მერწყული ბოსი
თუ თქვენი ბოსი მერწყული აღმოჩნდა, ჩათვალეთ რომ ფენომენს, თავისებურ თეთრ ყვავს გადაეყარეთ. სავარაუდოდ მის პირად რუკაზე სხვა ნიშნების გავლენა მძლავრობს, შესაძლოა ეს მისი მეზობელი თხის რქის ოინებიც იყოს.
ტიპიური მერწყული უმალ შიმშილით მოკვდება, ვიდრე სამუშაო მაგიდასთან დილის 9დან 6ამდე გაჩერდება. ისინი ვერ იტანენ პასუხისმგებლობას და ბრძანებების გაცემისას თავს მოუსვენრად გრძნობენ. არც მრავალსაათიანი კრების სიყვარულით გამოირჩევიან და არც გაწერილი გრაფიკების და გეგმების. მაგრამ თუ ამ უარყოფითი მომენტების დაძლევა შეძლეს, მათგან ბრწყინვალე ხელმძღვანელები დგებიან.
აბა, წარმოიდგინეთ: გამჭრიახი გონება, გასაოცარი ინტუიცია, ფაქტების და მოვლენების გაანალიზების არაჩვეულებრივი ნიჭი, ბრწყინვალე იდეები, არაორდინალური აზროვნების სტილი და ამ ყველაფერთან ერთად უჩვეულო ლიბერალიზმი, კეთილმოსურნეობა, ხალხისადმი კეთილგანწყობა (მნიშვნელოვანი კლიენტებით დაწყებული მებუფეტე ქალით დამთავრებული), ფართო მსოფლმხედველობა და მომავლის განჭვრეტის უნარი. ეს თვისებები ხომ ერთ კი არა რამდენიმე უფროსს დაამშვენებდა.
მერწყულ უფროსთან მუშაობისას ეცადეთ რამდენიმე წესი დაიცვათ: ნუ ესესხებით ფულს. მას შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს. სამსახურში ბოლომდე დაიხარჯეთ, ვერ იტანს ადამიანებს, რომლების სრულ ხელფასს ნახევრად გაკეთებულ საქმეში იღებენ. ნუ ეცდებით მის პირად ცხოვრებაში ჩარევას და მით უმეტეს რჩევების მიცემას მოერიდეთ, ის ხომ თქვენს საქმეში ცხვირს არ ჰყოფს და საშუალებას გაძლევთ ისე მოიქცეთ, როგორც თავად თვლით საჭიროდ? ნუ განსჯით მის მოულოდნელ საქციელს და გადაწყვეტილებებს, მისი აზრით ყველას აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც სურს. ნუ გაჭორავთ ზურგს უკან, ნუ ეცდებით მის მოტყუებას და ნუ გატეხთ მისთვის მიცემულ სიტყვას.
მერწყულთან მუშაობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მისულმა შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ თავისი ოფისი სხვა სართულზე ან სულაც სხვა რაიონში გადაიტანა, თქვენთვის კი ამის შეტყობინება იმიტომ დაავიწყდა, ეგონა თქვენც მათსავით მახვილი ინტუიციით გამოირჩეოდით და გაფრთხილების გარეშეც იგრძნობდით წინასწარ.
თქვენი მერწყული ბოსი უფრო ხშირად კარგ ხასიათზე იქნება. სამაგიეროდ როცა კაბინეტში განმარტოვდება გიჯობთ არ შეაწუხოთ. ეს ხანმოკლე შესვენებები მისთვის ჰაერივით აუცილებელია.
სხვა დროს კი თანამდებობის მიუხედავად ყველა თანამშრომელს შეეძლება მასთან საქმიან თუ პირადულ საკითხზე შესვლა. სიმპათია, თანაგრძნობა და სიყვარული მერწყულს ყველასთვის ჰყოფნის.
მერწყულს დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ისე შეეთვისებით, ზოგიერთ მის უცნაურობებს ვეღარც შეამჩნევთ. მაგრამ ერთხელაც, როცა ხალხმრავალ ბანკეტზე მისი დაჯილდოების ცერემონიალს თვით ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, თქვენი მზერა უნებურად მის ფეხებზე შეჩერდება და შეამჩნევთ რომ მკაცრი სტილის შავფეხსაცმლიანი ფეხები მოუთმენლად ცმუკავენ, წინდები კი სხვადასხვა ფერია ერთი ლურჯი მეორე ყვითელი. დაგენიძლავებით ეს თქვენ უცნაურად მოგეჩვენებათ, მას კი სრულებითაც არა.
ლინდა გუდმენი