კურო ქალი
ყინვის – დამაბრმავებელი თოვლის, შტორმისა და ქარის ცვალებადი სიგიჟის გარეშე, ბუხრის ცეცხლისფერ ათინათსა და ბავშვობის სიხარულის ბუდეში.
მახსოვს საუბარი, რომელიც ერთხელ ერთ მწერალთან მქონდა, რომლის დედაც მაისში იყო დაბადებული. მისი მშობლების ხასიათისა და მახასიათებლების განხილვისას, გოგონამ შემთხვევით ახსენა, დედაჩემი დიდი ქალი იყოო. „მაშინ შენ მამას უნდა ჰგავდე“, აღვნიშნე მე, რადგანაც თვითონ მხოლოდ საშუალო ტანის იყო. მან გაიღიმა. და არასდროს უნდა დამვიწყებოდა, რაც თქვა. „ზომებს არ ვგულისხმობ. დედა ტანით ჩემზე უფრო პატარა იყო. უბრალოდ სულზე ვლაპარაკობდი.” ის გოგონა თევზები იყო, ნიშანი, რომელიც თქვენს შიგნით ღრმად იხედება.
იგი მართალი იყო. კურო ქალი დიდი ქალია. მაშინაც კი თუ ას ორმოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლისა ძლივსაა, თითქმის იმ ნებისმიერ მოულოდნელ გამოწვევას გასწვდება, რომელსაც ცხოვრება აირჩევს მას გზაზე დაუხვედროს. მრავალი კუთხით, კურო ქალი ერთერთი საუკეთესო ადამიანია, ნაზავი იმ ღირებული ფასეულობების უმეტესობისა, რომელსაც ყოველი კაცი ეძებს და იშვიათად პოულობს.
შესაძლოა ფიცხი ხასიათიც ჰქონდეს, რომელიც ძლიერ კაცსაც ტყეში გააქცევს (ან მაგიდის ქვეშ მაინც ჩააძვრენს), მაგრამ გამძვინვარებულ მრისხანებაზე კარგი გამოწვევის გარეშე არ გადავა. ჩვეულებრივ, თუ ადამიანური გამძლეობის ზღვარს მიღმა არ შეაწუხებთ, ან თუ ბედს მისთვის მართლაც ზედმეტად არახელსაყრელი კარტები არ ჩამოურიგებია, ცხოვრების თამაშს მტკიცედ, აუღელვებლად, აღმაფრთოვანებელი სიმშვიდით ითამაშებს.
მისი პირდაპირობა და ძირეული პატიოსნება არ ერწყმის ჩვეულებრივ ქალურ ხრიკებსა და ცრემლებს. კურო გოგონას უფრო მეტი ზნეობა და ემოციური გამბედაობა გააჩნია, ვიდრე ბევრ ძლიერ მამრს, მაგრამ საკმარისად თავდაჯერებულია თავის სქესში, რათა გაცალოთ იუფროსოთ, თუ ეს გსურთ. თუ ამ ადგილს თქვენ არ დაიკავებთ, შესაძლოა მმართველობის სადავეები თვითონ აიღოს და ყველაფერს თვითონ მიხედოს, მაგრამ ბევრად უფრო მეტად ერჩივნებოდა სხვანაირად მომხდარიყო. იგი ნამდვილ მამაკაცს ეძებს. ეს იმიტომ, რომ იცის თვითონ ნამდვილი ქალია და ამით ამაყობს. მისთვის, იყო ქალი არ ნიშნავს გამოუსწორებელი მოფლირტავესავით იქცეოდე, ან გულში ჩასაკრავი ფუმფულა ბურთისა და მოკრუტუნე კნუტივით, რომელსაც თავი სუსტად მოაქვს, რათა თავისი გაიტანოს. დიდი ხანი არ გავა, რაც შენიშნავთ, რომ საკუთარი აზრი აქვს და საკმარისად ძლიერიც, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლისას დახმარებისათვის მიმართვისგან თავი არ შეიკავოთ.
საშუალო კურო ქალის ხასაითში საკმარისი თვითკონტროლია ცხენების რემის უკან დახევინებისთვისაც კი (სამართლიანი შეფასება მისი შეფარული ნებისყოფის ძალისა), თუ მის გამოყენებას გადაწყვეტს. მოდი ვიმედოვნოთ, რომ ასეც აკეთებს. ვერძის ან ლომის ამომავლით (ასცენდენტით) ან მთვარით, შესაძლოა დროდადრო შეუბრალებლობას იჩენდეს ან ემოციური ამოფრქვევები ხშირად ჰქონდეს და თევზისა და ტყუპების ძლიერი გავლენით კი პირად რუკაში, შესაძლოა უფრო მოუსვენარი და არამდგრადი იყოს – მაგრამ ტიპური კურო ქალი უმეტესწილად თვითშეზღუდვაზე ყველა საკითხში მუშაობს. კარგსაც შვრება, რადგანაც მისი ჩვეულებრივ აუმღვრეველი გარეგანი მხარე ძლიერ გრძნობად ბუნებას მალავს, რომელიც პატარა ლაგამს თუ აიტანდა.
კაცები ყოველთვის აფასებენ მის მოხდენილ თვისებას, მიიღოს ხალხი ისეთად, როგორიცაა, მათგან თავის არიდების გარეშე. იგი იმავენაირად რჩება სახლში და გვერდში უდგას მეცნიერს, რომელიც ბუზ ცეცეს სწავლობს კონგოში, როგორც ხანჯლების მყლაპავს, რომელიც წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას. ისინი ბუნებრივად იქცევიან ასე; ყალბები არ არიან და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა მათთვის. მისი ახლო მეგობრები შესაძლოა უცნაური პიროვნებები იყვნენ, პირდაპირ ტულუზ-ლოტრეკის სამყაროდან გადმოსულნი; ან ნორმან როქველის გაცოცხლებული სურათებიც.
მაგრამ ისინი ნამდვილი ადამიანები იქნებიან, არავითარი პომპეზური და სტატუეტკის მაგვარი ტიპები. როდესაც ვინმე ისეთს გადააწყდება, ვინც არ მოსწონს, დიდ კამპანიას არ იწყებს მის გასანადგურებლად ან იმ ადამიანის ფასეულობებსა და მოტივებთან ბრძოლის გამოცხადებას. უბრალოდ თავს არიდებს მას. კურო ქალს შეუძლია ცივი გულგრილობა გამოიჩინოს თავისი მტრების მიმართ, მაგრამ თუ მეგობრად გთვლით, თქვენი ერთგული დარჩება ჭირსა თუ ლხინში. დეიმონისა და პითიას ურთიერთობა მის თავდადებასთან შედარებით მუდამ თქვენთან დარჩეს, უბრალო ნაცნობობად მოგეჩვენებათ.
შეგიძლიათ მაქსველი ატაროთ, აძვრეთ დროშის ფლაგშტოკზე, მოხვდეთ ციხეში ან თმაში გვირილებით იაროთ. მისი მეგობარი ხართ და როგორმე გაამართლებს თქვენს საქციელს. უბრალოდ აქ ერთი პატარა მახეა. იგი დაბეჯითებით მოელოდება თქვენგან, რომ მსგავს თავდადებას და ურყევ ერთგულებას დაუბრუნებთ. თუ სანაცვლოდ სრული ერთგულებით არ უპასუხებთ, შესაძლოა სადმე კუთხეში განგერიდოთ შეკავებული გულისწყრომის პირქუში, რუხი ღრუბელივით.
თუმცა ეჭვიანობის საკითხშიც ასე არაა. საშუალო კურო ქალი წყობიდან გამოუსვლელად აიტანს მამაკაცების გოგონების თვალიერებით გატაცებას. ვერძი ან ლომი ქალისაგან განსხვავებით, ყოველ ჯერზე სიბრაზისგან არ აჭარხლდება, როცა ლამაზ გოგონას ღიად შეაქებთ. ჩვეულებრივ ფლირტსა ან კარგი (ქალი) მეგობრისათვის ლოყაზე გამოსამშვიდობებელ კოცნაზე მეტია საჭირო, რათა მასში კუროსეული მრისხანება გამოიწვიოთ.
თუ პატიოსნად თამაშზე მისეულ შეხედულებებს უსაზღვროდ გასცდებით, შესაძლოა ძალიან საშიში გახდეს, მაგრამ გულუხვი მინიშნებებით შეგახსენებთ, სად გადის ზღვარი. მართლაც, უკიდურესად უნდა შეავიწროვონ რაღაც მხრივ, რომ ტიპური კუროსეული მძვინვარებით აფეთქდეს. შეგიძლიათ წახვიდეთ და თვალი ჩაუკრათ იმ მიმზიდველ მოლარეს, მაგრამ ზედმეტადაც ნუ გამოცდით მის მოთმინებას. ამასაც კი აქვს ზღვარი, რამდენად უსაზღვროდაც არ უნდა ჩანდეს. თუ არასდროს გინახავთ გაცოფებული, სათანადოდ ეცადეთ, რომ არც გააბრაზოთ.
ამ ქალებს მკაცრად გონებრივი მიზნები არ ამოძრავებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გეგონოთ, თითქოს კურო ქალი ჭკვიანი და გონიერი არაა. ყველაზე გონებაგახსნილ კაცებსა და ქალებს შეუძლია ამოუდგეს გვერდით თავისი ტვინით, მაგრამ გამეტებით დაინტერესებული არაა ფარდობითობის თეორიის ამოხსნითა ან აბსტრაქციებში ჩაღრმავებით.
უნივერსიტეტის ხარისხის მრავლად ქონა არც აღაფრთოვანებს და არც ხიბლავს. ერთიც საკმარისია მისი პატივისცემის მოსაპოვებლად. პრაქტიკული საღი აზრი და ნებისმიერი საგნის საფუძვლების გაგებაა მისთვის არსებითი. მაგრამ ტიპური კურო გოგონა არაა ინტელექტუალი, რომელიც ფილოსოფოსებს კითხულობს აღფრთოვანებით და რთული იდეოლოგიებიც არაა მისი ძლიერი მხარე. იგი საიმედოდ, პრაქტიკულად მოაზროვნეა, მედიდური ან თავისმოსაწონებელი გონებრივი გიმნასტიკების გარეშე. მისი ფეხები Terra Firma-შია (მყარ მიწაში) გადგმული და მის მყარ ქუსლებსაც ფრთები ნამდვილად არ ასხია. კურო ქალები იშვიათად არიან მოუსვენრები – იციან ბალანსისა და თავის დაჭერაც. კუროსეული შეხედულებები ჩვეულებრივ სწორხაზოვანი და გულმართალი რჩება, შეთხზული ამბებისა ან დამახინჯებების გარეშე (თუმცა ტყუპების მთვარემ კი შესაძლოა ცოტა მშფოთვარე გახადოს).
იგი მკაცრად ფიზიკური არსებაა. ეს ეჭვგარეშეა თქვენ დაგაინტერესებთ, მაგრამ ის რომ დააინტერესოთ, საგანი ან იდეა მის შესანიშნავად განვითარებულ გრძნობებს(5 გრძნობა) უნდა მოეწონოს. მას არ სურს ისეთი ფრაზების მოსმენა როგორიცაა, რომ ეს „მისთვის კარგია“, რომ „სხვა ყველა ასე იქცევა“, ან რომ ეს „მისთვის გონებრივი სტიმული იქნება“. ასეთი სახის დარწმუნების მცდელობებზე მთქნარება მოერევა. იმისათვის, რომ მასში გულწრფელი აღფრთოვანება აღიძრას, ყველაფრისგან, რასაც აკეთებს, გარკვეული, ხელშესახებად შეგრძნებითი კმაყოფილება უნდა მიიღოს.
იშვიათად ნახავთ კურო ქალს, რომელიც ვაზაში ხელოვნურ ყვავილებს ჩააწყობს. მისი ყვავილები ნამდვილი უნდა იყოს და ნამდვილ შეგრძნებებსა და სურნელს გამოსცემდეს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კატუნიებისა და მწარტკბილას თაიგულს შეაგროვებს და ცოცხალი ქრიზანთემებით აავსებს სახლს ზაფხულში. მისი სუნამო ჩვეულებრივ ეგზოტიკური და მკვეთრი იქნება, თუმცა ზოგიერთი კურო ქალი საწინააღმდეგო მიმართულებით იხრება და სუფთა თმისა და კანის მძაფრ სურნელს ამჯობინებს. კურო გოგონებს შესამჩნევად წააქეზებთ მზიანი დღის ტკბილი სუნით გაჟღენთილი ახლადგარეცხილი თეთრეული ან ღუმელში გამოსაცხობად შედგმული პურის გემრიელი არომატი.
სულიერად იწვევთ დილის გაზეთის სუნი, ახლად მოჭრილი ბალახის დამათრობელი სურნელი გაზაფხულის წვიმის შემდგომ, ანთებული ცვილის სანთლები და ჩაფერფლილი შემოდგომის ფოთლებისაგან ადენილი კვამლი. ამან უნდა მიგანიშნოთ, რომ კარგი ბრენდის საპარსი ლოსიონი უნდა გამოიყენოთ, გაზეთის დანოტივებული პატარა ნაგლეჯები ყურებზე დაიკროთ, სახელოში დამწვარი ფოთოლი ჩაიდოთ და სასხლავი მანქანა ჩართოთ, სანამ ღამე გამოსამშვიდობებლად აკოცებთ.
უსიამოვნო სუნები მასზე ასეთსავე დიდ გავლენას ახდენენ პირიქითაც. ის არაა იმ სახის გოგონა, რომელსაც მოშინაურებული სკუნსი მოეწონება, მაშინაც კი, თუ უხვად სუნამონაპკურებია. არ წაიყვანოთ თევზის შესაწვავად თუ თან ყვავილების სპრეისაც არ წაიყოლებთ. თევზის მომზადებისას დამდგარი სუნია პრობლემა. დინებიდან ცინცხლად ამოყვანილი თევზის სუნი სხვა ამბავია; ეს ბუნებრივი სუნია. არც თავლის სუნი შეურაცხყოფს მის ფაქიზ ნესტოებს. დედა ბუნება ისევ და ისევ. შეიძლება ზუსტი სიის ფრთხილად ჩამოწერაც ჯობდეს, თუ მასზე შთაბეჭდილების მოხდენა მთელი ყნოსველობითი წარმატებით გსურთ.
ფერებიც ასევე აღაფრთოვანებს მის შეგრძნებებს, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნებიან ისინი, მით უკეთესი. ლურჯის ყველა ჩრდილი, ცისფრიდან ქლიავისფრამდე, მის მტკიცე წინააღმდეგობას შეასუსტებს. ასეთივე გავლენა ექნება ვარდისფერის ტონებსაც. ატარეთ ლურჯი ჰალსტუხი და საოცარი ვარდისფერი მაისური, როცა მის სანახავად მიხვალთ, მაგრამ ერთდროულად არა. გახსოვდეთ, მას ჰარმონიის შეგრძნებაც აქვს და არ გიღირთ ბავშვების ოთახს ჰგავდეთ.
მის საკვებს შესანიშნავი გემო უნდა ჰქონდეს და ჩვეულებრივ სანელებლებს უხვად მოიხმარს (თუ ქალწულის ან თხის რქის ამომავალი (ასცენდენტი) არ აქვს). აუცილებლად ისეთ ადგილებში წაიყვანეთ, სადაც საუკეთესო მზარეულები ამზადებენ, რადგანაც ბრტყელი ჰამბურგერები და ცარიელი ბარდის წვნიანი მას ემოციურად ცივს ტოვებს. თუ იღბლიანი ხართ, სახლში მომზადებულ სადილზე მიგიწვევთ და შესაძლოა ცოლობაც შესთავაზოთ, სანამ დესერტით გაგიმასპინძლდებათ. ეს გოგო წინსაფარს უბრალოდ დარიჩინიანი გახუხული პურის მოსამზადებლად არ შეიბნევს. ყოველთვის კარგი იდეაა მასთან ცარიელი მუცლით შერბენა. ტიპურ კურო ქალს მზარეულობით შეუძლია გზა პირდაპირ თქვენი გულისაკენ გაიკვლიოს და მისი სამზარეულო ნამდვილი მამაკაცთა მახეა.
ჰარმონიული ხმები და ლამაზი ვიზუალური ეფექტები მას მაგნიტივით იზიდავს. კურო ქალების უმეტესობას გამორჩეული ნიჭი, ან დიდი სიყვარული აქვთ მუსიკისა და მხატვრობისადმი. მისი ნაჯღაბნები ტელეფონის სადგარზე ხშირად ძალზედ ნიჭიერადაა შესრულებული. კონცერტები და სამხატვრო გამოფენები კარგი ფსონია პაემნისათვის და ნიაგარას ჩანჩქერი და დიდი კანიონი საუკეთესო არჩევანია თაფლობის თვისათვის. აღფრთოვანებული იქნება ბუნების მშვენიერებების ხედების წინაშე.
თუ ნიაგარას ვერ შეწვდებით, გასართობ პარკში წაიყვანეთ. სავარაუდოდ ეყვარება ეშმაკის ბორბალი, ლოყებზე ცივი ქარის შეგრძნება, ფერადი განათებების ყურება და კალიოპეზე (საკრავი) შესრულებული მუსიკის მოსმენა. („ამერიკული მთები“ უფრო მის ვერძ და ტყუპებ დებს მოხიბლავთ). იშვიათია კურო გოგონა, რომელიც არასდროს ყოფილა ფერმაში ან სოფელში ცხენით არ უსეირნია – ვისაც ცხენით ჯირითი და თევზაობა არ უყვარს.
მთელ თავის მგრძნობიარობასთან ერთად, კურო ქალი გულით ყაჩაღანაა. დედამიწა მაცდუნებელი ძახილით უხმობს მას და ისიც, მას დედა ბუნებასთან გულწრფელი აღფრთოვანებით გადახვევით პასუხობს. თუ გსურთ თქვენც გულწრფელი აღფრთოვანებით მოგხვიოთ მკლავები, კარგად შეამოწმეთ, რომ ხმისჩამწერში ხრინწიანი მუსიკა არ გერთოთ, ნივრის ჭამის შემდეგ პირში წყალს ივლებდეთ და ერთმანეთთან შეუსაბამო ფერებში არ იმოსებოდეთ.
საბოლოოდ, დარჩა შეხების შეგრძნება. კურო ქალები იმ ტიპს მიეკუთვნებიან, რომლებიც თქვენი ზედატანის „ფხაჭნიაობაზე“ იწუწუნებენ. ეს „კარგ შეგრძნებას“ არ ტოვებს. თითქმის, ქსოვილის ფერსაც გეტყვიან, მასზე ხელის თვალდახუჭულად გადასმით. მატერია, რომელსაც ის იცვამს, ნაზი და ძვირფასი იქნება შესახებად, არასდროს გამაღიზიანებელი და სავარაუდოდ, უბრალოდ და გემოვნებით ჩაიცვამს. მისი მგრძნობიარე ბუნება შესაძლოა ფუშფუშა თეთრეულისა და მოდური ტანისამოსის ჩაცმამდე არ მივიდეს (გარდა თევზისა და ლომის ასცენდენტისა და მთვარის).
იგი სპორტულ და უბრალო, ძვირიან ჩასაცმელს ამჯობინებს გადამეტებული მოსართავების გარეშე და უმეტესად ისე იცვამს, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოს; თავისი პრაქტიკული ხასიათი ტანსაცმლის განყოფილებაშიც მიჰყვება. თუ, შემთხვევით, მერწყულის გავლენა აქვს პირად რუკაში, შესაძლოა დრო და დრო მაღაზიებში პატარა სისულელეებსაც ჩადიოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მისი თავისებური არჩევანი უტილიტარული მიზნებიდან გამომდინარე იქნება.
როცა უფრო კარგად გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ეს გოგო სიძლიერის კოშკია. იშვიათადაა კაპრიზული, გარდა ერთგულების საკითხისა და საერთო ჯამში მშვიდი, დამიწებული და სასიამოვნო ხასიათი აქვს. ხალხს უყვარს მისი პირდაპირი, წყნარი ქცევა – ისეთივე მოსვენების შეგრძნების მომგვრელია, როგორც თბილი აბაზანა. სავარაუდოდ, თვითონაც თბილი აბაზანის მოყვარული იქნება, ბევრი ლოსიონებით, ზეთებითა და საპნის ბუშტებით. კუროების სააბაზანოები ხშირად გავს კლეოპატრას პირად ოთახებს. ელოდეთ როდის გამოჩნდება მონა და პალმის ფოთლის მარაოს დაანიავებს.
შესაძლოა უსიამოვნო გამოცდილებით შეიტყოთ, რომ კურო ქალს არ მოსწონს როცა ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით საზოგადოებაში, მაგრამ რატომ უნდა დაგჭირდეთ გამოცდილება, როდესაც შეგიძლიათ იოლად გახვიდეთ მისი მზის ნიშნის ცოდნის ხარჯზე? დაიმახსოვრეთ, რომ მას საქმეების ნელა კეთება უყვარს. თუ მოუთმენლობას გამოიჩენთ ან დააჩქარებთ, გააბრაზებთ და სულაც არაა ბრძნული საქციელი კურო ქალი გააბრაზო. მისი ტემპი ნელიდან აუჩქარებლამდე ან დინჯამდე მერყეობს; იშვიათად აღწევს იმპულსურობამდე, მაგრამ შესაძლოა მრისხანებაშიც გადავიდეს, თუ ზედმეტად გამოიწვევენ.
დედობა უხდება. მის წყნარ ხასიათს ერწყმის და ხარის ბუნებისათვის შესაფერისია. ჩვილებს გულში ჩაიკრავს და ახლადფეხადგმულებს გააღმერთებს, მაგრამ პატარების ზრდასთან ერთად, შესაძლოა ძლიერ მკაცრი და მომთხოვნი გახდეს. კურო ქალებს გასდევთ სიმტკიცე და სიჯიუტე ხასიათში, რის გამოც უძნელდებათ იოლად შეეგუონ ახალგაზრდა თაობის მრავალ და დამაბნეველ ცვლილებებს. კურო დედა ბრაზდება, როდესაც მის მიერ დამყარებულ დისციპლინას არღვევენ. იგი ურჩობასა და უპატივცემულობას არ აიტანს. ამ შემთხვევაში ხარის მთელი მძვინვარება ამოიფრქვევა. ასევე გაუძნელდება სიზარმაცისა და ფეთხუმობის ატანა და ბავშვებიც სავარაუდოდ თავიანთ ოთახებს მოუვლიან, ან დანარჩენებსაც.
კუროსეული სილამაზისა და ჰარმონიის სიყვარული ხელს შეუშლის უსუფთაო ჩვევები მშვიდად აიტანოს. მოუწესრიგებელი ახალგაზრდები და არეულდარეული გარემო მისთვის წითლის დანახვასავითაა. ამ რამდენიმე სუსტი მხარის გარდა, სავარაუდოდ კარგი მშობელი იქნება, უფრო მეგობარი თავისი ბავშვებისათვის, ვიდრე დედის ხატი, წლების სვლასთან ერთად. მაისში დაბადებული ქალების შთამომავლობას ისინი თბილ, დედობრივ სახედ ახსოვთ ადრეული ასაკისას და იუმორის მქონე ამხანაგად მოგვიანებით. შუალედური წლები – როცა ახალგაზრდული მოუთმენლობა ხარის მტკიცე სიდინჯეს აწყდება – შესაძლოა რამდენიმე უსიამოვნო მოგონებას ტოვებდეს. იგი მტკიცედ და ერთგულად დაიცავს მათ გარეშე საფრთხეებისაგან და ასწავლის მის საკუთარ გულწრფელ გამბედაობას მიბაძონ.
კურო ქალები იშვიათად არიან კაპრიზულები. იშვიათად იწუწუნებენ ან ისლუკუნებენ. ესაა ქალი, რომელიც ჩუმად მოჰკიდებს საქმეს ხელს, რათა ქმარს ამოუდგეს გვერდში სამედიცინო სკოლაში, ან სამუშაოს, თუ ოჯახში დროებითი ფინანსური კრიზისია.
მისი სხეულის არც ერთი ნაწილი არაა ზარმაცი, მიუხედავად ხშირად ნელი, დინჯი მოძრაობებისა და ხშირი დასვენების პერიოდების მოთხოვნილებისა. კურო ქალები ბეჯითად მომუშავეები არიან. შეუძლია კიბეზე აძვრეს კედლების კაცისათვის დამახასიათებელი ძალით შესაღებად ან გასახეხად, მაგრამ შუადღისას წათვლემა დასჭირდება, რომ ძალა შეინარჩუნოს. იგი ამაყად ივლის თავისი კაცის გვერდზე და იშვიათად ეცდება უკან ჩამოიტოვოს ან მის ჩრდილში დადგეს.
ბევრი კურო ცოლი ეხმარება თავის ქმარს სწავლაში, თუ ის პროფესიული კარიერისათვის განსაკუთრებულ კურსებს გადის, ან საქმიან მიმოწერას კრეფს, რომელიც მას ოფისიდან სახლში მოაქვს. შესანიშნავი დამხმარეა ამ არეებში. კუროები არასდროს ელიან თანადგომას ისე, რომ სხვამ თავისი დამსახურებული წილი არ მიიღოს და უბედურები არიან იმ კაცთან, რომელიც თავისას ვერ გამოიმუშავებს, ასე რომ, ეცდებიან მისგან რაც შეიძლება საუკეთესო გამოიყვანონ. კურო ქალებს სისუსტე ნებისმიერი ფორმით არ ხიბლავთ.
მისი გამძლეობა ტკივილისა და ემოციური სტრესისადმი თითქმის საასწაულებრივია, ხშირად მორიელი ქალისასაც სჯობნის. მახსოვს სცენა, რომელსაც ერთხელ საავადმყოფოში შევესწარი. კურო ქალი სერიოზულ ოპერაციაზე შესასვლელად ადიოდა კიბეებზე, იმდენად სერიოზულზე, რომ ამ ოპერაციისას მისი გადარჩენის შანსი ძალიან პატარა იყო და მან ეს იცოდა. გათვლილი რისკი იყო. როცა ქმარი უყურებდა, როგორ აწვენდნენ საწოლზე, რომლითაც საოპერაციოში უნდა შეეგორებინათ, ქალმა შენიშნა მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები. მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს.
ამის მაგივრად მანამ ხუმრობდა, სანამ ექთნებს არ გაეცინათ და ექიმმაც არ გაიღიმა. უკანასკნელი რამ, რაც მისმა ოჯახმა მისგან გაიგო, როცა ექთნები წინ და უკან დააგორებდნენ და ცდილობდნენ საწოლი ლიფტში შეეგორებინათ, ტიპურად კუროსეული იყო. იმის მაგივრად, რომ უკან მოეხედა და თავის საყვარელ ადამიანებს ცრემლიანი გამოხედვით გამომშვიდობებოდა, ცალ იდაყვზე წამოიწია და ახალგაზრდა კაცს მტკიცედ უთხრა. „სანამ ისევ ამ რაღაცაზე დამაწვენთ, ამ დაწყევლილ ბორბლებს ცოტა ზეთი და საპოხავი წაუსვით“. კურო ქალი არასდროს აძლევს გრძნობებს უფლებას პრაქტიკულობას ხელი შეუშალონ.
კაცს, რომელიც მაისში დაბადებულ ქალზე ქორწინდება, ცოლად მჩხავანა ბავშვი ან ოქროს მაძიებელი არ მოჰყავს. კურო მისგან დაელოდება, რომ უზრუნველყოფს და ოჯახის სახსრებს გონივრულად განკარგავს. მას ასევე საუკეთესო ხარისხი სურს, როცა საქმე საკვებსა და საოჯახო ავეჯს ეხება. მაგრამ ყოველთვის თვალს მიადევნებს ფასდაკელებებს და დაუცდის კიდეც მათ, იმ ფუფუნების საგნების შესაძენად, რომლის მოთხოვნილებაც აქვს.
სწრაფად ნაშოვნი ქონება, მყარი საფუძვლის გარეშე, მისი სტაბილურობის შეგრძნებისათვის მიმზიდველი არაა. ურჩევნია ხედავდეს, რომ ფრთხილად აშენებთ მომავლისთვის. კარგი შთაბეჭდილების დატოვება მისთვის მნიშვნელოვანია და ბევრი კურო ქალი მოუწოდებს საკუთარ ქმარს საიმედო მომავალი უზრუნველყოს გავლენიანი ხალხის სადილზე დაპატიჟებით. კურო ცოლი სტუმარ-მასპინძლობის სულია.
ესაა გოგო, რომელიც მიყოლებით, ღამეების მანძილზე იფხიზლებს ავადმყოფ ბავშვთან და კლდესავით ურყევი რწმენით ილოცებს მისი გამოჯანმრთელებისათვის – იმ ტიპის ქალი, რომელსაც შეუძლია ნაზად აღადგინოს კაცის იმედიანობა, როცა იგი ცხოვრებამ დაამარცხა, შთააგონოს საკუთარი მამაცი, შეუპოვარი მაგალითით. იგი ისევე დასაყრდნობი და პროგნოზირებადია, როგორც ძველმოდური საათი, ისევე შეუძლია გატეხილი ყალიონი შეაწებოს ან გადამწვარ პატრუქს მიხედოს, როგორც ალბულის ნამცხვარს აცხობს ან ამძვრალ ღილს აკერებს. მის გულში ყოველთვის საკმარისი ადგილი და საკმარისი სიყვარულია, რათა უცნობებსა და ნათესავებს კეთილად მიეგებოს თავის კერაში და მისი სახლი გაგათბობთ, როგორც კი შტორმიდან მოსული იქ შეაბიჯებთ. როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, კურო ქალი „დიდი ქალია“.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…