას მსხვერპლად და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, შესაძლოა სხვა ქალების გადარჩენას შეეცადოს. სუსტი და რაღაცნაირად უბედური, ემოციურად არასტაბილური, ან იქნებ ალკოჰოლიკი პარტნიორებიც კი ჰყავდეს.
ამ ადამიანებს საოცარი წარმოსახვის უნარი აქვთ, მაგრამ რამდენად იყენებენ ამ პოტენციალს ეს შეერთების სხვა ასპექტებსა და ადამიანის სიმწიფეზეა დამოკიდებული. ნეგატიური ასპექტები მთვარესა და ნეპტუნს შორის, რთული რუკის პირობებში, ზე- მგრძნობიარობას გვაძლევს, საკუთარი თავის სიბრალულს, უპასუხისმგებლობას, პრობლემებისგან გაქცევის სურვილს და არარაციონალურ შიშებს.
იდეალისტები და მეოცნებეები მუდმივად რაღაც ყოფიერებაზე მაღლა მდგომს დაეძებენ, გატაცებული არიან არარეალური მიზნებითა და ადამიანებით. სურთ რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურონ, დაიჯერონ რომ ყველა მათსავით კეთილია და პატარა ხელჩასაჭიდიც თუ კი ნახეს, ბედნიერები არიან. ყოველთვის ცდილობენ საიდანაც უკეთესია იმ კუთხიდან შეხედონ ადამიანებს, მაქსიმალურად ერიდებიან საყვარელი ადამიანების გულისტკენას და ისე განიცდიან სხვის ტკივილს რომ ხშირად სხვისი ემოციები საკუთარ ემოციებში ერევათ. იმდენად მდიდარი ფანტაზია აქვთ, ღრუბლებში დაფრინავენ, მერე კი როცა რეალობა მიწაზე დაანარცხებთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.ისინი გრძნობების სამყაროში ცხოვრობენ, ცრემლებისა და ტკივილის იდუმალებით მოცულ ქვეყანაში, მაგრამ ზედაპირზე ეს იშვიათად ამოაქვთ. თავს არიდებენ სენსიტიურ თემებზე საუბარს, თითქოს არ ესმით რას ეუბნები და თუ ძალიან ჩააჯინდები, ,,მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთო“ გეტყვით.
ჰარმონიული ასპექტებისას კი კარგი ინტუიციის, წარმოსახვის, სხვების გაგებისა და თანაგრძნობის უნარებს გვაძლევს, მათში ბევრი მუსიკოსია, სხვები თუ უბრალოდ მუსიკით ტკბებიან, მისთვის ეს მკურნალობისა და რელაქსაციის მეთოდია. მათ ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვინც მათ მაგივრად გააკეთებს ყველაფერს, რამაც შესაძლოა ცოტა გააზარმაცოთ. კარგი იქნება თუ ხანდახან მარტოდ დარჩებიან სულში ჩასაღრმავებლად, წავლენ სადმე იდილიურ, მშვიდ გარემოში, მონასტერში, ველურ ბუნებაში. მუსიკის თერაპიას, ფერების თერაპიას, არომათერაპიას ან უბრალოდ წყალთან ახლოს ყოფნას მისი განკურნება შეუძლია.
მთვარის ასცედენტთან კავშირი: განწყობის ადამიანებს ქმნის, მთვარის ფაზების ცვლილებების მიხედვით რომ ეცვლებათ ხასიათიც და გარეგნობაც. შეერთება კირჩხიბის ტიპაჟს გვაძლევს: მგრძნობიარეს, მზრუნველსა და ცოტათი მორცხვს, ისინი ადვილად წითლდებიან ხოლმე და ბავშვივით ყოველთვის მზად არიან გასაღიმებლად (დააკვირდით ქეით ჰოლმსს). მათ საქციელს წინასწარ ვერასოდეს გამოიცნობ. არამდგრადი ფსიქიკა აქვთ და გარემო პირობების პატარა ცვლილებაც კი საოცარ ზეგავლენას ახდენს მათზე.
ემოციების გამოხატვის საოცარი მოთხოვნილებას გრძნობენ, მაგრამ როცა მეთორმეტე სახლიდანაა შეერთება, მაშინ გამოხატვა არაპირდაპირი გზით ხდება. ამიტომაცაა ამ ასპექტით ბევრი მხატვარი, მწერალი და ზოგადად ხელოვანი რომ იბადება. ტრინით და სექსტილით ჰარმონიული ადამიანები იბადებიან, მის გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, ინტუიციურია, გამგები და იოლად ერგება ხალხს და სიტუაციებს. ექიმისთვის კარგი პოზიციაა.
კვადრატის დროს თვითგამოხატვის ფორმასა და ადამიანის რეალური ემოციებს შორი კონფლიქტი იქმნება. ამ ასპექტის ადამიანები ერთს გამოხატავენ და მეორეს გრძნობენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ნიშნავს რომ მთვარე დესცედენტზე ზის და ამ თვისებების პროექციას აკეთებს პარტნიორზე. მათ მზრუნველი, მგრძნობიარე და მეოჯახე ადამიანები იზიდავენ.
მთვარის ზენიტთან კავშირები: როცა ადამიანს მთვარის ზენიტთან შეერთება აქვს, ძალიან განიცდის ხოლმე თავის როლს საზოგადოებაში. ხშირად ხდება რომ დედა ძალიან დიდ გავლენას ახდენას მის ცხოვრებისეულ მიმართულებაზე. კარგი ასპექტია ნებისმიერი კარიერისთვის, რომელიც პუბლიკის პასუხს მოითხოვს და მის მფლობელს წარმატება ექნება ნებისმიერ საქმეში, რომელიც მდედრობით სქესის წარმომადგენლებზე მუშაობს, მაგალითად კოსმეტიკა, თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებები და ა.შ. ამ ადამიანებისთვის წარმატებული იქნება ნებისმიერი მთვარით მართული პროფესია: სასტუმროების, რესტორნების მენეჯმენტი, საკვები ინდუსტრია, საოჯახო უძრავი ქონება. კვადრატის დროს დაულაგებელი ოჯახური ცხოვრებაა და კარიერაში ბევრი აღმართ-დაღმართი. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილები თავიანთი პროფესიით, სულ სხვას შენატრიან, ნეტა ამის ბედი მომცაო ფიქრობენ, მაგრამ კეთებით იშვიათად აკეთებენ რამეს მდგომარეობის შესაცვლელად (ეს რუკაში სხვა ასპექტებზეა დამოკიდებული). ჰარმონიული ასპექტები კი ხალხის საყვარელ პიროვნებად გაქცევთ.
მოამზადა დოჩი გოგომ