ლიტერატურა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ასტროლოგიის მეშვეობით ჩვენი ქცევების და ცხოვრების წესის, გემოვნების განსაზღვრა ადვილი შესაძლებელია. მართალია, მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, კონკრეტულ ინდივიდზე მსჯელობა სრულყოფილი ვერ იქნება და ეს ინფორმაცია ყველას ვერ მოერგება, მაგრამ მსგავსი სტატიები გართობის გარდა თითოეული ნიშნის, პლანეტის ხასიათის თავისებურებებისა და ფუნქციების შესწავლაში გვეხმარება. თქვენ შესაძლოა იყოთ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი, ან კიდევ სხვა ნიშნის თვისებები უფრო მეტი გქონდეთ.
მაშ, ასე, გთავაზობთ astrotheme.com -ის სტატისტიკის მიხედვით შექმნილ სტატიას, ზოდიაქოს ნიშნებისთვის რეკომენდირებულ ლიტერატურაზე. თუკი ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ეს წიგნები, ,,თქვენ წინ დიიდი ბედნიერება გელით, პირველად წაკითხვის ბედნიერება”
ვერძი
როგორ კლიშედაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენ რომ წიგნმა გაგიტაცოთ ძალიან უნდა იყოთ დაინტერესებული ამ წიგნის ისტორიით ან თემატიკით. წყნარად რომ დასხდეთ, რაიმე ამაღელვებელი თავგადასავლით უნდა იყოთ მონუსხული. მაგალითად, დიუმას სამი მუშკეტერი… თქვენც ხომ დარტანიანის სული გაქვთ, თავდაჯერებული და ახალ-ახალ გამოწვევებს მოწყურებული. მილედის როლიც მოგიხდებოდათ, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის… ჰენრი მილერის კირჩხიბის ტროპიკიც მოგხიბლავთ ცხოველი და შემოქმედებითი ძალით. სერვანტესის ,,დონ კიხოტიც“ თუ თავისი ,,მასიურობით“ არ შეგაშინებთ, მშვენიერი არჩევანი იქნება თქვენთვის.
რადგან ვერძები სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მოიაზრებენ, აგრეთვე დააინტერესებთ ავტორები, რომლებიც ეგოს სწავლობენ. მაგალითად, მარგარეტ დიურასის (თავადაც ვერძია) ,,საყვარელი“, ან ფროიდის შრომები. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჯეკ კერუაკის ,,გზაზე“, რომელიც ბიტნიკების სიმბოლოდ იქცა. თქვენ ხომ გიყვართ აღმოუჩენელი ტერიტორიების დაპყრობა.
კურო
წიგნს რომ ხელი მოჰკიდოთ, ამისთვის აუცილებლად შესაფერისი გარემო გჭირდებათ: მშვიდი, წყნარი და კომფორტული. ზაფხულში – გემრიელი შეზლონგი, ხილის ნატურალური ფრეში ხელის გაწვდენაზე, ზამთარში – რბილი სავარძელი, თბილი პლედი, გუზგუზა ბუხარი, ცხელი შოკოლადი და კითხვისთვის განწყობაც მზად არის.
თქვენთვის ზედგამოჭრილი მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული კლასიკაა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აქტუალური რეალისტური მოთხრობები, თქვენ რომ ასე ძალიან აფასებთ. მატერიალიზმს ცოტა რომანტიკაც მიუმატეთ და თქვენი მენიუც მზადაა. შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ონორე დე ბალზაკის ,,ადამიანური კომედია“, სადაც წინა პლანზეა წამოწეული მატერიალური და სოციალური საკითხები. ძალიან მარტივად გაიგებთ. სცადეთ ფოლკნერიც, ჟან ჟიონოც, ..
თანამედროვე ავტორებიდან გირჩევთ ტომ ვულფის : ,,სისხლიან მაიამის“, ,,ამაოების კოცონს“, დუგლას კენედის ბესტსელერს: ,,ფულის ძიებაში“…
ტყუპები
თქვენ წესით ძალიან უნდა გიყვარდეთ კითხვა, მაგრამ სქელტანიან ტომებს არ სწყალობთ. ზედმეტად ეკლექტიკური ხართ იმისთვის, რომ ერთი წიგნის კითხვას გადაყვეთ თან, თუნდაც შედევრი იყოს. თქვენ პატარა მოთხრობები გიტაცებთ, საგაზეთო ნოველები, ბასრი კალმით ნაწერი მოკლე სტატიები…
მიუხედავად წიგნების მიტოვების მავნე ჩვევისა, აუცილებლად ბოლომდე დაამთავრებთ ჯერომ სელინჯერის ბესტსელერს – ,,თამაში ჭვავის ყანაში“, თქვენ ხომ დაბადებით სოციოლოგი ხართ. მოგეწონებათ ართურ კონან დოილის უემოციო იუმორი, ტრუმენ კაპოტეს სიმარტივე და სიმსუბუქე. თქვენი ხასიათი ძალიან ჰგავს ჰოლის პერსონაჟს ნაწარმოებიდან ,,საუზმე ტიფანისთან“.
ჩვენ გირჩევთ ყველაფერს დაწყებული პიერ შოდერლო დე ლაკროს ,,სახიფათო კავშირებით“, დამთავრებული ფრანსუაზ საგანის ,,მფარველი ანგელოზით“ , არჩევანი თქვენზეა. ასევე, მოგეწონებათ ალესანდრო პიპერნოს ,,განუყოფელნი“, რომელიც ორი ძმის ამბავს მოგვითხრობს, ბეგბედერი ,,99 ფრანკი“, თავს ნაცნობ გარემოში იგრძნობთ. შესანიშნავი არჩევანია სამუელ ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინში“.
კირჩხიბი
თქვენ და წიგნებს სიყვარულის ისტორია გაკავშირებთ ერთმანეთთან. კირჩხიბები სიამოვნებას იღებენ ემოციური პროცესების კვლევითა და სხვა ადამიანების გრძნობების განცდის შესაძლებლობის ქონით. დიდი ალბათობით, გატაცებული უნდა იყოთ პოეზიით და შარლ ბოდლერის ,,ბოროტების ყვავილები“ სასთუმალთან დასადები წიგნების რიცხვში გქონდეთ.
თუ ჯერ არ მოხიბლულხართ, აუცილებლად მოიხიბლებით ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა პრინცი“ -თ. ეს დიდებისთვის დაწერილი ზღაპარია და მეტაფორებით აუცილებლად მოგაჯადოვებთ, თქვენ ხომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ხომ მაინც ბავშვური სული გაქვთ. თავად ეკზიუპერიც ხომ კირჩხიბი გახლდათ, როგორც მარსელ პრუსტი, რომელიც არ არის თქვენი ყურადღების მიღმა დასატოვებელი მწერალი. აუცილებლად წაიკითხეთ – ,,დაკარგული დროის ძიებაში“ და დარწმუნებული იყავით რომ ეს არ იქნება დროის კარგვა. მთლიანად კირჩხიბის სულით გაჟღენთილი წიგნია.
ძალიან მოგეწონებათ რემარკი: ,,ტრიუმფალური თაღი“, ,,სამი მეგობარი“… რემარკივით არავის შეუძლია განგაცდევინოთ ის, რასაც მისი რომანის გმირები გრძნობენ.
თანამედროვე მწერლებიდან გირჩევთ ნაბოკოვის ,,ლოლიტას“ და ,,ადას“…
თუ გავითვალისწინებთ წარსულისადმი თქვენს სენსიტიურ დამოკიდებულებებს, ისტორიული ბიოგრაფიებიც აუცილებლად საინტერესო არჩევანი იქნება თქვენთვის.
ლომი
წიგნის ავტორიც, სათაურიც, სტილიც და თემატიკაც ძალიან თვალშისაცემი უნდა გახლდეთ, თქვენი ყურადღება რომ მიიპყროს. მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეი, რომლის ცხოვრებაც თავის ნაწარმოებებივით განსაკუთრებული გახლდათ, თქვენს გემოვნებას აუცილებლად დააკმაყოფილებს. წაიკითხეთ: ,,მშვიდობით იარაღო“, ,,განუყრელი დღესასწაული“ და ა.შ. ფაბულის მიუხედავად ავტორი მომაჯადოებელ და საუცხოო სამყაროზე მოგვითხრობს.
თუ არ გაქვთ წაკითხული, ძალიან გაგახალისებთ ბერნარდ შოუს ,,პიგმალიონი“. გირჩევთ აგრეთვე უილიამ ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარება“-ს…
თქვენ დრამა გჭირდებათ, ამაღლებული გრძნობები… აუცილებლად წაიკითხეთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეთსბი“, ,,ნაზია ღამე“. ისინი მდიდრების სამყაროს კარებს გაგიღებენ, საუცხოო ვილები, ფრანგული რივიერა… ადამიანები რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მოკლან დრო. ამ ფუფუნების დეტალური აღწერა, აუცილებლად დაგაინტერესებთ, რაც თქვენი აბსოლუტური უფლებაა, ბოლოს დაბოლოს.
ქალწული
თქვენ მოსიარულე ბიბლიოთეკა ხართ, წიგნის ჭია. გიყვართ კითხვა და არ უშვებთ ხელიდან არც-ერთ სახელგანთქმულ წიგნს, რა ჟანრისაც არ უნდა გახლდეთ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ქალწულების წარმომადგენელმა ფრედერიკ ბეგბედერმა მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების ორი სია შეადგინა და გამოაქვეყნა, ერთი გამოკითხვებზე, ხოლმე მეორე საკუთარ არჩევანზე დაყრდნობით.
ქალწულებს აინტერესებთ სამეცნიერო პუბლიკაციები და არც კლასიკოსების ხელახლა გადაკითხვის იდეა აფრთხობთ: ჰომეროსი, მიშელ დე მონტენი, ძველი ფრანგული ან სულაც შუა საუკუნეების ინგლისური პიესები…
თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ავტორებს, რომლებიც ემოციებისა და სოციოლოგიური მოტივაციების გაანალიზებას ცდილობენ. მაგალითად, ჰენრი ჯეიმსის ,,ქალის პორტრეტი“, უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი“, ,,ფუკოს ქანქარა“ – თქვენთვისაა შექმნილი. მოგეწონებათ ამელი ნოტომიც.
სასწორი
ის ნაშრომები, რომლებიც თქვენ სიამოვნებას განიჭებენ კითხვისას, აუცილებლად დახვეწილი სტილით და დელიკატური გრძნობებით დაწერილი უნდა გახლდეთ. წიგნები მხატვრობის, ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების შესახებ თქვენ პერფექციონისტობას პირდაპირ სალბუნად ედება. კლასიკაა! ასე არ ამბობთ ხოლმე? ხანდახან, თუ ხშირად? და მთელი მგზნებარებით.
როგორი მერყევი ხასიათიც არ უნდა გქონდეთ, ბევრს არ იფიქრებთ იმ სახელგანთქმული ნაწარმოებების გადაკითხვაზე, რომელთა რომანტიკული სიკვდილისთვის განწირული გმირებისთვის ცრემლის დაღვრა მოგიწევთ. კორნელი, ჯან რასინი, უილიამ შექსპირი წარმოუდგნელი სიამოვნების წყარო გახდება თქვენთვის. მეცხრამეტე საუკუნის რომანებიდან გირჩევთ ალექსანდრე დიუმას ,,ქალი კამელიებით“ წაიკითხოთ, რომლის გმირსაც დარწმუნებულები ვართ მთელი გულით თანაუგრძნობთ. თქვენ მოგეწონებათ სტენდალის მსგავსი ავტორების მიერ მოთხრობილი ისტორიები სიყვარულსა და საზოგადოებრივი ტანჯვაზე. ოსკარ უაილდის ,,დორიან გრეის პორტრეტი“.
მიუხედავად იმისა, რომ წესით თანამედროვე მწერლებით დიდად გატაცებული არ უნდა იყოთ, ვფიქრობთ რომ ფილიპ სოლერსი თქვენს ინტერესს გამოიწვევს თავისი ,,მოთამაშის პორტრეტით“, ,,ქალი“-თ. ისე, სულ მინდოდა მეკითხა ბრეტ ისტონ ელისის ,,ამერიკელი ფსიქოპატის“ შესახებ რას ფიქრობთ? თქვენ ხომ ხელოვნების შეფასებაში ბადალი არ გყავთ.
მორიელი
რაც უფრო მეტ ტანჯვას, ტანჯულს და მტანჯველს, სისხლიან სცენებს გვპირდება ფაბულა, მით უფრო დიდი ბედნიერებით ჰკიდებს მორიელი წიგნს ხელს. მას მოსწონს დეტექტივები, ართურ კონან დოილი, ედგარ ალან პო… კვლევისა და ძიების პროცესი. რა არის იმ სამყაროში ჩაძირვაზე უფრო სასიამოვნო, სადაც თქვენ აულაგმავ ფანტაზიების გასაქანი ეძლევა და საიმედოდ დაფარულ შავბნელ მხარებზე თავისუფლად საუბრობენ.
მძაფრი ემოციების განცდის დაუძლეველ მოთხოვნილებას გრძნობთ? წიგნებში გინდათ უარყოფითი ენერგიისგან დაცლა? რატომაც არა. მითუმეტეს, როცა ამხელა არჩევანი გაქვთ ჰორორების უბადლო ოსტატებს შორის, როგორიცაა მაგალითად სტივენ კინგი.
მეტი ეროტიკა გსურთ? ერიკ ჯეიმსის ,,ნაცრისფრის ორმოცდაათი ჩრდილი“ შეგვიძლია გირჩიოთ, რომელმაც სადომაზოხიზმი მოდად აქცია. ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს, ცოტა ლაითად თუ არ მოგეჩვენათ. თქვენ ხომ როცა მძაფრ ემოციებზე მიდგება საქმე, ლიმიტებს არ სცნობთ.
ადამიანის ქვეცნობიერში, მის ფარულ მოტივაციებში ქექვა თქვენი საყვარელი საქმიანობაა? დოსტოევსკი გყავთ, თავადაც მორიელი. ნებისმიერი მისი ნაწარმოები: ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერებით“ დაწყებული, ,,ძმები კარამაზოვებით“ დამთავრებული, თქვენს საყვარელ ჰობში, შეაღწიოთ ადამიანის ბნელ კუნჭულებში, პროფესიონალად გაქცევთ.
რეკომენდაციას გავუწევთ ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელსაც“, თქვენნაირი ადამიანები ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებენ ამ წიგნში, ეგებ საკუთარი თავის ცოცხლად ჭამასაც მოეშვათ.
მშვილდოსანი
სათავგადასავლო ისტორიები თქვენთვის შეიქმნა, არა? ნამდვილად! როცა წიგნს შლით, ყოველი ფურცლიდან ეგზოტიკას ელოდებით, ახალი ქვეყნების აღმოჩენას, სხვა სამყაროში მოგზაურობას.
კითხვა ალბათ რედიარდ კიპლინგის ,,ჯუნგლების წიგნით“ დაიწყეთ. მერე ჟიულ ვერნმა გაგიტაცათ: ,,ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო“, ,,მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ“… ხარბად შთანთქავდით სტივენსონის ნაწარმოებების ყოველ ფურცელს, მაგალითად ,,განძის კუნძულს“.
სავარაუდოდ, მას შემდეგ თქვენი გონებრივი თვალსაწიერი საკმაოდ გაფართოვდა, ახლა ფილოსოფიური და შესაძლოა რელიგიური ლიტერატურითაც იყოთ დაინტერესებული. ამ საფეხურზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ოშოს ,,მდოგვის მარცვალი“. ოშო თავადაც მშვილდოსანი გახლავთ, ცნობისათვის. ან კიდევ შმიდტის ,,პილატეს სახარება“.
როგორც უცხოეთის ლიტერატურის ექსპერტს, გირჩევთ ერთხელ აუცილებლად გადაიკითხოთ სალმონ რაშდის ,,შუაღამის შვილები“ , გაბრიელ გარსია მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი“… სცადეთ, სტივ ტოლცის ,,მთელის ნაწილი“, რომელიც ავსტრალიური ბუშიდან ჯუნგლებში წაგიყვანთ.
თხის რქა
თქვენ სიჩუმის მოყვარული, ბეჯითი, სერიოზული და დაჟინებული მკითხველი ბრძანდებით. რამდენიმე ტომიანი ნაწარმოებების წაკითხვაზეც არ იხევთ უკან, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ხეირს ელით აქედან და თქვენს ძვირფას დროს ფუჭად არ ჰკარგავთ.
როცა პროფესიულ წიგნებს მოსწყდებით – პოლიტიკურ თუ სოციოლოგიურ ნაშრომებს – ისეთ მწერლებს ჩაუჯდებით ხოლმე საკუთარ თავს რომ გაგონებთ. დიდი ინტერესით წაიკითხავთ ამბებს სიღარიბესთან ბრძოლაზე, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაზე, გზაზე – მაღალი საზოგადოებისკენ.
ბავშვობაში ალბათ ანდერსენის ზღაპრებს გაფაციცებული კითხულობდით. ,,გოგონა ასანთით“, ,,თოვლის დედოფალი“ თხის რქის სამყაროს აღწერენ. თქვენი საყვარელი მწერალი შესაძლოა ჯეკ ლონდონი გახლდეთ, ისიც თხის რქა გახლდათ. სჩანს კიდეც მარტინ იდენის სულისკვეთებაში ეს. ჩარლზ დიკენსიც თითქოს თქვენთვის წერდა, განსაკუთრებით ,,ოლივერ ტვისტს“.
შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ : დუგლას კენედის ,,ბედნიერების ძიებაში“, პოლ ოსტერის ,,ნიუ-იორკული ტრილოგია“, სილვერ ტესონი…
მერწყული
მერწყულები სულ სიახლეების ძიებაში არიან, მრავალმხრივი ინტერესები აქვთ. მათი უმეტესობა ფანტასტიკის სფეროთია გატაცებული: ტოლკინი, ბრედბერი, როულინგის ,,ჰარი პოტერი“… თუმცა უფრო ,,მძიმე“ ლიტერატურაზეც არ ამბობენ უარს. მაგალითად, ჯორჯ ორუელის ,,1984“, მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანი გავიდა მისი გამოშვებიდან, მაინც ახერხებს მერწყულის დაინტერესებას. მის ცნობისმოყვარეობას სავარაუდოდ აღძრავს ასევე ჰარუკი მურაკამის უცნაური სახელწოდების წიგნიც ,,1Q84“..
თქვენი ფიქრების კვების წყაროდ ხშირად იქცევა ხოლმე საზოგადოებრივი სატირა რევოლუციური კონცეფციებით. მაგალითად ამელი ნოტომი, რომელიც ასევე ქალწულების ფავორიტებში მოხვდა.
თავისუფლების იდეით შეპყრობილ მერწყულებს ვურჩევთ რიჩარდ ბახის ,,თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი“ და ენტონი ბერჯესის ,,მექანიკური ფორთოხალი“ წაიკითხონ…მოგეწონებათ აგრეთვე მილან კუნდერას ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“…
თევზები
თქვენ პოეზიით ხართ მოწამლული, ტრაგიკული რომანებით… წარმომიდგენიხართ რომელიმე პარკში, სკამზე, წიგნით ხელში საათობით ჩამომჯდარი… თქვენს ულევ ფანტაზიებს გასაქანი რომ მისცეთ, დროდადრო თითქოს გამვლელებისკენ აპარებთ თვალს, მაგრამ სინამდვილეში ისევ წიგნის სამყაროში ხეტიალობთ, მერე კი სანუკვარ ფურცლებს უბრუნდებით…
თქვენ სიურეალიზმის თაყვანისმცემელი უნდა იყოთ.. გიომ აპოლინერი, ანდრე ბრეტონი, რომლებიც წინასწარმეტყველებაზეც კი არ იხევენ უკან, თქვენს მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებენ. მისტიკის სფეროდან შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა“.
როგორც გამოუსწორებელ რომანტიკოსს, გირჩევთ ლევ ტოლსტოის ,,ანა კარენინა“ და ალბერტ კოჰენის ,,მისი საყვარელი“ წაიკითხოთ.
თუკი რაიმე უფრო მსუბუქს ეძებთ, კომიქსები ან ხელოვნების წიგნები შეიძინეთ, რომელთა ვიზუალური მხარე აუცილებლად გაგიხალისებთ ემოციებს და ძალიან გასიამოვნებთ.
მოამზადა დოჩი გოგომ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
საინტერესო სტატიაა.მე(მშვილდოსანს) მართლაც მაინტერესებს ის თემები რაც აქ არის შემოთავაზებული. მარტოობის ასი წელიწადის კითხვაც ძალიან სასიაოვნო პროცესი იყო ჩემთვის.თუმცა წიგნი რომელმაც ყველაზე ძალიან დამაინტერესა იყო ჯორჯ ორუელის 1984.
lomiii emtxvevaa :DD