ასტროლოგიური მაღაზია

ლომი – ქალწული – მესაზღვრე ნიშნები

ლომი ქალწულის მესაზღვრეები(21-26 აგვისტო)

ამ ნიშანთა საზღვარზე დაბადებულნი უკიდურესი მოუსვენრობითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. ისინი კარგად აერთიანებენ საკუთარ თავში _ სტრატეგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია წინ გაიხედოს და ტაქტიკოსს, რომელსაც არცერთი დეტალი არ გამორჩება მხედველობის არედან.

ყველაფერზე დაკვირვების ჩვევას, ხშირად, ეს ადამიანები ნერვულ სტრესამდე მიჰყავს, რადგან მეტად მგრძნობიარენი არიან სხვათა სიტყვების, მოქმედების, უსამართლობის, ყველანაირი წვრილმანი საკითხების მიმართ. ამასთანავე, პოზიტიურ სიტყვას შეუძლია მათში უდიდესი აღმაფრენა გამოიწვიოს. გაკვრით ნათქვამ სიტყვას შეუძლია მათი ნეტარების მწვერვალზე აყვანაც და სასოწარკვეთილების ჯურღმულში ჩაგდებაც. მათ შორის გვხვდებიან კარგი ფსიქოლოგები, არატრადიციული მედიცინის ბრწყინვალე სპეციალისტები, მეცნიერები, რომლებიც თავიანთი სიბეჯითის წყალობით ნამდვილ პროფესიონალებად ყალიბდებიან.

მათი ხასიათის სუსტი მხარე არასრულფასოვნების კომპლექსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათი წარუმატებლობის მთავარ მიზეზს და გადაულახავ წინაღობას წარმოადგენს. მათთვის აუცილებელია საკუთარი ძლებისა და საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება.

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს ადამიანები ერთდროულად არიან ექსტროვერტებიც და ინტროვერტებიც. ფრთხილები და წინდახედულები საიდუმლოებებს თავისთვის ინახავენ და თანდაყოლილი ნიჭის წყალობით ყოველთვის იციან როდის ილაპარაკონ და როდის გაჩუმდნენ.  ძალიან კარგად გრძნობენ დროს და მშვენივრად ახერხებენ ადამიანების მართვას, მათ თავიანთ ჭკუაზე ტარებას.

გაბედულები და პირდაპირები ყოველთვის დარწმუნებულები არიან წარმატებაში.  როცა რაიმე რთულ სამუშაოს შეეჭიდებიან, საოცარ სიჯიუტეს იჩენენ მის ბოლომდე მიყვანაში. არიან შესანიშნავი სტუდენტები და საქმეში ბრწყინვალე გადაწყვეტილებებს იღებენ. რისკი უყვართ, მაგრამ უცნაურ წინადადებებს სკეპტიკურად უყურებენ.

უყვართ აზარტული თამაშები, ჯგუფური აქტივობები და თავისუფალი დროის გამოყენებისასაც სრულყოფილებისაკენ ისწრაფვიან. ხშირად აზვიადებენ ხოლმე რაღაცეებს, არიან სუბიექტურები და თავიანთი ფავორიტების მიმართ მეტი გულმოწყალებით გამოირჩევიან, თუმცა საერთო ჯამში მხიარულებს და ხალისიანებს უფრო მეტი პოზიტივი აქვთ, ვიდრე ნეგატივი.

ამ ინდივიდებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ჯანსაღი კვებისა და ჰიგიენის მნიშვნელობა. ამიტომ კარგად უვლიან თავს მენტალურ თუ ფიზიკურ დონეზე. არიან კრეატიულები და ერთნაირად კარგად გამოსდით  მთლიანი სურათის აღქმა და დეტალებზე დაკვირვება.

სასიყვარულო ურთიერთობებში ეჭვიანობა ახასიათებთ, მაგრამ არც ისე პრანჭიეები გახლავან. ამ საზღვარზე ქალწულის ჩაკეტილობა  და ლომის დრამატულობა ეჯახება ერთმანეთს. თუკი მოახერხებენ ამ კონფლიქტის მოგვარებას, ორივე ნიშნის ენერგიასა და შესაძლებლობებს მიიღებენ. საჭიროა ადამიანებს მათი გაცნობის საშუალება მისცენ. საჭიროა თავიანთ ცხოვრებაში ვინმე მაინც შემოუშვან და გრძნობები და გამოცდილება გაუზიარონ და რაც მთავარია, სჯეროდეთ იმის რასაც აკეთებენ.

ქალწულისა და ლომის ნაზავი ერთდროულად პატიოსან, მოწესრიგებულ, ორგანიზებულ, პრაქტიკულ და  ამასთანავე არტისტულ, ამბიციურ,  შემოქმედებითი ნიჭით სავსე,  თეატრალურ ადამიანებს გვაძლევს. შესაძლოა ცოტა სიჯიუტე, ჩხუბისთავობა, ეგოისტობა და პერფექციონისტობაც გამოვლინდეს. მათ უყვართ გართობა და ოპტიმიზმით სავსეები არიან.

ქალწული როგორც ვიცით მიწის ნიშანია, ძალიან მშრომელი და შესანიშნავი ლოგიკითა და ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა. ის მუდამ სხვის სამსახურში დგას, სიყვარულსაც ხელის გამართვაში, დახმარების გაწევაში გამოხატავს, ლომი კი სამყაროს ცენტრია, მის გარშემო ბრუნავს მთელი სამყარო. . ის ცეცხლის სტიქიაა, მზით მართული:  პოპულისტი, ბუნებით ლიდერი და ხელმძღვანელი, რომელიც მუდამ მიმდევრებს დაეძებს, მისი მოთხოვნების შემსრულებელს.  ამ ორი ნიშნის თვისებების შეერთებით შესანიშნავი სინთეზის გაკეთება შეიძლება, თუკი მოახერხებენ ბალანსის დაცვას და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და სხვისთვის დამსახურებულის მიზღვას შორის.

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

Comments

  1. Eliza Epadze says:

    : )