კურო კაცი
„რატომ, არაფერს ვიტყოდი ამაზე, სახლის სახურავიდან რომ ჩამოვვარდნილიყავი, მაინც!“
„…მხოლოდ, უმჯობესია, თუ ძალიან ახლოს არ მოხვალ, საერთოდ, ყველაფერს ვეტაკები ხოლმე, რასაც ვხედავ, როცა მართლა აღშფოთებული ვარ.“
შესაძლოა ტიპური კურო მამაკაცი ჩუმ, პრაქტიკულ სულად წარმოგიდგენიათ, ისევე გონიერად და რეალისტად, როგორც ძველი ფეხსაცმელი. მართალია – ასეთია. ასევე, შესაძლოა დაკვირვებიხართ, რომ ნელი, დინჯი და ფრთხილია მოქმედებაზე გადასვლამდე. ესეც მართალია. აქედან გამომდინარე, ასკვნით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკურია ივარაუდოთ, რომ ის ძალზედ რომანტიკული არაა. ეს ნამდვილად სიცრუეა.
საიდან დაგებადათ აზრი, რომ კუროსეული ბუნების გაანალიზებას მხოლოდ წმინდა ლოგიკის გამოყენებით შეძლებთ? ალბათ, რომელიმე სასწორი ყმაწვილისაგან, რომელიც თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. კარგით, იგი ცდება. ლოგიკა ძალიანაც ვერ დაგეხმარებათ, როცა ისეთი ძლიერი, მამაკაცური სიმბოლოს ამოცანის ამოხსნას ცდილობთ, როგორიც ხარია და რომელიც ისეთი მოსიყვარულე, მშვიდი პლანეტის მიერ იმართება, როგორიც ვენერაა. ის სასწორი კაცი, თავისი საზრიანი გონებიანად, უკან, ბიბლიოთეკაშივე გაგზავნეთ.
ხარი შესაძლოა დიდხანს ფიქრობდეს, სანამ გადაწყვეტს, უნდიხართ თუ არა თავის ქალად. იგი არ აპირებს მყვირალა ნახტომი შეასრულოს რომანის აუზში ჩასაყვინთად და გზაზე აღმოაჩინოს, რომ ვიღაცას მასში წყლის ჩასხმა დაავიწყდა. მაგრამ როგორც კი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ თქვენ ის ერთადერთი ხართ და როგორც კი გონებაში ჩაიდებს, რომ უნდა მოგიპოვოთ, მასთან შედარებით სასწორი საყვარელი უნიათოდ მოგეჩვენებათ. სიყვარულით განგმირულ ლომსა და ვნებიან მორიელსაც შეარცხვენს.
ამ გონიერ, ნელ, დინჯ კურო კაცს შეუძლია ყოველ დღე გიგზავნოთ ერთი ცალი ვარდისფერი ვარდი, სანამ მის ცოლობის – თუ რისიც არ უნდა იყოს -შემოთავაზებას არ დასთანხმდებით. შესაძლოა პოეტური სიმღერა ან ლექსიც კი დაგიწეროთ და მორიდებულად გამოგიგზავნოთ, თავისი შესრულების გარეშე, ეცოდინება რომ მიხვდებით გამომგზავნის ვინაობას. კურო ნაზი, მოსიყვარულე და დამცველი შეყვარებულია. მისი მგრძნობიარე ბუნება დაუცველს გახდის თქვენი ეგზოტიკური სუნამოს, კანის სინაზისა და თმის სირბილის მიმართ. შესაძლოა ასე ხატოვნად არ გითხრათ პირდაპირ, მაგრამ მოძებნის რაიმე გზას ამის გადმოცემისათვის. კუროს მგრძნობელობა აშკარაა.
ეს ნეგატიური, მიწის სტაბილური ნიშანი სიყვარულში შეუსაბამობებითაა სავსე. კუროს ეყვარება ძვირფას ბეწვეულსა და ნაირფერ ფერებში გამოწყობილი გნახოთ. შესაძლოა თქვენი ბეწვისათვის ცოცხალი, გაზაფხულის იების სურნელოვანი თაიგული გიყიდოთ, ქუჩის კუთხეში მჯდომი პატარა მოხუცი ქალბატონისგან და უხვად დაუტოვოს ფული კალათაში, რადგანაც დედამისს ახსენებს.
(თუმცა, თქვენ, არასოდეს გაახსენებთ არც დედას და არც დას – გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენს დაცვაზე მიდგება საქმე სხვა ხარების თავხედურ მზერათაგან, რომლებიც ხელის შეშლას ეცდებიან). მუსიკა ემოციებს გაუღვიძებს და სიყვარულის განწყობაზე მოიყვანს. თითქმის გარდაუვალად მოსალოდნელია, საყვარელი სიმღერა ჰქონდეს, რომელიც ყოველი მოსმენისას თქვენს თავს გაახსენებს. ეს ის სიმღერაა, გამუდმებით რომ აქვს ჩართული.
თუ მის სულში არსებული რომანტიკის შეგრძნების შესახებ მეტი მტკიცებულება გჭირდებათ, ტიპური კურო კაცი სკივრს დაბადების დღის საჩუქრებით გაგივსებთ, შობას კი თვით სანტას გაგახსენებთ, როცა ძახილით შემოდის, იდუმალი შეკრულებითა და სენტიმენტალური სამშვენისებით დატვირთული.
შემოგთავაზებთ მთვარის შუქზე ცურვას, პიკნიკს გრილ, განმარტოებულ ტყეებსა და სოფლის შარაზე ჩასეირნებას ვარსკვლავთა შუქქვეშ. იგი ყველაზე დიდი, ყველაზე ფანტასტიური, ყველაზე მრავლისმთქმელი ვალენტინი იქნება, რაც კი თქვენთვის ოდესმე ფოსტალიონს 14 თებერვალს მოუტანია. როცა კურო კაცი გეარშიყებათ, ის თქვენ გეარშიყებათ. სხვა ქალებს არ დასდევს. სავარაუდოდ, სადილზე გლამურულ რესტორანში იქნებით დაპატიჟებული, რბილი განათებითა და ვიოლინოებით და არასდროს დაივიწყებს პაემანს, რომელზეც პირველად შეხვდით ან თქვენს ნებისმიერ სხვა ინტიმურ საიუბილეო დღეს. ყვავილების სიყვარულის გულისთვის, კიდევ რამხელა რომანტიკაღა გჭირდებათ?
სრულიად მართალია, რომ ხარი მერწყული კაცივით თავზეხელაღებული მეოცნებე არაა. კურო არასდროს მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას გამომწვევად, როგორც ლომი, ან თავისთან ერთად ზღაპრულ ციხე-კოშკში საცხოვრებლად წაფარფატებას, სამუდამოდ ვარდისფერ ღრუბლებში ლივლივს, არ დაგპირდებათ ვერძივით.
იგი უფრო ერთ შაბათ საღამოს შემოგივლით ფეხით, არქიტექტორის დამოწმებული იმ სახლის პროექტით, თქვენთვის რომ აშენებს, ნამდვილი ხის მასალისაგან და ნამდვილი ფულით. სავარაუდოდ წინასწარ გადაიხდის ავანსს საკუთრებასა, ან სულ ცოტა, ბინისთვის მაინც, სანამ დაინიშნებით. ეს კაცი საქმეზე გადადის. როცა ხარი ზღურბლს მიღმა შეგიყვანთ და თავის ნამდვილად არსებულ სახლში დაგაფუძნებთ მყარად, რომელსაც სულ ოდნავადაც არაფერი ექნება საერთო ზღაპრულ ციხე-კოშკთან, შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გირაო ბანკში გადახდილია.
რა უნდა გქონდეთ საწუწუნო. მალე დაინტერესდებით, საერთოდ რატომ გინდოდათ ოდესღაც იმ ვარდისფერ ღრუბლებში გახვეულიყავით, როგორც კი თბილად და მყუდროდ ჩაეფლობით დაცულობის კუროსეულ ნაზ საბნებში. ზედმეტად დაკავებული იქნებით ახალი ავეჯისა და ანგარიშის შემოწმებით (ან უბრალოდ დარწმუნებით, რომ ეს ყველაფერი უკვე მოიტანეს და აქვე კუთხეშია), რათა იმ ბურუსით დაფარულ ოცნებებზე გატირებისათვის დაგრჩეთ დრო, რომლებიც ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში არ ახდებოდნენ. ეგ არის – თუ ის ქალი ხართ, რომელიც ხელშესახებ ღირებულებას აფასებს. ყველა ქალი ასე არაა, მით უფრო დასანანია.
მაგრამ ჭკვიანი გოგონები, თვრამეტიდან ოთხმოც წლამდე, აფასებენ ხარის მშვიდ, ბუნებრივ მიდგომებს და მის უშფოთველ, მყარ ბუნებას. მისი სენტიმენტალლური ჟესტები და სასიამოვნოდ მიწიერი საალერსო სიტყვები შესაძლოა ისევე დამაკმაყოფილებელი იყოს, როგორც სულჩადგმული, პოეტური ამოოხვრები უფრო მრავალფეროვანი საყვარლებისა, ან უფრო თვალისმომჭრელი დონ ჟუანების გაბედული მგზნებარება – საკმაოდ ხშირად, თუ უფრო მეტადაც არა. ჰკითხეთ ნებისმიერ ქალს, რომელიც საკმარისად ჭკვიანი აღმოჩნდა, ძლიერი კუროსათვის მიეცა მისი მიხედვისა და სიყვარულის უფლება. გარშემო ბევრი დაკმაყოფილებული ძროხა და ბედნიერი ფურია.
კურო კაცი ხვალინდელი დღისათვის ფრთხილად გეგმავს. როგორც ციყვი აგროვებს თხილს ზაფხულში, როცა ის უხვადაა, ცივი, უნაყოფო ზამთრისაგან თავის დასაზღვევად – კუროსაც, ნათელი შუადღის სიამოვნებები, ვერასდროს შეუშლიან ხელს იმ დღეებისათვის მზადებაში, როცა ტალახში გუთნის ტარამდე ჩაეფლობა. სახალისო რამაა, მაგრამ ქმრები, რომელთაც ფინანსური შესაძლებლობა მოსდევთ ცოლები იანვარში ფლორიდაში წაიყვანონ ან გაუშვან, ხშირად მაისში არიან დაბადებულნი.
ბუნებრივია, არსებობს ბარიერები რომანტიკის ჩანჩქერისათვის, კურო კაცის შემთხვევაშიც – ყველაფერი ატმისფერი და სრულყოფილი ვერ იქნება. ჯერ ერთი, უნდა აითვისოთ ის მანერები, როგორც ქალბატონები იქცევიან. არცერთი კურო კაცი არ შეეგუება მყვირალა, მამაკაცურ ქალს, რომელიც მათრახს მხეცის მომთვინიერებელივით ატკაცუნებს. თუ რაიმე ძლიერი შეხედულებები გაქვთ, ნუ ჩაჩრით ხახაში ან ნუ იტრაბახებთ თქვენს გონებრივ ძალებზე საზოგადოებაში.
-ცალკე, იგი პატივს სცემს გონებამახვილ ქალს (თუმცა უფრო მაღალ ჯილდოს მარტივ საღ აზრზე აწესებს), მაგრამ გირჩევნიათ მას აცადოთ გუნდის გონებანათელი წევრი თვითონ იყოს, როცა გარეთ ხართ ერთად გამოსული და ლოყა ლოყაზე მიდებულები ცეკვავთ – მაშინაც, როცა უბრალოდ რესტორანში სხედხართ, მუხლ-მუხლზე მიდებულები. მოიქეცით ემანსიპირებული ქალივით მის საუკეთესო მეგობრებთან და ერთიორი რეაქციაც ექნება.
თუ ის პრიმიტიული კუროა (და გაოცდებით, რომ იცოდეთ, ასეთი რამდენია), სავარაუდოდ ხელს გკრავთ და შეგანჯღრევთ, შესაძლოა კარგი სილაც მოგხვდეთ საჭირო ადგილას, სახლში დაბრუნებისას – ან უარესი, სანამ სახლში დაბრუნდებით. თუ უფრო განვითარებული ტიპია, უბრალოდ ყველას თვალწინ არ დაგელაპარაკებათ და ცივი ლოდის დიდი ნატეხივით იჯდება, მთელი დარჩენილი საღამოს მანძილზე ხმას არ გაიღებს, სანამ ისე არ შეგრცხვებათ, რომ ინატრებთ მიწამ მიყოს პირიო. თქვენი მეგობრებიც ყველაზე მეტად იგრძნობენ უხერხულად თავს. მართლა გააფუჭებს მთელ საღამოს, აღარაფერი რომ ვთქვათ თქვენი სტილის განადგურებაზე.
თქვენი პირველი იმპულსი იქნება, ეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გაამხიარულო და შეუცვალო თავისი ჯიუტი განწყობა მანამ, სანამ მთლიანად არ ამოწურავს თავს, პირდაპირი გაგებით, შეუძლებელია. ეს იგივეა გიბრალტარის კლდის დაძვრა სცადო. სხვათაშორის, თუ ეცდებით აიძულოთ საზოგადეობაში მიღებულ ნორმალურ ქცევას დაუბრუნდეს, შესაძლოა ინატროთ, რომ უბრალოდ გაბუტვა გეცლიათ. ცივი ქვის ნატეხი უთვალავჯერ უფრო მისაღებია, ვიდრე მისი რეაქცია თქვენს ხვეწნა-მუდარაზე, მას შემდეგ რაც გააბრაზეთ.
ზედმეტად დაატანეთ ძალა და ჩუმი სფინქსიდან მოღრიალე ხარად იქცევა, რომელმაც შესაძლოა მშვენივრად მოაღოს მძიმე მიწიერი პირი, რაც ლოყებს კიდევ უფრო გაგიწითლებთ. ან ასე მოიქცევა, ან ხალხს მშვიდად გამოუცხადებს – „მაპატიეთ წვეულების ჩაშლისათვის, მაგრამ ეს გრძელენიანი მოლაყბე ქალი სახლში უნდა წავათრიო და რამდენიმე გაკვეთილი ვასწავლო.“ შემდგომ კვირებში ვისაც იცნობთ, ყველასგან დამალვას ეცდებით. და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ მაშინ როცა შეკრებილები დამუნჯებულები უსმენდნენ მის პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვა-შეჯამებას, ასეთი შენიშვნით შეაწყვეტინეთ – „ძვირფასო, ნუ ხარ ასე გულუბრყვილო.
ყველამ იცის, რომ უტერბახი ქრთამს იღებს. თავისი მონაცემებით სკაუტების ნამცხვრების გაყიდვის კამპანიის თავჯდომარედ არ აირჩევდა არავინ, კონგრესმენობას რომ თავი დავანებოთ. არ იცი რას ამბობ“, რაზეც გაჯიუტდება, ხელებს დაკუნთულ მკერდზე გადაიჯვარედინებს და გაბუტვას ან ცემას დაგიწყებთ – რომელიმეს. თუ ხედავთ, რომ თავის პალტოს დასწვდა, შესაძლოა უკეთესი იყოს თქვენც თუ ჩაიცვამთ თქვენსას. კურო კაცი იშვიათად დატოვებს თავის ქალს მგლებთან მარტოს, დაუცველს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გააბრაზა ამ უკანასკნელმა.
თავისთან ერთად წაიყვანს, თმითაც, თუ საჭირო გახდა. ასე რომ, აზრადაც არ მოგივიდეთ სხვებთან ერთად დარჩენა და მათგან თანაგრძნობის მიღება. როცა ის მიდის, თქვენც მიდიხართ. და დაჟინებით გირჩევდით მოგებოდიშებინათ სახლში მისვლამდე. ის არ მოგიხდით ბოდიშს. დედიკოს მკლავებში გაქცევა კარგს არაფერს მოგიტანთ. მის სარეცელსა და სუფრას იზიარებთ, სანამ საფასურს თვითონ იხდის. სიდედრის ჩარევა უკანასკნელი რამაა, რასაც ტიპური ხარი აიტანს. პირველივე ცდა, დატკბეთ „დედასთან სახლში მირბენის“ რუტინით, სავარაუდოდ უკანასკნელიც იქნება. რაკი ერთხელ გამოცდიან მის მრისხანებას, თქვენი მშობლები ამჯობინებენ კარი კარგად ჩაკეტონ და გაცადონ საკუთარი პრობლემების თვითონ მოგვარება.
ვიცნობ კურო კაცს აგრესიული ცოლით, რომელმაც უნიკალური გამოსავალი იპოვა. იგი უბრალოდ ჯიუტად არ გადის ცოლთან ერთად საზოგადოებაში. ქალის დაუძლეველი ძალა უმოძრაო ობიექტს შეხვდა. შეუძლია წავიდეს და ვისიც უნდა, ყველა იმ კაცის მამაკაცური ღირსება შელახოს, მაგრამ არა კუროსი, ხარის. უყვარს თავისი დადებითი მეუღლე და მრავალი კუთხით მშვენიერი წყვილია; უდიდეს პატივს სცემენ ერთმანეთს – მაგრამ სანამ ცოლი არ ისწავლის მორჩილებას, ენაზე კბილის დაჭერასა და აცალოს ქმარს იყოს კაცი, იძულებულია წვეულებებზე, შეკრებებზე და თეატრში თანმხლების გარეშე იაროს. კერძოდ ამ კურომ, მას შემდეგ განაცხადა მასთან ერთად სიარულზე უარი, რაც რამდენიმე სხვა წყვილთან ერთად სასადილოდ წავიდნენ. მისმა ცოლმა მენიუ გამოსტაცა ხელიდან და მთელი ჯგუფისათვის შეუკვეთა.
უსიამოვნო შენიშვნები მისცა ვარცხნილობასა და ჰალსტუხზე პირველი კერძის მოტანისას და მისი ხუმრობებიდან სამის მთავარი შინაარსი თვითონ დაასრულა მეორე კერძზე გადასვლისას. ამიტომ დადის მარტო საზოგადოებრივ დღესასწაულებზე, სანამ მისი კურო მეწყვილე ჯიუტად არ იძვრის თავის ციხესიმაგრიდან. ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ ხარს. უბრალოდ თავისი მზის ნიშნის შესაბამისად იქცევა. მიუხედავად ამისა, მაინც მართლაც მყარი ქორწინება აქვთ, მაგრამ თქვენ შესაძლოა ასე არ გაგიმართლოთ. ასე რომ, ნუ გამოცდით თქვენს კუროს მის საქმეებში ჩაჩრით.
იგი უკიდურესად მომთმენია, მაგრამ ცხვირში რგოლს არ გაირჭობს. მაინცდამაინც არც ხვიარა სურო სჭირდება. ძალიან პრაქტიკულია და თავისი თავისუფლებაც ზედმეტად სიამოვნებს ისეთი ქალი რომ მოეწონოს, რომელიც წებოსავით მიეკრობა და ცხვირსახოცაფარებული იტირებს.
არ შეაწუხებს ქალი, ცოტა ცეცხლითა და მამაკაცური მხნეობით. ეს მასში ინტერესს აღძრავს და აბალანსებს თავის საკუთარ უფრო მტკიცე თავდაჭერილობას. ფარული აღფრთოვანებით ღიმილმოფენილი, თვალს მიადევნებს მის მხიარულ აქეთიქეთ ქროლვას ქალებისთვის დამახასიათებლად, როგორც პატრონი უყურებს ხოლმე თავის საყვარელ, პატარა კნუტს, როგორ ათამაშებს ნათელი ფერის გორგალს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კნუტმა იცის, რომ როდესაც ხარი ძაფს მძლავრად მოქაჩავს, გართობისა და თამაშის შეწყვეტის დროა და თავისი ბატონის ხმას უნდა მოუსმინოს. არავინ შეიძლება იყოს უფრო კეთილი, ნაზი და ნამდვილად შემწყნარებლური ვიდრე კურო კაცი, როცა მის მამაკაცურ ღირსებას საფრთხე არ ემუქრება. ნებისმიერ რამეს გააკეთებს ქალისათვის, რომელიც უყვარს, გარდა შარვლის ჩაცმის უფლების მიცემისა (მაშინ დიდი პრობლემა იყო შარვალზე ეტყობა :დ ) კურო შესაძლოა ზოგჯერ მოუქნელი ცირკის დათვივითაც იქცეოდეს და მისი იუმორიც ხშირად ტლანქი და სასაცილოა. მაგრამ სულელის როლს არ ითამაშებს ზეიმის დასრულების შემდეგაც.
ხარს უყვარს საქონლისა და ფასების ერთმანეთისათვის შედარება და იშვიათად აურევს ჩვეულებრივ გართობას ნაჩქარევად, სერიოზულად მოხიბვლის მცდელობებში. დაბნეულ გოგონას, რომელიც ყოველ შაბათს საღამოს კინოში დაჰყავდათ მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება დააინტერესოს, ოდესმე თუ მოახერხებს კურო ცეცხლის გაჩაღებას.
მას დრო სჭირდება სანამ საკმარის ორთქლს დააგროვებს ორთქლის ქვაბში, ძრავის მთელი სიჩქარით ასამუშავებლად, მაგრამ რაკი ერთხელ კონკრეტულ მდედრს დაადგამს თვალს, გზას არ გადაუხვევს. შესაძლოა გონივრულობა და სიფრთხილეც კი დაკარგოს. ტიპური კურო კაცი ბრმაა შეუთავსებლობის ნებისმიერი ნიშნის დანახვაში, როცა კუპიდონის ისრითაა განგმირული.
რამდენადაც მეტად მიუთითებენ მეგობრები შესაძლო დაბრკოლებებზე, მით მეტად ჯიუტდება და ხომ იცით, რამდენად ჯიუტი შეიძლება იყოს. შესაბამისად, კურო ხშირად უშვებს შეცდომას ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებთან ურთიერთობაში ჩაბმით, როდესაც უკეთესია უმეტეს შემთხვევაში ეს მიწასა და წყლებთან გააკეთოს. ზოგჯერ, შესაძლოა მსგავსი ურთიერთობები საბოლოოდ შესანიშნავი გამოდგეს. საწინააღმდეგო მხარეები იზიდავენ ერთმანეთს და ბოლომდე ასევე რჩებიან. მაგრამ როცა ასე არ ხდება, კუროს დიდი დრო სჭირდება განქორწინების ჭრილობების მოსაშუშებლად, სანამ მზად იქნება ხელახლა დასახლდეს მისი ხასიათისა და მსოფლმხედველობისათვის მეტად შესაფერის ცოლთან ერთად.
კურო კაცის ფინანსური მდგომარეობა ჩვეულებრივ შესანიშნავია. წარმოიდგინეთ იგი ვარდისფერ ფერებში. ძალიან ცოტა კუროს თუ არ გამოუვა საკმარისი დააგროვოს უზრუნველად ცხოვრებისათვის მაინც, თუ სიმდიდრეც არა. ზოგიერთი „მონოპოლიას“ ნამდვილი ფულით თამაშობს. და იმარჯვებენ. ორივეს – უძრავ ქონებასა და ნაღდ ფულსაც ხარი იოლად იმორჩილებს.
ალბათ უყვარს სოფელი, ფეხბურთი, თევზაობა და კემპინგი. თუ არც ერთი ამათთაგან, მაშინ მოსწონს ყვავილები, მებაღეობა და ხანგრძლივი სეირნობა. ურჩევნია იკითხოს წიგნები ძველი დროის გაბედულ გმირებსა ან იმპერიის აღმშენებლებზე, ვიდრე უფრო ცხოვრებისეული თხზულებები ან ღრმა ფილოსოფია. კურო კაცების უმეტესობას გამოწერილი აქვს რამდენიმე მამაკაცების ჟურნალი, ზოგიერთი მიწიერი და პრაქტიკული, როცა დანარჩენების პრიალა გვერდებზე ქალური სილამაზეა აღბეჭდილი.
იგი უკიდურესად კაცია კაცთა შორის, ასე რომ არასდროს გაუმასპინძლდეთ იმ ჩაიზე დასაყოლებელი ორცხობილის ტკბილი სენდვიჩებით. მას გემრიელი, ძველებური სახლში მომზადებული სადილი უყვარს, ბევრი კარტოფილითა და სოუსით და ასევე, ვაშლის ღვეზელი, როგორსაც დედა უცხობდა. იყიდეთ თქვენთვის კარგი კულინარული წიგნი. ასევე მოისურვებს ხშირად წაგიყვანოთ სასადილოდ გარეთ. ტიპურ კუროებს საკუთარი ცოლები სამზარეულოს მონებად არ მიაჩნიათ. (მაგრამ შეიძლება კარგად აურ-დაურიოს თქვენი ქვაბები და ტაფები, როცა კვირის შეფ-მზარეულის როლს თამაშობს და თქვენგან ასისტენტის როლის კისრებას ელოდება.)
როგორც მშობელი, სრულყოფილი სიამოვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანი იქნება ვაჟის ყოლა საგვარეულო ხაზის გაგრძელებისათვის, მაგრამ პატარა გოგონები განსაკუთრებული სინაზით ეყვარება. კურო კაცებისაგან მოსიყვარულე, მოყვარული, თბილი და გვერდშიმდგომი მამები დგებიან. მაღალ სტანდარტებს დაუწესებს ბავშვებს და მოსთხოვს პატივი სცენ ქონებასა და საკუთრებებს. კურო მამა მომთმენია. არაფრად ჩააგდებენ, თუ ბავშვები თავიანთ გაკვეთილებს ნელა ისწავლიან, თუ ამას სათანადოდ გააკეთებენ. მისი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა გონება თანდათანობით უნდა გაიწვრთნას ზრდასრულობისკენ.
შესაძლოა შენიშნოთ, რომ ზედმეტად დიდად უსვამს ხაზს მატერიალურ მხარეებს და უხვად ჩუქნის ძვირფას საჩუქრებს, რომლებიც ბავშვებს აფუჭებენ. მაგრამ ასევე უხვად დაუთმობს თავის დროსა და გულმოდგინებას და დისციპლინის მტკიცე ხელიც იქვე იქნება, როცა ამას საჭიროება მოითხოვს. საერთო ჯამში, ცხოვრება მამასთან ერთად, რომელიც მაისში დაიბადა, შესაძლოა თბილი გამოცდილება იყოს, აღსავსე სიყვარულით – გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა ხარს ბრმა, მძვინვარე სიშმაგე ერევა და მთელი ოჯახი პიანინოს უკან უნდა დაიმალოს.
ტიპური კურო ქმარი ნაკლოვანებამდე გულუხვია თავის ცოლთან. უარს არ გეტყვით ლამაზ ტანისამოსზე, სუნამოსა და აბაზანის თხევად საპნის ბუშტებზე; მომხიბლავ, მაგრამ პრაქტიკულ ავეჯსა და ბუფეტის მთლიან აღჭურვილობაზე. კურო იშვიათად იწუწურაქებს სახლის ავეჯის მოწყობილობაზე, ჩასაცმელსა ან საჭმელზე. და მაინც, იგი გამომუშავებისთანავე არ დახარჯავს ყველაფერს (თუ მის პირად რუკაში სხვა ფინანსურად იმპულსური ასპექტები არაა). უყვარს ფუფუნება, მაგრამ ასევე შეყვარებულია ხარისხზე და აუცილებლად დარწმუნდება, რომ თავისი ფულით გამყიდველის გადაჭარბებულ დაპირებებზე მეტს ყიდულობს.
ეს კაცი ბევრს იმუშავებს მძიმედ და ბევრი დასვენება დასჭირდება. დარწმუნდით, რომ ასეც ხდებოდეს, რადგანაც შესაძლოა საკმაოდ ჭირვეული ბუზღუნა გახდეს, როცა დაღლილია და ფორმაში ვერ არის. არასდროს აუშარდეთ ან დაადანაშაულოთ სიზარმაცეში. ეს იგივეა წითელი ალამი უფრიალოთ სახეში. იგი საკუთარი აუჩქარებელი და დინჯი ტემპით ცხოვრობს და არ დაუშვებს აჩქარებდნენ და აწვებოდნენ. მისი სპიდომეტრი მხოლოდ ერთ სიჩქარეზეა დაყენებული – აუჩქარებელი.
მცდელობები, აიძულოთ იგი ხალისიანად აჰყვეს საზოგადოებრივი მოქმედებების ქარიშხლის ბზრიალს მარცხისთვისაა განწირული. ეყვარება საკუთარ სახლში გართობა, მაგრამ ხალხმრავალ შეკრებებს რამდენიმე საერთო ინტერესების მქონე ადამიანი ერჩივნება. დაპატიჟეთ ძველი მეგობრები, ან ისინი, ვისაც სერიოზული მიზნები და ამბიციები აქვს და ისიც სასიამოვნოდ და სტუმართმოყვარედ მოიქცევა. თუ დაიჟინებთ მისი ციხე-სიმაგრის არევას ცარიელთავიანი, ფუქსავატი ღამის ცხოვრებით მცხოვრები ტიპებით, შესაძლოა მოქმდების არედან გაუჩინარდეს – ზოგჯერ სამუდამოდაც.
უყიდეთ მოხერხებული სავარძელი, თავის ფეხებისშემოსაწყობი პატარა სკამით, რომელიც ისე იწელება, რომ ზედ გადაწოლა შეძლოს. არავითარი მაღალი ხმები, მყვირალა რადიოები და ტელევიზორი, ქაოსი და მიმოფანტული სათამაშოები, თუ შეიძლება. აავსეთ სახლი მუსიკით, სილამაზითა და სიმშვიდით. დაიმახსოვრეთ, რომ შარვალი მას უფრო უხდება, ვიდრე თქვენ.
იყავით მისი ქალი და უკეთეს კაცს ვერ ნახავთ. სხვა ვერავინ მოგეპყრობათ მსგავსი მოხდენილი ყურადღებიანობით. ნამდვილად იმსახურებს პატივის ცემას ამის გამო. კუროსეული სიყვარული მარტივი, უბრალო და გულწრფელია. მისი მოსიყვარულე ბუნება და მოალერსე ყურადღება ყოველთვის დაგარწმუნებთ, რომ სიყვარულით ხართ გარემოცული, მიუხედავად თქვენი ყველა იმ პატარა ნაკლისა და მარცხისა, რომლებსაც სხვა კაცები მუდმივად გააკრიტიკებდნენ. კურო მყარ ერთგულებასა და თავდადებას გასცემს, ერთგული გულით. ეს ყველაფერი ემოციურ უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის. შერწყმული ფინანსურ უსაფრთხოებასა და სიყვარულთან და ცოტა რამე თუ დაგრჩებათ სანატრელი. ასე რომ, კარგით – იგი ჯიუტია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეგ სიჯიუტე – ამოტრიალებული, იგივე მოთმინების დიდი უნარია და ეს იშვიათი ღირსებაა.
შეიძინეთ ლამაზი, ბეწვის, ფუმფულა საბანი (კუროს უყვარს ყველაფერი, რაც ნაზისა და რბილის შეგრძნებას ტოვებს შეხებისას), ამოუკეცეთ, როცა თავის სავარძელშია და წაუკითხეთ საფონდო ბირჟის მოხსენება. დარწმუნდით, რომ ცხელ აბაზანას სურნელოვანი ზეთებითა და ბევრი არომატული საპნით იღებს. გაუმასპინძლდით მრავალფეროვანი სადილით სავსე დიდი თასით. ჰოდა, აუცილებლად გეყოლებათ ძლიერი, უწყინარი კაცი, რომელიც ყოველგვარი ქარიშხლისაგან დაგიცავთ. კმაყოფილება – ესაა შესაფერისი სიტყვა. განა მყუდროდ არ ჟღერს?
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…