მთვარე მეთორმეტე სახლში
ეს არის მუდმივად შეწუხებული, მორცხვი, მორიდებული და მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც მძიმე წუთებში ფარხმალს ყრის.
არ უყვარს უცხო და უცნობ გარემოში მოხვედრა. ასეთ ადამიანს გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ გაიხსნას და თავისუფლად გამოხატოს ემოციები. ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, უყვარს და სიამოვნებს მყუდრო, მშვიდი, განმარტოებული სამსახური, სადაც მარტო იმუშავებს. თავდადებულია, (ხშირად მსხვერპლია ან მსხვერპლად ისახავს თავს). მზრუნველია–კარგი მომვლელი და კარგი აღმზრდელია.
ახასიათებს ზედმეტი მიჯაჭვულობა, ადამიანებზე დამოკიდებულება–ზედმეტად ეჩვევა და იჩვევს მათ. არსებობს ფარული სასიყვარულო ურთიერთობებისაკენ მიდრეკილების ალბათობა. ასეთი ადამიანის ქვეცნობიერი იმდენად აქტიურია, რომ მუდმივად აწუხებს წარმოსახვითი საფრთხე, წარმოსახვითი მუქარა, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია. განწყობა და რეაქცია დამოკიდებულია ადრეული ბავშვობის გამოცდილებასა და მიმდინარე პროცესებთან–ქვეცნობიერის მდგომარეობასთან. თავს იჩენს ინტუიციური შეგრძნებებისადმი ინტერესი. შებოჭილობა აღიქმება, როგორც თავშეკავება, ხოლო გადაჭარბებული მგრძნობელობა აიძულებს ადამიანს თვითნებური განდგომისა და იზოლაციისაკენ. (ხშირია ფსიქიკური დარღვევები, ნერვული აშლილობა).
უყვართ ყველაფერი იდუმალი, უჩვეულო, გასაიდუმლოებული და ფარული. რომანტიკოსები არიან. გრძნობების მიერ გონების დამორჩილება და მართვა ხშირად ხდება წარუმატებელი, უიღბლო და უსიამოვნო სასიყვარულო ურთიერთობების მიზეზი, რომელთაც მხოლოდ ტკივილი და უბედურება მოაქვთ. მათი ცხოვრება სავსეა შეზღუდვებითა და წინაღობებით, რაც ხშირად მათი ბრალია, რადგან თავადვე უქმნიან თავის თავს ასეთ განწყობას.
წარმატებულია ისეთი საქმიანობა, რომელიც მოცილებულია საზოგადოებას, განმარტოებულია–თუნდაც ხელოვნების სფერო, საავადმყოფოები, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, საიდუმლო ლაბორატორიები და ა.შ. მათთვის სასარგებლოა ეზოთერიკით დაინტერესება, ასევე რელიგიის სფერო.
ასეთ ადამიანებს ხანდახან არ ყოფნით სიმყარე, მუდმივობა და სიმტკიცე, რასაც მიჰყავს ისინი დაუფიქრებელ ქმედებამდე, რისი შედეგიცაა ფუჭი ნერვიულობა, სხვადასხვა სახის უსიამოვნებები, სულის შემაშფოთებელი საიდუმლოებები, გამოგონილი შიშები და (ქალების უარყოფა).
იმდენად მყიფეები და მგრძნობიარენი არიან, რომ ეშინიათ გარშემომყოფების–იმედგაცრუების, ტკივილის, ადამიანების მხრიდან მათი უარყოფისა და დაცინვის, სწორედ ამიტომ ერიდებიან სოციუმს და მარტოობისაკენ მიისწრაფვიან.
ჩაკეტილები და გულჩათხრობილები არიან, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, თუმცა უყვართ თვითანალიზი. ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება სურთ, ვიდრე შეუძლიათ. მოსალოდნელია–თეოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესება. მათ ელოდებათ დიდი სასიყვარულო და ცხოვრებისეული გამოცდები.
თქვენთვის აუცილებელია, რომ ისწავლოთ სასიყვარულო ურთიერთობების მართვა და კონტროლი. ამ საკითხს უნდა მიუდგეთ ფხიზლად, საღად, ობიექტურად და რაციონალურად–ზედმეტი ილუზიებისა და ფანტაზიების გარეშე. ( დაიცავით ზღვარი, არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, არ გახდეთ ზედმეტად დამოკიდებული და ნუ მოირგებთ მსხვერპლის როლს. არ არის საჭირო ზედმეტი დრამა და გადამეტებული ტრაგიზმი–მუდმივი უბედურება, ტკივილი, ტანჯვა და მოთქმა–გოდება).
გყავთ ფარული მტრები, თქვენი ცხოვრება ისედაც რთული და წინააღმდეგობრივია, ამიტომ არ ღირს მისი კიდევ უფრო მეტად გართულება და დამძიმება გამოგონილი შიშებით, განსაცდელებით, გრძნობებითა და მტრებით. (ხშირად ერთმანეთში ირევა რეალური და ფანტაზიური, ნამდვილი და წარმოსახვითი).
ასეთ ადამიანებს ხშირად უწევთ შინაგანი მსხვერპლის გაღება, რაც მეტად უსიამოვნოა და უბიძგებს მათ სწორი ცხოვრების პრინციპების დარღვევისაკენ. გამოირჩევიან ინტუიციითა და თანაგრძნობით. შეუძლიათ, თავიც გასწირონ ოჯახისა და საყვარელი ადამიანისათვის.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ