მთელი დღე ისეთი იქნება, როგორც დააპროგრამებთ დილის განწყობით
ყოველ დილას,სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, შეეცადეთ მოიპოვოთ სიმშვიდე და ჰარმონია, დაუკავშირდით უზენაესს და ლოცვასა და მედიტაციაში მიუძღვენით მას ახლადდაწყებული დღე. მთავარია დასაწყისი, ზუსტად ამ დროს ამოძრავდებიან ხოლმე ახალი ძალები. იმისათვის, რომ სწორად ვიმოქმედოთ, უნდა ვეძიოთ სინათლე. ღამით, ოთახში შესვლისას, შუქის აუნთებლად ხომ არ ეძებთ საგნებს? ასეა ცხოვრებაშიც – ჯერ შუქი აანთეთ – აზრებს თავი მოუყარეთ, რათა იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ. სინათლის გარეშე ხან მარჯვნივ მიენარცხებით, ხან – მარცხნივ, უამრავ კარზე დააკაკუნებთ, მაგრამ შედეგს ვერ მიიღებთ, ვერაფერს გააკეთებთ.
მთელი თქვენი დღე ისეთი იქნება, როგორსაც დააპროგრამებთ აზრით. ასევე, თუ იქნებით ყურადღებიანი, არ დაკარგავთ სიფხიზლეს – გაითავისუფლებთ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიხერგავთ მას მრავალგვარი უსარგებლო და ზოგჯერ მავნე საგნით.
თუ ნებისმიერ დღეს გექნებათ ზუსტი მიზანი, მკაფიო მიმართულება, იდეალი, რომლისკენაც მიილტვით, თქვენი ყველა მოქმედება თანდათან „დალაგდება“, მოწესრიგდება, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მაშინაც კი, როცა რაიმე უცხო, უარყოფითი აზრები მოგეძალებათ, მათ გზიდან გადაახვევინებენ, ღვთაებრივის სამსახურში ჩააყენებენ, აიძულებენ, იმ მიმართულებით იმოძრაონ, რომელიც თქვენ აირჩიეთ. აი ასე, განვლილი დღე შეგიძლიათ ჩაწეროთ „ცხოვრების დიად წიგნში“ იმ ძირითადი აზრის წყალობით, რომელიც დილითვე დაიბადა თქვენს გონებაში, თქვენს გულში. და რადგან ყველაფერი აღინუსხება, ღირს, ერთხელ მაინც აჩუქუთ საკუთარ თავს ასეთი დიდებული დღე – მარადიული ცხოვრების დღე, და იგი არა თუ მოკვდება, არამედ ეცდება, მოგიტანოთ სხვა, მსგავსი დღეები. შეეცადეთ, კარგად დაგეგმოთ და გაატაროთ ერთი დღე მინც, რათა მან სხვა დღეებზე მოახდინოს გავლენა: იგი დაპატიჟებს მათ, რომ დაელაპარაკოს და დაარწმუნოს – იყვნენ ისეთები, როგორიც თავად არის – გაწონასწორებული, ორგანიზებული, ჰარმონიული.
ომრაამ მიქაელ აივანჰოვი
თარგმნა ეკა ჭუმბურიძემ